რა არის ღია ალტერნატივების ფენომენი და რატომ არის ის სახიფათო სტარტაპებისთვის
სტარტაპერებში საკმაოდ გავრცელებულია ღია ალტერნატივებზე დამოკიდებულება. რას ნიშნავს ეს?
ამ დროს თქვენ ცრუ დაცულობის და ფინანსური წარმატების ილუზიას გიქმნით რამდენიმე საკითხზე, პროდუქტზე ან ბიზნეს მიმართულებაზე გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება. ცდილობთ ყველა ვარიანტი მოსინჯოთ და ყველაზე მომგებიანი დაიტოვოთ. რეალურად კი ეს საკმაოდ სახიფათო სტრატეგიაა.
ტოქსიკური სურვილი მუდამ გქონდეთ რამდენიმე ღია ალტერნატივა, რეალურად ხელს გიშლით საქმის ხარისხიანად შესრულებაში და შედეგად ვერ ახერხებთ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას.
სტარტაპი დიდ ძალისხმევას, ჩართულობას, რესურსებს და დროს მოითხოვს, იმისათვის რომ სარგებლიან ბიზნესად იქცეს. თუ ის თქვენი პრიორიტეტი არ არის და ფიქრობთ, რომ შესაძლოა უკეთესი შესაძლებლობებიც გამოჩნდეს, მაშინ ამ საქმეს ხელი არ უნდა მოჰკიდოთ.
სტარტაპებში ღია ალტერნატივების ფენომენი სხვადასხვაგვარად ვლინდება, მაგალითად:
– თუ რამდენიმე განსხვავებულ პროდუქტს უშვებთ ერთდროულად, იმ იმედით რომ რომელიმე გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდება. ხშირად ისინი იმდენად განსხვავებულია, რომ კომპანიის ძირითად მიმართულებაში არ ჯდება და არ ქმნის ერთიან ღირებულებას.
– თუ ყოველთვიურად ცვლით მომსახურების ტიპს და არ ინარჩუნებთ სტარტაპის მთავარ იდეას.
– თუ აფუძნებთ ორ ან მეტ სტარტაპს ერთდროულად, იმ მიზნით რომ მიატოვოთ ის რომელიც პირველ სამ თვეში ნაკლებად მომგებიანი იქნება.
რატომ არის მუდმივად ღია ალტერნატივებზე დამოკიდებულება დამანგრეველი თქვენი ბიზნესისთვის?
არჩევანის ქონა სტარტაპისთვის ძალიან მნიშნელოვანია. რა თქმა უნდა, საჭიროა მაგალითად სხვადასხვა მომწოდებლებს შორის ის აირჩიოთ ვისაც უკეთესი ფასი აქვს. ასევე აუცილებელია შეგეძლოთ კადრების ჩანაცვლება გამოუვალ მდგომარეობაში (ავადმყოფობა, მაღალი მოთხოვნის პერიოდი). რამდენიმე ვარიანტის ქონა გარკვეულ სიტუაციებში გვეხმარება, თუმცა ფენომენი რომელზეც ვსაუბრობთ ასეთ ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს არ ეხება. როდესაც ღია ალტერნატივებზე ვართ დამოკიდებული, არასდროს ვეშვებით საკუთარი სტარტაპის იდეაში ბოლომდე.
თუ ამ ფენომენის მსხვერპლი ხართ, ე. ი. გიჭირთ და არ გიყვართ გადაწყვეტილებების მიღება. ყველა ვერსიის ხელმისაწვდომად დატოვება ნიშნავს რომ რეალურად არ აკეთებთ არჩევანს. გადაწყვეტილების მიღება ხომ სხვა ვარიანტებზე დათმობას გულისხმობს, ანუ ამ დროს გაცნობიერებულად ვამბობთ უარს დანარჩენ შესაძლებლობებზე. ღია ალტერნატივებზე დამოკიდებულებისას კი არასდროს ვაკეთებთ არჩევანს და მუდმივად ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაში ვრჩებით.
ამ პოზიციიდან სტარტაპის მართვა შეუძლებელია. კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება არამხოლოდ განვითარების ფუნდამენტური პროცესია, არამედ მმართველის მახასიათებლებსაც განსაზღვრავს. თითოეული არჩევანი, რომელსაც აკეთებთ თქვენი სტარტაპის პოზიციონირებას განსაზღვრავს. მაგალითად თუ გადაწყვეტთ რომ მიტანის სერვისი უფასოდ შესთავაზოთ მომხმარებლებს, ეს თქვენს კომპანიას ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომი მოთამაშის სახელს მოუტანს.
ღია ალტერნატივებზე დამოკიდებულებას საკმაოდ ბევრი რისკი ახლავს. ეს ხელს გიშლით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში, რომლებიც თქვენი სტარტაპის წინსვლისთვის აუცილებელია. თუ თქვენივე წამოწყებას სხვა იდეებით „აზღვევთ“ და მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს დგამთ, რომლებიც ყველა ვარიანტს ერგება, თქვენი სტარტაპი სპეციფიკურად მისთვის მნიშვნელოვან ნიშას ვერ იკავებს.
ამ მავნე დამოკიდებულების გამო საკუთარი სტარტაპის სრულ ხედვას ვერ ჩამოაყალიბებთ. სხვა ვარიანტების მიღმა რთული იქნება დაინახოთ სადამდეა ამ კონკრეტული იდეის გაფართოება შესაძლებელი. ვერც წარმატების თუ წარუმატებლობის შეფასებას მოახერხებთ, რადგან თუ ერთი მიმართულებისთვის ბოლომდე არ დაიხარჯეთ, როგორ მიხვდებით რამ გამოიწვია მიღებული შედეგი?
მომხმარებლებისთვის რადიკალურად განსხვავებული სერვისების შეთავაზება მარკეტინგულადაც არ არის გამართლებული, რადგან მათში დაბნეულობას იწვევს. თუ თქვენი შეთავაზებები კომპანიის ძირითად იდეას არ შეესაბამება, კლიენტებმა არასდროს იციან რას ელოდონ ბრენდისგან. მათ შესანარჩუნებლად კი საჭიროა განსაზღვრული იყოს პროდუქტების თუ მომსახურებების სპექტრი, რომლებსაც თქვენი სტარტაპი ფარავს.
ღია ალტერნატივების ფენომენი ზოგადი განათლების სისტემას ჰგავს, სადაც წახალისებულია სხვადასხვა მიმართულებაში ძალების მოსინჯვა და აქტიური ძიების პროცესი. თუმცა, ეს ყველაფერი ხომ საბოლოოდ ერთი არჩევანის გაკეთების და მასში პროფესიონალიზმის მიღწევის მიზნით კეთდება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ბიზნესის მაღალკონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად მუდმივი განვითარება და სწავლაა საჭირო. სტარტაპ ეკოსისტემაში გადარჩენა კი იმდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ რამდენიმე სფეროზე ერთდროულად ყურადღების განაწილება სრულიად წარმოუდგენელია.
თუ ამჩნევთ, რომ გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, კომფორტს გიქმნით ალტერნატივების ხელმისაწვდომად დატოვება და მრავალ იდეაზე ცდილობთ პარალელურად მუშაობას, გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენი სტარტაპისთვის შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს. ცნობილი ინვესტორების და სტარტაპერების გამოცდილებას თუ ვენდობით, აუცილებელია ყურადღების ფოკუსში ერთი მთავარი იდეა დავიტოვოთ და მას მივყვეთ ბოლომდე.