ქართული სტარტაპები: Kvalifika
Covid-19-ის გავრცელებამ არაერთი სფეროს განვითარება შეაფერხა, თუმცა, პანდემიამ ზოგიერთი მიმართულების ზრდასაც კი შეუწყო ხელი. ერთერთი ასეთი, სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, ციფრული მომსახურებები გახდა. კომპანიების დიდი ნაწილი იძულებული გახდა, სრულად ონლაინ მომსახურებაზე გადასულიყო, რაც ახალ – მომხმარებლის ვერიფიკაციის პრობლემას ქმნიდა. ქართული სტარტაპი Kvalifika კი სწორედ ამ საკითხის გადაჭრის გზას სთავაზობს კომპანიებს – მისი ტექნოლოგიის დახმარებით, მომხმარებლებს ანგარიშის გახსნა, მასზე წვდომის მოპოვება ან ნებისმიერი სხვა ონლაინ მომსახურების მიღება შეუძლიათ.
კვლავ პანდემიას რომ დავუბრუნდეთ, მოგეხსენებათ, 2020 წლის შემდეგ კიბერ-შეტევები მომრავლდა, რასთან დაკავშირებითაც, Kvalifika-ს ერთერთ დამფუძნებელ გაბრიელ მელივას საინტერესო კომენტარი აქვს: ,,ჩვენი მონაცემთა ბაზა და ბიომეტრიული ტექნოლოგია ძალიან დაცულია. თუ ვინმე გატეხავს, კომპანიის სახელით ჯილდოდ $100 000-ს გადავცემთ’’. ახლა კი Kvalifika-ს გაგაცნობთ.
შექმნის ისტორია და გუნდი
Kvalifika-ს შექმნის იდეის წარმოშობა, შესაძლოა, სწორ დროს, სწორ ადგილას ყოფნასაც დავუკავშიროთ.
სტარტაპის ერთერთი დამფუძნებელი, გაბრიელი ტექნოლოგიურ სფეროში საბანკო საქმიანობისთვის თავის დანებების შემდეგ აღმოჩნდა. 2014 წლიდან არაერთ სტარტაპზე იმუშავა (რომლებზეც ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით) და ერთი პერიოდი საქართველოს სალიზინგო კომპანიის ბორდის წევრიც იყო, ციფრული პროექტების დანერგვაში ეხმარებოდა. სწორედ ამ დროს, ისინი ონლაინ სალიზინგო პლატფორმაზე Turbo.ge მუშაობდნენ, მომსახურების შესათავაზებლად კი მომხმარებლის ავთენტიფიკაციის მეთოდი იყო საჭირო. აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც მაშინ ამ საკითხის გადაჭრის გზას სთავაზობდა, ხარვეზებით მუშაობდა. საქმეც, შესაბამისად, არ გამოვიდა. გაბრიელმა და დეველოპერთა გუნდმა კი, 2019 წლის ბოლოს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა გადაწყვიტეს და 5 თვეში დანერგეს კიდეც პროექტი. საბოლოოდ, ტექნოლოგიამ მოწონება დაიმსახურა და მას შემდეგ, Kvalifika უკვე მე-13 კონტრაქტს აფორმებს.
სტარტაპს ახლა 9 ადამიანი ქმნის, თუმცა, დასაწყისში მხოლოდ 4-ნი იყვნენ – გაბრიელთან ერთად, ბექა თომაშვილი, გიგა ჩიკვაძე და დათო ქავთარაძე. პირველი ორი დეველოპერები არიან, 15-წლიანი გამოცდილებით. ხოლო ბოლო მათგანი, გაბრიელის ბავშვობის მეგობარია და მსოფლიოს ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტის Berkeley-ის LLM (Master Of Laws) ხარისხი აქვს.
იმედია, არ გაიფიქრეთ, იურისტი რა შუაშია ციფრულ სფეროსთანო. ამ მიმართულებით მუშაობისას, გარდა იმისა, რომ კარგი ტექნოლოგია უნდა გქონდეს, უნდა იცოდე როგორ ჩაჯდე სტანდარტებში; შეინახო მონაცემები; იყო გამართული რეგულატორთან და ესაუბრო სხვადასხვა ინსტიტუციას, ეს იქნება ეროვნული ბანკი, თუ მონაცემთა დაცვის სააგენტო. როგორც გაბრიელი ამბობს, მხოლოდ დეველოპმენტით, შესაძლოა, კომპანია რაღაც დონემდე მიიყვანო, მაგრამ ადრე თუ გვიან, სადმე აუცილებლად გაიჭედები.
ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და სტარტაპები
სანამ უშუალოდ Kvalifika-ს მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიაზე გადავიდოდეთ, მეტად ნათელი რომ იყოს შემდეგი ნაწილი, ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს, მანქანურ სწავლებასა და სტარტაპებში მათ გამოყენებაზე ვისაუბროთ.
მარტივად რომ ავხსნათ, მანქანური სწავლება ესაა რაიმე დიდ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სისტემას შენი კონკრეტული ამოცანის გადაჭრა ასწავლო. მაგალითად, Kvalifika-ს შემთხვევაში, ეს იქნებოდა კამერისთვის პირადობის მოწმობაზე არსებული ხელმოწერის პოვნის სწავლება. ხოლო ხელოვნური ინტელექტი გამოყენებაში იგულისხმება ის, რომ სისტემამ შეისწავლა მონაცემები და ალგორითმი უკვე დოკუმენტზე ხელმოწერის საპოვნელად გამოიყენე. ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი მეტად ავტონომიურად მოქმედებს – ალგორითმს დავალებებს უკვე არა კონკრეტულად უწერ, არამედ, შეგიძლია, უფრო ზოგადი დავალება მისცე, რომლიდანაც იტერაციებს ის თავად გააკეთებს.
ხშირად, როდესაც კომპანიები მათ მიერ მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე საუბრობენ, ადამიანთა თვალში მეტად მაღალი ღირებულების გამოჩნდებიან ხოლმე. თუმცა, როგორც გაბრიელმა აგვიხსნა, ამ ტექნიკების გამოყენება არც ისეთი განსაკუთრებული რამაა, როგორადაც წარმოგვიდგენია. ანუ, თუ Machine Learning-ის კონკრეტულ სახელმძღვანელო წესებს ჩაუჯდები და სქემას მიჰყვები, თავადაც შეძლებ სისტემისთვის სწავლებას.
ტექნოლოგია, უსაფრთხოება და ზრდა
Kvalifika ანგარიშზე წვდომის მოსაპოვებლად რამდენიმე კომპონენტიან ტექნოლოგიას იყენებს. ერთერთი არის Liveness check, რომლის საშუალებითაც დასტურდება, რომ კამერაში ნამდვილად ადამიანია წარმოდგენილი. Liveness-ს უფრო სიღრმისეულად რომ შევეხოთ, ის ბოტს ხელს უშლის, რომ ონლაინ ანგარიშის შესაქმნელად ან მასზე წვდომის მოსაპოვებლად, გაყალბების ისეთი მეთოდები გამოიყენოს, როგორებიცაა Deepfake ვიდეოები, მოპარული ფოტოები, ნიღბები და სხვა. ამგვარი დეტექცია უზრუნველყოფს, რომ ანგარიშების შექმნის საშუალება მხოლოდ ნამდვილ ადამიანებს ჰქონდეთ, ხოლო მათზე წვდომის მოსაპოვებლად ფიზიკურად იმყოფებოდნენ კამერასთან. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ კომპანია Liveness check-ს იყენებს, მისი მომხმარებლები და მათი პირადი ინფორმაცია მაქსიმალურადაა დაცული. ამის შესაბამისად კი, კომპანიის მიმართ ნდობა მუდმივად ზრდადია.
Kvalifika-ს რომ დავუბრუნდეთ, სტარტაპის ტექნოლოგია ადამიანის სამგანზომილებიან რუკას ადგენს. შემდეგ, Face Map-იდან აღებული 160 წერტილი იშიფრება (მისი ჰაკერებისგან დაცვის მიზნით), ხოლო პასპორტში/პირადობის მოწმობაში არსებულ ფოტოსთან შედარებისას, მისი დეშიფრაცია ხდება. სწორედ ამ, შედარების ნაწილში, NIST სტანდარტის მიხედვით, სისტემის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობის კოეფიციენტი არის 1:4 200 000.
როგორც გაბრიელი ამბობს, სისტემის დაცულობა და მსოფლიო უსაფრთხოების სტანდარტებით აღიარებულობა ამგვარი ციფრული მომსახურების სტარტაპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამიტომ, Kvalifika-ს შექმნისას ველოსიპედის ხელახლა გამოგონება არ უცდიათ. გადაწყვიტეს კომპანია Facetec-ის ტექნოლოგია გამოეყენებინათ, რომელიც iBeta/NIST PAD: Level 1&2-ით არის სერტიფიცირებული.
ადამიანმა, შესაძლოა, პირადობის მოწმობას შეხედოს და მის წინაშე მდგომი ადამიანი ფოტოს ვერ მიამსგავსოს. სისტემას ამის გაკეთება მეტად სწრაფად და ნაკლები შეცდომების დაშვებით შეუძლია.
ტექნოლოგიის შერჩევისას, გარდა მისი დაცულობისა, დიდი უპირატესობა მომხმარებლის კომფორტს, ამ შემთხვევაში, დროს ენიჭება. შეიძლება, Liveness Check ოდნავ გაწელილ პროცესად წარმოჩინდა, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მას მხოლოდ 5-10 წამი სჭირდება. ხოლო ვერიფიკაციის სრულ პროცესს – ჯამში 1 წუთამდე. თუმცა, აღნიშნული ბევრ რამეზეა დამოკიდებული, უმთავრესად კი, კამერის გამოსახულების ხარისხზე.
კი, ტექნოლოგია მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტულია – ზიხარ სახლში, ზოგავ დროს და იღებ სრულფასოვან მომსახურებას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამგვარი ციფრული მომსახურება ბიზნესსაც ძალიან დიდ რესურსებს უზოგავს. წარმოიდგინეთ, სად ფილიალის გახსნა და იქ, მინიმუმ, 10-ამდე ადამიანის დასაქმება და სად ონლაინ მომსახურების დანერგვაში ინვესტიციის ჩადება. ამ ტექნოლოგიას თავისუფლად შეუძლია, რომ მოლარე, ან თუნდაც, კრედიტ ოფიცერი ჩაანაცვლოს. კომპანია კი, დაზოგილ რესურსებს სხვა, უფრო სასარგებლო რამეში გამოიყენებს.
Kvalifika-ს უკვე, მინიმუმ, 20%-იანი ზრდა აქვს და მისი ტექნოლოგია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-მა გამოიყენა. აქ, ერთი პირის მიერ იდენტიფიკაციის რამდენჯერმე გავლაც იგულისხმება – ,,არიან ადამიანები, რომლებმაც იდენტიფიკაცია სხვადასხვა ბანკში გაიარეს, ან სისტემაში რამდენჯერმე შევიდნენ, ამიტომ, ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია. ჩვენ უბრალოდ მათი ჯამური რაოდენობა დავთვალეთ’’.
როგორც გაბრიელი ამბობს, სტარტაპს თავიდანვე გაუმართლა – პირველი მომხმარებელი, ფაქტობრივად, უკვე ჰყავდათ. ტექნოლოგიის წარმატებით დანერგვის შემდეგ კი, ბაზარზე თანდათან სხვა მსურველებიც გამოჩნდნენ – პაშა ბანკი, ტერაბანკი, ხალიკ ბანკი, ლიბერთი, unicard wallet, სვის კაპიტალი, კრედექსი.
Berkeley Skydeck და 500 Startup Georgia
Kvalifika-ს ზრდა მხოლოდ კონტრაქტების გაფორმებით არ სრულდება. სტარტაპის დამფუძნებლებმა გაზაფხულზე Berkeley Accelerator Program-ში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს, მცდელობა კი საკმაოდ წარმატებით დასრულდა – ახლა Kvalifika პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პროგრამაში მოხვდა და თანაც, სულ ახლახან, 16 ბიომეტრიულ სტარტაპს შორის დასახელდა. SKYDECK-თან ერთად, სტარტაპი 500 Georgia-შიც მოხვდა და ფინალურ ეტაპზეა.
გაბრიელი SKYDECK-ისა და 500-ის გამოცდილებებზეც გვესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, Berkeley-ის პროგრამა, მიუხედავად ონლაინ მუშაობისა, მაინც შთამბეჭდავი გამოდგა – უდიდეს ქსელზე წვდომა და უამრავი საინტერესო ადამიანი (თუნდაც, ინვესტორი), რომელთაც, პორტალის საშუალებით, შენს სტარტაპზე შეგიძლია ესაუბრო. აქვე დავაზუსტოთ, კონკრეტულად ვინ იგულისხმება ,,საინტერესო ადამიანებში’’ – ,,ვორქშოპზე, შესაძლოა, მილიარდიანი ფონდის მმართველს შეხვდე, რომელიც სახლში ზის და შენს კითხვებს პასუხობს. ერთ ჩვეულებრივ დღეს, შეიძლება, მარკ ზაკერბერგზეც კი გახვიდე’’. 500 Georgia-ში ოდნავ სხვაგვარი გამოცდილება მიუღიათ – ენერგიული მენტორები, დანიშნული შეხვედრები, პროდუქტზე ფოკუსირება, დიზაინის/სტრატეგიების მოფიქრება, გაკეთებულის გაზომვა, სტანდარტებში ჩაჯდომა – ერთი სიტყვით, ,,ფუშინგი’’.
Kvalifika-მდე
დამეთანხმებით, წარმატებული პროექტის შექმნას დიდი გამოცდილება და 1-2 მარცხიც უდევს საფუძვლად. ამიტომ, მოდით, გაბრიელის სხვა პროექტებსაც შევეხოთ და ვნახოთ რა გზა გაიარა მან Kvalifika-მდე. დარწმუნებული ვარ, ეს ნაწილი თქვენთვის მოტივაციის მომცემი იქნება.
პირველი მცდელობა და ამავდროულად, ყველაზე დიდი წარუმატებლობა – Fotorator. სტარტაპი ფოტოების ბეჭდვის სერვისს გულისხმობდა, რომლის თვითმომსახურების აპარატებიც ქუჩაში დაიდგმებოდა. პროექტი ზედმეტად რთული დასამუშავებელი გამოდგა, განსაკუთრებით მექანიზმის აწყობის პროცესი, ამიტომ, ბოლოს თავი დაანებეს. გაბრიელი იხსენებს, რომ Fotorator-თან დაკავშირებული მარცხი საკმაოდ განიცადა, დახარჯული დროისა და დიდი მოლოდინის გამო.
შემდეგ იყო ინსტაგრამ ფოტოების ბეჭდვის მომსახურება Memogram, რომელიც უფრო ღონისძიებებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ სტარტაპის წარმატება გახდა გაბრიელისთვის მოტივაცია, რომ ტექნოლოგიური სფეროდან კვლავ ბანკში არ დაბრუნებულიყო. შემდეგ Memogram კომპანია Giffer-თან გააერთიანეს, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა – ათასზე მეტი ღონისძიებითა და უცხო ქვეყანაში წარმომადგენლობებით. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, სტარტაპის მუშაობა ყველგან შეჩერებულია.
გარდა ამისა, გაბრიელი VRium-ში მუშაობდა თამაშის შექმნაზე, ამ შემთხვევაშიც როგორც წარმოების, ასევე ინვესტიციის პრობლემები წარმოიქმნა და მცდელობაც დაასრულეს. შემდეგ software დეველოპმენტში ჩაერთო და ინვოისის პლატფორმაზეც იმუშავა, რომლის წილი თიბისი ბანკმა შეიძინა. კომპანია უფრო კარგად რომ გაგაცნოთ, Invoice.ge-ს დახმარებით, მომხმარებლებს სხვადასხვა დიზაინის ინვოისების შექმნა და მათი ავტომატურ რეჟიმში გაგზავნა შეუძლიათ. ამასთან, პლატფორმის საშუალებით, გადახდების თიბისი ინტერნეტ ბანკიდან წარმოება და შემოსავლების ერთ სივრცეში კონტროლია შესაძლებელი. ასევე, აღსანიშნია კომპანია VOBI, რომელიც software development მიმართულებით, ძირითადად, უცხოურ პროექტებზე მუშაობს.
შესაძლოა, იფიქროთ, რომ ამდენ სტარტაპში ჩართულობა დეფოკუსს იწვევს, თუმცა, მთავარი დროისა და პრიორიტეტების სწორად განაწილებაა. VOBI-ს და Giffer-Memogram-ს თავიანთი გუნდები ჰყავს. მართალია, გაბრიელი გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა ამჟამად მეტწილად kvalifika-შია ჩართული – ,,ესაა ის პროდუქტი, რომელზეც ყველაზე დიდ იმედს ვამყარებთ და გვჯერა, რომ გლობალურ ბაზარზე წარმატებას მოგვიტანს’’.
ტექნოლოგიურ სფეროში დიდი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, გაბრიელი ერთ ყველაზე მთავარ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას – ,,გზა, რომელიც ნებისმიერ სტარტაპში უნდა გაიარო, ძალიან რთულია. ამიტომ, ისეთ მიმართულებაზე უნდა იმუშავო, რომელიც ასე თუ ისე გესმის და მოგწონს’’. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრაგმატულობის შენარჩუნება ყოფილა – ,,თუ სტარტაპს იწყებ მასში ბოლომდე უნდა გადაეშვა და თუ ამას გააკეთებ, ყოველდღიურ სამსახურზე, ფაქტობრივად, უარს ამბობ. ამიტომ გადარჩენაზე უნდა იფიქრო – თან პურის ფული და თან მომავლის იმედიც რომ გქონდეს ისე. მხოლოდ მომავლის იმედი საკმარისი არაა. იდეაზე ისე უნდა იმუშაო, რომ შესაძლებლობები გეყოს, შემდეგ ვინმე დაარწმუნო პროდუქტის გამოყენებაში და ბოლოს ინვესტორი – მის მასშტაბირებაში’’
პრაგმატული მიდგომის ნაწილი რომ გავაგრძელოთ, გაბრიელისთვის, როგორც ფინანსისტისთვის, ერთერთი ყველაზე მთავარი მეტრიკა სტარტაპში break even point ყოფილა. თუ ნულოვანი მოგების წერტილს მიაღწევ, გუნდი მეტნაკლებად გადარჩენილი გყავს და ინვესტორის, ან მომხმარებლის მოსაძებნად გარკვეული დროც მოგებული გაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური მეტრიკებიც არსებობს – ზოგი ვებგვერდზე შემოსული ადამიანების, ან აპლიკაციის გადმოწერის ჯამურ რაოდენობას ითვლის. მაგალითად, kvalifika ვერიფიკაციების რაოდენობას აქცევს ყურადღებას.
თუ სტარტაპს იწყებ მასში ბოლომდე უნდა გადაეშვა და თუ ამას გააკეთებ, ყოველდღიურ სამსახურზე, ფაქტობრივად, უარს ამბობ. ამიტომ გადარჩენაზე უნდა იფიქრო – თან პურის ფული და თან მომავლის იმედიც რომ გქონდეს ისე. მხოლოდ მომავლის იმედი საკმარისი არაა. იდეაზე ისე უნდა იმუშაო, რომ შესაძლებლობები გეყოს, შემდეგ ვინმე დაარწმუნო პროდუქტის გამოყენებაში და ბოლოს ინვესტორი – მის მასშტაბირებაში
სამომავლო გეგმები
Kvalifika-ს სამომავლო გეგმები ჯერ ქართულ, ხოლო შემდეგ უკვე გლობალურ ბაზარზე მაქსიმალურ ზრდას მოიცავს. აღნიშნული, რა თქმა უნდა, მარტივი არა, თუმცა 500 Georgia-ს გამოცდილებისა და SKYDECK-ში მოპოვებული კავშირების დახმარებით, ნამდვილად შესაძლებელი იქნება.
სტარტაპი ჯერ ზრდის პროცესშია და ფანდრეიზინგისთვის (რაც გლობალურ ბაზარზე გასასვლელად დასჭირდება) მზად არაა. Kvalifika ამაზე ოდნავ მოგვიანებით, გაზაფხულის ბოლოს აპირებს ზრუნვას. ინვესტორების ძიების პროცესში გამოცდილება ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა, გაბრიელი მაინც გამოყოფს ორ მნიშვნელოვან საკითხს: ,,ყურადღება უნდა მიაქციო, რამდენად ესმის და აინტერესებს ინვესტორს შენი სფერო. ამასთან, ბევრი კონტაქტი უნდა ჰქონდეს, რომ შემდეგ ახალი გზები გაგიხსნას’’. ამ მხრივ, Berkeley-ს პროგრამაში გაუმართლათ – მათი პირადი მენტორი ბაქოელი ინვესტორია და კარგად იცნობს რეგიონსაც. გაბრიელის თქმით, ახალი გზების გახსნას, ანუ ბევრ ინვესტორთან დაკავშირებას, Kvalifika სწორედ პირადი მენტორის დახმარებით მოახერხებს.
და ბოლოს, საქართველოში ზრდას რომ დავუბრუნდეთ, Kvalifika ამჟამად ელექტრონული ხელმოწერების პროექტზე – სახელად Kvali (ანუ, დატოვო ფურცელზე შენი კვალი) – მუშაობს. ,,პროექტი, ფაქტობრივად, მზადაა. სერტიფიცირების ნაწილებს გავდივართ და ბაზარზეც მალე ჩავუშვებთ’’. გაბრიელის თქმით, Kvali-ს მთავარი იდეა თაბახის მოხმარების შემცირებაა – ,,გვინდა, ორგანიზაციებს დავანახოთ, რომ ფურცლომანია უკვე წარსულს ჩაბარდა’’.
მოკლედ, სულ ეს იყო. იმედი გვაქვს, კიდევ ერთი წარმატებული ქართული სტარტაპის ისტორია თქვენთვის საინტერესო და, ამავდროულად, მოტივაციის მომცემი აღმოჩნდება.