fbpx

Onyx Wings Studio პირველ თამაშს Mistcaller-ს უშვებს

Mistcaller

Onyx Wings Studio პირველ თამაშს Mistcaller-ს უშვებს

Onyx Wings Studio თამაშების მწარმოებელი ქართული სტარტაპია, რომელზეც ერთხელ უკვე გიამბეთ. ისინი სულ მალე, 13 თებერვალს თავიანთ პირველ თამაშს “Mistcaller-ს” გამოუშვებენ, რომლითაც ცოტა ხნის წინ Shark Tank-ზე ინვესტორები მოიზიდეს.

რას ეხება თამაში და როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი? ამ თემებზე სტარტაპის თანადამფუძნებელი, ირაკლი ჭოლოკავა გაგვესაუბრა:

– პირველ რიგში, გვიამბეთ Mistcaller-ის შინაარსის შესახებ – რას ეხება ის, როგორი მიმდინარეობა აქვს და რა ამოცანას ეფუძნება ის?

მოქმედება ვითარდება მისტიურ, ნისლიან სამყაროში, სადაც ჩვენი მთავარი გმირი, ივი, რომელმაც მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ ის იცის, რომ მისი პატარა ძმა საფრთხეშია, ცდილობს, გადარჩეს და თავისი ძმაც გადაარჩინოს. ამ რთულ გზაზე ივი სწავლობს ნისლის მართვას და სხვადასხვა ძალას იძენს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი თავიდანვე ნათელია, რეალურად ასე მარტივადაც არაა საქმე და თამაშის მიმდინარეობისას ბევრი მოულოდნელობა ხვდება მოთამაშეს. ვითარება ნელ-ნელა ბევრად სხვანაირი ხდება, ვიდრე ის თავიდან ჩანდა.

– როგორ ფიქრობთ, რითია ეს თამაში გამორჩეული – რატომ უნდა ითამაშონ ის?

გუნდში ყველანი გეიმერები ვართ და საკმაოდ ბევრ თამაშთან გვქონია შეხება, შესაბამისად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრაფიკა, გარემო, დიზაინი, ისტორია ძალიან საინტერესოა და არ ჩამოუვარდება, ან შეიძლება სჯობდეს კიდეც მსგავსი მიმდინარეობის უცხოურ თამაშებს. ასევე ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს უპირატესობად მუსიკას დავასახელებდი, რომელიც ფონად გასდევს მთელ თამაშს. გვინდა, აუდიტორიას ვაჩვენოთ თამაშის საუნდრეკი, რომელიც ძალიან მოგვწონს და ძალიან გვაინტერესებს, თქვენი შეფასება.

– ვისზეა გათვლილი ეს თამაში სეგმენტურად?

რეალურად ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ითამაშოს და მიიღოს სიამოვნება, რადგან თამაში საკმაოდ ჩამთრევია, არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას თუ უნარებს თავდაპირველ ეტაპზე და თანდათან რთულდება, რაც გამოწვევა იქნება თითოეული მოთამაშისთვის

– რა სირთულეები შეგხვდათ თამაშზე მუშაობის პროცესში და ზოგადად როგორი იყო ეს პროცესი?

თამაშზე მუშაობა დავიწყეთ 2020 წელს და მრავალ სირთულეს წავაწყდით კოდინგის დროს, მოგვიწია დიზაინის შეცვლა, რომ მოთამაშეებისთვის უფრო ადვილად აღქმადი ყოფილიყო თამაშის ელემენტები, რამდენჯერმე შევცვალეთ მექანიკები, რადგან ზოგი მათგანი ზედმეტად რთული იყო, ხოლო ზოგი – არაინტუიციური და ა.შ. მთავარია, რომ დღეს გვაქვს ფინალური ვერსია, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა და ამით კმაყოფილები ვართ.

– როგორი მოლოდინები გაქვთ?

მოლოდინები ისეთივე ნისლიანია, როგორც ჩვენი თამაშის სამყარო. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. პროდუქტი მოგვწონს, ვფიქრობთ, რომ ხალხსაც მოეწონება, თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ასეთი მარტივი არაა, მაგრამ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ. ძალიან გვინდა, რომ პირველი ქართული კომპანია ვიყოთ, კომპიუტერული თამაშების ბაზარზე ვინც შევა და წარმატებას მიაღწევს.

და ბოლოს, თუკი გეიმერი ან უბრალოდ თამაშების მოყვარული ხართ, მოგიწოდებთ, რომ Steam-ის სურვილების სიაში (wishlist) გადაიტანოთ ჩვენი თამაში “Mistcaller”.

ქართული სტარტაპები: Onyx Wings Studio

Onyx Wings Studio თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც სტუდენტებმა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით შექმნეს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post