გემოვნება შემქნელებისთვის – Paul Graham
პოლ გრეემი იხსენებს მის საუბარს ახლო მეგობართან, რომელიც MIT-ს პროფესორია. მისი სფერო ახლა ძალიან პოპულარულია და ყოველწლიურად იზრდება მომავალ კურსდამთავრებულთა სააპლიკაციო ფორმებით. იგი ხშირად ამბობს რომ მისი სტუდენტების უმრავლესობა ჭკვიანია, თუმცა ვერ განსაზღვრავს აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის გემოვნება.
გემოვნება, ეს ისეთი სიტყვაა რომელიც ხშირად აღარ გვესმის თანამედროვეობაში. თუმცა მისი საფუძვლადმდებარე კონცეპტი ყოველთვის გვჭირდება, მიუხედავად იმისა რას ვუწოდებთ. პოლის მეგობარი თავის კომენტარში რეალურად გულისხმობს იმას, რომ მისი სტუდენტები კარგ ტექნიკურ უნარებს ფლობენ, თუმცა ბუნდოვანია შეძლებენ თუ არა ისინი ამ ყველაფრის ლამაზი რამეების დიზაინის შექმნაში გამოყენებას.
მათემატიკოსები კარგ ნაშრომს ყოველთვის მოიხსენიებენ როგორც ლამაზს. ახლაც და წარსულშიც, იგივე პრინციპს იყენებდნენ მეცნიერები, დეველოპერები, მუსიკოსები, არქიტექტორები, დიზაინერები, მწერლები და მხატვრები. მხოლოდ დამთხვევაა ის რომ ყველა ამ პროფესიის წარმომადგენელი ერთი და იმავე სიტყვას იყენებდა? ან იქნებ არის გარკვეული მსგავსება მათ მიერ ნაგულისხმევ შინაარსში? თუ ეს უკანასკნელი სიმართლეა, შეგვიძლი სილამაზის შესახებ ერთი სფეროს აღმოჩენები, მეორეში გამოვიყენოთ?
მათთვის ვინც რაღაცის დიზაინს ქმნის, ეს მხოლოდ თეორიული შეკითხვები არაა. თუ არსებობს უნივერსალური სილამაზე, ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს მისი ამოცნობა. ჩვენ გვჭირდება კარგი გემოვნება კარგი რაღაცების შესაქმნელად. იმის ნაცვლად, რომ სილამაზეს მოვეკიდოთ როგორც ბუნდოვან აბსტრაქციას რომელზეც მხოლოდ ზედაპირული მსჯელობაა შესაძლებელი ან თავიდან ავირიდოთ ამის განხილვა იმის მიხედვით თუ როგორ აღიქვამს ჩვენი თანამოსაუბრე ბუნდოვან აბსტრაქციებს, უმჯობესია ვეცადოთ საკითხის პრაქტიკული კუთხით გაანალიზება და ვუპასუხოთ კითხვას: როგორ შევქმნათ კარგი რამ?
თუ დღეს სადმე გემოვნებას ვახსენებთ, ადამიანების უმრავლესობისგან მოვისმენთ, რომ „გემვონება სუბიექტურია“. მათ ამის სჯერათ, იმიტომ რომ მართლაც ასე გრძნობენ. როდესაც რაღაც მოსწონთ, წარმოდგენა არ აქვთ, რატომ მოსწონთ. მიზეზი შეიძლება იყოს სილამაზე, ან ის რომ იგივე ნივთი ჰქონდა დედას, ან ის რომ რომელივე ფილმის ვარსკვლავს ჰქონდა ეს ნივთი რომელიღაც ჟურნალში, ან ის რომ ნივთი ძვირია. მათი აზრები შეუსწავლელი იმპულსების ერთობლიობაა.
ჩვენ ბავშვობიდანვე გვაჩვევენ რომ ეს ერთობლიობა შეუსწავლელი დავტოვოთ. თუ დასცინებთ თქვენს უმცროს ძმას, იმის გამო რომ ის ადამიანებს მწვანედ აფერადებს მის გასაფერედაბელ რვეულში, დიდი ალბათობით დედა გეტყვით რომ თქვენ და თქვენს ძმას განსხვავებული სტილი გაქვთ რაღაცების კეთების.
..კოპერნიკის ესთეტიკურმა წინააღმდეგობებმა [ექვივალენტების მიმართ] ჩამოაყალიბა ერთი ძირითადი მოტივი მისი მხრიდან პტოლემეური სისტემის უარყოფისთვის..
Thomas Kuhn, The Copernican Revolution
ასეთ დროს, დედა არ ცდილობს გასწავლოთ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ესთეტიკის შესახებ. მას უბრალოდ უნდა თქვენი კამათი დაასრულოს.
ბევრი სხვა ნახევრად მართალი ამბების მსგავსად, რომლებსაც უფროსები გვეუბნებიან, ესეც ეწინააღმდეგება მათ მიერ ნათქვამ სხვა კონცეპტებს. მას შემდეგ რაც დაგაჯერებენ, რომ გემოვნება პერსონალური უპირატესობის საკითხია, მიყავხართ მუზეუმში სადაც გეუბნებიან რომ ყურადღება მიაქციოთ ლეონარდოს, რომელიც შესანიშნავი ხელოვანია.
რა ხდება ბავშვის გონებაში ამ დროს? მისი აზრით რას ნიშნავს „შესანიშნავი ხელოვანი“? მას ხომ წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ ყველას თავისებური მეთოდები მოსწონს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბავშვმა გამოიტანოს შემდეგი დასკვნა: შესანიშნავი ხელოვანი ისაა ვისი ნამუშევარიც სხვებს ჯობია. მეტად მოსალოდნელია, სამყაროს პტოლემეური მოდელით აღქმა, შესანიშნავი ხელოვანის განმარტება კი ისეთ რამედ რაც სასარგებლოა, როგორც ბროკოლი, რადგან ვიღაცამ ასე თქვა რომელიღაც წიგნში.
განცხადება, რომ გემოვნება პერსონალური უპირატესობის საკითხია, უბრალოდ კამათის თავიდან არიდების კარგ გზას წარმოადგენს. პრობლემა ისაა, რომ ეს სიმართლე არ არის. ამას ყველაზე უკეთ მაშინ გრძნობს ადამიანი, როდესაც რაიმეს დიზაინზე მუშაობას იწყებს.
რა საქმესაც არ უნდა აკეთდებდეს ადამიანი, ბუნებრივად უჩნდება სურვილი გაუმჯობესების. ფეხბურთელებს მატჩების მოგება უნდათ, აღმასრულებელ დირექტორებს შემოსავლის გაზრდა. ეს სიამაყის და სიამოვნების საკითხია, გინდოდეთ უკეთ აკეთოთ საკუთარი საქმე. მაგრამ თუ თქვენი სამუშაო არის სხვადასხვა რამის დიზაინის შექმნა და არ არსებობს ობიექტური სილამაზე, მაშინ არც გზა არსებობს იმის რომ თქვენ განვითარდეთ საკუთარ პროფესიაში. თუ გემოვნება მხოლოდ პერსონალური უპირატესობის საკითხია, ე.ი. ყველა უკვე იდეალურია: თქვენ მოგწონთ ის რაც მოგწონთ და სულ ესაა.
როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, დიზაინშიც, რაც მეტს მუშაობთ მით მეტია პროგრესი. თქვენი გემოვნება იცვლება. როგორც სხვები ვითარდებიან თავიან პროფესიებში, იგივეს აკეთებთ თქვენც. თუ ასეა, თქვენი ადრეული გემოვნება უბრალოდ განსხვავებული კი არა, უფრო ცუდი გამოდის. ამგვარად იმსხვრევა აქსიომა, რომ გემოვნება შეუძლებელია იყოს არასწორი.
ამჟამად რელატივიზმი საკმაოდ მოდურია, რამაც შეიძლება თქენი მხრიდან გემოვნების გაანალიზების პროცესს ხელი შეუშალოთ, მიუხედავად თქვენი პროგრესისა. მაგრამ, თუ აღიარებთ, საკუთარ თავთან მაინც, რომ არსებობს კარგი და ცუდი დიზაინი, შეძლებთ კარგი დიზაინის დეტალურად შესწავლას. როგორ შეიცვალა თქვენი გემოვნება? რამ განაპირობა ის შეცდომები, რომლებიც დაუშვით? სხვა ადამიანებმა რა ისწავლეს დიზაინის შესახებ?
როდესაც დაიწყებთ ამ მიმართულების შესწავლას, გაგაოცებთ რამდენი საერთო აქვს სილამაზის იდეას სხვადასხვა სფეროსთვის. კარგი დიზაინის ერთი და იგივე პრინციპები შეგხვდებათ მუდმივად.
კარგი დიზაინი მარტივია
ეს მოსაზრება მუსირებს მათემატიკიდან მხატვრობამდე ყველგან. მათემატიკაში ეს ნიშნავს რომ ყველაზე მოკლე გზა, როგორც წესი, ყველაზე უკეთესია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე აქსიომებს ეხება, რადგან აქ „less is more” პრინციპი ყველაზე ნათლად ჩანს. მნიშვნელობა არ იცვლება პროგრამირებაშიც. არქიტექტორებისთვის და დიზაინერებისთვის ეს ნიშნავს რომ სილამაზე დამოკიდებულია რამდენიმე სწორად შერჩეულ სტრუქტურულ ელემნტზე და არა ზედაპირული ორნამენტების სიჭარბეზე. (ორნამენტი თავიდთავად ცუდი იდეა არ არის, როდესაც ის სიცარიელეს ნიღბავს) ანალოგიურად, ფერწერაში რამდენიმე დაკვირვებით და სიღმისეულად მოდელირებული ობიექტი მეტად საინტერესოა ვიდრე რამდენიმე ზედაპირული და განმეორებადი მაგალითად, მაქმანის საყელო. მწერლობაში ეს ნიშნავს: თქვი რასაც გულისხმობ და გააკეთე ეს ლაკონურად.
ერთი შეხედვით უცნაურია რომ უპირატესობა სიმარტივეს ენიჭება. შეიძლება იფიქროთ რომ მარტივი ორდინალურს ნიშნავს. კომპლექსური პატერნები ხომ ბევრად მეტ მუშაობას მოითხოვს. მაგრამ რაღაც იპყრობს ადამიანებს როდესაც ისინი ცდილობენ იყონ კრეატიულები. დამწყები მწერლები იყენებენ პომპეზურ ტონს, რომელიც სულაც არ არის მათ რეალურ სასაუბრო ენასთან ახლოს. დიზაინერები, რომლებიც ცდილობენ მეტად მხარტვრულები გახდნენ, მიმართავენ ხვეულებს და ზოლებს. მხატვრები ხვდებიან რომ ექსპრესიონისტები არიან. ეს ყველაფერი უბრალოდ თავის არიდებას ემსახურება. გრძელი სიტყვების და ფუნჯის ექსპრესიული მოძრაობის უკან ბევრი არაფერი დგას, რაც საშიშიც კი არის.
როდესაც იძულებული ხართ მარტივად გამოხატოთ სათქმელი, იძულებული ხდებით თვალი გაუსწოროთ რეალურ პრობლემას. როცა ვერ ახერხებთ ორნამენტის შექმნას, მისი შინაარსი უნდა გადმოსცეთ.
კარგ დიზაინს არ გააჩნია დრო
მათემატიკაში, ნებისმიერი მტკიცებას არ აქვს დრო, თუ შეცდომას არ შეიცავს. მაშინ, რას გულისხმობს ჰარდი, როდესაც ამბობს რომ არ არსებობს მუდმივი ადგილი მახინჯი მათემატიკისთვის? მისი სათქმელი იგივეა რაც კელი ჯონსონის: თუ რაიმე მახინჯია, ის ვერ იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. სავარაუდოდ არსებობს უკეთესი გზა, რომელსაც დროთა განმავლობაში ვინმე აღმოაჩენს.
დროისგან დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაგეხმარებათ საუკეთესო პასუხის პოვნაში. თუ ფიქრობთ რომ სხვამ შეიძლება გაჯობოთ, ეს თავად უნდა გააკეთოთ. უდიდესი ოსტატები ამას იმდენად კარგად აკეთებდნენ რომ ძალიან ცოტა ადგილი დაუტოვეს შემდგომ თაობებს. ყველა გრავირების სპეციალისტი, ვინც დიურერის (Albrecht Dürer) შემდეგ მოღვაწეობდა, იძულებული იყო მის ჩრდილში ეცხოვრა.
დროისგან დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ასევე კარგი გზაა თავი აარიდოთ მოდის ძალაუფლებას. ტრენდი განმარტების დონეზეც კი გულისხმობს იმას, რომ დროში ცვალებადი კონცეპტია, ამიტომაც თუ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც რაც კარგი იქნება შორეულ მომავალშიც, მაშინ მისი მიმზიდველობა უნდა ააგოთ დამსახურებაზე და არა მოდაზე.
უცნაურია, თუმცა ერთი გზა იმისთვის რომ ისეთი რამ შექმნათ რაც პოპულარული იქნება მომავალ თაობებში, არის ამ პროდუქტის მიმზიდველობის გაზრდა წარსულ თაობებში. რთულია მომავლის პროგნოზირება, მაგრამ ის ნამდვილად წარსულის მსგავსი იქნება, მიუხედავად აწმყოს ტრენდებისა. ამიტომაც, თუ შექმნით ისეთ რამეს რაც სასურველია დღეს და სასურველი იქნებოდა 1500წელს, დიდი ალბათობით ის სასურველი იქნება 2500 წელსაც.
თითოეული ჩვენგანი კელი ჯონსონის გაწყვთნილები ვიყავით და ფანატურად გვჯეროდა მისი დარწმუნების რომ თვითფრინავი რომელიც ლამაზ გამოიყურება, ასევე იფრენს.
Ben Rich, Skunk Works
კარგი დიზაინი სწორ პრობლემებს აგვარებს
ტიპურ გაზქურას აქვს 4 ქურა რომლებიც კვადრატულად არის განლაგებული, ასევე წარმოდგენილია მათი საკონტროლებელი ღილაკები. როგორ განვალაგოთ ღილაკები? ყველაზე მარტივი პასუხი ამ კითხვაზე არის წრფივი მოდელი. ეს ნამდვილად მარტივი პასუხია თუმცა არასწორია თავად შეკითხვა. რადგან ღილაკები ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, წრფივად განლაგება მათ აიძულებს ყოველ ჯერზე დაფიქრდნენ რომელი ღილაკი რომელ ქურას შეესაბამება. უკეთესი განლაგება იქნებოდა თავად ქურების კვადრატული განთავსების მსგავსი ღილაკების შემთხვევაშიც.
თითოეული წარუმატებელი დიზაინის უკან დიდი შრომა დგას თუმცა შედეგი მაინც მცდარია. მეოცე საუკუნის შუა წლებში საკმაოდ პოპულარული იყო ტექსტებისთვის sans-serif ფონტების გამოყენება. ეს კატეგორია ძალიან ახლოს არის ასოების თავდაპირველ მოხაზულობასთან. თუმცა, ტექსტის შექმნისას ეს არ არის მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვცდილობთ. კითხვისას ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ასოები ერთმანეთისგან მარტივად გარჩევადი იყოს. თუნდაც ვიქტორიანულად გამოიყურებოდეს, Times Roman შრიფტით აკრეფილ ტექსტში ეს მიზანი ნამდვილად მიღწეულია.
პრობლემების გაუმჯობესებაც შესაძლებელია, ისევე როგორც მათი მოგვარების ხერხების. კომპიუტერული პროგრამების სფეროში გადაუჭრელი პრობლემების ჩანაცვლება შესაძლებელია ექვივალენტური ვერსიით რომელიც ადვილად მოგვარებადია. ფიზიკა ბევრად სწრაფად განვითარდა როდესაც პრობლემა გახდა დაკვირვებადი მოქმედების პროგნოზირება, წმინდა წერილთად მისი შესაბამისობის პოვნის ნაცვლად.
კარგი დიზაინი აჩენს ახალ იდეებს
ჯეინ ოსტინის ნოველებში არ ფიგურირებს აღწერები, ამის სანაცვლოდ ავტორი გიყვებათ როგორ გამოიყურება ყველაფერი და ამას იმდენად კარგად ახერხებს რომ სცენის წარმოდგენა თავისუფლად შეგიძლიათ. ამის მსგავსად, ნახატი რომელიც წარმოსახვისკენ გიბიძგებთ ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე ის რომელიც ყველაფერს პირდაპირ ასახავს. ყველა საკუთარ ისტორიას ქმნის თუნდაც „მონა ლიზა“-ს შესახებ.
არქიტექტურასა და დიზაინში ეს პრინციპი ნიშნავს რომ შენობამ ან ობიექტმა მისი გამოყენების თავისუფლება უნდა მოგცეთ. მაგალითად, კარგი შენობა ფონის როლს შეასრულებს, მიუხედავად იმისა როგორ წარმართავენ ცხოვრებას მისი ბინადრები. ის არ აიძულებს მათ ისე ცხოვრებას როგორც ეს პროექტის განხორციელებისას არქიტექტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.
კომპიუტერულ პროგრამაში ეს ნიშნავს რომ მომხმარებლებს საბაზისო ელემენტები უნდა მისცეთ, რომლებსაც ისინი სურვილისამებრ გააერთიანებენ, როგორც ლეგოს. მათემატიკაში ეს ნიშნავს, რომ მტკიცება რომელიც უამრავ ახალ ნაშრომს დაედო საფუძვლად, სჯობნის მის რთულ ვარიანტს, რომელიც ახალი აღმოჩენების საწინდარი ვერ გახდა. მეცნიერებაში, ზოგადად ციტირება, ღირებულების ხისტი მაჩვენებელია.
კარგი დიზაინი, ხშირად, ოდნავ სასაცილოა
ეს ყოველთვის რეალობას არ შეესაბამება. პოლ გრეემის აზრით დიურერის გრავირების ნიმუშები, საარინენის (Eero Saarinen) womb chair და the Pantheon, ასევე პორშე 911, ოდნავ სასაცილოა. გიოდელის (Kurt Gödel) არასრულობის თეორემას ერთი შეხედვით ხუმრობას გავს.
ეს ალბათ იმის ბრალია, რომ იუმორი დაკავშირებულია სიძლიერესთან. იუმორის გრძნობის ქონა ერთგვარად ნიშნავს სიძლიერეს, რადგან მისი შენარჩუნება უბედურების გადალახვის მექანიზმია, დაკარგვა კი ტრავმის მიღების ნიშანია. ასე რომ, სიძლიერის ნიშნანი ან თუნდაც პრეროგატივაა საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულების არ ქონა. ის ვინც თავდაჯერებულია, მერხლის მსგავსად, მთელს პროცესს მსუბუქად დასცინის, როგორც ამას ჰიჩკოკი (Alfred Hitchcock) აკეთებს საკუთარ ფილმებში ან ბრიუგელი (Pieter Bruegel the Elder) ნახატებში, ან თუნდაც შექსპირი(William Shakespeare).
კარგი დიზაინი აუცილებელი არაა სასაცილო იყოს, მაგრამ რთულია წარმოვიდგინოთ კარგი დიზაინის მაგალითი რომელიც სრულიად იუმორგამოცლილი იქნებოდა.
კარგი დიზაინი რთულია
თვალს თუ გადაავლებთ მათ ვისაც შესანიშნავი ნამუშევრები შეუქმნია, ერთ საერთოდ აღმოაჩენთ, თითოეული მათგანი შრომობდა ძალიან ბევრს. თუ თქვენ არ ხართ შრომისმოყვარე, სავარაუდოდ უბრალოდ დროს ფლანგავთ.
რთული პრობლემები საჭიროებს დიდ ძალისხმევას. მათემატიკაში კომპლექსური მტკიცებები მოითხოვს გენიალურ გადაჭრის გზებს, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა. ამის მაგალითია Ditto დეველოპმენტში.
როდესაც მწვერვალს ლაშქრავთ, თავიდან იშორებთ ყველა არასაჭირო ნივთს. ასევე იქცევა არქიტექტორიც რომელიც შეზღუდულია რთული ლანდშაფტით ან მცირე ბიუჯეტით და უწევს შექმნას ელეგანტური დიზაინი. მოდა და სილამაზე კარგავს პრიორიტეტს მაშინ როდესაც საქმე რთული პრობლემის გადაჭრას ეხება.
ყველა სახის სირთულე აპრიორი კარგი არ არის. არსებობს დადებითი და უარყოფითი ტკივილი. თქვენ გჭრდებათ ის, რომელსაც სირბილის შემდეგ გრძნობთ და არა ის რომელიც ლურსმანზე ფეხის დადგმას მოჰყვება. რთული პრობლემა შეიძლება კარგი იყოს დიზაინერისთვის, მაგრამ არასტაბილური კლიენტი ან უხარისხო მასალა ვერ იქნება.
ფერწერაში ტრადიციულად ყველაზე მაღალი დონე ენიჭენება ნახატებს რომლებზეც ადამიანები არიან გამოსახულნი. არის ამ ტენდენციის მიღმა მიზეზები, გარდა იმისა რომ ნახატებში ადამიანთა სახეების ხილვა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს იწვევს დამთვალიერებლებში. ჩვენ იმდენად მომთხოვნები ვართ სახეების მიმართ, რომ მხატვრებს ვაიძულებთ მძიმე შრომას ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად. თუ დახატავთ ხეს და მისი ტოტის დახრილობას შეცვლით ხუთი გრადუსით ამას ვერავინ შეამჩნევს. თუმცა, თუ ხუთი გრადუსით პორტრეტში თვალის მდებარეობას შეცვლით, ადამიანები ამას აუცილებლად შეამჩნევენ.
როდესაც ბაუჰაუსის (Bauhaus) დიზაინერებმა აითვისეს სალივანის (Louis Sullivan) „ფორმა მიყვება ფუნქციას“ მიდგომა, ეს ნიშნავდა რომ ნებისმიერი ობიექტის მოხაზულობა მისი დანიშნულების შესაბამისი უნდა ყოფილიყო. თუ ფუნქცია საკმარისად რთულია, ფორმა იძულებულია მას მიყვეს, რადგან შეცდომის დაშვება დაუშვებელია. ველური ცხოველები მშვენიერები არიან რადგან რთული ცხოვრება აქვთ.
კარგი დიზაინი მარტივად გამოიყურება
ფენომენალური სპორტსმენების მსგავსად, შესანიშნავი დიზაინერების ნაშრომებიც მარტივად გამოიყურება, თუმცა ეს ძირითადად ილუზიაა. მარტივი სასაუბრო ტონი მაღალი დონის მწერლობაში მხოლოდ მერვე მცდელობისას ჩნდება.
მეცნიერებასა და ინჟინერიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩენები იმდენად მარტივი ჩანს, რომ იმასაც იფიქრებთ ეს იდეები თავად როგორ არ მოგივიდათ თავში. აღმომჩენს კი შეუძლია გკითხოთ: მართლაც, რატომ არ დაფიქრდით ამაზე აქამდე?
ლეონარდოს შექმნილი ზოგიერთი პორტრეტი მხოლოდ რამდენიმე ხაზისგან შედგება. მათი შეხედვისას იფიქრებთ რომ სულ რაღაც რვა ან ათ ხაზს სწორ ადგილას შეუძლია ეს შესანიშნავი პორტრეტი შექმნას. რა თქმა უნდა მთავარია ზუსტად საჭირო ადგილი იყოს შერჩეული. მცირედი შეცდომაც კი დაანგრევს მთელს კომპოზიციას.
ხაზოვანი ხატვა ყველაზე რთული პროცესია ვიზუალიზაციაში, რადგან იდეალურობასთან მაქსიმალურ სიახლოვეს მოითხოვს. მათემატიკურ ტერმინებში ამის ანალოგი დახურული ამოხსნაა (closed-form solution). შედარებით გამოუცდელი არტისტები ანალოგიურ პრობლემებს უმკლავდებიან თანმიმდევრული და მიახლოვებული სტილით. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ბავშვები 10 წლის ასაკში ხატვას თავს ანებებენ, არის ის რომ მათ მოზრდილებივით ხატვა სურთ თუმცა ეჯახებიან დიდ გამოწვევას – პორტრეტების ხაზოვანი ტექნიკით ხატვას.
სფეროების უმრავლესობაში სიმარტივის შთაბეჭდილების უკან დაუსრულებელი ვარჯიში დგას. სავარაუდოდ მრავალი მცდელობის შემდეგ გონება ეჩვევა იმ დავალებების გაუცნობიერებლად შესრულებას, რომლებისთვის ადრე ცნობიერი ძალისხმევა სჭირდებოდა. ზოგ შემთხვევაში სხეულის რეალური გავარჯიშებაა აუცილებელი. პროფესიონალი პიანისტი ბევრად უფრო სწრაფად უკრავს, ვიდრე მისი ტვინი აწვდის მის თითებს შესაბამის სიგნალებს. ამის მსგავსად, მხატვარიც გარკვეული დროის შემდეგ ახერხებს საკუთარი ვიზულური აღქმა და ხელის მოძრაობა ავტომატურობამდე მიიყვანოს, როგოც ის ვინც რითმს ფეხის მოძრაობით ყვება.
როდესაც ადამიანები საუბრობენ „ზონაში“ (ტერმინი პოზიტიური ფსიქოლოგიიდან – გულისხმობს საქმით სრულად მოცვის მდგომარეობას, როდესაც ყურადღება და ენერგია სრულად არის ფოკუსირებული საკითხზე და აქტივობას მოაქვს სიამოვნება) ყოფნაზე, პოლ გრეემის აზრით ისინი გულისხმობენ რომ მათი ზურგის ტვინი აკონტროლებს სიტუაციას. თქვენი ზურგის ტვინი ნაკლებ წინააღმდეგობრივია და ათავისუფლებს ცნობიერების ძალისხმევას რთულ პრობლემებზე სამუშაოდ.
კარგი დიზაინი იყენებს სიმეტრიას
პოლ გრეემის აზრით სიმეტრია სიმარტივის მიღწევის ერთ-ერთი გზაა, თუმცა დამოუკიდებლად განხილვასაც საჭიროებს. ეს კონცეპტი ბუნებაში ხშირად არის გამოყენებული, რაც კარგია.
არსებობს ორი სახის სიმეტრია, განმეორება და რეკურსია. რეკურსია ნიშნავს ისეთი ელემენტების გამეორებას, როგორიცაა მაგალითად ვენების პატერნი ფოთლებზე.
ზოგ სფეროში, ამჟამად სიმეტრია არც ისე პოპულარულია, წარსულ ტენდენციებთან შედარებით. არქიტექტორებმა გაცნობიერებულად დაიწყეს ასიმეტრიული შენობების შექმნა ვიქტორიანულ პერიოდში და 1920-იან წლებში ასიმეტრია მოდერნისტული არქიტექტურის წინაპირობა გახდა. ამ შენობებშიც კი, მხოლოდ ძირითად ღერძები იყო ასიმეტრიული, ასობით მცირე დეტალი კი კვლავ სიმეტრიას ინარჩუნებდა.
მწერლობაში სიმეტრიას ყველა დონეზე ვხვდებით, ფრაზებიდან სიუჟეტის განმავითარებელ წინადადებებამდე, მაგალითად, ნოველებში. ანალოგიურ მოვლენას ვხვდებით მუსიკასა და მხატვრობაშიც. მოზაიკა ( და ზოგი პოლ სეზანის ნამუშევარი) გამოირჩევა მთელი კომპოზიციების ერთი და იგივე „ატომებისგან“ აწყობით. ასეთი სიმეტრია ახასიათებს რამდენიმე განსაკუთრებით დასამახსოვრებელ ნახატს, სადაც ორი ნახევარი ერთმანეთზე რეაგირებს, რისი ნათელი მაგალითებიც არის Creation of Adam ან American Gothic.
მათემატიკასა და პროგრამირებაზე რეკურსია განსაკუთრებით დიდი მიღწევაა. დეველოპმენტში, თუ პრობლემა რეკურსიით გვარდება, ეს სავარაუდოდ მისი საუკეთესო გადაწყვეტაა. ეიფელის კოშკი შთამბეჭდავად გამოიყურება, ნაწილობრივ იმიტომ რომ მასში რეკურსიაა გამოყენებული, ეს არის კოშკი კოშკზე.
სიმეტრიისა და გამეორების მთავარი რისკი არის მისი გამოყენება იდეის სანაცვლოდ.
კარგი დიზაინი ჰგავს ბუნებას
ეს არ ნიშნავს რომ ბუნებასთან მსგავსება არსებითად კარგია, რადგან ბუნებას პრობლემების გადაჭრისთვის დიდი დრო ჰქონდა. თუმცა, პოზიტიური მოვლენაა თუ გზა რომელსაც მიაგენით, წააგავს ბუნების პასუხს.
კოპირება არ უტოლდება უსამართლობას. იდეას, რომ ამბავი უნდა იყოს ცხოვრებისეული, მხოლოდ რამდენიმე მოწინააღმდეგე თუ ჰყავს. რელობიდან აღებული ელემენტები მხატვრობაშიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, თუმცა მისი როლი ხშირად არასწორად არის აღქმული. მიზანი მხოლოდ ჩანაწერის გაკეთება არ არის. მხატვრობაში ცხოვრებისეული დეტალების გადმოტანა გონებას საზრდოს აძლევს: როდესაც თქვენი თვალები რაღაცას უყურებენ, თქვენი ხელები ბევრად უფრო საინტერესო ნამუშევარს შექმნიან.
ბუნების იმიტირებას ინჟინერიაშიც კარგი გამოყენება აქვს. მაგალითად ნავებს აქვთ გრძელი და დატოტილი კორპუსი რომელიც ცხოველის ნეკნების ფორმას იმეორებს. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება უკეთესი ტექნოლოგიის შექმნის ლოდინი, რადგან მაგალითად, პირველი თვითმფრინავები დიზაინერებმა შეცდომით ფრინველების მაგალითზე შექმნეს, თუმცა არ ჰქონდათ ენერგიის წყაროები და მასალები, რომლებიც საკმარისად მსუბუქი იქნებოდა. ( Wrights-ის ძრავი იწონიდა 152 ფუნტს და წარმქმნიდა მხოლოდ 12 ცხენის ძალას) ამ დროს ასევე არ არსებობდა კომპლექსური მოწყობილობების გასაკონტროლებელი სრულყოფილი სისტემები, რომ ასეთ თვითმფრინავებს მართლაც შესძლებოდათ ჩიტებივით ფრენა. თუმცა პირველი მცდელობიდან 50 წლის შემდეგ გაჩნდა სადაზვერვო თვითმფრინავები, რომლებიც ნამდვილად ჰგავდნენ ფრინველებს.
ახლა , როდესაც გვაქვს საკმარისი კომპიუტერული სიმძლავრე შეგვიძლია ბუნების მეთოდებისა და შედეგების იმიტირება. გენეტიკური ალგორითმები საშუალებას გვაძლევს ბევრად უფრო კომპლექსური რაღცების დიზაინი შევქმნათ ვიდრე ჩვეულებრივად იყო ხელმისაწვდომი.
კარგი დიზაინი არის ძველის ცვლილება
ძალიან იშვიათი პირველივე მცდელობისას სასურველი შედეგის მიღება. ექსპერტებს ყოველთვის აქვთ მოლოდინი რომ საწყისი ვერსიის შეცვლა მოუწევთ და გეგმავენ კიდეც ამას.
პირველადი შედეგის გვერდზე გადადებას საკმაოდ დიდი გამბედაობა სჭირდება. ამ დროს უნდა იფიქროთ რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ. როდესაც ადამიანები იწყებენ ხატვას, ხშირად არ უნდათ არასწორი მონაკვეთების ხელახლა დახატვა და კმაყოფილდებიან იმით რომ საკმარისად იღბლიანები აღმოჩნდნენ მიმდინარე დონის მისაღწევად. თანაც ჰგონიათ რომ ხელახალი მცდელობით კიდევ უფრო ცუდ შედეგს მიიღებენ. ამიტომაც თავს ირწმუნებენ იმაში რომ ნახატი არც ისე ცუდია, როდესაც რეალურად შეიძლება უნდოდაც კიდეც ასე დახატვა.
სახიფათო თუმცა საჭირო თვისებაა თვითკრიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა განავითაროთ. ლეონარდოს ნახატებში ხშირად 5-6 მდელობა სჭირდებოდა სწორი ხაზზის მიღებას. პორშეს 911 მოდელის განმასხვავებელი მისი პროტოტიპისგან მხოლოდ ახალი დიზაინი იყო. Wright-ის (Frank Lloyd Wright) ადრეული გუგენჰაიმის (Guggenheim) გეგმებში მარჯვენა ნაწილი იყო ზიქურათი, რომელიც მან შემდგომ ამოაბრუნა და დღევანდელი ფორმა მიიღო.
შეცდომები ბუნებრივია. იმის ნაცვლად რომ ისინი კატასტროფებად აღვიქვათ, უნდა ვეცადოთ მათ გამართივებას და ასეთივე ადვილი მოგვარების გზის პოვნას. ლეონარდომ მეტნაკლებად გამოიგონა ესკიზი, იმისთვის რომ ხატვის პროცესში მეტი სივრცე დარჩენილიყო ძიებისთვის. ღია წვდომის (Open-source) პროგრამებში ნაკლები ხარვეზებია, რადგან აქ აღიარებულია მათი არსებობის შესაძლებლობა.
საჭიროა კომპრომისი იმისთვის რომ ცვლილება გამარტივდეს. რპდესაც ზეთის საღებავებმა ჩაანაცვლა ტემპერა მე-15 საუკუნეში, ეს დაეხმარა მხატვრებს ისეთ რთულ საკითხებთან გამკლავებაში, როგორიც ადამიანის ფიგურის გამოსახვაა, რადგან ტემპერასგან განსხვავებით ზეთის საღებავების შერევა და მასზე გადახატვაა შესაძლებელი.
სილამაზე არის პირველი გაამოცდა: ამ სამყაროში არ არსებობს მუდმივი ადგილი მახინჯი მათემატიკისთვის.
H. Hardy, A Mathematician’s Apology
კარგ დიზაინს შეუძლია კოპირება
კოპირების მიმართ დამოკიდებულება ხშირად ჩაკეტილ წრეს ქმნის. ახალბედა იმიტაციას გაუაზრებლად მიმართავს, შემდეგ ის ამას ორიგინალურობისთვის უკვე გაცნობიერებულად აკეთებს, ბოლოს კი მიდის დასკვნამდე რომ უფრო მნიშვნელოვანია იყო მართალი ვიდრე ორიგინალური.
იმიტაციასთან გაუცხოვება თითქმის პირდაპირი რეცეპტია ცუდი დიზაინისთვის. თუ არ იცით რას ეფუძნება თქვენი იდეები, სავარაუდოდ ბაძავთ მიმბაძველს. რაფაელის ნამუშევრები იმდენად გაჟღენდთილია მე-19 საუკუნის გემოვნებით, რომ თითქმის ყველა ვინც იმ დროს ხატვას ცდილობდა ყველა მას ბაძავდა. პრერაფაელიტებს სწორედ ეს აწუხებდათ, თავად რაფაელის ნამუშევრებზე მეტად.
ამბიციურ ადამიანებს დიდად არ ხიბლავთ იმიტაცია. გემოვნების განვითარების მეორე ფაზა არის გაცნობიერებული მცდელობა იყო ორიგინალური.
პოლ გრეემის აზრით ყველაზე დიადი ოსტატები ცდილობენ მიაღწიონ ერთგვარ დისტანცირებას საკუთარი თავისგან. მათ უბრალოდ უნდათ სწორი პასუხის პოვნა და თუ ამ პასუხის რაღაც ნაწილი სხვამ უკვე აღმოაჩინა, არ არსებობს მიზეზი მისი არ გამოყენებისთვის. ისინი საკმაოდ თავდაჯერებულები არიან იმისათვის რომ ნებისმიერისგან აიღონ რაღაც, პროცესში საკუთარი ხედვის დაკარგვის შიშის გარეშე.
კარგი დიზაინი ხშირად უცნაურია
საუკეთესო ნამუშევრების ნაწილს აქვს არაორდინალური ხარისხი. ეილერის ფორმულა (Euler’s Formula), ბრიუგელის „მონადირეები თოვლში“ (Pieter Bruegel the Elder -Hunters in the Snow), სამხედრო თვითმფრინავი SR-71 და LISP პროგრამირების ენა, არამხოლოდ ლამაზია, არამედ უცნაურად ლამაზიც.
პოლ გრეემის მიერ დასახელებული დიზაინის ყველა სხვა თვისება განვითარებადია, თუმცა სავარაუდოდ იგივე პრინციპი უცნაურობაზე არ ვრცელდება. ყველაზე კარგი ამ მხრივ რაც შეიძლება გააკეთოთ, ეს ისაა რომ არ გაანადგუროთ ასეთი ელფერის მქონე ნამუშევარი და უბრალოდ მისცეთ მას არსებობის უფლება. აინშტაინს (Albert Einstein) სულაც არ უცდია ფარდობითობა უცნაურად წარმოეჩინა, ის ცდილობდა მისი ნამდვილობის დადასტურებას. საბოლოო ჯამში სიმართლე უცნაური აღმოჩნდა.
სამხატვრო სკოლაშ, სადაც პოლი სწვალობდა, ყველა სტუდენტის სანუკვარი სურვილი ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბება იყო. მაგრამ თუ უბრალოდ მოინდომებთ და ცდით კარგი რაღაცის შექნას, ეს აუცილებლად სხვებისგან განსხვავებულად გამოგივათ, დაახლოებით ისევე როგორც ეს ნებისმიერი ადამიანის სიარულის მანერის შემთხვევაში ხდება. მიქელანჯელო არ ცდილობდა დაეხატა ისე როგორც მიქელანჯელოს. ის უბრალოდ ცდილობდა რომ ეხატა კარგად და ბუნებრივია მისი სტილი მხოლოდ მას გამოხატავდა.
ერთადერთი სტილი, ტომლის შენარჩუნებაც ღირს არის ის რაც ბუნებრივად გაქვთ. ეს განსაკუთრებულად რელევანტურია უცნაურობასთან მიმართებით, რადგან ამ ეფექტის მიღწევის მოკლე გზა არ არსებობს. ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი, რომელსაც მანერისტები, რომატიკოსები და ამერიკული საშუალო სკოლის მოსწავლეების ორი თაობა გაუთავებლად ეძებდა, არ არსებობს. იქ მოხვედრის ერთადერთი გზა კი სიკეთეზე გადის.
კარგი დიზაინი ვითარდება კოლექტიურად
მეთხუთმეტე საუკუნის ფლორენციის ბინადრები იყვნენ Brunelleschi, Ghiberti, Donatello, Masaccio, Filippo Lippi, Fra Angelico, Verrocchio, Botticelli, Leonardo და Michelangelo. იმავე დროს მილანიც იმ ზომის იყო რამხელაც ფლორენცია, თუმცა რამდენი მილანელი მეთხუთმეტე საუკუნის მხატვრის დასახელება შეგიძლიათ?
მეთხუთმეტე საუკუნის ფლორენციაში ნამდვილად რაღაც ხდებოდა და ამას არაფერი აქვს საერთო მემკვიდრეობასთან, რადგან იგივე მოვლენებს ახლა ვერ ვხედავთ. უნდა მივიჩნიოთ რომ მიუხედავად თანდაყოლილი შესაძლებლობებისა, რაც ლეონარდოსა და მიქელანჯელოს ჰქონდათ, მილანშიც არსებობდნენ ანალოგიური მონაცემების მქონე ადამიანები. მაშინ რა დაემართა მილანელ ლეონარდოს?
დღევანდელ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეთხუთმეტე საუკუნის ფლორენციასთან შედარებით დაახლოებით 1000ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს. ათასობით ლეონარდო და მიქელანჯელო დადის ჩვენ შორის. ეს მხოლოდ გენეტიკაზე რომ იყოს დამოკიდებული, მხატვრობის შედევრებს ყოველდღე ვიხილავდით. ასე არ ხდება და სავარაუდოდ მიზეზი ისაა რომ ლეონარდოს შესაქმნელად ნიჭზე მეტი რამ არის საჭირო. მაგალითად 1450 წლის ფლორენცია.
არაფერია იმაზე ძლიერი ვიდრე ნიჭიერი ადამიანების საზოგადოება, რომლებიც საერთო პრობლემებზე მუშაობენ. გენებს შედარებით მცირე მნიშვნელობა ენიჭება. გენეტიკურად ლეონარდოსთან მსგავსება არ იქნებოდა იმდენად ღირებული, რამდენადაც იმ პერიოდში ფლორენციასთან ახლოს ცხოვრება და არა მილანთან. დღევანდელ სამყაროში გადაადგილება უფრო მარტივი და ხშირია ვიდრე მაშინ იყო შესაძლებელი, მაგრამ შესანიშნავი ნამუშევრები მაინც არაპროპორციულადაა სამყაროში განაწილებული და რამდენიმე ცხელი წერტილიდან მოედინება, როგორებიცაა: the Bauhaus, the Manhattan Project, the New Yorker, Lockheed’s Skunk Works, Xerox Parc.
ნებისმიერ დროს ამ ადგილებში რამდენიმე აქტუალურ თემაზე რამდენიმე გუნდი მუშაობს და ქმნის ფენომენალურ ნამუშევრებს. დამოუკიდებლად ასეთი მასშტაბის შედეგების მიღწევა თითქმის შეუძლებელია თუ მოვლენების ეპიცენტრიდან ზედმეტად შორს იქნებით. თქვენ მხოლოდ გარკვეულწილად შეგიძლიათ მოიზიდოთ ან უარყოთ ტენდენციები, მაგრამ მათგან სრულად განთავისუფლება შეუძლებელია. (შეიძლება მოახერხოთ კიდევაც, მაგრამ მილანელმა ლეონარდომ ვერ შეძლო).
კარგი დიზაინი ხშირად გაბედულია
ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ადამიანებს განსხვავებული მაგრამ არაადეკვატური და სასაცილო რწმენები ჰქონდათ. თანაც ისე ძლიერად სჯეროდათ რომ წინააღმდეგობის გაწევა ფაქტობრივად გარიყვის ან ძალადობის რისკს მოიცავდა.
ჩვენი დრო რომ რამით განსხვავებული ყოფილიყო, შესანიშნავი იქნებოდა, თუმცა პოლ გრეემი დიდ პროგრესს ამ მხრივ ვერ ხედავს შორეულ წარსულსა და აწმყოს შორის.
ეს პრობლემა არამხოლოდ ყველა ერას,არამედ თითქმის ყველა სფეროსაც აწუხებს. რენესანსის პერიოდის ხელოვნება თავის დროზე შოკისმომგვრელას სეკურალურად ითვლებოდა. ვაზარის (Giorgio Vasari) თანახმად ბოტიჩელიმ (Sandro Botticelli) მოინანია და მიატოვა ხატვა, ფრა ბართოლომეომ (Fra Bartolommeo) და ლორენცი დი კრედიმ (Lorenzo di Credi) რეალურად რამდენიმე საკუთარი ნამუშევარი დაწვეს. აინშტაინის ფარდობითობის თეორია შეურაცხმყოფელი იყო მისი თანამედროვე ფიზიკოსებისთვის და ათწლეულები გავიდა მის სრულ აღიარებამდე, საფრანგეთში 1950-იან წლებამდეც კი გაგრძელდა ეს პროცესი.
დღევანდელი ექსპერიმენტალური შეცდომა ხვალინდელი ახალი თეორიაა. თუ გსურთ დიადი აღმოჩენების მიგნება, იმის ნაცვლად რომ თვალი დახუჭოთ თემებზე სადაც კლასიკური სიბრძნე და სინამდვილე ერთმანეთს არ შეესაბამება, პირიქით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ.
პოლ გრეემის აზრით უფრო ადვილია სიმახინჯის დანახვა ვიდრე სილამაზის წარმოდგენა. ადამიანთა უმრავლესობა, რომლებმაც მშვენიერი რაღაცები შექმნეს, შედეგს ისეთი რამეების გამოსწორებით მიაღწიეს რაც თავდაპირველად მახინჯად ჩათვალეს. შესანიშნავი ნამუშევრების შექმნის წინაპირობაა ადამიანი, რომელიც რაიმეს დანახვის შემდეგ ფიქრობს რომ იმავეს უკეთესად გააკეთებდა. მაგალითად ჯოტო (Giotto di Bondone) უყურებდა ტრადიციულ ბიზანტიურ მადონებს, რომლებიც ფორმულის მიხედვით იყო დახატული და აკმაყოფილებდა ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში, თუმცა მისთვის ისინი არაბუნებრივად და უსულოდ გამოყურებოდნენ. კოპერნიკს (Nicolaus Copernicus) აწუხებდა ხრიკი, რომელსაც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ მისი თანამედროვეები, მას კი მიაჩნდა რომ უკეთესი გადაწყვეტის პოვნა შეეძლო.
სიმახინჯის მიუღებლობა თავისთავად საკმარისი არ არის. აუცილებელია სფეროში კარგად იყოთ გარკვეული, იმისთვის რომ ამოიცნოთ რას სჭირდება გაუმჯობესება. ასე ვთქვათ, საშინაო დავალება უნდა შეასრულოთ. თუმცა, როდესაც ექსპერტულ ცოდნას მიაღწევთ კონკრეტულ მიმართულებაში, ნელნელა გამოჩნდება შინაგანი ხმაც, რომელიც გაგიძღვებათ უკეთესი გზისკენ. ნუ დატოვებთ ამ ხმას უპასუხოთ, განავითარეთ ის. შესანიშნავი ნამუშევრის შექმნის რეცეპტი კი ასეთია: ძალიან მომთხოვნი გემოვნება + მისი დაკმაყოფილების უნარი.
Powered by Stepan Parunashvili