fbpx

Mega Thread: CES 2021

Mega Thread: CES 2021

CES (Consumer Electronic Show) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ტექ-ღონისძიება, სადაც სხვადასხვა სფეროს კომპანიები აკეთებენ თავიანთი ტექნოლოგიური მიღწევების და ინოვაციური პროდუქტების პრეზენტაციას. წელს პანდემიის გამო შოუ ლას-ვეგასის ნაცვლად ონლაინში ჩატარდა. Mega Thread-ბლოგში ჩვენი აზრით საინტერესო CES-ზე წარდგენილ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და გაჯეტებზე ინფორმაცია შეგილიათ ნახოთ:

General Motors-მა ავტონომიური Cadillac-ის და მფრინავი მანქანის კონცეპტები წარადგინა

ორი მომავლის ტრანსპორტი – მდიდრული კვერცხის ფორმის ავტონომიური ავტომანქანა (AV) და ერთადგილიანი ელექტრონული მოწყობილობა ვერტიკალურად აფრენის ფუნქციით (VTOL). ორივე მათგანი Cadillac Halo-ს პორტფოლიოს ნაწილია და სავარაუდოა, რომ მათ წარმოებას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ.

AV-ის კონცეფცია გამოიყურება იმ ავტონომიური მოწყობილობების მდიდრულ ვერსიად, რომლებიც Silicon Valley-ს კორპორატიულ კამპუსებშია. შიდა ინტერიერი კი ჰგავს 70-იანების მისაღებ ოთახს. ავტომობილს აქვს ფართო ფანჯარა და ბიომეტრიული სენსორები რომლის წყალობითაც შეუძლია განსაზღვროს მგზავრების სასიცოცხლო ნიშნები და გამოიყენოს ის მათთვის სასურველი ტემპერატურის, სინათლის, გარე ხმაურისა დონის და არომატის შესათავაზებლად. სხვა შესაძლებლობებთან შედარებით, როგორიცაა ხმის კონტროლი ან ჟესტების ამოცნობა, ახალი ავტომანქანის ფუნქციები არ ითხოვს მგზავრისგან არანაირ ძალისხმევას.

მფრინავი მანქანის კონცეპტი კი ცოტათი წააგავს ამჟამად არსებული საჰაერო ტაქსების პროტოტიპების ფუტურისტულ ვერსიას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ დიზაინი არსებობს და უცნობია, როდის აპირებს კომპანია პროდუქტის შექმნას, მათი წარდგენით General Motors-მა თავისი მომავლის ხედვა და ბრენდის მწარმოებლური უნარები გვიჩვენა.

Dell-ის მასიური 40-ინჩიანი მონიტორი

გასულ წელს თითოეული ჩვენთაგანის კომპიუტერებზე მიჯაჭვულობიდან გამომდინარე, დროა ჩვენს ცხოვრებაში უფრო დიდი ეკრანი შემოვუშვათ. Dell-ის 2021-ის ყველაზე დიდი მონიტორის მოდელი 40 ინჩიანია, გასაოცარი 5120 X 2160 პიქსელიანი რეზოლუციით.

ეკრანი იმდენად დიდია, რომ მასზე შეგეძლება ოთხი full-sized ბრაუზერის ფანჯრის გვერდიგვერდ დატევა. ან ორი მონიტორის გამოყენების ნაცვლად მათი ერთ ეკრანზე ჩვენება. Thunderbolt 3-ის საშუალებით კი კომპიუტერის დატენვაც კი შესაძლებელია. ჯერ-ჯერობით ფასზე საუბარი არ არის. თუმცა აშკარაა, რომ მისი იაფად შეძენის იმედი არ უნდა გვქონდეს.

Ampere-ის წყალზე მომუშავე საშხაპე-დინამიკი

ოდესმე გიოცნებია რომ შენს საშხაპეს ერთდროულად შესძლებოდა წყლისა და მუსიკის „გამოშვება“? თუ ასეა გილოცავ, რადგან Ampere-ის Shower Power სწორედ ამას აკეთებს. იგი თავსებადია თითქმის ყველანაირ საშხაპის თავთან. დინამიკი კი Bluetooth-ით უკავშირდება შენივე მობილურს. მოწყობილობა იტენება მასში გამავალი წყლით, შედეგად საშხაპეში შესულს არ მოგიწევს იმაზე დარდი, რომ მისი დატენვა დაგავიწყდა. ამასთან, თუ გარემოს დაბინძურებაზე ღელავ უნდა იცოდე, რომ მისი პლასტმასის ნაწილები დამზადებულია ოკეანეში ჩაყრილი პლასტმასას გადამუშავებით. პროდუქტი გაიყიდება 2021 წლის მაისიდან სულ რაღაც 100 დოლარად.

Samsung-ს უნდა სახლი რობოტებით აგვივსოს

Samsung-მა წარადგინა სამი ახალი რობოტი, რომლებიც გაამარტივებენ შენს ცხოვრებას. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენად მალე ვიხილავთ მათ მაღაზიებში. დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ JetBot 90 AI+ 2021 წელს უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ეს აერთიანებს უსაფრთხოების კამერას და მტვერსასრუტს, რომელიც იყენებს ობიექტების ამოცნობის ფუნქციას და სენსორებს.

ნამდვილად გასაოცარია Samsung-ის რობოტების კონცეპტები – Bot Care5 და Bot Handy6. პირველი წარმოადგენს პირად ასისტენტს, რომელსაც შეუძლია შენი ყოველდღიური რუტინის დამახსოვრებით გრაფიკის შექმნა და შენი მუდმივი ინფორმირება. მეორეს კი შეუძლია ჩაალაგოს ჭურჭელი სარეცხ მანქანაში და ღვინოც კი დაგისხას.

Panasonic-ის ამ კამერას ალბათ ბევრი კინორეჟისორი გამოიყენებს

Panasonic-მა წარადგინა ახალი BGH1 Micro Four Thirds კამერა, რომელიც Netflix-ის მიერ “მოწონებული” პირველი 4/3 სისტემის კამერაა. პატარა, ყუთის ფორმის კამერა სავარაუდოდ კინორეჟისორების go-to მოწყობილობად იქცევა. Panasonic BGH1 უკვე ხელმისაწვდომია 2000 დოლარად და უფრო იაფი გამოდის ვიდრე პოპულარული Red Camera, ამასთან უფრო მსუბუქი და პატარაცაა. ძალიან კარგი ტექნიკური პარამეტრების მიუხედავად, მოწყობილობის აღწერაში ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სითბოს დისპერსიული სისტემაა, რაც, როგორც პანასონიკი ამბობს, იძლევა ულიმიტო გადაღების დროს.

კლავიატურის აპლიკაცია, რომელიც “Typo”-ებს 80%-ით ამცირებს

2020-ის ივლისში, შვეიცარიული სტარტაპი Typewise, მომხმარებელს დაპირდა პროდუქტიულობის გაზრდას პერსონალიზებულ და ავტოკორექტირებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტით. ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, თუმცა ახლა, მათ უკვე გაუშვეს აპლიკაცია გამორჩეული – ფიჭის ფორმის კლავიატურით, რომელიც ბეჭდვის დროს შეცდომებს 80%-ით ამცირებს. აპლიკაციას უკვე 500,000 გადმოწერა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის ნამდვილად შეიძლება იყოს გამოსადეგი.

მზად ხარ Full screen სამართავი პანელისთვის მანქანაში?

ვის სჭირდება სტანდარტული მანქანის სალონი ღილაკებით, როცა არსებობს მთლიანი ეკრანი? წელს კომპანია Mercedes-Benz – EQS მდიდრულ სედანს წარადგენს, რომლის წინა პანელსაც 55,5 დიუმიანი MBUX Hyperscreen წარმოადგენს. ის შექმნილია სამი OLED ეკრანისგან, რომლებიც Corning Gorilla-ს მინის ქვეშაა მოთავსებული. მძღოლისთვის და მგზავრისთვის განკუთვნილია ეკრანის 12-13 ინჩი, მათ შორის დარჩენილი 18 ინჩი კი გამოიყენება ნავიგაციისთვის,  კლიმატ კონტროლისთვის  და ა.შ. ეკრანის მგზავრის ნაწილზე შესაძლებელია ვიდეოების ჩართვაც. ხოლო მძღოლის ეკრანი აჩვენებს იმ ინფორმაციას, რაც მანქანის მართვის პროცესშია საჭირო.

MBUX Hyperscreen მთლიანად Mercedes-Benz-ის მიერაა შექმნილი. იგი იყენებს 8 ბირთვიან პროცესორს და 24  GB-იან RAM-ს. სავარაუდოა, რომ თუ მომხმარებლებს მოეწონებათ მთლიანად სენსორული პანელი, მას მომავალში Mercedes-ის სხვა მოდელებშიც ვიხილავთ.

Lenovo ახალ ხელმისაწვდომ Android ტაბლეტს უშვებს

ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი Android ტაბლეტია, თუმცა ფასი – $230 მას ნამდვილად გამორჩეულად აქცევს. ამ ფასად შენ მიიღებ მაღალი გაფართოების 11 ინჩიან IPS LCD ეკრანს, Snapdragon 662-ის ჩიპს, LTE კავშირს, 6 GB-იან ოპერატიულ მეხსიერებას და Dolby Atmos სპიკერს. დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევს დამხმარე აქსესუარებზე, როგორიცაა კალამი, კლავიატურა და ა.შ. გაჯეტის შეძენა შეგეძლება ამ თვიდან.

Sion – მზის პანელით დაფარული ელექტრონული მანქანა

გერმანულმა სტარტაპმა Sono Motors-მა წარადგინა მზის პანელებით დაფარული ელექტრონული მანქანა – Sion. ელექტრომანქანის ენერგიის ძირითადი წყაროა 35 კვტ-იანი ბატარეა, რომელსაც შეუძლია დაიტენოს სტანდარტული EV დამტენით და გაიაროს 250 კმ. მზის ბატარეების წყალობით კი მანქანა ასევე იტენება მოძრაობის დროსაც და შეუძლია დამატებით 33 კმ-ის გავლა (მზიანი დღის შემთხვევაში). მისი უმაღლესი სიჩქარეა 140 კმ საათში. მზის პანელები მოთავსებულია კარებზე და სახურავზე, რაც ნიშნავს, რომ მას დატენვა მაშინაც შეუძლია, როცა მზე ჩადის ან სახურავზე თოვლი დევს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მზის პანელების შეცვლა სტანდარტული მანქანების შეკეთებაზე ძვირი არ დაჯდება. სტარტაპი პროდუქტის ჩაშვებას თავიდან ევროპაში გეგმავს, საიდანაც უკვე მიიღო 12,600 წინასწარი შეკვეთა. მოგვიანებით ამ მოდელის ავტომანქანები გამოჩნდება ამერიკის ბაზარზეც სადაც მისი ფასი დაახლოებით $26,000 იქნება.

Otterbox-ი გეიმინგ აქსესუარების ბიზნესში შედის

2020 წელს გეიმინგი იმდენად აქტუალური გახდა, რომ ელექტრონიკის აქსესუარების მწარმოებელმა Otterbox-მა  Xbox-ის პროდუქტების სრული ხაზის წარდგენა. პროდუქცია აერთიანებს მობილურზე მისამაგრებელ მოწყობილობას სათამაშოდ, სატარებელ ჩანთას და ანტიმიკრობულ ტელეფონის ეკრანის მცველს და ა.შ. ამ კოლაბორაციით Otterbox-მა საჭმლისა და ტელეფონების დაცვიდან, კონტროლერებზეც გადაინაცვლა. პროდუქტების წინასწარი შეკვეთა 25 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

Sony-მ დრონი წარადგინა

Sony-მ ახალი Airpeak დრონის შესახებ გასული წლის ბოლოს გამოაცხადა, თუმცა მისი დეტალების შესახებ არ უსაუბრია. CES 2021-ზე კი, პროტოტიპის წარდგენით მთლიანად დრონების სამყარო ააღელვა. DJI-ს პოპულარული დრონებისგან განსხვავებით, Airpeak-ში კამერის სისტემა არ იქნება ჩამონტაჯებული. ამის ნაცვლად, მასზე მიმაგრებული იქნება Sony Alpha-ს კამერა. როგორც ჩანს, პროდუქტი უფრო გათვლილია პროფესიონალ კინემატოგრაფებზე ვიდრე სხვა ტიპის მომხმარებლებზე.

Razer-მა გასაგიჟებლად მაგარი გეიმინგ სავარძელი და ნიღაბი შექმნა

გეიმინგ ნოუთბუქების მწარმოებელმა Razer-მა წელს ორი ცნობილი მოწყობილობის კონცეპტი წარადგინა. პირველი Project Hazel-ია – გამჭვირვალე პლასტიკური ნიღაბი RGB ნათებითა და ხმის გამაძლიერებლით. ხოლო მეორე – Project Brooklyn, დიდი გეიმინგ სავარძელია რომელზე მიმაგრებული ეკრანიც მოძრაობს და იკეცება სავარძლის უკან. წარმოიდგინეთ, რომ შეგეძლებათ სავარძლის ნებისმიერ ადგილზე მოთავსება დიდი მაგიდისა და დამატებითი ეკრანის გარეშე.

LG-ის უახლესი 4K პროექტორი შესანიშნავად გამოიყურება

LG-ის ლაზერული პროექციის ტექნოლოგია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ზუსტად ამიტომ ელოდებოდა ბევრი ადამიანი ახალი მოდელის გამოსვლას. ახალი Cinebeam პროექტორი კი ფერების სიზუსტესთან ერთად გთავაზობს, LG WebOS ინტერფეისს, AirPlay-ს და Wisa-ს და Bluetooth-ის აუდიო კავშირს. რაც ყველაზე მაგარია, მას შეუძლია გამოსახულების მასიურად დიდ, 300 ინჩზე ჩვენება, რაც ნამდვილი კინოთეატრის გამოცდილებას გპირდება.

Segway ბავშვებისთვის ელექტრონულ სკუტერებს ქმნის

Segway-მ წელს ოთხი ელექტრონული მოწყობილობა წარადგინა. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი Ninebot S Nano-ა – სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი სკუტერი რომლის მაქსიმალური სიჩქარე საათში 22 კილომეტრია. მას აქვს ჭკვიანი ხმის დამხამარე სისტემა და Bluetooth დინამიკი. აღსანიშნავია, რომ სკუტერის მართვა დისტანციურადაც კი შეიძლება, რაც ამ პროდუქტს ბავშვებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post