ქართული სტარტაპები: Crosscreators
Crosscreators ანი მანჯავიძისა და დიმიტრი ფარაფონტოვის მიერ შექმნილი სტარტაპია, რომელიც ბიზნესებს ინოვაციურ – აუგმენურ რეალობაზე დაფუძნებული მარკეტინგის წარმოების საშუალებას აძლევს. უფრო კონკრეტულად კი, პლატფორმის მეშვეობით ბრენდებს პროფესიონალ AR კრეატორებთან დაკავშირება შეუძლიათ.
ინოვაციური იდეის მქონე სტარტაპი ამჟამად 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობს. ამ იდეის, პირველი ნაბიჯების, სირთულეებისა და პროგრამის შესახებ მის თანადამფუძნებელს, ანი მანჯავიძეს გავესაუბრეთ:
იდეა
13 წელი ვმუშაობდი მარკეტინგში და ყოველდღიურობაში მეც ზუსტად ისეთივე გამოწვევები მქონდა, როგორიც ყველა მარკეტერს აქვს: მსურდა პოტენციური მომხმარებლების ყურადღების მიქცევა, ჩემი პროდუქტის სწორ აუდიტორიამდე მიტანა, მომხმარებელში ბრენდის მიმართ ემოციური კავშირის ჩამოყალიბება და ბოლოს, ცხადია, გაყიდვების გაზრდა. მალევე მივხვდი, რომ თუ გსურს, ბაზარზე გამორჩეული მოთამაშე იყო, რაღაც განსხვავებული უნდა აკეთო. სწორედ ამ ეტაპზე გავეცანი აუგმენტური რეალობის მარკეტინგში გამოყენების შესაძლებლობებს და გადავწყვიტე, მეც მესარგებლა ამ ბენეფიტებით. Მაგრამ აუგმენტური რეალობის კონტენტის შექმნის პროცესში წავაწყდი უამრავ სირთულეს. ამიტომაც გადავწყვიტე, შემექმნა სივრცე, სადაც როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც მარტივად მიიღებდნენ აუგმენტური რეალობის კონტენტს.
პრობლემა
თანამედროვე კონკურენციის პირობებში, რთული გახდა ეფექტური მარკეტინგული კამპანიების წარმოება. ასევე, ხშირად ჩივიან ხოლმე, რომ ტრადიციული მარკეტინგით განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდა თაობის ყურადღების მიქცევა. გამოსავალი არის აუგმენტური რეალობის კონტენტის შექმნა, თუმცა, ეს პროცესი არ არის მარტივი.
Პირველ რიგში, ძალიან რთულია აუგმენტური რეალობის კონტენტის პროფესიონალი კრეატორების მოძიება. თუ შენი ძალებით წარმართავ შექმნის პროცესს, უდიდესი დრო და ძალისხმევა გეხარჯება კრეატორების ძიების და კონტენტის იდეის ჩამოყალიბების პროცესში. არის მეორე გზაც – უცხოური სააგენტოების საშუალებით მზა კონტენტის მიღება, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესები აქამდე ვერ იყენებდნენ აუგმენტური რეალობის კონტენტს თავიანთ მარკეტინგულ კამპანიებში. ჩემი მიზანი იყო, შემექნა ისეთი პროდუქტი, რაც ყველა ამ პრობლემას აღმოფხვრიდა.
პროდუქტი/მომსახურება
Crosscreators აკავშირებს ბრენდებს პროფესიონალ AR კრეატორებთან. ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი პროფესიონალი კონტენტ კრეატორი, რომლებიც ქმნიან ნებისმიერი ტიპის კონტენტს: სოციალური მედიისთვის (ფილტრები/ეფექტები/პორტალები), ვებსაიტისთვის (3D ვიზუალიზაცია, ვირტუალური მორგება ე.წ. try-on) ან/და აპლიკაციისთვის.
Პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდგომ ბრენდს/მარკეტერს მარტივად შეუძლია, დაუკვეთოს პროექტი, შეარჩოს სასურველი კრეატორი და მიიღოს კონტენტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ მომხმარებელმა კონკრეტულად არ იცის, როგორი კონტენტი სურს, Crosscreators-ს აქვს რესურსი, თვითონ შემოგთავაზოთ კონტენტის იდეა თქვენი მარკეტინგული მიზნების შესაბამისად და თანაც, ამ მომსახურებაში არავითარ დამატებით გადასახადს არ გადაიხდით.
ბიზნესმოდელი
Ჩვენთან არ არსებობს წევრობისათვის დაწესებული გადასახადი – კომპანია იღებს საკომისიოს ყოველი დასრულებული შეკვეთიდან.
გუნდი და დამფუძნებლები
სტარტაპის დამფუძნებლები არიან: ანი მანჯავიძე – CEO – აქვს მარკეტინგში მუშაობს 13-წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა დიდ საერთაშორისო სარეკლამო კომპანიებთან, აგრეთვე ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ტექნოლოგიურ სტარტაპ ეკოსისტემაში; დიმიტრი ფარაფონტოვი – CTO – აქვს full-stack developer-ად მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება უკრაინის წამყვან დეველოპმენტ კომპანიებში უფროსი ტექნოლოგიური ოფიცრის პოზიციაზე.
კონკურენტები
მოგეხსენებათ, საქართველოში აუგმენტური რეალობის კონტენტის შექმნელი კომპანიები არ არსებობენ. ჩვენი კონკურენტები საერთაშორისო კომპანიები არიან. Მათ შორის, გამოვარჩევდი poplar.studio-ს, თუმცა მათგან განსხვავებით Crosscreators მომხმარებელს კონტენტს 3-ჯერ უფრო სწრაფად და 60%-ით იაფად უქმნის.
პირველი ნაბიჯები
დაარსების პირველ წელს ჩვენ გავიმარჯვეთ GITA-ს 100000-ლარიანი თანადაფინანსების პროგრამაში, რითაც შევქმენით ჩვენი პროტოტიპი. მას შემდეგ შევქმენით ჩვენი პლატფორმის მეორე, უფრო სრულყოფილი და დახვეწილი ვერსია, მონაწილეობა მივიღეთ 2 აქსელერაციის პროგრამაში და მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.
სირთულეები
მთავარი სირთულე დასაწყისში იყო სწორი კადრების აყვანა. ჩვენი გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, რთულია, იპოვო გლობალური გამოცდილების კადრი სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომაც მოგვიწია გარკვეული მიმართულების თანამშრომლების საზღვარგარეთ მოძიება.
მიღებული დაფინანსება/ინვესტიციები
ოფიციალურად რაუნდი არ გამოგვიცხადებია, თუმცა, გვყავს რამდენიმე ევროპული და ამერიკული ვენჩურული კაპიტალი ჩვენს ინვესტორებად. ოფიციალურ რაუნდს ძალიან მალე გამოვაცხადებთ.
Crosscreators-ი დღეს
ჩვენი სტარტაპი გადავიდა ზრდის ეტაპზე. ჩვენს პლატფორმაზე შეკვეთებს ათავსებენ უკვე არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ევროპიდან და აშშ-იდანაც კი.
მთავარი მიღწევა ალბათ ისაა, რომ შევძელით და შევქმენით გამართული, მომხმარებლის საჭიროებებზე სრულად ორიენტირებული პლატფორმა.
ამის პარალელურად, წელს Crosscreators-მა მიიღო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალიდაცია. Მოგეხსენებათ, ახლა ვმონაწილეობთ 500 გლობალის აქსელერაციის პროგრამაში. მანამდე მოვხვდით Startup Wise Guys XR-ის 10 რჩეულ სტარტაპს შორის და მოვიზიდეთ ინვესტიცია. ცოტა ხნის წინ მიწვეულები ვიყავით AWE EU 2022 კონფერენციაზე, სადაც ვისაუბრეთ აუგმენტური რეალობის მნიშვნელობაზე მარკეტინგში. ამასთან ერთად, ჩვენი კომპანია მოხვდა წლის 9 რჩეულ სტარტაპთან ერთად კონკურსის ფინალში.
გამოწვევა
საქართველოშიც და მსოფლიოშიც სტარტაპების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ დაფუძნებიდან მალევე წყვეტენ არსებობას. სტარტაპების შენარჩუნების და განვითარების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა ხოლმე. სრულყოფილების შექმნა დიდ დროს მოითხოვს, სტარტაპებს კი არ აქვთ ამდენი დრო. Მათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება სჭირდებათ, ამიტომ ჩვენი მთავარი გამოწვევა სწრაფი ზრდაა.
სამომავლო გეგმები
ჩვენი სამომავლო მიზანია, შევიდეთ ამერიკის ბაზარზე. უკვე გვყავს მომხმარებლები ორგანულად, თუმცა გვინდა, რომ უკეთ დავმკვიდრდეთ და ბაზრის გარკვეული წილი ავითვისოთ. ამერიკის ბაზარი ყველაზე მეტადაა მზად ჩვენი სერვისის გამოყენებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.
ინდუსტრია
AR მარკეტინგი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად მზარდი მიმართულებაა, თუმცა, ჩვენს რეგიონში ჯერ არც ისე მაღალია ცნობადობა ამგვარი კონტენტის მნიშვნელობის შესახებ. ცხადია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ სოც.მედია ფილტრები, მინი-თამაშები, პორტალები, მაგრამ ვერ ხვდებიან, კონკრეტულად მის ინდუსტრიას და ბიზნესს როგორ უნდა გამოადგეს ის. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ჩვენ დავიწყეთ ერთგვარი საგანმანათლებლო სტატიების წერა ჩვენს ბლოგზე. მუდმივ რეჟიმში ვაქვეყნებთ სტატიებს იმის შესახებ, თუ რა ტიპის AR იქნება საუკეთესო კონკრეტული ინდუსტრიისთვის და რა ხელშესახებ შედეგებს მოიტანს მისი გამოყენება.
500 Georgia
Პროგრამა კონცენტრირებულია სტარტაპების ზრდის ფაზაზე, რაც ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია. პროგრამაში ჩართვით ჩვენი გუნდი მიიღებს საჭირო რჩევებს მარკეტინგული და გაყიდვების პროცესების უკეთ წარმართვისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო აქსელერაციაში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი დადებითი სიგნალია ინვესტორებისთვის, რაც მომდევნო რაუნდის გამოცხადების შემდეგ ინვესტორებთან კომუნიკაციაში დაგვეხმარება.