ქართული სტარტაპები: Optio.ai
ამ სტატიაში კიდევ ერთი წარმატებული სტარტაპის, Optio.ai.-ის შესახებ მოგიყვებით. იცოდით, რომ მისი დამფუძნებლები, გიორგი მირზიკაშვილი და შოთა გიორგობიანი, ბავშვობის მეგობრები იყვნენ? ან ის, რომ სტუდენტობის პერიოდში, 2000-იანებშიც კი საკუთარი, თანაც წარმატებული, კომპანია ჰქონდათ? ალბათ, არა და მგონი, სჯობს, Techstars-ში მოხვედრამდე განვლილი გზის შესახებ დაწვრილებით თავად მოგიყვნენ.
კლასელობიდან ბიზნესპარტნიორობამდე
,,ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ – კლასელები ვიყავით და ერთ მერხთანაც კი ვისხედით. ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი ერთად გვაქვს გატარებული. ერთმანეთის სახლის ტელეფონის ნომრებიც კი დღემდე ვიცით’’, – ასე დაიწყეს ჩვენთან საუბარი გიორგიმ და შოთამ.
როგორც აღნიშნავენ, ანტრეპრენორული სულისკვეთებით შავბნელ 2000-იანებშიც გამოირჩეოდნენ და თავიანთ პირველ კომპანიაზე გვიყვებიან – ,,სანამ კორპორატიულ სამსახურში დავსაქმდებოდით, საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობდით. წარმოიდგინეთ, ვიყავით სტუდენტები და გვჭირდებოდა ფული, რომელიც ან არ, ან ძალიან ცოტა გვქონდა. ფიქრის შემდეგ, GM დიზაინი დავაფუძნეთ, რომელიც 2002-2008 წლებში ფუნქციონირებდა. ვებგვერდებს ვაკეთებდით, ჰოსტინგს ვყიდდით, ჩვენი სერვერი გვქონდა. ეს ყველაფერი მაშინ კარგად მუშაობდა’’. პირველი მომხმარებელიც გაიხსენეს – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, რომელსაც ვებგვერდი გაუკეთეს, შემდეგ კი Subscription მოდელიც გამოსცადეს. შეიძლება არც იცოდეთ და მათ ჰოსტინგზე გაზრდილა პირველი ქართული ონლაინჯოკერი – Jok.ge.
მიუხედავად ანტრეპრენორული სულისკვეთებისა, გიორგი და შოთა კორპორატიულ სამსახურებში დასაქმდნენ. შოთამ, GM დიზაინის პარალელურად, რკინიგზის დაპარტამენტში, მგზავრთა გადაყვანის სისტემაზე დაიწყო მუშაობა; ამის შემდეგ კი, სტანდარტ ბანკში (დღევანდელი ტერაბანკი), რომელიც მოგვიანებით დატოვა. ხოლო გიორგიმ თბს ბანკში დაახლოებით 8 წელი, ხოლო საქართველოს ბანკში 2 წელი გაატარა, ბევრ პოზიციაზე იმუშავა და შეიძლება ითქვას, რომ ბანკი, როგორც ბიზნესი, კარგად შეისწავლა.
პირადი პრობლემიდან სტარტაპიდეამდე
როგორც შოთა იხსენებს, პირადი ფინანსების მართვის პრობლემა ხშირად აწუხებდა – ,,ცუდი შემოსავალი არ მქონდა, მაგრამ ფული სულ მეხარჯებოდა და რაიმე ინსტრუმენტი მჭირდებოდა მის სამართავად. ბევრი დრო დავხარჯე თემის მოკვლევაზე და არაერთი პროგრამა დავტესტე, მაგრამ ვერაფერი მოვირგე. მინდოდა, რომ თავად მომეფიქრებინა რაიმე ჩემთვის. დავიწყე კიდეც მცდელობები, მაგრამ ჯერ ისევ კორპორატიულ სამსახურში ვიყავი’’.
შემდეგ ისე მოხდა, რომ თბს-ში Agile – Scrum ტრენინგების კითხვა დაიწყო, გიორგიც იქ მუშაობდა. შესვენებაზე ბანკის ეზოში საუბრისას კი აღმოჩნდა, რომ ფინანსების მართვის პრობლემა გიორგისაც აწუხებდა. ,,გიორგის თავისი მეთოდი ჰქონდა სამართავად, მე კი – ჩემი. ასე საუბარ-საუბარში კი ერთხელაც ვთქვით, რომ გვეცადა. ბიზნესის ერთად კეთების გამოცდილება და ნდობა გვქონდა, საქმის წამოსაწყებად უკეთესი კანდიდატურა კი არცერთს გვყავდა’’.
როგორც გიორგი და შოთა აღნიშნავენ, მათი კოლაბორაციის მთავარი ხიბლი ის იყო, რომ სხვადასხვა ტერიტორიას ფარავენ. მათი აზრით, ეს არათუ კარგი და მნიშვნელოვანი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 3 წელია არსებობს, Optio.ai-ში ბევრი ქარტეხილი გავიარეთ. აქ ბევრად კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კოლაბორაციის ორივე კომპონენტი. ერთი – მეგობრობის ნაწილი, რომელიც გვეხმარება, რომ საერთო ენა მარტივად ვიპოვოთ და ნებისმიერ თემაზე შევთანხმდეთ. ხოლო მეორე – ის საქმიანი გამოცდილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს ვენდოთ, ხაზები გავავლოთ სადაც საჭიროა, ერთმანეთის ტერიტორიაზე არ შევიჭრათ და ა.შ.’’
,,ყველაფერი მარტივი საუბრიდან და იდეიდან დაიწყო:
– ბიჭო, აი, ფული არ მყოფნის და შენ რას შვრები?
– ფული არც მე მყოფნის. როგორ ცდილობ განაწილებას?’’
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყები სტარტაპერებისთვის ერთი მთავარი რჩევა აქვთ – ,,პირველ რიგში, სწორი პარტნიორი იპოვე და მერე რაც გინდა ის გააკეთე, ეს უკვე მეორეხარისხოვანია’’. თურმე, სტარტაპცხოვრებაში მარტოკაცობა ძალიან რთული ყოფილა. ამ მომენტში ყველაზე დიდი გამოწვევა ეჭვის ქონაა, რომლის გამოც, შესაძლოა, დროზე ადრე დანებდე. აი, ორი ადამიანის ერთად მუშაობის შემთხვევაში, ამის ნაკლები შანსია. ხოლო, თუ ისე მოხდა, რომ ეს ორი ადამიანი საერთოდ სხვადასხვა სექტორიდან ხართ, მაშინ, ძალიან გაგმართლებიათ. ,,შოთას რომ ვეკითხები – ,,ნეტა, ჩეტბოტის გავაკეთებას შევძლებთ?’’- და ის მპასუხობს, რომ კი, ეს თემა მოგვარებულია. შოთა რომ მეკითხება – ,,კონტრაქტს დავწერთ?’’- ვეუბნები, რომ კი, დავწერთ და ვწერთ კიდეც. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა’’.
Optio.ai-ის ჩამოყალიბება, ზრდა და პირველი მომხმარებელი
2016 წელს პირველი ,,სტარტაპ საქართველო’’ გამოცხადდა. შოთამ და გიორგიმ კი, როგორც ცნობისმოყვარე ადამიანებმა, გადაწყვიტეს, რომ ეცადათ. ბევრი ფიქრის შემდეგ, პროგრამაზე პირადი ფინანსების მართვის ჩეტბოტი გაიტანეს. მაშინ ჩეტბოტები ძალიან ახალი იყო, თანაც კვლევების თანახმად, მილენიალებს ტექსტური შეტყობინებებით კონტაქტი უფრო მოსწონთ. როგორც თავად იხსენებენ, ამ მიმართულებით ერთერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული კომპანია cleo-ც სწორედ მაშინ გამოჩნდა და ფიქრობენ, რომ სწორი დრო შეარჩიეს იდეის წარსადგენად. საბოლოოდ, გაიმარჯვეს, მიიღეს 100 000 ლარი, რისი შოვნაც საქართველოში იმ დროისთვის ფანტასტიკის სფერო იყო და შეუდგნენ მუშაობას.
მოდი, ვცადოთ, რას ვკარგავთ – ჩვენი სტარტაპის ლაიტმოტივად იქცა
იფიქრეს, რომ ორივეს ერთდროულად წამოსვლა სამსახურიდან არ გამოვიდოდა. რადგანაც პირველ ეტაპზე პროტოტიპის გაკეთება უნდოდათ, ჯერ შოთამ დატოვა კორპორატიული სფერო და აქტიურ მუშაობას შეუდგა.
,,იმ პერიოდში ბოტების კეთება არც ვიცოდით და ვსწავლობდით. მეორე პრობლემა კი იყო შემდეგი – ბოტისთვის შეგეძლო გეკითხა, თუ რამდენი დაგეხარჯა წინა კვირაში კვებაში, თუმცა, ამაზე პასუხის მისაღებად, ჩვენ უნდა გვცოდნოდა ჯამში რამდენი დახარჯე, შემდეგ კი კატეგორიები მიგვენიჭებინა. ღია ბანკინგი არათუ საქართველოში, ევროპაშიც კი ლაპარაკის დონეზე იყო. ამიტომ იმ კომპანიების ძებნა დავიწყეთ, რომლებიც ინტერნეტბანკების Scraping-ს აკეთებდნენ, კონტრაქტები დავდეთ და რამდენიმე თვე ვიმუშავეთ’’.
6-7 თვეში პროტოტიპზე მუშაობა დაასრულეს. თავიდანვე ფიქრობდნენ, რომ ასეთი პროდუქტისთვის ქართული ბაზარი პატარა იყო. უცხოურ ბაზარზე გასვლა სურდათ, თუმცა გზები ძალიან რთული საპოვნელი იყო, ამიტომ აქსელერატორების ძიება და ღონისძიებებზე აქტიური სიარული დაიწყეს.
იხსენებენ, რომ ბერლინში პატარა ფინტექ ღონისძიებაზე წავიდნენ, მესამე ადგილზე გავიდნენ, ცოტა თანხაც მიიღეს. ეს პირველი არაქართული ფული იყო Optio.ai-ში. ბერლინში კიდევ ერთ აქსელერატორში, სახელად axel springer plug and play accelerator ბოლო ეტაპზეც მოხვდნენ – 20 სტარტაპში, საიდანაც 10 უნდა შერჩეულიყო. თუმცა, საბოლოოდ უარი მიიღეს. აღნიშნავენ, რომ გული დასწყდათ, მაგრამ საქმე მაინც გააგრძელეს.
შემდეგ პრაღაში საკმაოდ გამოცდილი აქსელერატორის, startup yard-ის დაფინანსება და მისი აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღეს. როგორც იხსენებენ, ინტენსიური გამოცდილება იყო და ბევრი ეჭვიც გაუჩნდათ – რამდენად სწორ რამეს აკეთებდნენ.
,,პრაღაში 3-თვიანი აქსელერაციის გავლის შემდეგ, Startup Yard-ში სკაუტინგზე ამერიკული აქსელერატორის, Techstars-ის ბერლინის ოფისის დირექტორმა აპლიკაციის გაგზავნა შემოგვთავაზა. რთული შესარჩევი პროცესის გავლის შემდეგ, საბოლოო ჯამში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბერლინში უნდა ჩავსულიყავით და იქ მსხვილი ინვესტიცია მიგვეღო. ეს სრული შოკი იყო’’. ამ პერიოდში გიორგიც წამოვიდა სამსახურიდან, საქართველოში პირველი თანამშრმოელი აიყვანეს და Techstars-ში გაემგზავრნენ. სწორედ აქ გადაწყდა, რომ B2C (business-to-consumer) მოდელიდან B2B business-to- business)-ზე გადასულიყვნენ. Techstars-ის აქსელერაციის დასრულების პერიოდში კი ტერაბანკისგან თანხმობა მიიღეს -2018 წელს ის Optio.ai.-ის პროდუქტების პირველი მომხმარებელი გახდა და კომპანიების თანამშრომლობა დღემდე წარმატებით გრძელდება.
პროდუქტები
მათი პირველი პროდუქტი ჩეტბოტი იყო, რომელიც 2018 წელს ძალიან ინოვაციური რამ იყო. რა თქმა უნდა, ქართულ ბაზარზე ქართული ჩეტბოტი იყო საჭირო, ამიტომ Optio.ai-იმ ქართული ენის ანალიზის სერვისი ააწყო. ინსტრუმენტს 1 წლის განმავლობაში მათმა თანამშრომლებმა – ირაკლიმ და დათომ ჩაუყარეს საფუძველი.
ახლა კი , Optio.ai-ის სხვა პროდუქტებსაც გავეცნოთ:
Optio Discovery – ეს პროდუქტი ცალკე აღებული არ ჩანს. ის ბანკს აძლევს მოწესრიგებულ და გამდიდრებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი ქცევა აქვთ მის მომხარებლებს. რაში ხარჯავენ ფულს და რა შემოსავლები აქვთ. თანამედროვე სამყაროში მოწესრიგებულ ინფორმაციაზე კი შეგიძლია ბევრი რამ დააშენო’’.
დაშენებაზე რომ გადავიდეთ, აქ რამდენიმე ვარიანტია:
1) პირველ რიგში უშუალოდმომხმარებელს აჩვენო, რაში ხარჯავს ფულს და დაეხმარო პირადი ფინანსების განკარგვაში- ანუ ინტერნეტ და მობაილბანკში პირადი ფინანსების მართვის ინსტრუმენტები ჩაუშენო.
2) მეორე დანერგო Optio Insight-რაცბანკს საშუალებას აძლევს მომხმარებლის კონკრეტული სეგმენტის ქცევა გააანალიზო და სწორი პროგნოზები გააკეთოს. შემდგომ კი, მათზე მორგებული სწორი და დროული შეთავაზებების შემუშავება/გაყიდვა დაგეგმოს.
და ბოლოს – ვირტუალური ასისტენტი, რომელზეც Optio.ai საქართველოს ბანკთან ერთად მუშაობს. შესავლის სახით რომ ვთქვათ, ჩეტბოტი მოლოდინების მიხედვით ვერ განვითარდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის მომხმარებელთა მხარდამჭერი გუნდისთვის ძალიან მოსახერხებელი ინსტრუმენტია. ეს განსაკუთრებით პანდემიამ აჩვენა, წარმოიდგინეთ, ოპერატორებს ასობით ადამიანი მიმართავს. თუმცა ამ მოხმხარებელების გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელს მარტივ კითხვებზე სურს პასუხის მიღება, სქემის მიხედვით, სწორედ აქ შემოდის ვირტუალური ასისტენტი – ანუ ის მომხმარებელსა და ოპერატორს შორის ჩადგება და ე.წ. პირველ დარტყმას მიიღებს.
ვირტუალური ასისტენტის მომსახურება როგორც მარტივი კითხვის, ასევე რთული კითხვის მქონე მომხმარებლისთვის (რომელსაც ოპერატორთან გასაუბრება დასჭირდება) არის სარგებლიანი. ერთი მხრივ, მარტივ კითხვაზე მომხმარებელი მყისიერად მიიღებს პასუხს; მეორე მხრივ კი, რთულ კითხვაზე პასუხის მისაღებად მომხმარებელს ოპერატორის ლოდინის დრო უმცირდება.
ინვესტორები
Optio.ai.-ის მსხვილი ინვესტორები დღეს არიან Techstars, Startupyard და ერთი ქართველი ინვესტორი.
როგორც გიორგი ამბობს, სტარტაპების ერთერთ შესაფასებელ კრიტერიუმად ინვესტიციის მოცულობას იყენებენ, ანუ თუ მას ბევრს მოიზიდავ, ესე იგი, კარგი სტარტაპი გაქვს. ,,მე მგონია, რომ ეს ადვილი მეტრიკია. აქ Valuation, revenue, monthly/yearly recurring revenue, ზრდის მაჩვენებელი და სხვა მნიშნელოვანი მეტრიკები არსებობს. თანაც, ინვესტიცია ნიშნავს ვალდებულებას. ვალდებულება არაა ცუდი, მაგრამ Investment-free ცხოვრებაში თავისუფლების გარკვეული დონე გაქვს შენარჩუნებული’’. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ ინვესტიციების ძიება რაც შეიძლება გვიან საფეხურზე დაიწყონ. ამბობენ, რომ კარგი ინვესტორის მოძიება კარგი თანადამფუძნებლის მოძიებაზე რთულია. ,,ძალიან მდგრადი რაღაცის აშენებას ვცდილობთ, რომელსაც ერთ დღეს ვერაფერი ვერ დაანგრევს. ეს ნაკლებად სტარტაპული და რთული მიდგომაა. რეალურად, სტარტაპულ პროდუქტს ვაკეთებთ, ინოვაციურს, რომელიც ბევრს არ ესმის და გაყიდვა თავიდან უფრო ძნელია. ეს, რა თქმა უნდა, ბევრ სირთულეს წარმოქმნის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გვჯერა, რომ ასე მეტად სტაბილურია. მითუმეტეს, თუ რეგიონს, გეოგრაფიას და ყველა მოცემულობას გავითვალისწინებთ’’.
ღირებულება, ახლანდელი მდგომარეობა და გეგმები
ბოლო საინვესტიციო რაუნდისთვის რომ დათვალეს, კომპანიის ღირებულება 1მლნ დოლარი გამოვიდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით, გაორმაგებულია. თუმცა, ამბობენ, რომ ეს მონაცემი აბსტრაქტულია – ,,რეალურ ცხოვრებაში Valuation ესეთი რამაა – შენ თუ ყიდი კარტოფილს და მასზე მოთხოვნა აქვს ორ კაცს, ეს ორი ადამიანი რასაც იტყვის რომ შენი პროდუქტი ღირს, ესაა შენი ღირებულება’’.
როგორც ამბობენ, ახლა product market fit-ის პროცესში არიან. თუმცა, გიორგი, თავისი ბანკური გამოცდილებიდან აღნიშნავს, რომ ეს, რეალურად, მუდმივი პროცესია – ,,საკრედიტო ბარათიც რომ ავიღოთ, მასაც product market fit სჭირდება. თუ გინდა რომ კარგად გაყიდო, ფუნქციებს ამატებ, რომელთაც მომხმარებელზე მორგება სჭირდება. აი, ჩვენ შემთხვევაში, ამის დოზა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე საკრედიტო ბარათზე’’.
წლის ბოლომდე შესასრულებელ გეგმებს რაც შეეხება, სურთ, რომ revenue გააორმაგონ, პროდუქტი დახვეწონ, რეგიონზე მეტი ცოდნა მიიღონ, გუნდის შიგნით გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განახორციელონ და ამასთან, გადაწყვიტონ, თუ რომელ არაქართულ ბაზარზე სურთ შეტევა. ,,ჩვენთვის საინტერესო რეგიონი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა – თუმცა ისინი ევროპული რეგულაციების ქვეშ ექცევა და შედარებით რთულად შეღწევადია. ასევე მეორე რეგიონი, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა და გვგონია რომ პოტენციალი გვაქვს, არის ე.წ. ბალკანეთის ქვეყნები – რუმინეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია. ეს რეგიონი ძალიან საინტერესოა და საქართველის ბევრი რამით ჰგავს“.
ევროპის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრნენ – კომპანია ახლა ISO სერტიფიკაციას გადის. ,, ISO 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების სერტიფიკატია. მისი მიღების შემდეგ, მთელ მსოფლიოში ნებისმიერ პოტენციურ კლიენტს შეუძლია ძალიან მშვიდად გვენდოს და იცოდეს, რომ მისი მონაცემები ჩვენთან საერთაშორისო სტანდარტებითაა დაცული. ამის და GDPR-ის გარეშე ევროპულ ბაზარზე გასვლა გამორიცხულია“. როგორც ამბობენ, პროცესი თითქმის ბოლოშია გასული და გაზაფხულზე დასრულლდება.
,,ამ სერტიფიკატის აღება პატარა კომპანიისთვის დიდი განაცხადია იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად ვუყურებთ საქმეს. მისი ერთჯერადად აღება და შემდეგ შენარჩუნება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გვინდა, სხვებიც დაფიქრდნენ ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებაზე“, – აღნიშნავს გიორგი.
პრობლემები ფინტექ სფეროში
ინფორმაციული უსაფრთხოების სტარდარტის საკითხთან ერთად, გიორგი და შოთა სხვა პრობლემებზეც საუბრობენ.
,,ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ, ქვეყანაში არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. R&D (Research and Development)-ში ფული საკმარისი მოცულობით არ იხარჯება, ინოვაცია და ის კი გადაბმულია ერთმანეთზე.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების მთავარი დრაივერი საქართველოში დღეს GITA (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) და საბანკო ეკოსისტემაა. ,,ბანკებსმათ აქვთ ფული და იმის ფუფუნება, რომ ამაში თანხა დახარჯონ. ამიტომ არის, რომ ქართული ბანკის ციფრული ინტერფეისი არაფრით ჩამოუვარდება, თუ არ აღემატება, მსოფლიოს წამყვანი ბანკების ინტერფეისებს“, – ამბობს გიორგი.
ისინი სტარტაპეკოსისტემაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ 2016 წელთან შედარებით, ის გაზრდილია – 3-4 წელიწადში ტერმინოლოგია დალაგდა; სტარტაპებიც არსებობენ და ფულს გამოიმუშავებენ; სტარტაპებთან თანამშრომლობაზე კომპანიებიც უფრო მეტად გახსნილები არიან.
სტარტაპეკოსისტემის უფრო მეტად განსავითარებლად, ფიქრობენ, რომ კომპანიენმა Inovation Lab-ები უნდა გახსნან. ისინი ერთგვარი კარები იქნება სტარტაპებისთვის კომპანიებში შესასვლელად. ,,
ფინტექ სფეროში რეგულაციებზეც ვისაუბრეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ – მიესალმებიან, თუმცა, სანამ საბოლოო ვერსიები ჩაეშვება და არ გამოჩნდება, ვისთვის როგორაა ხელმისაწვდომი, რას ამარტივებს და რას გვაძლევს, რთულია მანამდე რაიმის დადგენა. ,,რეგულაციები თან კარგია, თან ცუდი. ერთი მხრივ, მან შეიძლება, რაღაც დააჩქაროს. მაგრამ კარგიდან ცუდ რეგულაციამდე, რომელიც საქმეს ართულებს, ძალიან პატარა ნაბიჯია კარგი რეგულაციიდან ცუდ რეგულაციამდე, რომელიც საქმეს ართულებს. თუმცა, მიხარია, რომ ევროპის მსგავს რაღაცეებზე ვმუშაობთ და წესით, ამ ყველაფერმა ბევრი რამის ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდოს“, – აღნიშნავს შოთა.
რჩევები სტარტაპერებს
გიორგის სტარტაპერებისთვის ძალიან მოკლე რჩევა აქვს – JUST DO IT. თან განგვიმარტავს, რომ ყველაფერზე ბევრი ფიქრი არაა საჭირო და რაც უფრო მალე განიცდი მარცხს, მით უკეთესია, შემოტრიალდები და ახლიდან გააკეთებ.
შოთაც მოკლე რჩევას გვაძლევს – WORK HARD. ამასთან აღნიშნავს, რომ ყველა სტარტაპერი ცნობისმოყვარე, შრომისმოყვარე და ცოტათი ჯიუტიც უნდა იყოს. ,,პირველივე მცდელობაზე არაფერი არ გამოდის ხოლმე, ამიტომ სიჯიუტე, ბევრი შრომა, ნაკლები წუწუნი და ადრე თუ გვიან რაიმე გამოგივა. არ უნდა გქონდეს იმის შიში, რომ რაიმე თუ არ გამოვა, ხალხი რას იტყვის. რეალურად, ეს არავის აინტერესებს“, – განმარტავს შოთა.