მარიამ გაგუას, როგორც Product Owner-ის კარიერული გზა
ის, ვისზეც ახლა უნდა გიამბოთ, შესაძლოა, სოციალურ მედიაში უკვე არაერთხელ შეგხვედრიათ. ეს გოგონა ხომ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით უამრავ რჩევას გვიზიარებს პროფესიების, ციფრული პროდუქტებისა თუ უბრალოდ მოტივაციის შესახებ. საუბარი მარიამ გაგუაზე გვაქვს, ადამიანზე, რომელიც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ თვითმოტივატორია. ის არასდროს ნებდება და ალბათ ამის შედეგია, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მსხვილ, შვედურ ფინტექ კომპანია Klarna-ში დაიწყო, რომელიც 45 ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს.
ბავშვობაზე, განათლებაზე, მოტივაციასა და მთლიან კარიერულ გზაზე მარიამს დეტალურად გავესაუბრეთ:
ბავშვობა
ძალიან ჩვეულებრივი. დავდიოდი სკოლაში, სხვადასხვა წრეებზე, ვუკრავდი ფორტეპიანოზე. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ გამორჩეულად მხოლოდ მათემატიკა მიყვარდა, დანარჩენ საგნებს მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი, რომ უნდა მესწავლა.
განათლება
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. სიმართლე რომ ვთქვა, ნასწავლის 90% აღარ მახსოვს, თუმცა, ვინაიდან ინჟინერიას აღარ გავყევი და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტისკენ გადავინაცვლე, ის მასალა, რაც უნივერსიტეტში ვისწავლე, აღარ დამჭირვებია. გამოვყოფდი რამდენიმე უნარ-ჩვევას, რომელსაც დღემდე წარმატებით ვიყენებ და რომლის შეძენაშიც უნივერსიტეტს და ჩემს საბაკალავრო პროგრამას დიდი წვლილი აქვს: პრობლემების გადაჭრა, ტექნიკური ანალიზი, ლიდერშიფი, კვლევის ჩატარება, აკადემიური წერა, გუნდური მუშაობა, ინგლისურ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი.
მიზნები ბავშვობაში
რაიმე კონკრეტული მიზანი არ მქონია ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ მინდოდა ჩემი და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. მაგალითად, ბავშვობაში სტანდარტულად, სხვა დევნილი ბავშვებივით ვიზრდებოდი. ჩემი ოჯახი თვიდან თვემდე ელოდა 45 ლარიან დახმარებას რომ თავი გადაერჩინა. როცა ესე იზრდები, ძალიან გინდება, რომ შენს თავს და გარშემომყოფებს უშველო. ჩემი ნებისმიერი კარიერული გადაწყვეტილებაც ამასთან ბმაშია. ისეთ სფეროში ვმოღვაწეობ, რომელიც ეკონომიკას აძლიერებს. ასევე, ისეთი სფეროს პოპულარიზებას ვცდილობ, რომლებიც ჩემს გარშემომყოფ ადამიანებს გააძლირებს. საბოლოოდ კი, თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო – სულ მინდოდა, ჩემს გარშემო რეალობა უკეთესობისკენ შემეცვალა და ჩემი თავი სწორედ ცვლილებების მომხდენის როლში წარმომედგინა.
პირველი სამსახური
პირველ “სამსახურად” შეიძლება ჩავთვალოს ის დღე, როდესაც სკოლაში სამმა კლასელმა გადავწყვიტეთ, რომ რესტორნის ფასდაკლების ვაუჩერები გაგვეყიდა. სამივემ ერთად ჯამში 30 ლარი გამოვიმუშავეთ, ანუ თითომ 10-10. მართალია, მეორე დღეს აღარ მისვულვართ იმ კომპანიაში, თუმცა ჩემმა ერთდღიანმა სამუშაო გამოცდილებამ რამდენიმე რამეს მაინც მიმახვედრა:
აუცილებლად უნდა მემუშავა უფრო ჭკვიანურად, ვიდრე უფრო მეტი (work smarter not harder)
უნდა მეპოვა პროფესია, რომელიც საშუალებას მომცემდა, იგივე ენერგიით რაიმე უფრო ღირებული კონტრიბუცია მქონოდა ადამიანების ცხოვრებაში, ვიდრე რესტორნის მენიუს ფასდაკლებით იყო
შემდეგი ნაბიჯები
შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვმუშაობდი ამერიკის საელჩოს და სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტებზე, თავისუფალ დროს ვასწავლიდი ინგლისურს, ვატარებდი ჰაკათონებს, ვმოხალისეობდი ძალიან ბევრს. ჩემი პირველი სერიოზული სამსახური უკვე საქართველოს ბანკში, მობილური აპლიკაციის პროდუქტის ოუნერის როლი იყო. აქ მომეცა საშუალება, რომ ჩემი ყველა უნარ-ჩვევა, ენერგია, და ხედვა ერთ პროდუქტში ჩამექსოვა.
გამოცდილება საქართველოს ბანკში
საქართველოს ბანკს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან აქ ვისწავლე შეცდომების დაშვება, ამ შეცდომებზე სწავლა და ფეხზე წამოდგომა უფრო დიდი შემართებით. აქ კოლეგებმა მასწავლეს, რას ნიშნავს გვერდში დგომა, როგორი ძალა აქვს ერთიანობას და რამხელა მთების გადადგმა შეგვიძლია მთელ გუნდს, თუ #არგავჩერდებით.
საბოლოო ჯამში კი, ჩემი პროფესიის ანა-ბანა, საუკეთესო პრაქტიკები, სამომხმარებლო გამოცდილების შენება და კიდევ მრავალი სხვა დღეს იმიტომ ვიცი, რომ 2020 წელს საქართველოს ბანკმა თავისი კარი გამიღო.
Product Owner-ობა
Product Owner არის ციფრული პროდუქტის გუნდის წევრი, მინი-CEO, რომელიც პასუხისმგებელია მაქსიმალურად გაზარდოს მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ღირებულება, დაეხმაროს ბიზნესს მიზნების მიღწევაში, გააუმჯობესოს სამომხმარებლო გამოცდილება, სწორად დააპრიორიტეტოს სამუშაოები, დაეხმაროს დეველოპერებს, დიზაინერებს და ხარისხის მართვის ინჟინრებს ამოცანის სწორად აღქმაში და იზრუნოს პროდუქტის ხედვის განვითარებაზე.
Klarna
Klarna-ს პროდუქტების დირექტორს დავუკავშირდი LinkedIn-ის საშუალებით და ვუთხარი, რომ მათთან მუშაობა მაინტერესებდა. შემდეგ იყო 3 ეტაპი და ჯამში 5 გასაუბრება.
პირველი ეტაპი: რეკრუტერთან ინტერვიუ და IQ ტესტი
მეორე ეტაპი: პროდუქტის მენეჯერის ტექნიკური და არატექნიკური ინტერვიუ
მესამე ეტაპი: Case study და პოტენციური გუნდის წევრებთან შეხვედრა
ამჟამად Klarna-ში პროდუქტის მენეჯერი ვარ, მობილურ აპლიკაციაში სოციალური შოპინგის განვითარების მიმართულებით. პირველ რიგში, Klarna-ში მუშაობა საშუალებას მაძლევს, გლობალურ ციფრულ პროდუქტზე ვიმუშავო. აქ ბევრად უფრო სტარტაპული გარემოა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც მიმუშავია. ასეთ კომპანიაში მუშაობა კი გარემოსთან სწრაფად ადაპტაციის, კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების და ზოგადად, ლიდერობის გამოცდილებისთვის ძალიან კარგია.
მოტივაცია
ყველას პირადი მიზეზი აქვს საერთაშორისო კომპანიაში დასაქმებისთვის. ჩემი მოტივაცია განვითარების წყურვილი იყო, ახალი პრობლემების ძიება, რომ მათი გადაჭრის შემდეგ უფრო ძლიერი და ჭკვიანი გავმხდარიყავი. როცა მოტივაციას ვკარგავდი, რამდენიმე დღე ვასვენებდი ჩემს თავს და ვახსენებდი, რომ ვინმესგან უარი ჩემს პროფესიონალიზმზე არ მეტყველებდა. თუ მე მჯეროდა რომ გამომივიდოდა, მხოლოდ დროის ამბავი იყო, როდის გამომივიდოდა.
ხოლო რაც შეეხება პრაქტიკულ რჩევებს, ამ რამდენიმეს გამოვყოფდი:
აუცილებლად შექმენით LinkedIn პროფილი და პირადად დაუკავშირდით თქვენთვის საინტერესო კომპანიაში მომუშავე ხალხს.
ეს არის მე რასაც ვწერდი ჩემთვის საინტერესო ხალხს LinkedIn-ზე, თქვენ შეგიძლიათ თქვენს თავზე მოარგოთ: “Hi [name], my name is Mariam, and I saw your post looking to hire a product manager at [company name]. I would love to connect, share more about my qualifications, and learn more about this role. Looking forward to hearing back!
რეზიუმე შეამცირეთ 1 გვერდამდე და გადაახედეთ გამოცდილ ადამიანს, სანამ სადმე გააგზავნით.
დახვეწეთ რეზიუმე/მისაწერი ტექსტი/ლინკდინის პროფილი იმის მიხედვით, თუ როგორი წარმატებით ჩანიშნავთ ზარებს რეკრუტერებთან. მაგალითად, მე რეზიუმის გაგზავნის დროს დიდი გამოხმაურება რომ არ მქონდა, ჩავამატე ჩემი პროფესიის შესაბამისი ქივორდები. ასევე, შემდეგ ეტაპზე რეზიუმეს გაგზავნის მაგივრად უფრო მეტი დრო დავუთმე რეკრუტერებთან ლინკდინით დაკავშირებას. ლინკდინზე ვაკვირდებოდი, როგორი ხალხი უფრო მპასუხობდა, და შემდგომ სწორედ ესეთ ხალხზე ვაკეთებდი გათვლას.
თუ ნაცნობი გყავთ თქვენთვის საინტერესო კომპანიაში, თხოვეთ რეკომენდაცია გაგიწიოთ