ბანკებიდან ფინანსურ ტექნოლოგიებამდე – ინტერვიუ გიორგი მირზიკაშვილთან
Optio.Ai ქართული სტარტაპია, რომელიც ბანკებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნის. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მირზიკაშვილია, რომელმაც ბანკებში 10 წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დაგროვილი გამოცდილება საკუთარი ტექნოლოგიური კომპანიის შექმნისთვის გამოეყენებინა.
ამ გამოცდილების, კარიერული გზისა და განათლების შესახებ გიორგის გავესაუბრეთ.
– როგორი ბავშვი იყავით?
შემოქმედებითი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ინტერესები მქონდა. უბრალოდ, ჩემი ცნობისმოყვარე ხასიათის გამო ყოველთვის მომწონდა რაღაცების ჩემით აღმოჩენა. მაგალითად, ბავშვობაში ჩემს პირველ კომპიუტერში თვითონვე ვცდილობდი, ამა თუ იმ პროგრამის ათვისებას.
ასევე ვიქცეოდი მაშინაც, როცა ბავშვობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ავიამოდელირებაზე ვსწავლობდი – ვცდილობდი, თავად აღმომეჩინა, როგორ იყო თვითმფრინავი აწყობილი.
ყოველთვის მიყვარდა იმპროვიზაცია – არასდროს მივყვებოდი წესებს და ვაკეთებდი ისე, როგორც მეგონა, რომ საჭირო იყო. მინდოდა, რომ ამა თუ იმ საკითხისთვის ახლებურად, ახალი გზით შემეხედა და რაღაც, რაც უკვე არსებობდა, გამეუმჯობესებინა.
სულ ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ რეალობა არ არის მისაღები ისეთი, როგორიც არის და ყოველთვის მგონია, რომ უკეთესი ალტერნატივა არსებობს.
– რა იყო შემდეგ?
შემდეგ იყო კომპიუტერთან ურთიერთობა. მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც თამაშები, იყო რაღაც პროგრამები, რომელთა ათვისებასაც ვცდილობდი. აბსოლუტურად ყველა ღილაკს ვაჭერდი იმისთვის, რომ გამეგო, რა როგორ მუშაობდა. ამ დროს კი გარეთ სულ სხვა რეალობა იყო. ძალიან რთულ პერიოდში გვიწევდა ცხოვრება და ვერ ვხვდები, მე რამ მიბიძგა იმისკენ, რომ სახლში კომპიუტერის შესწავლით ვყოფილიყავი დაკავებული. ერთი კი ვიცი, რომ ძალიან ცხოველი ინტერესი მქონდა ამ ყველაფრის.
– სკოლის დამთავრების შემდეგ რაზე ჩააბარე და როგორ გახსენდება განათლების პროცესი?
გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროისთვის მათემატიკა მეტ-ნაკლებად კარგად მესმოდა, ერთადერთი ფაკულტეტი, რომლის მიმართულებითაც შეიძლებოდა, რომ წავსულიყავი, იყო ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი თსუ-ში, მაღლივში. იმ დროისთვის კი არსებობდა უკვე CSB და ESM, მაგრამ იქ სწავლა, როგორც მახსოვს, იმ დროისთვის, ძვირი იყო ძალიან.
– როგორც ვიცით, უნივერსიტეტის პერიოდშივე დაიწყე საკუთარი საქმიანობა..
მესამე კურსზე, როცა მივხვდი, რომ ძალიან მჭირდებოდა მატერიალური რესურსი, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად გავაკეთე ვებ დიზაინის სტუდია. თავიდან საერთოდ არაფერი ვიცოდით არც ერთმა, უბრალოდ ჩემი მეგობრები პროგრამირებისკენ მიდრეკილი ადამიანები იყვნენ და რაღაცნაირად მაინც გამოგვივიდა.
ამ საქმეს ვაკეთებდით ერთ-ერთი მეგობრისსახლშიდავიწყეთ ერთი საიტით და შემდეგ, ნელ-ნელა საკმაოდ კარგად წავიდა საქმე. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საბოლოოდ გუნდის წევრები დავიშალეთ. ამავე მომენტში ჩემმა კლასელმა, და მეგობარმა შოთა გიორგობიანმა მითხრა, რომ ეს საქმე ჩვენ ორს გაგვეგრძელებინა. მოხდა ისე, რომ საკმაოდ ნორმალურ ბიზნესს დავამსგავსეთ ეს საქმე, გავაკეთეთ ოფისი, დავიქირავეთ თანამშრომლები და ნორმალური შემოსავლის მიღებაც დავიწყეთ.
საკმაოდ ბევრი საიტი გავაკეთეთ და, მათ შორის, ბევრი – ცნობილიც. ნელ-ნელა მივხვდით, რომ საიტებს ჰოსტინგიც სჭირდებოდა და სხვა კომპანიებთან გადამისამართების ნაცვლად, მომხმარებლებისთვის ამ სერვისის შეთავაზებაც თავად დავიწყეთ. ამ ყველაფერს ვაკეთებდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტერმინი სტარტაპი საქართველოში არც არსებობდა.
– მაგისტრატურაზე სწავლა თუ გააგრძელე და რა მიმართულებით?
კი, მაგისტრატურაზე სწავლა, რა თქმა უნდა, გავაგრძელე – 2006 წელს დავიწყე CSB-ში სწავლა MBA-ზე. შეიძლება ითქვას, რომ აქ გამეხსნა გონება, რადგან სრულიად ახლებური სწავლების მეთოდები იყო. თუმცა კი, საკმაოდ გამიჭირდა თავიდან, რადგან ლიტერატურა ინგლისურად იყო თუმცა, ნელ-ნელა ამასაც შევეგუე და დღეს უკვე CSB-ში სწავლა თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად მახსენდება.
– თქვი, რომ 2009-ში დახურეთ ვებ დიზაინის სტუდია, რა იყო შემდეგი ნაბიჯი შენს კარიერაში?
CSB-ში სწავლის დროს, ჩემმა კურსელმა თიბისიში გამიწია რეკომენდაცია, გავგზავნე CV და მოხდა ისე, რომ ამიყვანეს. როცა იქ დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ ვებ დიზაინის სტუდიას ვეღარ მივხედავდი. თანაც, მეც და შოთასაც გვქონდა იმის მოთხოვნილება, რომ რაღაც ახალი გვესწავლა.
თიბისიში მუშაობის 8 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, თავი არ ამიწევია. ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე აქ. მათ შორის, ვკურირებდი საცალო პროდუქტების შექმნასა და გაყიდვას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითისთვის, ასეთი პროდუქტები იყო TBC Card, Prime Card და ა.შ
8 წლის განმავლობაში თითქმის სულ ინოვაციურ პროექტებზე მიწევდა მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე.
– თიბისის შემდეგ პირდაპირ Optio.Ai-ს გზა დაიწყო?
თიბისიში ბოლოსკენ უკვე დამიდგა ის პერიოდი, რასაც ალბათ ყველა ადამიანი გადის. კორპორაცია კი ძალიან საინტერესოა, მაგრამ იმის იქითაც უნდა გაიხედო ალბათ რაღაც მომენტში.. ეს იმიტომ, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე. მეც მივხვდი, რომ ამ კომპანიაში ბოლომდე ამოწურული მქონდა საკუთარი თავი და როგორც კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამოვსულიყავი, სწრაფადვე მივიღე საქართველოს ბანკისგან შემოთავაზება. 2 წლის განმავლობაში ძალიან საინტერესო თემებზე ვიმუშავე აქაც და დიდი გამოცდილება მივიღე.
ზუსტად საქართველოს ბანკში მუშაობის დროს, GITA-მ გამოაცხადა სტარტაპ საქართველოს კონკურსი. მე და შოთამ გადავწყვიტეთ, განაცხადი შეგვეტანა და იმ 20 სტარტაპს შორის მოვხვდით, რომლებიც 100 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდნენ.
თუმცა, ჩვენი იდეა ძალიან ნედლი იყო. ძალიან ავანტიურისტულად ჩავებით ამ საქმიანობაში და თითქმის არ ვიცოდით, როგორ უნდა გვექცია ეს იდეა რეალობად. ეს თანხა რომ მოვიგეთ, ორივე კარგად ვიაზრებდით, რომ არ იყო საკმარისი ჩვენი მიზნების მისაღწევად. ამიტომაც, შოთა სამსახურიდან წამოვიდა და სრულ განაკვეთზე დაიწყო Optio-ში მუშაობა, ხოლო მე კი, უცხოური ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ, დავტოვე საქართველოს ბანკი.
– რა სირთულეები დაერთო Optio.ai-ს შექმნას?
თავიდან იყო ძალიან ბევრი სირთულე – დაწყებული პროდუქტიდან, დამთავრებული – საქმის ორგანიზებით. 2016-ში სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში არ არსებობდა იმ გაგებით, რა გაგებითაც ახლა არსებობს და შესაბამისად, არც ჩვენ ვიცოდით, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. თითქმის ყველაფერი ახალი იყო ჩვენთვის.
ამ პერიოდში ძალიან დაგვეხმარა 3 თვიან აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა და ჩეხეთში წასვლა რასაც შემდგომ მოსფლიოს ტოპ აქსელერატორში Techstars-ში მოხვედრა და ბერლინში გადასვლა მოჰყვა. ძალიან მოვწყდით ამ დროს ქართულ რეალობას და სრულად გადავწყვეთ იქაურობაზე, რამაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მოგვცა. ეს პროგრამა დაგვეხმარა იმ თავდაპირველი სირთულეების გადალახვაში, პროდუქტის დახვეწასა და იმის გააზრებაში, თუ საერთოდ რას ვაკეთებდით.
შემდეგ იყო ძალიან ბევრი მუშაობა და ძალისხმევის ჩადება ამ საქმეში, რაც ნამდვილად დაგვიფასდა, საბოლოო ჯამში. და დღესაც, ჩვენ მუდმივად ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ ამ საქმეში და რთულად, მაგრამ მაინც – აუცილებლად მოდის შედეგი.
– შენი აზრით, სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში რა დონეზეა განვითარებული?
ბოლო 4-5 წელიწადში ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში დიდი გადატრიალება მოხდა და საკმაოდ განვითარდა. ამ პროცესში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის GITA-ს.
თუმცა, სტარტაპ ეკოსისტემა მხოლოდ სტარტაპებს არ მოიცავს. ეს ტერმინი ბევრ კომპონენტს აერთიანებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ერთმანეთს აბალანსებენ. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად ჰქვია ქართულ რეალობაში ამ ყველაფერს ეკოსისტემა. ასე მგონია, ეს არის ერთგვარი ჩანასახი, სადაც უფრო ბევრი სტარტაპია, ვიდრე – ინვესტორი. იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ეკოსისტემა დავარქვათ, უნდა არსებობდნენ დამოუკიდებელი ინვესტორები, VC-ები, კერძო საინვერსტიციო ფონდები და ა.შ, რომლებიც აქტიურად ჩაებმებიან სტარტაპებში კაპიტალის მოზიდვის პროცესში.
– და ბოლოს, როგორ ფიქრობ, რაზე უნდა კონცენტრირდნენ ქართული სტარტაპები?
სტარტაპულ ისტორიებს აქვს ერთი ასეთი მახასიათებელი – თუკი რაიმე წარმატებას მიაღწევს სტარტაპი და შემდეგ ეს თემა პოპულარული გახდება – დაიბეჭდება სტატიები, გავა სიუჟეტები.. ამ პროცესში თითქოს მთავარი მიზანი და მიმართულება იკარგება ხოლმე. ასეთ დროს იქმნება ერთგვარი ფასადი, რომელიც თითქოს კარგად გამოიყურება, მაგრამ მის მიღმა ჩვეულებრივი ბიზნესი იმალება. სწორედ ამიტომ, მინდა, სტარტაპებს ვურჩიო, რომ კონცენტრაცია უფრო იმ რეალური, ხელშესახები და სტაბილური თემისკენ მიმართონ, რასაც ბიზნესი ჰქვია. და ფოკუსირება მოახდინონ კონკრეტული ბიზნეს პრობლემების პოვნასა და მათ გადაჭრაზე.
– დაუტოვე სტარტაპებს 3 რჩევა, რომელთა მოსმენასაც ისურვებდი მაშინ, როცა სტარტაპს ქმნიდი..
ადაპტირდი ცვალებად გარემოსათან
ნებისმიერი სტარტაპისთვის გადამწყვეტი სწორი პარტნიორის პოვნაა
იცონებე თამამად, მაგრამ დაგეგმე პრაგმატულად