fbpx

ცოტა რამ სტარტაპებზე, რომლებიც 500 Georgia -ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდნენ

500 Georgia

ცოტა რამ სტარტაპებზე, რომლებიც 500 Georgia -ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდნენ

მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ბანკს, GITA-სა და 500 Global-ს შორის 4 წლიანი თანამშრომლობა გაფორმდა, 500 Georgia -მ აპლიკაციების მიღება დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ 239 განაცხადიდან 15 სტარტაპი შეირჩა. მათ უკვე დაიწყეს სამთვიან ინტენსტიურ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, უფრო ვრცლად გიამბოთ 500 Georgia -ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრილ სტარტაპებზე.

 

მოდით, დავიწყოთ ქართული სტარტაპებით, რომლებიც ამ 15 რჩეულ სტარტაპს შორის მოხვდნენ, ესენია: 

Calen Ai – პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობას უმარტივებს. როგორ? მისი მეშვეობით შესაძლებელია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი ასისტენტის შექმნა, რომელიც მომხმარებელს ვირტუალურ ქსელში თავად გასცემს პასუხს და მეტიც – საქმიან დიალოგებსაც წარმართავს. ირაკლი ბესელიძის მიერ დაფუძნებული სტარტაპი ოპერირებს როგორც საქართველოში, ისე – დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და აშშ-ში.

Crosscreators – დღეს კომპანიების ბედს დიდწილად სწორი და კარგი მარკეტინგი განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, სოფიკო ვარაზაშვილმა და ანი მანჯავიძემ გადაწყვიტეს, შეექმნათ პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ინოვაციური – აუგმენურ რეალობაზე დაფუძნებული მარკეტინგის წარმოების საშუალებას მისცემდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, Crosscreators-ი ოპერირებს უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში.

Kings international – ალბათ ამ ოლიმპიადის სახელისთვის ერთხელ მაინც აუცილებლად მოგიკრავთ ყური. დიახ, ეს ის კინგსია, რომელიც ირაკლი ვეკუამ, რომა მარკარიანმა და ირაკლი ჯინჯიხაძემ დააფუძნეს და რომელიც წლებია, რამდენიმე საგანში წარმატებით ტარდება. აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადამ 2020 წლიდან ასევე აითვისა ლიეტუვის აკადემიური სივრცეც, ხოლო 2022 წლიდან კი ის ბულგარეთშიც ტარდება.

Kovzy – დღესდღეობით ონლაინ პლატფორმები საკვები ობიექტებისთვის პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, წლების წინ ალექსანდრე ცინცაძემ და სანდრო დარსაველიძემ გადაწყვიტეს, შეექმნათ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა, შეექმნათ თავიანთი ონლაინ რესტორანი და მიეღოთ შეკვეთები პლატფორმაზევე.

Pyme – მართალია, ამ პლატფორმის დამფუძნებლები ქართველები არ არიან, თუმცა, ეს მისი სათავო ოფისი საქართველოშია. საიმონ მიჩელმა და მუჰამად ბილალიმ შექმნეს მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავიანთი მონაცემებისა და ონლაინ მოქმედებების მონეტიზაცია მოახდინონ.

QuickShipper – ეს სწორედ ის ქართული სტარტაპია, რომელიც ცოტა ხნის წინ META-სა და GENESIS-ის სტარტაპ პროგრამაში მიიღეს. ახლა კი ის 500 Georgia-ს რჩეულ სტარტაპებში მოხვდა. ლევან კილაძის, მარიამ ახვლედიანისა და ილია გიჯაშვილის მიერ დაფუძნებული ქართული პლატფორმა, ბიზნესებს ხელმისაწვდომ და დროულ მიწოდებაში ეხმარება ოპტიმალური მარშრუტებისა და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის შეთავაზებით.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ სტარტაპებს, ესენია:

Bonpara – ეს სტარტაპი რეალურად თურქეთში დაფუძნდა, თუმცა, სათავო ოფისი აზერბაიჯანში აქვს. მისი გაყიდვების 70% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. ორჰან აჰმადოვისა და ნიჯათ ასადოვის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო B2B2C პლატფორმა ორიენტირებულია, რომ მომხმარებლებმა რაც შეიძლება მეტი ფული დაზოგონ, ხოლო თავისმა ბიზნეს პარტნიორებმა კი მეტი პროდუქტი გაყიდონ და ახალი მომხმარებლები მოიზიდონ.

Epoint – ციფრული გადახდის აგრეგატორი და ელექტრონული კომერციის პლატფორმა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოში – ასე ახასიათებენ პლატფორმას მისი დამფუძნებლები ჰასან ჰასანოვი და ზეინალ კარიმზადა.

Voiceloft – ეს არის აზერბაიჯანში დაფუძნებული პლატფორმა, ორიენტირებულია ხმოვან მონაცემთა შეგროვებასა და დადასტურებაზე, რომელიც გამოიყენება მეტყველების ამოცნობის ტექნოლოგიების განვითარებისთვის.

რჩეულ სტარტაპებს შორის ასევე მოხვდნენ სომხური სტარტაპებიც, ესენია:

GOTCHA – ხშირად ხდება, რომ ადამიანები რაღაც საკითხზე საუბრისას გულწრფელები არ არიან. მსგავსი სიტუაცია, შესაძლოა, გასაუბრებებზეც კი შეიქმნას. სწორედ ამის დასადგენად ანნა გევორგიანმა შექმნა GOTCHA. ის ამოიცნობს მიკროემოციებს ადამიანის სახის ქცევის ანალიზის საშუალებით და ხსნის შესაძლო მოტყუების შემთხვევებს სახის კუნთოვანი მოქმედებების ანალიზით, ქცევითი მეცნიერების კვლევის საფუძველზე.

LiveBoard – რაც დრო გადის, ონლაინ სწავლება უფრო პოპულარული ხდება. ამიტომაც, ტიგრან ბარსეღიანმა და ჰასმიკ ტერ-გრიგორიანმა გადაწყვიტეს, შეექმნათ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლები შეძლებდნენ, ონლაინ შეექმნათ, ჩაეწერათ და გაეზიარებინათ თავიანთი გაკვეთილები ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.

Text’n Pay Me – ამ პლატფორმის მისია ნამდვილი ინოვაციაა – მისი მეშვეობით შესაძლებელია, ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში/აპლიკაციაში გაგზავნოს მომხმარებელმა ფული. შედეგად, ეს პლატფორმა ეხმარება ბანკებს, მოიზიდონ მეტი მომხმარებლები და არ დადგნენ მათი დაკარგვის რისკის ქვეშ.

რჩეულ სტარტაპებს შორის არიან უზბეკური და გერმანული სტარტაპებიც: 

iDialogueნატალია ბოუთისა და ოლესია ალექსანდროვას მიერ დაფუძნებული პლატფორმა საკმაოდ პოპულარულია სტუდენტებში – მისი მეშვეობით ისინი სხვადასხვა საგნის შესწავლას ახერხებენ და გარდა ამისა, iDialogue სტუდენტებსა და დარგის ექსპერტებს შორის კომუნიკაციის დამყარებას უწყობს ხელს.

Tass Visionდღესდღეობით კონტენტის ანალიტიკა ბრენდის/კომპანიის საოპერაციო სტრატეგიაში დიდ როლს თამაშობს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, უზბეკეთში დაფუძნდა პლატფორმა Tass Vision, რომელიც ვიდეო კონტენტის ანალიზის ერთგვარი ინსტრუმენტია. მისი ალგორითმები საშუალებას აძლევს საცალო მოვაჭრეებს, გააუმჯობესონ ბიზნესის ეფექტურობა ვიზიტორთა აქტივობის ანალიზითა და ავტომატური რეკომენდაციების მიღების გზით.

Praktika – და ბოლოს, ეს არის ადამ ტურაევისა და ილია ჩერნიაკოვის მიერ გერმანიაში ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული ენის შემსწავლელი აპლიკაცია, რომელსაც ინგლისურად საუბრის პრაქტიკაში ჩართული ჰყავს რობოტი.

შეგახსენებთ, რომ 500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც 2600-ზე მეტ კომპანიას  წარმოადგენენ და მუშაობენ 81 ქვეყანაში. მისი პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას.

GITA-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციას კიდევ 15 სტარტაპი გაივლის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოს ბანკთან და 500 Global-თან ერთად სტარტაპების ხელშეწყობას განაგრძობს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქსელერატორი ახალი პროგრამის ფარგლებში კიდევ 15 სტარტაპს გადაამზადებს.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post