გვხდის თუ არა ტექნოლოგია უფრო ზარმაცებს?
ტექნოლოგია ჩვენთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ყველაფერს, მასთან ინტერაქციასაც აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეფექტები. მართალია, ის ბევრ რამეს მეტად კომფორტულს ხდის, თუმცა, ამას თან მოჰყვება გარკვეული არასასურველი შედეგებიც – ტექნიკური საშუალებები დამოკიდებულების გამომწვევისა და ყურადღების გამფანტავის როლს თამაშობს ადამიანთა უმეტესობის ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამატებითი კომფორტის გამო ტექნოლოგიამ ზარმაცები და არაპროდუქტიულები გაგვხადა, რაც ხელს გვიშლის ჩვენი სრული პოტენციალის მიღწევასა და გამოყენებაში.
როგორი გავლენა აქვს ტექნოლოგიას პროდუქტიულობაზე სამუშაო გარემოში
პირველ რიგში, გავეცნოთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ კონტრარგუმენტს – ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ უფრო პროდუქტიულები, განსაკუთრებით კი, სამუშაო გარემოში.
ამ არგუმენტთან დაკავშირებული პირველი მოსაზრება ასე გამოიყურება – ‘’პროდუქტიულ თანამშრომლებს ბიზნესინფორმაციაზე, მონაცემებსა და საკუთარ გუნდზე დაუყოვნებლივი წვდომა სჭირდებათ’’, მისი მიწოდების ყველაზე უტყუარი გზა კი სწორედ ტექნოლოგიაა. ეს ნამდვილად ლეგიტიმური მაგალითია იმისა, რომ ტექნოლოგია სხვადასხვა საქმის უფრო ეფექტურად გაკეთებაში გვეხმარება. ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი რელევანტური ინფორმაციის ფლობა აჩქარებს მუშაობის პროცესს და, ზოგადად, აადვილებს საქმესაც.
ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ციფრული ტექნიკის წყალობით, ‘’Mobile employee (დასაქმებული, რომელიც ოფისის გარეთ მუშაობს) ადამიანებს ოფისზე მიბმულობის გარეშე ყველა საჭირო საქმის გაკეთება შეუძლიათ’’. ისევ და ისევ, ტექნოლოგია გარკვეული დავალებების უფრო ეფექტურად შესრულების საშუალებას გვაძლევს, რაც პოტენციურად დროსა და ფულს ზოგავს. ის ასევე აადვილებს საქმეს მთლიანობაში და აღმოფხვრის იმ პრობლემების უმეტესობას, რომლებთან გამკლავებაც ადამიანებს ათწლეულების წინ უწევდათ.
ნეგატიური მხარე
აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თანამშრომლებმა, უპირველეს ყოვლისა, რეალურად უნდა შეასრულონ სამუშაო, რათა ზემოთ ნახსენები არგუმენტები რელევანტური იყოს.
‘’მუდმივი შეტყობინებები, სამუშაო მაგიდაზე გახსნილი მრავალი ვებგვერდი, ელ.ფოსტით მიმოწერა – ესენი ტექნოლოგიისგან გამოწვეული მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორიიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია” – ნათქვამია ერთერთ სტატიაში.
ამ არგუმენტის საფუძვლიანობაში ბოლომდე რომ დარწმუნდე, თუნდაც მოსწავლეების მაგალითი მოვიყვანოთ – ისინი ცდილობენ დავალების შესრულებას და რამდენიმე წუთში მათ ყურადღებას სოციალური მედია იპყრობს. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება არასდროს მიატოვოს ეს ჩვევა და იგივე პრობლემა ჰქონდეს მაშინაც, როდესაც საქმე მის სამსახურს შეეხება. შესაბამისად, მიუხედავად ტექნოლოგიის მიერ მონიჭებული მრავალი კომფორტისა, დასაქმებულის პროდუქტიულობა შემცირდება.
კი, ტექნოლოგიას შეუძლია, ზარმაცები გაგვხადოს – მას არამარტო ჩვენი პროდუქტიულობის შემცირება შეუძლია, არამედ შესაძლოა, მეტად ზარმაცებიც გაგვხადოს.
მარტივი მაგალითი ავიღოთ, Nintendo-ის ვიდეოთამაშების კონსოლი Wii-ის დახმარებით სახლის მისაღები ოთახიდან შეგიძლია ითამაშო ბოულინგი, ჩოგბურთი ან თუნდაც ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ეს უდავოდ სახალისოა, თუმცა ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობა. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ამის გაკეთების შემდეგ, შესაძლოა, კვლავ მორიგი შესვენების სურვილი გქონდეს იმის გამო, რომ უმოტივაციოდ გრძნობ თავს ან თამაშის შემდეგ რაიმეს მიღწევის ცრუ გრძნობა გაქვს დაუფლებული.
ამავე მოსაზრების მატარებელ ერთერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ავტორმა და მისმა მეგობრებმა იფიქრეს იმის შესახებ, როგორ შეეძლოთ ერთ დღეს დილით გაღვიძება და სმარტ სამსარეულოში შესვლა, რომელშიც საუზმე და ყავა მეგობრული რობოტების მიერ უკვე მომზადებული დახვდებოდათ. როგორ დიდებულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამაზე მეტი სიზარმაცე რთული წარმოსადგენია.
ზემოთქმული კარგად ასახავს იმის პოტენციალს, თუ როგორი ზარმაცები შეიძლება გავხდეთ, რადგანაც ტექნოლოგია მუდმივად გვთავაზობს სხვადასხვა სახის კომფორტს. ცხოვრებაში არ არსებობს ბევრი ისეთი სფერო, რომელშიც ის ვერ დაგვეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი საზღვარი იმისა, თუ როგორი ზარმაცები შეიძლება გავხდეთ.
ტექნოლოგიისთვის ცხოვრების სხვა ასპექტებზე მეტი პრიორიტეტის მინიჭება
ალბათ, ყველა ადამიანს გვქონია არასაჭირო ინტერაქცია ტექნოლოგიასთან მანამ, სანამ დღის გეგმას ბოლომდე შევასრულებდით. ამასთან დაკავშირებით, თომას ფრენკი (YouTuber-ი 2 მილიონზე მეტი გამომწერით) სტატიაში წერს: ‘’ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვსწავლობდეთ, ვწერდეთ, კოდირებაზე ვმუშაობდეთ ან ნებისმიერი სხვა რამ, მაგრამ ამის ნაცვლად Reddit–ზე შევდივართ”. კი, ყურადღების გამფანტავი ყოველთვის Reddit შეიძლება არ იყოს. საქმე ისაა, რომ ადამიანები ტექნოლოგიას ხშირად ჩვენი დისტრაქციის საშუალებას იმ შემთხვევაშიც კი ვაძლევთ, როდესაც გააზრებული გვაქვს, რომ რაღაც საქმეები ჯერ კიდევ დასასრულებელი დაგვრჩა. აღნიშნულმა კი შეიძლება არა მხოლოდ ძილის ან თავისუფალი დროის ნაკლებობა გამოიწვიოს, არამედ შესაძლოა, საქმიანობის ხარისხზეც იქონიოს გავლენა – ინტერნეტში გასართობად დასაბრუნებლად უფრო მეტად ვიჩქარებთ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას.
ფრენკი ასევე ახსენებს, რომ გარკვეულწილად ირონიულია, თუმცა, ადამიანები ‘’დროს ფუჭად ხარჯავენ პროდუქტიულობის შესახებ სტატიების კითხვაზე’’. რეალურად, დიდი შანსია, რომ მათ წაკითხული საკუთარ ცხოვრებაში არ დანერგონ. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ უმეტეს ჩვენგანს ამ ცვლილებების განსახორციელებლად არ გააჩნია საკმარისი მოტივაცია.
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ტექნოლოგიისთვის ჩვენს ჯანმრთელობაზე მეტი პრიორიტეტის მინიჭება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ეკრანის ყურების დროს თვალის დაძაბვა დახამხამების მაჩვენებელს ორჯერ ამცირებს, რაც ნიშნავს, რომ დამცავი და დამატენიანებელი ცრემლი მისი ახლით ჩანაცვლების გარეშე ორთქლდება. სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ ამ საკითხის გამოსწორებას ძალიან ცოტა ადამიანი უთმობს დროს, მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმრავლესობამ მის შესახებ უკვე იცის. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ რამდენად მძიმეა ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება, რადგან ის არა მარტო ზარმაცებს ან არაპროდუქტიულებს გვხდის, არამედ ზოგიერი ადამიანი მას ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასაც კი ამჯობინებს.
და ბოლოს, ტექნოლოგიის ყოველი ნაწილი შექმნილია იმგვარად, რომ ის მაქსიმალურად დამოკიდებულების გამომწვევი იყოს. თუმცა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, გაგვიკონტროლებს თუ არა ცხოვრებას, სრულად ჩვენი მისაღებია.