ყველაფერი, რაც ღია ბანკინგის და ფინტექის შესახებ უნდა იცოდე
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საბანკო და ფინანსური ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. დაიწყო ღია ბანკინგის ერა და მასთან ერთად, ფინტექ ეკოსისტემის ზრდა.
მსოფლიო ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩა – ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შემუშავებაზე 2020 წელს დაიწყეს მუშაობა. მათი შემუშავებული ჩარჩოს მიხედვით, ღია ბანკინგის შემოღება რამდენიმე ეტაპად იგეგმება. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 31 მარტიდან მომსახურება კომერციული ბანკების მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო შემდგომ ეტაპებზე უკვე არასაბანკო ინსტიტუტების ჩართვა და ფუნქციების გაფართოება, მათ შორის კი გადახდების ინიცირებაც იქნება შესაძლებელი.
ამ სტატიაში მოგიყვები, თუ როგორ ვითარდება ეს სფერო მსოფლიოს მასშტაბით და რას უნდა ელოდო ამ მიმართულებით 2021 წელს.
ღია ბანკინგის განვითარება
ღია ბანკინგში ელექტრონული ტექნოლოგიის მეშვეობითა და მომხმარებლის ინიციატივით, საფინანსო ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის მყისიერი გაცვლა იგულისხმება. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია, სასურველ აპლიკაციასა თუ ვებგვერდებზე საკუთარი საბანკო სერვისებით ისარგებლოს.
ღია ბანკინგის არსში უკეთ გასარკვევად კი, ღია ბანკინგის წარმოშობის ისტორიაზე თვალის გადავლება დაგეხმარება.
დაახლოებით 10 წლის წინ, საბანკო საქმე დახურულ საქმიანობად მოიაზრებოდა – ფილიალში მისვლა და ფინანსების იქიდან მართვა, ანუ პირდაპირი ფიზიკური კონტაქტის აუცილებლობა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინტერნეტბანკები შეიქმნა, რამაც ახალი წარმოდგენის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი – საბანკო მომსახურების დისტანციურად მიღებაც შესაძლებელია. ამის შემდეგ, screen scraping მიდგომა განვითარდა, როდესაც სხვადასხვა მომსახურების მისაღებად, ინტერნეტბანკი მესამე მხარეს გადაეცემოდა. აღნიშნულს საკმაო ვნებათაღელვა მოჰყვა ზოგიერთი ბანკის მხრიდან. 2015 წლიდან კი ევროკავშირის ახალი რეგულაციით არსებული პრობლემა გადაწყდა და Open API გამოჩნდა. დღეისთვის არსებული ღია ბანკინგი სწორედ Open API-ის საფუძველზეა აგებული.
ღია ბანკინგი გულისხმობს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ტრანზაქციების გაზიარებას, ასევე გადახდების ინიცირების შესაძლებლობას. ის ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც ბანკებისათვის, ასევე ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის.
რა არის ფინტექი?
ფინტექი, იგივე ფინანსური ტექნოლოგია, არის ინდუსტრია, რომელიც უახლეს ტექნოლოგიურ პროგრესს ფინანსური მომსახურების შესასრულებლად ან მასთან დაკავშირების მიზნით იყენებს. ფინტექ კომპანიებს ეძლევათ ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის როლი საბანკო და სხვა სექტორებს შორის.
ისეთი ინოვაციებით, როგორებიცაა სმარტფონით გადახდის სისტემები, საფონდო ვაჭრობის აპლიკაციები და კრიპტო ვალუტა, ფინტექმა გარდაქმნა როგორც სამომხმარებლო ფინანსები, ასევე B2B (business-to-business) ტრანზაქციები.
ის გლობალური ბიზნესის ერთერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი სფეროა და როდესაც ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტები ტექნოლოგიურ მიღწევებსა და მომხმარებელთა ქცევებს ფეხს გაჭირვებით უწყობენ, ფინტექ სტარტაპები წარმატებას აღწევენ.
ფინტექი მსოფლიოში
ფინტექი გლობალური ინდუსტრიაა და წარმატებული სტარტაპები ექვსივე კონტინენტზე გვხვდება. სტატიის ამ ნაწილში ამ მიმართულებით ლიდერ ქვეყნებზე, ქალაქებსა და კონკრეტულ სტარტაპებზე მოგიყვები.
წამყვანი ქვეყნები
2021 წლის მონაცემებით, ფინტექ ინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიციებით 3 მსოფლიო ლიდერი ქვეყანა გამოიკვეთა.
1.ამერიკის შეერთებული შტატები – 1491 სტარტაპი; 58.8 მლრდ აშშ დოლარი
2.გაერთიანებული სამეფო – 482 სტარტაპი; 8.7 მლრდ აშშ დოლარი
3.ჩინეთი – 166 სტარტაპი; 42 მლრდ აშშ დოლარი
წამყვანი ქალაქები
ბოლო მონაცემებით, ფინტექ ინდუსტრიაში 5 ლიდერი ქალაქია გამოკვეთილი.
1.ლონდონი – ის ფინანსური ტექნოლოგიების დედაქალაქად მიიჩნევა
2.ნიუ-იორკი – 315 სტარტაპი
3.სან-ფრანცისკო – 250 სტარტაპი
4.სინგაპური – 129 სტარტაპი
5.პეკინი – 67 სტარტაპი
წამყვანი ფინტექ სტარტაპები
1.Ant Financial – ის ჩინეთში დაფუძნებული, მსოფლიოში ყველაზე მაღალღირებული ფინტექ სტარტაპია. კომპანიამ 22მლრდ აშშ დოლარის დაფინანსება მიიზიდა.
2.JD Digits – მეორე ყველაზე ღირებული სტარტაპი ასევე ჩინეთშია დაფუძნებული და მასში 5მლრდ აშშ დოლარი ინვესტიციაა ჩადებული.
3.Du Xiaoman – მესამე ასევე ჩინეთში პეკინშია დაფუძნებული და მისი ინვესტიცია 4.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
ფინტექ ტენდენციები 2021 წლიდან
ფინტექ ინდუსტრიაში მილიარდობით ინვესტიციაა ჩადებული და ის ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, როგორც ყოველთვის, იქ სადაც დიდი ფინანსებია ჩადებული, ძალიან დიდი კონკურენციაა. ამიტომ, სანამ რაიმე თამამ ნაბიჯს კომფორტულად გადადგამდე, ფინტექ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს გაეცანი.
1.კიბერუსაფრთხოება – მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების დაცულობასთან დაკავშირებით ღელვა სულ უფრო და უფრო იზრდება, მიმდევრების (მომხმარებელთა ჯგუფი) 71% მაინც ციფრულ საბანკო პროდუქტებს ამჯობინებს.
2.ქლაუდი – ქლაუდ ტენოლოგიამ კომპანიების 94%-ის მომხმარებელთა ურთიერთობის მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვისა და საბუღალტრო დეპარტამენტები უკვე მოიცვა. ის უახლოეს მომავალში ფინტექ მიმართულების დომინანტიც გახდება, რასაც IBM-ისა და The bank of The Bank of America-ის კოლაბორაციული ფინტექ საჯარო ქლაუდზე მუშაობა მოწმობს.
3.Regtech – ეს არის ფინანსურ ინდუსტრიაში მარეგულირებელი პროცესების მართვა. მისი მთავარი ფუნქციები კი რეგულარული მონიტორინგი, ანგარიშების შედგენა და შესრულებაა. მარტივად რომ ავხსნა, ეს არის კომპანიების ჯგუფი, რომლებიც ბიზნესსს რეგულაციების ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით შესრულებაში ეხმარებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ფინტექ ინდუსტრია ამჟამად მკაცრადაა რეგულირებული, RegTech ძალიან მოთხოვნადია.
4.ხელოვნური ინტელექტი – შეიძლება, ტექნოლოგიას ადამიანის მსგავსი ინტელექტი ჯერ არ ჰქონდეს, თუმცა მონაცემთა შეგროვებასა და ინტერპრეტაციას ის უკეთ ახერხებს. გამართულ ხელოვნურ ინტელექტს ოფისში უდავოდ დიდი გავლენა ექნება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში კომპანიების ნახევარზე მეტს ამ მიმართულებით სპეციალისტების ნაკლებობა აქვთ. ამიტომ, საკითხის გადაჭრის შენ მიერ მოფიქრებულმა მეთოდმა, შესაძლოა, მათ მილიონობით დოლარი დაუზოგოს, ხოლო შენ – გამოგამუშავებინოს.
5.unbanked პოპულაციის მომსახურება – ტერმინით Unbanked აღინიშნება ადამიანი, რომელიც არ იღებს საბანკო მომსახურებას და საბანკო ინსტიტუციებში არ აქვს ანგარიშები.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად 1.7 მილიარდზე მეტი ასეთი ზრდასრული ადამიანია. ისინი ძირითადად ისეთ განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობენ, როგორებიცაა ინდონეზია, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი და სხვები. თუმცა, ამ სახის პრობლემების გადაჭრის გზები – ქეშიდან მობაილ გადახდებზე გადასვლა – დატვირთულ ბაზრებზეც მოთხოვნადია, რადგანაც ეს მომხმარებლებს დროს უზოგავს.
მუდმივადცვალებადი ტენდენციები უკვე კარგად დაფუძნებულ სტარტაპებზეც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ახლა კი მოგიყვები რამდენიმე კომპანიაზე, რომლებმაც ფინტექ ინდუსტრიაში არსებული ტენდენციები გაითვალისწინეს და საკუთარ უპირატესობად აქციეს.
1.Bowtie
2018 წელს დაფუძნებული Bowtie არის პირველი ვირტუალური სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჰონგ-კონგის რეზიდენტებს სრულ ციფრულ მომსახურებას სთავაზობს.
ინოვაციური ტექნოლოგია, რომლითაც ეს სტარტაპი არის ცნობილი, სწრაფი მომსახურების შესაძლებლობას 24/7/365-ზე იძლევა.
2.Chime
ეს არის 2013 წელს, სან ფრანცისკოში დაფუძნებული მობაილ ბანკი. მან მომხმარებელთა დიდი აუდიტორია ავტომატიზებული შემნახველი ანგარიშის შეთავაზებებითა და გამომუშავებული სარგებლის ადრეული მიღების დღის ფუნქციით მოიზიდა.
Chime მინიმალურ გადასახადს მოითხოვს, ამიტომ ის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი გახდა აშშ-ში.
3.Avant
ეს არის სესხის მომსახურება, რომელიც საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვისაა შექმნილი. სესხის დიაპაზონი კი 2 000-35 000 აშშ დოლარს შეადგენს.
სტარტაპის წარმატება მისი მომსახურების კომფორტულობამ განაპირობა. მის მომხმარებლებს არ უწევთ ნერვიულობა მოულოდნელ გადასახადებზე ან ვალის კონსოლიდაციაზე. ამასთან, განაცხადის მიღების პროცესი მარტივია და მომხმარებლის ანგარიშზე თანხის დასარიცხად 1 დღეზე ნაკლებია საჭირო.
4.Carta
ეს არის საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც კომპანიებს შიდა საოფისე პროცესებში, პორტფოლიოს მართვასა და აშშ-ის IRS – SEC რეგულაციების დაცვაში ეხმარება.
5.CommonBond
ეს არის სესხის მართვის პლატფორმა სტუდენტებისთვის. სტარტაპი სხვადასხვა სახის სესხებს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს სთავაზობს.