fbpx

ემოციური ინტელექტი -გადამწყვეტი ფაქტორი სტარტაპში

ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი -გადამწყვეტი ფაქტორი სტარტაპში

რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი ანუ EQ? ინტერნეტსივრცეში ამ კითხვაზე ბევრ სხვადასხვა სახის პასუხს წააწყდებით. მაგალითად, ერთერთი განმარტება ასეთია:

ადამიანთა უმრავლესობისთვის, ცხოვრებასა და კარიერაში წარმატების მისაღწევად, ემოციური ინტელექტი (EQ) საკუთრივ ინტელექტზე (IQ) ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. როგორც პირადი, ასევე პროფესიული წარმატება დიდწილად დამოკიდებულია პიროვნების უნარზე, ამოიცნოს სხვების მიერ გაცემული სიგნალები და მათ შესაბამისად უპასუხოს

სტარტაპსამყაროში ლიდერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ემპათიის გარეშე ის წინსვლას ვერ მოახერხებს. თუმცა, ამ კუთხით როგორი მაღალი თვითშეფასებაც უნდა გქონდეთ, საკუთარი უნარების უფრო მეტად გაუმჯობესება და დახვეწა ყოველთვის შესაძლებელია. ამიტომ, მოდით, ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის 5 მნიშვნელოვან ფაქტორს გავეცნოთ:

თვითცნობიერება – უნდა შეგეძლოთ საკუთარი ემოციების ამოცნობა და იმის იდენტიფიცირება, თუ რა გავლენა აქვთ მათ გარშემომყოფებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, იყოთ თავდაჯერებული.

თვითკონტროლი – რამდენად კარგად შეგიძლიათ საკუთარი ემოციების მართვა?

მოტივაცია – საჭიროა, რომ დაისახოთ მიზნები და პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

ემპათია – მნიშვნელოვანია, რომ სხვა ადამიანის მდგომარეობის გაცნობიერება და მისი თანაგრძნობა; ამის გარდა, სიტუაციის მისი პერსპექტივიდან დანახვა შეგეძლოთ.

სოციალური უნარები – ემოციური ინტელექტის მაღალი მაჩვენებლისთვის აუცილებელია სოციალური სიტუაციების წვდომის, ემპათიისა და კომუნიკაციის კარგი უნარები გქონდეთ.

როგორ უნდა განავითაროთ ეფექტური კომუნიკაციის უნარი?

ეფექტური კომუნიკაცია ნებისმიერ ინდუსტრიაში გადამწყვეტი ფაქტორია; არ აქვს მნიშვნელობა მენეჯერი ხართ, აღმასრულებელი დირექტორი თუ რიგითი თანამშრომელი. ეს უნარი მინიმუმ მომდევნო ურთიერთობებში მაინც დაგჭირდებათ:

– თანამშრომლებთან

– დირექტორთა საბჭოსთან (თუ დირექტორი ხართ)

– ინვესტორებთან (თუ დირექტორი ხართ)

– თანაგუნდელებთან

– თქვენს მენეჯერთან

– მომხმარებლებთან

– მომწოდებლებთან

– პრესასთან

ეფექტური კომუნიკაციის უნარის გასაუმჯობესებლად კი შემდეგი ქცევების დანერგვა არის საჭირო:

პირდაპირ საქმეზე გადადი

არ არის საჭირო ვრცელი და არაფრისმომცემი შესავალი; არც საკითხზე მწირი ინფორმაციის გაცემაა მომგებიანი; ამიტომ, მხოლოდ საჭირო ფაქტებზე ისაუბრეთ.

ყურადღება გაამახვილეთ ინფორმაციის ბალანსირებულ მიწოდებაზეც, რადგან გადაჭარბება შესაძლოა ნებისმიერი თანაგუნდელის ძლიერი სტრესის საფუძველი გახდეს. ეს კი მთლიანობაში კომუნიკაციაზე ნეგატიურად აისახება.

გაეცით ნაკლები დაპირება და შეასრულეთ მეტი სამუშაო

სამუშაო სივრცეში რეალისტური მოლოდინების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დირექტორთა საბჭოს წევრებსა და ინვესტორებს ეხება. მაგალითად, სტარტაპის ტექნიკური გუნდის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების საბჭოს შეხვედრებზე განხილვა არაა აუცილებელი, რადგან ეს გუნდის რეპუტაციას მცირედი შეცდომების შემთხვევაშიც კი დააზარალებს.

სრულიად საკმარისია, რომ დირექტორებს ინფორმაცია მხოლოდ კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებზე მიაწოდოთ. ასე მარტივად შეძლებთ გუნდის ზოგადი პროდუქტიულობის დემონსტრირებას და ამავდროულად მათი ავტორიტეტის შენარჩუნებას, რაც სამუშაო პროცესზეც დადებითად აისახება.

იყავით გამჭვირვალე

თქვენს გუნდს რაც შეიძლება მეტი დეტალი გაუზიარეთ. ამ გზით, გუნდის ერთგულებასა და მხარდაჭერას მოიპოვებთ.

მათ ისე მოეპყარით, როგორც ზრდასრულებს და შედეგად, ცუდ სიახლეებსაც პოზიტიურად შეხვდებიან. შესაძლოა, პრობლემების მოგვარების იდეებიც კი გაუჩნდეთ.

იყავით პოზიტიური როგორც სამეტყველო, ასევე სხეულის ენის დონეზე

თქვენი ნებისმიერი მოძრაობა, სიტყვით გამოსვლა, ელფოსტით გაგზავნილი წერილი თუ სხვა რამ, გუნდის წევრების ყურადღების ეპიცენტრში ხვდება; ისინი თითოეულ დეტალს აანალიზებენ. შეიძლება თქვენს გარშემო ყველაფერი ინგრეოდეს, თუმცა მიწაზე მყარად დგომა უნდა მოახერხოთ, რადგან გუნდი მაგალითს სწორედ თქვენგან აიღებს.

შეავსეთ ინფორმაციული ვაკუუმი

ნუ დატოვებთ სივრცეს თქვენი ნათქვამის თავისუფალი ინტერპრეტაციისთვის. მკაფიოდ გამოხატეთ რას მოითხოვთ გუნდისგან და რას არ გულისხმობთ საუბრისას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბუნდოვან და ორაზროვან განცხადებებს თანამშრომლები თავისებურად გაიგებენ, მათ კი შესაძლოა თქვენ სრულიად არ ეთანხმებოდეთ.


ჩამოთვლილი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა, თუმცა ემოციური ინტელექტის განვითარება მაინც ემპათიის გარშემო ტრიალებს.

თანამშრომლებზე გულწრფელად ზრუნვა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც გჭირდებათ, როგორც პირად ასევე სტარტაპცხოვრებაში წარმატების მისაღწევად

ალბათ, ნებისმიერ თქვენგანს ერთხელ მაინც სმენია ისტორია ისეთ უგულო ადამიანზე, რომელმაც კარიერულ მწვერვალს მიცვალებულებზე გადაბიჯებით მიაღწია. წარმატების მისაღწევად ეს ნამდვილად ერთერთი გზაა, თუმცა ის საშინელ ფასად უჯდებათ სათავეში მოხვედრილებსაც და მათ გარშემომყოფებსაც.

მეორე გზა ემპათიასა და მაღალ სტანდარტებზე გადის. რა თქმა უნდა, ეს სხვა პრინციპების დათმობის ხარჯზე არ უნდა გაკეთდეს. სრულებით შესაძლებელია, გულწრფელად იზრუნოთ თანამშრომლებზე და პასუხისმგებლობების შესრულებაც სათანადოდ მოითხოვოთ მათგან.

ნამდვილად გსურთ, რომ საუკეთესო გახდეთ?

აუცილებელია, დადებით გამოცდილებებთან ერთად, ისეთ ნეგატიურ მოვლენებთან გამკლავებაც შეძლოთ, როგორებიცაა სიკვდილი, სიმსივნე, მავნე დამოკიდებულებები, დეპრესია და ხანდაზმული მშობლები. ჩამონათვალი ამით არ სრულდება და რეალურად ბევრად მეტ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოიცავს, რომლებსაც თითოეული ადამიანი აწყდება.

გააზრებული უნდა გქონდეთ, რომ თანაგრძნობის განსაკუთრებული უნარი დაგჭირდებათ გუნდის იმ წევრების დასახმარებლად, ვინც ასეთ მოვლენებს უმკლავდება. ხშირად კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაც გახდება საჭირო, მაგალითად:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს თანამშრომელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს?

– მას 2-კვირიან ანაზღაურებად შვებულებას მისცემთ და შემდგომ ეტყვით, რომ თავად უნდა გაუმკლავდეს საკუთარ ცხოვრებას?

– თუ ეტყვით, რომ უვადო ანაზღაურებადი შვებულება აქვს და შეუძლია მაშინ დაბრუნდეს, როდესაც თავს უკეთ იგრძნობს?

ლიდერი, რომელსაც აქვს მაღალი ემოციური ინტელექტი და ემპათიის გრძნობა, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტს აირჩევს. შესაძლოა ასეთი ქმედებები ემოციურადაც და ფინანსურადაც უფრო ხარჯიანი იყოს, თუმცა რეალურად ისინი ბევრად უფრო მარტივად განხორციელებადია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post