fbpx

10 ხერხი, რომლითაც ტექნოლოგია გონებას გიფანტავს

10 ხერხი, რომლითაც ტექნოლოგია გონებას გიფანტავს

სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებისას, უფრო ხშირად, ალბათ, მის დადებით მხარეებზე ფიქრობ. თუმცა, ამ სტატიაში მინდა, მათ უარყოფით ნაწილზე გესაუბრო.

როგორ უწევს ტექნოლოგია შენს გონებას ექსპლუატაციას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდი, ილუზიონისტების მუშაობის მთავარ პრინციპს გაგახსენებ. ისინი მაყურებლის აღქმის ბრმა და მოწყვლად წერტილებს ეძებენ, რათა ადამიანებზე გავლენა ისე მოახდინონ, რომ მათ ეს ვერც კი გაიაზრონ. სწორედ ამას აკეთებენ ციფრული პროდუქციის დიზაინერებიც – შენი ყურადღების მისაპყრობად, შენს სისუსტეებს შენივე წინააღმდეგ იყენებენ.

ახლა კი იმ ათ ხერხს გაგაცნობ, რომელთა მეშვეობითაც ტექნოლოგია შენს გონებას აკონტროლებს. მაშ ასე:

1.თუ მენიუს აკონტროლებ, არჩევანსაც აკონტროლებ

მილიონობით ადამიანი იცავს თავის უფლებას – გააკეთოს თავისუფალი არჩევანი – მაგრამ, აიგნორებს იმ ფაქტს, რომ მის არჩევანზე, პირველ რიგში, ის მენიუ მანიპულირებს, რომელიც მას არ აურჩევია.

სწორედ ამას აკეთებს ილუზიონისტიც – თავისუფალი არჩევანის ილუზიას გიქმნის, თუმცა, მენიუს ისე აწყობს, რომ შენ მიერ გაკეთებული ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, გამარჯვებული მაინც ის რჩება.

საკითხის უკეთ გასააზრებლად წარმოიდგინე სიტუაცია: მეგობრებთან ერთად ხარ და გინდათ, საუბრის გასაგრძელებლად სადმე წახვიდეთ. ხსნი აპლიკაციას, რომ სიახლოვეში რაიმე დაწესებულება მოძებნო. ხედავ ბარების ჩამონათვალს. მეგობრები სმარტფონებში ყურებას და ბარების შედარებას იწყებთ – ადარებთ მათ ფოტოებს, კოქტეილებს. მაგრამ, რელევანტურია ეს მენიუ თქვენს რეალურ სურვილთან? ბარში წასვლა ცუდი არაა, თუმცა, აპლიკაციამ თქვენი საწყისი კითხვა – სად წავიდეთ სასაუბროდ? – გადააქცია შეკითხვად – რომელ ბარს აქვს კარგი ფოტოები და კოქტეილები? – და ეს მხოლოდ აპლიკაციის მენიუს ფორმირებით მოახერხა. უფრო მეტიც, შეგიქმნათ ილუზია, რომ არჩევანის სრულ ასორტიმენტს გთავაზობდათ. თქვენ კი, ტელეფონში ყურებისას, ვერ შეამჩნიეთ სკვერი, რომელშიც ბენდი უკრავდა და ვერც გზის მეორე მხარეს მდებარე კაფე დაინახეთ.

მენიუების ამგვარად ჩამოყალიბებით, ტექნოლოგია შენს არჩევანზე ახდენს გავლენას. შენ ბრმად შემოიფარგლები მხოლოდ შემოთავაზებული არჩევანით და მარტივად, შეკითხვა – რა ხდება მსოფლიოში? – უბრალოდ News Feed-ში განთავსებულ ინფორმაციად იქცევა. საკითხს თუ ჩაუღრმავდები, ნათელი გახდება, რომ შემოთავაზებული არჩევანი შენს რეალურ საჭიროებებსა და სურვილებს არ ეხმიანება.

ამიტომ, ხშირად დაუსვი შენს თავს შემდეგი კითხვები:

– რა არ არის მენიუში?

– რატომ არის არჩევანის ეს ასორტიმენტი შემოთავაზებული და არა სხვა?

– ეს მენიუ ჩემს რეალურ სურვილზე/საჭიროებაზეა აგებული, თუ ჩემი ყურადღების გასაფანტადაა აგებული?

– ვიცი მომწოდებლის მიზნების შესახებ რაიმე?

2. ,,სლოტ ავტომატი’’ მილიარდობით ჯიბეში

საშუალო სტატისტიკური ადამიანი ტელეფონს დღეში 150-ჯერ ამოწმებს. რატომ? 24 საათში 150 გააზრებულ არჩევანს აკეთებს?

ადამიანის დამოკიდებულების მაქსიმალურად გასაზრდელად, ტექნიკურ დიზაინერებს მხოლოდ ერთი რამის გაკეთება უწევთ და ესაა მომხმარებლის თითოეული მოქმედების ცვალებად ჯილდოსთან დაკავშირება. მარტივად რომ ავხსნა – ბერკეტს ჩამოკრავ და მიიღებ ან ჯილდოს ან არაფერს. სამწუხარო სიმართლე კი ისაა, რომ მილიარდობით ადამიანს ერთგვარი ,,სლოტ ავტომატი’’ ჯიბეში უდევს.

ელ-ფოსტის გვერდს ანახლებ, სოციალური ქსელის ფიდს სქროლავ და თან პროცესში კითხვები გიჩნდება: ახლა რა მეილი მოვა? ნეტა, რომელი ფოტო იქნება შემდეგი?

სხვადასხვა აპლიკაციები და ვებგვერდები ამ ,,ცვალებად ჯილდოებს’’ საკუთარი პროდუქტის სხვადასხვა ნაწილებში აშენებენ, რადგანაც ეს მათი ბიზნესისთვის სასარგებლოა. თუმცა, ზოგჯერ, ,,სლოტ ავტომატები’’ შემთხვევით იქმნება. მაგალითად, არავინ იღებს სარგებელს, როცა მილიონობით ადამიანი ელ-ფოსტას ბევრჯერ ამოწმებს და იქ ახალი არაფერი ხდება.

3. რაიმე მნიშნელოვანის გამოტოვების შიში (FOMSI)

ტექნოლოგიური გიგანტები შენს გონებას კიდევ ერთი ხერხით აკონტროლებენ და ესაა – ,,1%-იანი შანსი იმისა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შეიძლება გამოტოვო’’.

ისინი გარწმუნებენ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის, შეტყობინებებისა თუ მეგობრული ურთიერთობების არხები არიან და, შესაბამისად, შენთთვის ანგარიშის ან გამოწერის გაუქმება რთული ხდება, რადგანაც შეიძლება, მნიშვნელოვანი რამ გამოტოვო.

– სწორედ ამ შიშის გამო ვიწერთ, საინფორმაციო შეტყობინებებს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან სარგებელი არ გვქონია (,,იქნებ რამე სამომავლო განცხადება გამოვტოვო?’’)

– ვრჩებით ,,მეგობრებად’’ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც წლებია არ გვისაუბრია (,,იქნებ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოვტოვო მათგან?“)

– ვიყენებთ სოციალურ მედიას (,,იქნებ რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე გამოვტოვო ან ჩამოვრჩე მოვლენებს?’’)

თუმცა, თუ ამ შიშს ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ ის უსაზღვროა – ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რასაც გამოტოვებ, თუ 24/7 არ მოიხმარ მათ.

4. აღიარების მოპოვება სოციუმში

ყველა ინდივიდს სურს, რომ თავი სოციუმის ნაწილად და ნაცნობებისგან დაფასებულად იგრძნოს. თუმცა, ადამიანების სოციუმში აღიარებულობა ახლა უკვე ტექნოლოგიური კომპანიების ხელშია.

მარტივი მაგალითი განვიხილოთ: როდესაც ახალ ფოტოს ტვირთავ, Facebook-მა იცის, რომ ამ მომენტში მოწყვლადი ხარ და სოციალურ აღიარებას ელოდები (,,რას ფიქრობენ ჩემი მეგობრები ამ სურათზე?’’). ამიტომაც, აპლიკაცია ფოტოს News Feed-ის საწყისში ათავსებს, რათა მეტმა მეგობარმა მოიწონოს და დააკომენტაროს მასზე. რამდენჯერაც მოიწონებენ და დააკომენტარებენ მასზე, შენი სურათი იმდენჯერვე News Feed-ის საწყისში მოექცევა.

5. სოციალური ნაცვალგება, ანუ ,,ბარტერი’’

ალბათ, ხშირად გიგრძნია საჭიროება იმისა, რომ ვინმეს საქციელის საპასუხოდ რაიმე გმართებს.

– თუ რაიმეში დამეხმარებიან, სხვა დროისთვის, მათთან ვალში ვარ

– თუ ელ-ფოსტას გამომიგზავნიან, უხეშობაა, რომ არ უპასუხო

სოციალური აღიარების მსგავსად, სოციალურ ნაცვალგებაც უკვე ტექნოლოგიური გიგანტების ხელშია. ელ-ფოსტასა და მიმოწერის სხვა აპლიკაციებში ეს შემთხვევით გამოვიდა. თუმცა, ზოგჯერ კომპანიები ამას გამიზნულად აკეთებენ.

ამ შემთხვევაში, ყველაზე აშკარა Linkedin-ის მუშაობის პრინციპია. როდესაც ვინმესგან Connection მოწვევა მოგდის, წარმოიდგენ, რომ ამ ადამიანმა ის გააზრებულად გამოგიგზავნა. სავარაუდოდ კი, მან უბრალოდ Linkedin-ის შეთავაზებულ კონტაქტების სიას გაუაზრებლად დააჭირა ხელი. მარტივად რომ ვთქვა, Linkedin მომხმარებლის არაცნობიერ გადაწყვეტილებას, რომლითაც ვიღაც დაამატა, სოციალურ ვალდებულებად აქცევს. მილიონობით ადამიანი კი თავს ვალდებულად თვლის, რომ მას პასუხი გასცეს.

6. ,,უძირო ჯამი’’

ტექნოლოგიური კომპანიების მიერ გამოყენებული ამ ხერხის საილუსტრაციოდ ბრაიან ვანსინკის კვლევა არის იდეალური. აღნიშნულის მიხედვით, კვების პროცესში ადამიანებისთვის ე.წ. უძირო ჯამის მიცემით, რომელიც სუპის ჭამისას ავტომატურად ივსება, ისინი სრულიად გაუაზრებლად 73%-ით მეტ კალორიას იღებენ, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.

აპლიკაციების News Feed-ებიც სპეციალურად არის ასე მოწყობილი, ის დაუსრულებელია. იგივე დანიშნულებისაა Youtube-ის, Netflix-ისა და Facebook-ის ახალი ვიდეოს ავტომატურად ჩართვის ფუნქცია.

7. მყისიერი ხელის შეშლა

კომპანიებისთვის ცნობილია, რომ შეტყობინებები, რომლებიც მყისიერად ამოხტებიან, უფრო მარტივად აგიყოლიებს, ვიდრე ისინი, რომლებიც ასინქრონულად მოდის.

ამიტომ, Facebook Messenger-ში, Whatsapp-სა თუ სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციებში შეტყობინებების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მიმღებში მყისიერი რეაქცია გამოიწვიოს.

ამასთან, ისინი ერთგვარი გადაუდებლობისა და სოციალური ნაცვალგების განცდას გინერგავენ. მაგალითისთვის, Facebook Messenger გამგზავნს ავტომატურად ატყობინებს, როდის ნახე შეტყობინება, ამიტომ შენ თავს ვალდებულად თვლი, რომ უპასუხო.

როგორ დავწეროთ სტარტაპის ხედვა და მისია

გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად, ხედვისა და მისიის მკაფიოდ ჩამოყალიბება აუცილებელია. თუმცა, ბიზნესის საერთო მიზნის ლაკონიურად და მკაფიოდ გადმოცემა არც ისე მარტივია.

8. შენი საჭიროების თავიანთ სურვილებთან შერწყმა

ამ ხერხის მარტივად ილუსტრაციისთვის მოდი, წარმოიდგინე სიტუაცია: გინდა, რომ რაიმე ღონისძიება მოძებნო, რომელიც ამ საღამოს ტარდება (შენი საჭიროება), მაგრამ Facebook-ის აპლიკაცია არ გაძლევს საშუალებას, რომ ის თავდაპირველად News Feed-ზე მოხვედრის (თავიანთი მიზეზი) გარეშე ნახო.

კომპანიას სურს, რომ ნებისმიერი მიზეზი, რის გამოც მისი პროდუქტის მოხმარება მოგიწევს, თავის სარგებლად აქციოს და, შესაბამისად, შენ მიერ აპლიკაციაში გატარებული დრო გაიზარდოს.

9. არახელსაყრელი არჩევანი

მართალია, კომპანიები გეუბნებიან, რომ შენ თავისუფალი ხარ არჩევანში, თუმცა, საკუთარი სურვილის მისაღწევად, მათ ერთი ძალიან კარგი ხრიკი აქვთ. ისინი არჩევანს, რომელიც სურთ რომ გააკეთო, მარტივად ხელმისაწვდომს ხდიან; ხოლო არჩევანს, რომელიც არ უნდათ რომ გააკეთო, რთულად ხელმისაწვდომს.

მაგალითისთვის, გაზეთ The New York Times ვებგვერდი გაძლევს ,,თავისუფალი არჩევანის’’ გაკეთების საშუალებას, რომ გააუქმო შენი გამოწერა. თუმცა, ამას მარტივად, ანუ ღილაკით ,,გამოწერის გაუქმება’’ ვერ შეძლებ. ისინი გიგზავნიან გამოწერის გაუქმების ინსტრუქციის ელ-ფოსტას, რომლის მიხედვითაც, უნდა დარეკო ტელეფონზე, რომელიც მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთებშია ხელმისაწვდომი.

10. ,,კარში ფეხის ჩადგმის’’ სტრატეგია

როდესაც ტექნოლოგიური კომპანია უბრალო ღილაკზე თითის დაჭერას გთხოვს, შედეგს ზუსტად ვერ პროგნოზირებ.

ამ ტექნიკას გაყიდვების სფეროში ,,კარში ფეხის ჩადგმა’’ ეწოდება. თავდაპირველად ერთი პატარა თხოვნის შესრულება მოგიწევს, რომელსაც, საბოლოოდ, უფრო დიდ, რეალური სამიზნე თხოვნის შესრულებამდე მიჰყავხარ. კომპანიებისთვის კი ცნობილია, რომ ასეთ დროს უარის თქმის შანსი ძალიან დაბალია.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post