fbpx

ყველაფერი პროდუქტის დიზაინის შესახებ

ყველაფერი პროდუქტის დიზაინის შესახებ

ციფრული პროდუქტების სტარტაპების 90% წარუმატებელია. ამის მიზეზი კი არა მათი დამფუძნებლების საშინელი იდეები, არამედ სათანადო კვლევის, სტრატეგიის შემუშავებისა და ტესტირების გარეშე პროდუქტების ბაზარზე გამოტანაა. მათი უმეტესობა წარმოების პროცესზე თვეებს ისე ხარჯავს, რომ მომხმარებლის კმაყოფილებაზე არც ფიქრობს.

მაშინ, როგორ უნდა შექმნა მომხმარებლისთვის ღირებული და ბიზნესისთვის შესაბამისი პროდუქტი? აქ მთავარი დიზაინის პროცესის ჩამოყალიბებაა, რომელიც შესასრულებელი სამუშაოს სტრუქტურირებაში დაგეხმარება და არ მოგცემს საშუალებას, რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩეს.

როგორ უნდა შექმნა მსგავსი რამ? თავდაპირველად, პროცესიდან უნდა ამოიღო ის ნაბიჯები, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და მხოლოდ ღირებულ მოქმედებებზე ფოკუსირდე. ასევე, უნდა იფიქრო იმაზე, რომ ეს პროცესი სხვადასხვაგვარ პროექტს უნდა მოერგოს და პროგნოზირებადი შედეგებიც მოიტანოს.

უმნიშვნელოვანესია სწრაფად შეგვეძლოს რეალურ მომხმარებლებთან გატესტვადი ისეთი პროტოტიპების შექმნა, რომელიც ფუნქციონალით და ვიზუალით მაქსიმალურად ახლოს იქნება საბოლოო პროდუქტთან. ამისათვის, პროდუქტის განვითარების პროცესი სამ ეტაპად და რამდენიმე საფეხურად უნდა დაიყოს.

ეტაპი 1: კვლევა და სტრატეგია

მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა საკმარისი არ არის, უფრო მნიშვნელოვანი შესაფერისი და სწორი პროდუქტის შექმნაა. ამის მისაღწევად კი კომპანიის, მომხმარებლის, კონკურენციისა და ბაზრის ანალიზია საჭირო.

საფეხური 1: User Persona

საწყის ეტაპზე შეგიძლია, მომხმარებლის დეტალური პროფილი შექმნა, რომელიც პიროვნების ტიპსა და მის ემოციურ მდგომარეობებს მოიცავს. ამ შემთხვევაში მხოლოდ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებზე კონცენტრირები, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უფრო მრავლისმომცველი user persona-ს ქონა უსარგებლოა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, უკეთესია ისეთ სეგმენტებზე გააკეთო აქცენტი, რომელიც მაქსიმალურად ღირებულ ინფორმაციას მოგაწვდის.

– მომხმარებლის შესახებ ზოგადი ინფორმაცია: ეს კატეგორია მომხმარებლის ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას, საცხოვრებელ ადგილსა და სამსახურის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ეს მონაცემები, კვლევაზე დიდი დროის დაუხარჯავად, საკმარისი იქნება პიროვნებაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად.

– მომხმარებლის მიზნები: მომხმარებლის მიზნების გაგება პროდუქტის განვითარების გზების შესახებ მკაფიო სურათს მოგცემს.

– მომხმარებლის საჭიროებები: მომხმარებლის რეალური საჭიროებების ცოდნა დაგეხმარება იმის გარკვევაში, თუ კონკრეტულად როგორი მახასიათებლები უნდა შესძინო პროდუქტს

– მოტივაცია: მომხმარებლის მოტივაციის გაცნობიერება დაგეხმარება ძირითად სამოტივაციო ფაქტორებზე ფოკუსირებასა და პროდუქტის გარშემო შესაბამისი გამოცდილების შექმნაში შეგიწყობს ხელს.

– იმედგაცრუება: მომხმარებლის იმედგაცრუების მიზეზების გაგებით შეგიძლია, მას პრობლემის მოგვარების გზები შესთავაზო. ამით მომხმარებლისა და პროდუქტის დაახლოვებას კიდევ უფრო სწრაფად შეძლებ.

საფეხური 2: კონკურენტების ანალიზი

კონკურენტების შეფასება უფრო მეტად დაგეხმარება ბაზარზე საკუთარი პროდუქტის უკეთ პოზიციონირებაში, უნიკალური გასაყიდი წინადადების (Unique Selling Proposition) შექმნაში, მათი ძლიერი მხარეების დადგენასა და სისუსტეებით სარგებლობაში.

მინიმუმ სამი პირდაპირი კონკურენტის შესწავლა ბაზრის სწორად შეფასებასა და სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში შეგიწყობს ხელს.

საფეხური 3: ინტერვიუ სპეციალისტთან

ამ საფეხურზე შენი მიზანი ბიზნესსა და პროდუქტთან პირდაპირ დაკავშირებული ადამიანებისგან რაც შეიძლება მეტი ცოდნის მიღებაა. ისინი ძალიან ბევრი საკითხის გარკვევაში დაგეხმარებიან. თუმცა, როგორ უნდა მოახერხო ეს მარტივად?

ჩვენ გადაწყვეტილებებს პრიორიტეტების მინიჭების საფუძველზე ვიღებთ. ეს ხდება არგუმენტების, სტრუქტურული დისკუსიებისა და კენჭისყრის საშუალებით. თუმცა, ამან შეიძლება, სამუდამოდ გასტანოს, ამიტომ თითოეული ნაწილისთვის დრო უნდა შეზღუდო.

ამ შემთხვევაში, უნდა ესაუბრო დამფუძნებელს, აღმასრულებელ დირექტორს, მარკეტინგის, გაყიდვების, დეველოპმენტის ან სხვა გუნდს, რომელსაც შეუძლია მოგაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია პროდუქტის შესახებ.

ეს საფეხური სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:

პირველი: სტარტეგია

ამ ეტაპზე დიდ სურათზე კონცენტრირდები და გადაწყვეტილებებს იღებ. კომპანიის, პროდუქტის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ ზოგად მოცემულობაზე თანხმდები.

– მიზნები: თავდაპირველად მთავარი მიზანი უნდა განსაზღვრო. მნიშვნელოვანია, რომ დასახული მიზნები ხელშესახები (და არა აბსტრაქტული) იყოს.

– გამოწვევები: ყველა მიზანს თან ახლავს რისკები, რომელთაც საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. პოტენციური რისკების განსაზღვრით, მათი მოხდენის ალბათობას ამცირებ, რადგან მათთან გასამკლავებლად წინასწარ ემზადები. გამოწვევების შესახებ ჩვენი ცოდნა უკეთესი სტრატეგიის შემუშავებაში დაგეხმარება, რაც, თავის მხრივ, რისკების თავიდან არიდებასა და მათგან თავდაცვასაც მოიაზრებს. ამგვარი ინფორმაცია საბოლოოდ პროდუქტის მახასიათებლების გარკვევაშიც გეხმარება.

– გადაჭრა: საკუთრი მიზნებისა და გამოწვევების გააზრების შემდეგ, სათადარიგო გეგმა დაგჭირდება, რომელიც მოულოდნელ მოვლენებს თავიდან აგარიდებს. გადაჭრის ხერხების შემუშავება პროექტის რისკების შემცირების კარგი მეთოდია.

მეორე: მომხმარებლის გამოცდილების რუკა (Customer Journey map)

ახლა უკვე პროდუქტის შესახებ ფიქრის დაწყების დროა. კვლავაც დიდ სურათზე  უნდა კონცენტრირდე და თითოეული მომხმარებლის პიროვნების ტიპის მიხედვით ვარაუდები გამოვთქვა, საუკეთესო შემთხვევებში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

business-plan

– აღმოჩენა: როგორ იგებენ მომხმარებლები პროდუქტის შესახებ? რეკლამით? ფეისბუქპოსტით? მეგობრის რეკომენდაციით თუ გუგლის საძიებო სისტემით? იმის გარკვევა, საიდან მოდიან ადამიანები კომპანიამდე, პროდუქტების მახასიათებლებისა და ელემენტების სტრუქტურას გიკარანახებს.

– გაგება: როგორ იგებენ მომხმარებლები კომპანიის საქმიანობის შინაარსის შესახებ? ალბათ, ვებსაიტიდან ან რეკლამიდან. ამ შემთხვევაში, დაგჭირდება იმის ცოდნა, თუ როგორ იღებენ მომხმარებლები პროდუქტის, მისი მახასიათებლებისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაციას, რომ ის საუკეთესოდ წარმოვაჩინო და მისი გარკვეული ნაწილები გააუმჯობესო. თუ მომხმარებელი ამის შემდეგაც ვერ იგებს, როგორ შეუძლია პროდუქტს მისი დამხმარება, მაშინ მას საერთოდ არ გამოიყენებს.

– გამოყენება: ძირითადად როგორ მოიხმარენ ადამიანები პროდუქტს? რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და რომელი მახასიათებელია არარელევანტური? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით პროდუქტის პოტენციურ მახასიათებლებსა და ფუნქციონალზე შეიტყობ.

– მიზანი: რისი მიღწევა სურთ მომხმარებლებს პროდუქტის გამოყენებით? რა არის მათი საბოლოო მიზანი და პირველად რატომ ახსენდებათ მაინცდამაინც ეს პროდუქტი?

მესამე: მახასიათებლები და ფუნქციონალი

– მახასიათებლები: იმის ცოდნა, თუ რისი მიღწევა გსურს გრძელვადიან პერსპექტივაში, მრავალ არჩევანს დაგანახებს. ამიტომაც, ელემენტებს პრიორიტეტები ძალისხმევისა და სამომავლო გავლენის შკალაზე (Effort-Impact Scale) დაფუძნებით უნდა მიანიჭო. შემდეგ განიხილო გუნდთან ერთად და ხმის მიცემის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამ გზით მკაფიო ხედვა შეგექმნება იმის შესახებ, თუ რას განახორციელებ პროდუქტის პირველად ვერსიაში და რას სამომავლოდ.

– ფუნქციონალი: თითოეულ მახასიათებელს განსხვავებული ფუნქციონალი აქვს. მაგალითისთვის, ფოტოს გადასაღებად ფოტოკამერას უამრავი ფილტრი და არჩევანი აქვს. აქ მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ღირებულ ფუნქციონალზე კონცენტრირდე. ისეთზე, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა ექნება. ხმის მიცემას და დისკუსიებს ამ ეტაპზეც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ეტაპი 2: მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი (UX Design)

ამ ეტაპზე იდეები ხელშესახებ პროდუქტის მახასიათებლებად იქცევიან. ეს საფეხური დაგეხმარება, რომ ფუნქციონალსა და ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებაზე ფოკუსირდე.

საფეხური 1: მომხმარებლის ნაკადი (User Flow)

ამ ეტაპზე, პირველ რიგში თითოეული user persona-სთვის ამოცანებს ქმნი. თითოეული მათგანი უნდა იყოს დაწერილი ისე, რომ მოგცეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან იწყებ და როდის არის ამოცანა ბოლომდე შესრულებული. თავდაპირველი ამოცანები შეიძლება შექმნა მომხმარებლის გამოცდილების რუკიდან (Journey map), რომელიც მანამდე ააგე.

ამოცანების საფუძველზე, ქმნი მარტივ სამოქმედო ნაბიჯებს. ესენი შეიძლება იყოს თუნდაც სხვადასხვა ღილაკი ან ეკრანი, რომლებიც დაჭერითაც სამუშაოს დასრულებამდე მივდივართ. თითოეული დავალებისთვის უნდა გქონდეს მაქსიმუმ 6 სამოქმედო ნაბიჯი, რადგან აქ მიზანი  საქმეების გამარტივებაა და არა მათი ზედმეტად გართულება. ბოლოს კი ყველა საფეხური ერთ ჯაჭვში უნდა გააერთიანო.

რამდენიმე დავალების შექმნის შემდეგ, შეგიძლია, ისინი გააერთიანო და ნახო, საჭიროა თუ არა კავშირების პარამეტრების კორექტირება. ყველა ამოცანის კომბინირების შემდეგ, შედეგად  ნათელი წარმოდგენა შეგექმნება იმის შესახებ, თუ რა გზებს გაივლის ადამიანი პროდუქტის მოხმარებისას.

საფეხური 2: Wireframes

ამ საფეხურზე უკვე პროდუქტის შექმნას იწყებ, რადგანაც უკვე საკმარისი ცოდნა გაქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ყველაფერი.

Wireframes- ის აგების ყველაზე მარტივი გზა ემყარება მომხმარებლის მოქმედების ნაბიჯებს, რომლებიც წინა საფეხურზე შექმენი.

ამ დრომდე, უკვე ჩამოყალიბდი პრიორიტეტული მახასიათებლებისა და ფუნქციონალების შესახებ, ასევე იცი, თუ რა გამოსახულებები უნდა შექმნა. ერთადერთი, რაც არ განგისაზღვრავს, არის სექციების, ჯგუფებისა და ღილაკების იერარქია. ეს საფეხური კი მშვენიერი დროა ამის გასაკეთებლად.

საფეხური 3: ტესტირება და იტერაციები

wireframes მთლიანი პროდუქტისთვის უკვე შექმნილია, მოგვარებულია ფუნქციონალების პრობლემებიც და უკვე წარმოდგენაც გაქვს იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ყველაფერი. სწორედ ესაა ის დრო, როდესაც პროდუქტი პირველად უნდა წარუდგინო ვინმეს. ამის საუკეთესო გზა კი ინტერაქციული პროტოტიპის ჩვენებაა.

ამ საფეხურზე პრეზენტაციას შიდა მიზნებისთვის აკეთებ. ეს შესანიშნავი საშუალებაა პროდუქტის პირველად გადატესტად იმ ადამიანებთან, რომლებსაც ფართო წარმოდგენა აქვთ მის ფუნქციონალებზე. პროტოტიპის ტესტირება უნდა ეფუძნებოდეს user flow ამოცანებს (რომლებიც ამ ეტაპის პირველ საფეხურზე შექმენი) და ფოკუსირებული იყოს ფუნქციონალზე.

ტიპური სცენარის მიხედვით, დეველოპერები ან პროდუქტის მენეჯერი (product manager) მასში გარკვეულ ხარვეზებს მაინც აღმოაჩენენ. თუმცა, ამაზე არ უნდა ინერვიულო, რადგან ეს სასარგებლოცაა – ამ ეტაპზე გაუმჯობესება და ტესტირება  ფუნქციონალების პრობლემებს დიდი დროის დაკარგვის გარეშე აგვარებს.

საბოლოო ჯამში, ამ საფეხურის რეზულტატი არის სრულად ფუნქციონალური პროდუქტის პროტოტიპი, გამოყენებადობის მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე.

ეტაპი 3: მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინი (UI Design)

ტიპური შეცდომა, რომელსაც კლიენტი უშვებს არის ისეთი ვებსაიტის ან აპლიკაციის შერჩევა, რომელიც უკვე არსებობს და დიზაინერისთვის იმის თხოვნა, რომ მისი ახალი საიტიც მის მსგავსად ააგოს.

ამ მოქმედების არალოგიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ვებსაიტი უკვე არსებობს და გამოყენებადია, ეს ნიშნავს, რომ ის ძველია. რატომ უნდა სურდეს ვინმეს ახალი საიტი, რომელიც ძველივით გამოიყურება? ამის პასუხი არის მომხმარებლის შიში, რომ დიზაინერი ახალს კარგად ვერ ააგებს.

საფეხური 1: განწყობის დაფა (mood board)

კომპანიები საკუთარი ბრენდის შექმნასა და მის მაქსიმალურად მდგრადად ქცევაში დიდ ფულს ხარჯავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბრენდი კომპანიის ხედვასა და ღირებულებებს ასახავს. თუმცა, კომპანიის ბრენდინგის სახელმძღვანელოებში საიტის შესახებ გაიდლაინებს ვერ ნახავთ. თანაც, კლიენტებს აქვთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მათი პროდუქტი. აქ მთავარი ამოცანა კი ამ იდეების რეალურ დიზაინად ქცევაა.

დიზაინის, იდეის, განწყობის, გრძნობებისა და ხედვის გადაცემისას ვერბალური კომუნიკაცია შეიძლება რთული იყოს. პროცესების გასამარტივებლად კი უმარტივესი გზა განწყობის დაფების გამოყენებაა. ეს არის ტექსტურების, სურათებისა და ტექსტების სტილების კრებული, რომელიც რომელიც ერთგვარი ათვლის წერტილია დიზაინის შექმნისას.

განწყობის დაფა შენ და კლიენტს საკმარის ვიზუალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმისთვის, რომ ახალი დიზაინი და ბრენდი ერთმანეთის შესაბამისი იყოს. ამ შემთხვევაში, აქცენტი შრიფტებზე, ფერებზე, ღილაკებზე, ელემენტებსა და ელემენტებზე უნდა გაკეთდეს.

ბოლოს სამ ვარიანტს აჩვენებ კლიენტს და ირჩევთ ერთ მათგანს, ან ქმნი ახალ უნიკალურ ვარიანტს, რომელშიც ყველა მათგანია გაერთიანებული.

ამ ყველაფრისთვის შეგიძლია გამოიყენო ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა Invision, Pinterest და Dropbox Paper-იც კი.

ნაბიჯი 2: დიზაინი

რადგანაც საჭირო სტილი განსაზღვრულია და wireframes-იც გაქვს, უკვე ინტერფეისების შექმნა შეგიძლია.

მთლიანი დიზაინის სისტემის შესაქმნელად, მუდმივობა უნდა შეინარჩუნო, მაგრამ ზოგიერთ პროექტზე ეს არ გამოგადგება. თუმცა, მინიმუმ, სტილის სახელმძღვანელო (style guide) შექმნა. პროდუქტის მიხედვით, შეიძლება მიჰყვეთ ვებდიზაინის საუკეთესო ინსტრუქტიებს Google material design ან Apple human interface guidelines.

ნაბიჯი 3. ინტერფეისის ტესტირება

ამ ეტაპზე პროდუქტი რეალურ მომხმარებლებთან პირველად გაიტესტება. ეს პროცესი კარგად უნდა დაგეგმო, მომხმარებლები მათი პერსონის მიხედვით მოიძიო, შესაფერისი ადგილი მოვძებნოთ და  მნიშვნელოვან შეკითხვებზე იფიქრო. ცნობისთვის, 5-კაციანი გამოსაცდელი ჯგუფი პროდუქტის გამოყენებადობის შესახებ საკითხების 85%-ის მოგვარებაში დაგეხმარება.

ტესტირებისას ყურადღება რამდენიმე საკითხზე უნდა გაამახვილო:

– დასვი ღია შეკითხვები. ანუ კითხვები, რომლებიც უფრო ფართო პასუხს მოითხოვს. მაგალითად: რას ფიქრობთ ამის შესახებ? როგორ ფიქრობთ, რა მოხდება (როდესაც თითს დააჭერთ)?

– წაახალისე გამომცდელები, რომ ილაპარაკონ. ამის გაკეთების ყველაზე ხელსაყრელი გზა წინადადების დაწყება და შემდეგ პაუზის აღებაა, რათა მომხმარებლებმა დაასრულონ იგი. მაგალითად: ეს ღილაკი ალბათ … (გაჩუმდი).

– ტესტირების შემდეგ მოითხოვე მოკლე მოხსენება. მაგალითად: რას ფიქრობ ამაზე? რა მოგწონს? რა არ მოგწონს?

ამ ყველა ეტაპისა და საფეხურის გავლის შემდეგ რეალურ მომხმარებლებთან გატესტილი პროტოტიპი და მათი შეფასებები გაქვს.

ახლა კი საბოლოოდ უნდა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, აგრძელებ თუ არა კონცეფციაზე მუშაობასა და იდეის განვითარებას, თუ უნდა მიატოვო ის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post