ბეზოსის Amazon: გზა წიგნების მაღაზიიდან ტექ-გიგანტობამდე
ჯეფ ბეზოსის მიერ Amazon-ის CEO-ს პოზიციის დატოვება მისი 26 წლიანი მმართველობის შემდეგ ახალი ერის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ. ბეზოსი რომ უდიდეს მემკვიდრეობას ტოვებს ეს ყველამ კარგად ვიცით. თუმცა ასეთი წარმატებული კომპანიის ისტორიის მოსმენა, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესოა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგიყვეთ – როგორ გადაიქცა პატარა ონლაინ წიგნების მაღაზია დიდ კონგლომერატად, რომელიც აერთიანებს cloud-based ტექნოლოგიებს, სურსათს, ფიზიკურ საცალო ვაჭრობას, პერსონალურ ელექტრონიკას, TV შოუების და ფილმების პროდაქშენს, ვიდეო თამაშებს და მრავალ სხვა სფეროს.
დასაწყისი
1994 წელს 30 წლის ჯეფ ბეზოსმა D. E. Shaw&Co-ში სამსახური დატოვა ინტერნეტ წიგნების მაღაზიის დასაარსებლად. მაღაზია ჩაეშვა 1995 წელს. პირველი გაყიდული წიგნი Fluid Concepts and Creative Analogies: Computer Models of the Fundamental Mechanisms of Thought იყო. წიგნები პირველი ორი თვის განმავლობაში 50 შტატში გაიყიდა. თუმცა Amazon საგამომცემლო ინდუსტრიაში სუსტ მოთამაშედ განიხილებოდა ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან შედარებით.
1996 წლის ივლისში კომპანიამ წარადგინა Affiliate პროგრამა, რომელიც აჯილდოებდა სხვა ვებსაიტებს Amazon-ზე მომხმარებლის ტრაფიკის გადამისამართებისთვის. ეს პროგრამა დღემდე Amazon-ის e-commerce პროფილის მთავარი ნაწილია.
1997 წლის 15 მაისს გავიდა საფონდო ბირჟაზე და თავიდან კომპანიის აქციები ღირდა $18 (ახლა – $3,380). იმ პერიოდში, მიუხედავად შემოსავლების 800%-იანი ზრდისა Amazon თანხას კარგავდა. თუმცა ეს ბეზოსს არ ადარდებდა, რადგან მოკლევადიანი სარგებლის ნაცვლად გრძელვადიან ინვესტიციებზე იყო ფოკუსირებული. ამავე წელს Amazon-მა წარადგინა მისი „1-Click” შოპინგის ღილაკი, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს ეყიდათ და გაეგზავნათ წიგნები მხოლოდ ერთი დაკლიკებით.
1998 წელს Amazon-მა თავისი პირველი დიდი შენაძენი გააკეთა – $55 მილიონად შეიძინა Internet Movie Database (IMDb). ამ ნაბიჯმა მისი მომსახურების სფეროც გააფართოვა: კომპანიამ დაიწყო CDs-ს და DVDs გაყიდვა.
Amazon მოკლევადიანი სარგებლის ნაცვლად გრძელვადიან ინვესტიციებზე იყო ფოკუსირებული.
2000 წელს გაიხსნა Amazon-ის Marketplace, რომელიც საშუალებას აძლევდა სხვა კომპანიებს გამოეყენებინათ საიტი თავიანთი პროდუქციის გასაყიდად. 2003 წელს კი Amazon-ის წლიური შემოსავალი $75 მილიონს გაუტოლდა.
„Prime“ Time
2005 წელს Amazon-მა წარადგინა Prime. სერვისი მომხმარებლებს სთავაზობდა ორდღიან უფასო შიფინგს შტატების მასშტაბით $79-ად. ეს კომპანიის პირველი საბსქრიბშენ სერვისი იყო და იქცა კიდეც მის ყველაზე ცნობილ პროდუქტად. Prime-მა Amazon საცალო გაყიდვების ბაზარზე დაამკვიდრა – ორდღიანი შიფინგის პერიოდი უფრო მოსახერხებლად იქცა, ვიდრე მაღაზიაში წასვლა წიგნის შესაძენად.
2006 წელს Amazon-მა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი – Amazon Web Service (AWS) წარადგინა. ეს არის კომერციული პროდუქტი, რომელიც cloud-based კომპანიებს ბიზნესის წარმოებაში ეხმარება. სერვისის შექმნით ამაზონმა თავის კონკურენტებს 2010-ში დაფუძნებულ Microsoft Azure-ს და 2008-ში დაფუძნებულ Google Cloud-ს, წლებით გაუსწრო.
2007 წლის სექტემბერში Amazon-მა ციფრული მუსიკის სამყაროში შეაბიჯა Amazon MP3-ით – ონლაინ მუსიკალური მაღაზიით. ის იყო პირველი DRM უფასო მარკეტი, რომელიც MP3 ფაილებს ციფრული უფლებების მართვის გარეშე გვთავაზობდა.
ასევე 2007 წელს, ნოემბერში ჩაეშვა გაყიდვაში Amazon Kindle. პროდუქტი ელექტრონულ წიგნებთან ერთად იყიდებოდა და როგორც წესი ჩვეულებრივ წიგნებთან შედარებით გაცილებით იაფი იყო. ეს დაეხმარა Kindle-ს ელ.წიგნების კონცეფციის პოპულარიზებაში შტატების მასშტაბით. კომპანიამ, რომელმაც დაიწყო ონლაინ სივრცეში ნაბეჭდი წიგნების გაყიდვით ახლა ყიდდა მოწყობილობებს ელექტრონული წიგნების საკითხავად.
ამავე წელს აგვისტოში სიეტლში გაიხსნა Amazon Fresh – ადგილობრივი სასურსათო დელივერი სერვისი. მომსახურება 2013 წელს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. ონლაინ ახალი სურსათის გაყიდვის პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიას როგორც ჩანს 6 წელი დასჭირდა.
2009 წლის სექტემბერში Amazon-მა შექმნა AmazonBasics. ეს პროდუქტი კამათის საგანი გახდა. ამბობდნენ, რომ კომპანია AmazonBasic-ის ბრენდის სახელით სხვის შექმნილ პროდუქტებს აკოპირებდა.
2009 წლის ივლისში კომპანიამ $928 მილიონად შეიძინა Zappos. 2010-ის ივნისში კი Woot – $110 მილიონად. ამ შენაძენებმა Amazon-ის კონტროლი ინტერნეტ კომერციაზე კიდევ უფრო გაზარდა.
2011 წლის თებერვალში, Amazon Prime Instant Video-ს შექმნით კომპანიამ ვიდეო სტრიმინგის მარკეტზე შეაბიჯა. ფილმებისა და TV შოუების შეძენის პარალელურად, Amazon Prime-ის წევრებს შეეძლოთ 5000-ზე მეტი ფილმის და შოუს კონტენტის ნახვა.
2011 წლის მარტში Amazon-მა დააანონსა Amazon Appstore-ის შექმნა ანდროიდისთვის. მათ Google Play Store-სგან განსხვავებით დეველოპერებს მობილური მოწყობილობების აპლიკაციების გასაყიდად ახალი სივრცე შესთავაზეს. ამავე წელს, მოგვიანებით, კომპანიამ ჩაუშვა: $199-იანი Kindle Fire Tablet, რომელიც წარმოადგენდა Amazon-ის პირველ ბიუჯეტურ ანდროიდ ტაბლეტს.
2012 წლის აპრილის DeepField Networks-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მომხმარებლის ინტერნეტ ტრაფიკის 1% მოდის AWS სერვერებიდან და რომ ინტერნეტის მომხმარებლების მესამედი Amazon-ის სერვერებს დღეში ერთხელ მაინც იყენებს. მნიშვნელოვანი კომპანიები, რომლებიც ამაზონის სერვერებს იყენებენ არის Netflix, Dropbox, Instagram, Pinterest და Zynga.
2013 წლის აპრილში, ამაზონმა გამოუშვა პირველი ორიგინალური სტრიმინგ კონტენტი: Amazon Studios წარმოებული 14 სერია, რომელიც ძირითადად უარყოფითად შეფასდა საზოგადოების მიერ.
იმავე წლის 1 დეკემბერს, ბეზოსმა ფორმალურად დააანონსა Amazon Prime Air. ეს იყო ამბიციური პროგრამა, რომელიც გამოიყენებდა მინიატურულ დელივერი დრონებს მომხმარებლებისთვის პროდუქტის მისატანად სულ რაღაც საათ-ნახევარში. ბეზოსის იდეებიდან ეს ერთ-ერთი უდიდესი განუხორციელებელი პროდუქტია.
On Fire
2014 წელი Amazon-ის უმნიშვნელოვანესი წელი იყო სამომხმარებლო ტექნიკის ინდუსტრიაში. კომპანიამ გამოუშვა Fire TV set-top box, Apple-თან და Roku-სთან კონკურენციისთვის.
ერთწლიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 2014-ის ივლისში კომპანიამ არსებობის ისტორიაში უდიდესი Hardware – Amazon Fire Phone შექმნა. ეს იყო Android-based სმარტფონი, რომლითაც წვდომას იღებდი Amazon-ის სხვა სერვისებზე. მობილურის მთავარი მახასიათებელი იყო მისი კამერა, რომელიც საშუალებას გაძლევდა შოპინგ აპლიკაციის საშუალებით დაგესკანირებინა და შეგეძინა ნივთი Amazon-დან.
აგვისტოში კომპანიამ დააანონსა პოპულარული ვიდეო თამაშების სტრიმინგის ვებსაიტის – Twitch-ის შეძენა $970 მილიონად.
6 ნოემბერს Amazon-მა გამოუშვა Echo – დინამიკი მიკროფონით, რომელიც საშუალებას გაძლევდა გესაუბრა ციფრულ ასისტენტ Alexa-სთან. თავდაპირველად Echo მხოლოდ Prime-ის წევრებისთვის შეიქმნა. თუმცა 2015 წლის 23 ივნისიდან ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. Echo სპიკერი უდიდესი წარმატების მომტანი აღმოჩნდა Amazon-სთვის. ამის შემდეგ ჩაეშვა ჭკვიანი სპიკერების მთელი სერია. დღესდღეობით ბაზარზე მისი მრავალი კონკურენტი არსებობს, როგორებიცაა Google assistant ან Apple-ის Homepod.
2015 წელს Amazon-მა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო კომედიური ან მუსიკალური TV შოუსთვის – Transparent. ეს კომპანიის ორიგინალური კონტენტისთვის პირველი მნიშვნელოვანი ჯილდო იყო. როგორც ვხედავთ მან კინო ინდუსტრიაში ფეხის მოკიდება სულ რაღაც 2 წელში შეძლო.
კომპანიის ოცი წლის იუბილეზე Amazon-მა პირველად გამართა “Prime Day” 2015 წლის 15 ივლისს. Prime Day წარმოადგენს შავი პარასკევის ტიპის ღონისძიებას. ამის შემდეგ ის ყოველ წელს იმართება და შოპონგის ყველაზე აქტიური დღეა მთელი წლის მანძილზე.
სექტემბერში Amazon-მა Fire Phone-ის გაყიდვის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ეს კომპანიის ისტორიაში უდიდესი ჩავარდნა იყო. Amazon-ს მას შემდეგ სმარტფონი არ უწარმოებია.
ნოემბერში კომპანიამ გახსნა ფიზიკური წიგნების მაღაზია სიეტლში, სახელად Amazon Books. მას შემდეგ აშშ-ს მასშტაბით რამდენიმე მაღაზია გაიხსნა.
2016 წლის ოქტომბერში Amazon Music გაფართოვდა და Amazon Music Unlimited-ად გადაიქცა. ის Apple music-ის და Spotify-ს კონკურენტი გახდა. დასაწყისში მისი ფასი Prime-ის საბსქრაიბერებისთვის იყო $7,99 ყოველთვიურად, ხოლო Echo-ს მფლობელებისთვის $3.99.
დეკემბერში, ასევე სიეტლში, გაიხსნა Amazon Go-ს მაღაზია. ის იყენებდა კამერებს და სენსორებს იმის ჩასაწერად თუ რა პროდუქტებს იღებდნენ მომხმარებლები თაროებიდან და მათ ავტომატურად ჩარჯავდა, მოლარეების და გადახდის რიგების გარეშე.
2017 წელს Amazon-მა 87-ე Academy Awards-ზე პირველად მოიგო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის და საუკეთესო სცენარისთვის Manchester By The Sea-სთვის. კომპანიამ ასევე მოიგო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის – The Salesman-ის კატეგორიაში.
მთლიანი სურათი
2017 წლის ივლისში Amazon-მა თავის ისტორიაში უდიდესი შენაძენი გააკეთა: $13.7 მილიარდად შეისყიდა Whole Foods. შენაძენი გაერთიანდა სასურსათო მიტანის სერვის Prime Now-თან და მნიშვნელოვნად გააფართოვა და გაზარდა მომსახურების ხარისხი. Prime-ის მომხმარებლებს ამ შემთხვევაშიც აქვთ უპირატესობები.
2018 წლის ნოემბერში კომპანიამ დააანონსა სათაო ოფისების გახსნა ლონგ აილენდზე, ნიუ-იორკი და კრისტალ სითიში, ვირჯინია.
თებერვალში Amazon-მა მილიარდზე მეტად შეიძინა სახლის უსაფრთხოების კომპანია Ring. ამ შენაძენმა მას არა მხოლოდ წამყვანი ადგილი დააკავებინა უსაფრთხოების სისტემების ინდუსტრიაში, არამედ მისცა შესაძლებლობა შეექმნა ახალი გაჯეტები Alexa-ს სისტემის გარშემო. ამ შენაძენის შემდეგ დაიწყო Ring-ის კრიტიკა მისი სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო კავშირის გამო – პოლიციას ან სახანძრო სამსახურებს შეუძლიათ კომპანიის კამერების გამოყენება.
2018-ის სექტემბერში Amazon ტრილიონზე მეტად შეფასდა. სრულიად მსოფლიოს ისტორიაში ეს იყო მესამე შემთხვევა როცა კომპანიამ ასეთ ღირებულებას მიაღწია.
2019-ის აპრილში Amazon-მა Prime დელივერის გაუმჯობესება დააანონსა: ორდღიანი შიფინგის ვადა ერთ დღემდე შემცირდა. ამან მოკლევადიან პერიოდში კომპანიას დიდი თანხა დააკარგვინა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში გაზარდა Prime-ის საბსქრაიბერების რაოდენობა და შესაბამისად, კომპანიის შემოსავალი.
თებერვალში Amazon-მა გააუქმა ნიუ-იორკში სათაო ოფისის გახსნის გეგმა. ეს გამოწვეული იყო ადგილობრივების უარყოფითი რეაქციით, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა გამოიწვევდა უცხოელი ტექნიკური მუშაკების მოზღვავებას. ეს კი ადგილობრივების „გააძევებდა“.
5 მაისს, 2020 წელს, ამაზონმა მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ გაყიდვაში ჩაუშვა ვიდეო თამაში Crucible. ბაზარზე ერთთვიანი ყოფნის შემდეგ ის გაყიდვიდან ამოიღეს. ოქტომბერში კი სრულიად გააუქმეს. ეს მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა Amazon-ის გეიმინგ ამბიციებისთვის. მრავალწლიანი ინვესტიციების და Twitch-ის ფლობის მიუხედავად, რომელიც უდიდესი გეიმინგ სივრცეა ინტერნეტში, კომპანია, როგორც ვიდეო თამაშების შემქმნელი, სრულიად გაფეილდა.
აგვისტოში კომპანიამ გახსნა Amazon Fresh მაღაზია Woodland Hills-ში, კალიფორნია. ეს მაღაზია არ წარმოადგენს Whole Foods-ს თუმცა მისი იაფი ალტერნატივაა და მჭიდრო კავშირი აქვს Amazon-ის სერვისებთან და პროდუქტებთან.
სექტემბრის ბოლოს Amazon-მა დააანონსა Luna-ს შექმნა. Google-ის Stadia-ს მსგავსად Luna წარმოადგენს გეიმ სტრიმინგ სერვისს, რომელიც იყენებს კომპანიის სერვერს თამაშების ინტერნეტ სტრიმინგისთვის. თუმცა ჯერ-ჯერობით Luna ტრადიციულ სათამაშო პანელებს კონკურენციას ვერ უწევს.
2021 წლის 2 თებერვალს, ბეზოსმა დააანონსა Amazon-ის CEO-ს პოზიციის დატოვება, რითიც მისი კომპანიის სათავეში ყოფნის ერა დასრულდება.