fbpx

როგორ შევქმნათ სიმდიდრე – Paul Graham

სიმდიდრე

როგორ შევქმნათ სიმდიდრე – Paul Graham

რას გააკეთებდით მატერიალური წარმატების მისაღწევად?

სავარაუდოდ ამ მიზნის მისაღწევად თქვენი საუკეთესო არჩევანი იქნებოდა სტარტაპის წამოწყება ან არსებულში გაწევრიანება. სიმდიდრის მოპოვებისთვის ეს გზა საუკუნეების მანძილზე ყველაზე სანდო მეთოდად ითვლება. თავად სიტყვა „სტარტაპი“ 1960 წლიდან გამოიყენება, ხოლო მისი შიდა პროცესები ძალიან გაქვს შუა საუკუნეების სავაჭრო მოგზაურობებს, რომლებიც საწარმოების მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

სტარტაპები ხშირ შემთხვევაში მოიცავენ ტექნოლოგიებს, იმდენადაც კი, რომ სიტყვათა შეთანხმება „მაღალტექნოლოგიური სტარტაპი“ სრულიად ზედმეტი ხდება. სტარტაპი არის მცირე ზომის კომპანია, რომელიც მასშტაბურ ტექნიკურ პრობლემაზე მუშაობს.

უამრავი ადამიანი მატერიალურ წარმატებას მხოლოდ ამ ცოდნითაც აღწევს. აუცილებელი არაა ფიზიკაში გასაოცარი განათლების ქონა იმისთვის რომ კარგი პრეზენტატორი იყოთ (pitcher). თუმცა, ეს ნამდვილად უპირატესობა იქნებოდა საფუძვლების უკეთ აღქმისთვის. რატომ უნდა იყოს სტარტაპი პატარა? სტარტაპი თუ გაიზრდება სტარტაპი აღარ იქნება? და რატომ მუშაობენ ისინი ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე ასე ხშირად? რატომ არსებობს ამდენი სტარტაპი, რომლებიც ყიდიან ახალ მედიკამენტებს ან კომპიუტერულ პროგრამებს და არა სიმინდის ზეთს ან სარეცხის ფხვნილს?

შეთავაზება

ეკონომუკურად, სტარტაპი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც გზა რომელიც მთელს თქვენს კარიერულ ცხოვრებას რამდენიმე წელიწადში ჩაატევს. დაბალი ინტენსივობის სამსახურში 40 წელი მუშაობის ნაცვლად, შესაძლებლობის მაქსიმალურ დონეზე იმუშავებთ 4 წელი. ეს კონცეფცია განსაკუთრებით ეფექტურია ტექნოლოგიების სფეროში, სადაც სისწრაფე მაღალშემოსავლიანობას უზრუნველყოფს.

ეკონომიკური შემოთავაზების მცირე აღწერა ასე გამოიყურება: თუ საშუალოდ კვალიფიციური ხართ 20-30 წლის ასაკში, შეგიძლიათ მოიპოვოთ სამსახური რომელიც წელიწადში 80 000$-ს გადაგიხდით.  აქ რამდენიმე ვერსია გვაქვს მოვლენების განვითარების: საშუალო კვალიფიკაციის კადრი მინიმუმ 80 000$-ს გამოიმუშავებს წელიწადში, მას სავარაუდოდ შეუძლია საშტატო თანამშრომლებზე ორჯერ მეტი სამუშაო საათიც აითვისოს და საკმარისი კონცენტრაციის შემთხვევაში სამჯერ მეტი საქმე გააკეთოს თითო საათის განმავლობაში. თუ ამგვარ მონდომებას გამოიჩენს ადამიანი, მინიმუმ დიდი კომპანიის მომქანცველ იერარქიას აირიდებს თავიდან. აქვე ჩნდება კითხვა:

რამდენად ჭკვიანი ხართ იმასთან შედარებით ვიდრე ამას თქვენი სამუშაო აღწერილობა მოითხოვს?

მასაც მინიმუმ სამი სავარაუდო პასუხი აქვს. თუ ყველა ზემოხსენებულ ფაქტორს გავითვალისწინებთ, ნათელი გახდება, რომ შეგიძლიათ დაახლოებით 36ჯერ მეტად პროდუქტიული იყოთ ვიდრე რომელიმე მოსაწყენ საოფისე სამსახურში იქნებოდით და თუ საშუალო დონის კადრი დიდ კომპანიაში 80 000$-ს გამოიმუშავებს, მაღალკვალიფიციური პირი კორპორატიული წნეხის გარეშე საშუალოდ 3 მილიონი დოლარის ღირებულების საქმეს შეასრულებს.

საკუთარი პოტენციალის გამოთვლის ეს სისტემა სანდოდ მიაჩნია პოლ გრეემს. მისი აზრით საშუალო მაჩვენებლის მულტიპლიკატორი შეიძლება იყოს  ან არ იყოს 36, მაგრამ ის ნამდვილად იქნება მინიმუმ 10 და იშვიათად 100-ც კი.

შეიძლება 3 მილიონი დოლარი დიდ თანხად მოგეჩვენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს ფაქტობრივად საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობას, თავისუფალი დროის არარსებობას და სავარაუდოდ ჯამრთელობის რისკებსაც კი მოიცავს.

სტარტაპი არ არის მაგია. ის არ ცვლის მატერიალური წარმატების მიღწევის დაუწერელ კანონებს. ის უბრალოდ წარმოადგენს სიმდიდრის განაწილების მრუდის საბოლოო წერტილს. აქ ერთგვარი კონსერვაციის წესი მოქმედებს: თუ გსურთ მილიონი დოლარის გამომუშავება, მილიონი დოლარის ღირებულების ტკივილს უნდა გაუძლოთ. მაგალითად, მილიონი დოლარის მიღების ერთი გზა მთელი ცხოვრება ფოსტაში მუშაობა და ხელფასის ყოველი ცენტის შენახვაა. წარმოიდგინეთ რამხელა სტრესს უკავშირდება ფოსტაში 50 წელი მუშაობა. სტარტაპში ამ სტრესის მოცულობას ატევთ  3-4 წელში. ფაქტობრივად მცირე შეღავათს მიიღებთ თუ მთელი ეკონომიკის მასშტაბის ტკივილს მოერევით, მაგრამ კონსერვაციის კანონს მაინც ვერ გაექცევით. სტარტაპის წამოწყება ადვილი რომ იყოს, ამას ხომ ყველა გააკეთებდა.

მილიონები და არა მილიარდები

თუ ზოგ ადამიანს 3 მილიონი დოლარი დიდი თანხა ჰქონია, სხვებმა შეიძლება ზედმეტად მცირედაც კი მიიჩნიონ. 3 მილიონი? ამ ტემპით როგორ უნდა გახდეთ ბილ გეითსივით (Bill Gates) მილიარდერი?

თუმცა დავივიწყოთ ბილ გეითსი ცოტა ხნით. თავიდანვე განსაკუთრებით მდიდარი ადამიანების მაგალითებით დაწყება არ იქნება სწორი, მით უმეტეს რომ პრესაც ზუსტად მხოლოდ ამ უმცირესობაზე აკეთებს აქცენტს. ბილ გეითსი არის ჭკვიანი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე კაცი, თუმცა ამაზე ბევრად მეტი რამ არის საჭირო მატერიალური წარმატების იმ დონის მისაღწევად, რომელსაც ის ფლობს. ყველა ზემოხსენებულ თვისებასთან ერთად ძალიან იღბლიანიც უნდა იყოთ.

შემთხვევითობა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ნებისმიერი კომპანიის წარმატებაში. ადამიანები, რომლებზეც ჟურნალებში ვკითხულობთ, რა თქმა უნდა ძალიან ჭკვიანები და მიზანდასახულები არიან, თუმცა ლატარიასაც იგებენ. ბილ გეითსიც ჭკვიანი და მიზადასახულია, მაგრამ ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ Microsoft მონაწილეობდა ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ შეცდომაშიც, კერძოდ სალიცენზიო გარიგებაში DOS-თან. ეჭვგარეშეა, რომ ბილ გეითსმა ყველაფერი გააკეთა IBM-ის ამ შეცდომის სამართავად და მშვენივრად გამოიყენა ეს სიტუაცია. IBM-ის მხარეს რომ ყოფილიყო ანალოგიური გონების მქონე  ერთი ადამიანი მაინც, Microsoft-ის მომავალი სრულიად სხვანაირი იქნებოდა. იმ დროისთვის Microsoft-ს IBM-თან მიმართებით მინიმალური უპირატესობა გააჩნდა, რადგან კომპონენტების ეფექტური მიმწოდებელი იყო. IBM-ს რომ ექსკლუზიური ლიცენზია მოეთხოვა, რაც სწორი იქნებოდა, Microsoft მაინც მოაწერდა ხელს შეთანხმებას და მაინც მიიღებდა ამისთვის დიდ თანხას, მაგრამ IBM მარტივად შეიძენდა ოპერაციულ სისტემას რომელიმე სხვა კომპანიისგან.

ამის ნაცვლად IBM-მა მთელი საკუთარი ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის რომ ბაზარზე Microsoft-ს ჰქონოდა სრული კონტროლი კომპიუტერულ სტანდარტებზე. ამის შემდეგ Microsoft-ს უბრალოდ უნდა მიეწოდებინა სერვისი, ყოველგვარი რთული გადაწყვეტილებების გარეშე. საკმარისი იყო ხისტად ეთამაშა საკუთარ ლიცენზიანტებთან და ინოვაციური ტექნოლოგიები სხვებისგან საკმარისად სწრაფად და გონივრულად გადმოეღო.

რომ არა IBM-ის ასეთი შეცდომა, Microsoft მაინც წარმატებული კომპანია იქნებოდა, მაგრამ ასე სწრაფად და ასეთი მასშტაბით ვერ განვითარდებოდა. ბილ გეითსიც მდიდარი იქნებოდა, თუმცა სავარაუდოდ Forbes-ის სიაში დაახლოებით 400-ის ნიშნულთან დაიკავებდა ადგილს, სხვა მისი ასაკის ადამიანების გვერდით.

მატერიალური წარმატების მიღწევის უამრავი მეთოდი არსებობს, პოლ გრეემი კი საკუთარ ესსეში მხოლოდ ერთ მათგანზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ: როგორ გამოვიმუშავოთ ფული სიმდიდრის შექმნით და ამაში ანაზღაურების მიღებით. თუმცა საკმაოდ ბევრი სხვა ვარიანტიც არსებობს შედეგის მისაღწევად: იღბალი, სპეკულაცია, ქორწინება, მემკვიდრეობის მიღება, ქურდობა, გამოძალვა, თაღლითობა, მონოპოლია, ძარცვა. ლობირება, ფალსიფიკაცია და ნადირობა ამა თუ იმ რესურსზე. ყველაზე მასშტაბური სიმდიდრის დაგროვების შემთხვევებში რამდენიმე მათგანი მაინც მონაწილეობდა ერთდროულად.

სიმდიდრის შექმნა, როგორც მატერიალური წარმატების მიღწევის გზა, არამარტო უფრო ლეგიტიმურია  ვიდრე სხვა ვარიანტები (ბევრი მეთოდი ლეგალური აღარაა), არამედ უფრო პირდაპირიც. უბრალოდ საჭოროა ისეთი რამ შექმნათ რაც ადამიანებს სურთ.

ფული არ არის სიმდიდრე

თუ სიმდიდრის შექმნა გსურთ, აუცილებელია იცოდეთ მისი მნიშვნელობა. სიმდიდრე და ფული ერთი და იგივე არ არის. სიმდიდრე ისეთივე ძველი კონცეფციაა, როგორც თავად კაცობრიობა. უფრო ძველიც კი, რადგან მაგალითად, ჭიანჭველებსაც გააჩნიათ სიმდიდრე. ფული კი შედარებით ახალი გამოგონებაა.

სიმდიდრე ფუნდამენტურია. ეს არის ის რაც გვინდა: საკვები, სამოსი, სახლები, მანქანები, მოწყობილობები, საინტერესო ადგილებში მოგზაურობა და ა.შ. შეგიძლიათ გქონდეთ სიმდიდრე ფულის გარეშე. მაგალითად: ჯადოსნური მანქანა რომ გქონოდათ, რომელიც თქვენი ბრძანების შემდეგ აგიწყობდათ მანქანას, ან მოგიმზადებთათ სადილს, დარეცხავდა სარეცხს ან გააკეთებდა ნებისმიერ სხვა რამეს რასაც დაავალებდით.  მაგრამ, ანტარქტიდაზე რომ ყოფილიყავით, სადაც საყიდელი არაფერია, არ ექნებოდა მნიშვნელობა გექნებოდათ თუ არა ფული.

სიმდიდრე არის ის რაც გინდათ და არა ფული. მაგრამ, თუ სიმდიდრეა მთავარი, ყველა ფულზე რატომ საუბრობს? ეს ერთგვარი სტენოგრამაა: ფული სიმდიდრის გადაადგილების გზას წარმოადგენს. პრაქტიკაში ისინი ურთიერთგაცვლადია, მაგრამ ერთი და იგივე მნიშვნელობას არ ატარებს. თუ მატერიალური წარმატების მიღწევისთვის გაყალბების გზის გამოყენებას არ გეგმავთ, ფულზე საუბარი გაგირთულებთ მისი გამომუშავების პრინციპების გაგებას.

ფული, საქმის სპეციალიზაციით დაყოფის გვერდითი მოვლენაა. სპეციალიზირებულ საზოგადოებაში, იმ ნივთების უმრავლესობას თავად ვერ ქმნით, რომლებიც გჭირდებათ. თუ გინდათ კარტოფილი, ფანქარი ან სახლი, ის სხვისგან უნდა მიიღოთ.

როგორ აიძულებთ ადამიანს, რომელსაც კარტოფილი მოჰყავს, მოგცეთ მოსავლის ნაწილი? მისთვის ისეთი რამის მიცემით, რაც უნდა. თუმცა, პირდაპირი მიმოცვლით შორს ვერ წახვალთ. თუ ვიოლინოებს ამზადებთ და არცერთ ადგილობრივ ფერმერს არ უნდა თქვენი ვიოლინო, როგორ გამოკვებავთ საკუთარ თავს?

საზოგადოებამ იპოვა გამოსავალი, სპეციალიზაციის პარალელურად, რაც ვაჭრობის 2 ეტაპიან პროცესად გარდაქმნა იყო. ნაცვლად იმისა რომ ვიოლინო პირდაპირ კარტოფილში გაცვალოთ, თქვენ ცვლით ვიოლინოს მაგალითად ვერცხლში, რაც შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რამის მისაღებად რაც გიდნათ.  ამ მიმოცვლის პროცესში გამაშუალებელი ობიექტი უნდა იყოს რაიმე განსაკუთრებულად იშვიათი და მარტივად გადასატანი. ისტორიულად ასეთი ობიექტები მეტალები იყო, თუმცა ბოლო დროს მიმოცვლაში გამოიყენება დოლარი, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. ის გამოიყენება ვაჭრობის გამაშუალებლად, რადგან მისი იშვიათობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ არის გარანტირებული.

ასეთი გამაშუალებლის არსებობის უპირატესობა ისაა რომ ის ვაჭრობის ეფექტურ პროცესს უზრუნველყოფს. ნაკლი კი ისაა რომ ეს ობიექტი ხშირად ამახინჯებს ვაჭრობის რეალურ მნიშვნელობას. ადამიანები ფიქრობენ რომ ბიზნესის საქმე ფულის მოტანაა. მაგრამ, ფული მხოლოდ შუალედური ეტაპია, უბრალო სტენოგრამი, იმისთვის რაც ადამიანებს უნდათ. რასაც სტარტაპების უმეტესობა ქმნის არის სწორედ სიმდიდრე. ისინი ქმნიან იმას რაც ხალხს უნდა.

მცდარი წარმოდგენები

ადამიანების უმრავლესობა ბავშვობიდან ინარჩუნებს წარმოდგენას რომ სამყაროში არსებობს სიმდიდრის ფიქსირებული რაოდენობა. ნებისმიერ ოჯახში ყოველ მოცემულ მომენტში არის კონკრეტული თანხა, თუმცა ეს ორი საკითხი ერთი და იგივე მნიშნელობას არ ატარებს.

როდესაც სიმდიდრე ამ კონტექტსში განიხილება, მას ხშირად ახასიათებენ როგორც ნამცხვარს. პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ: „თქვენ არ შეგიძლიათ ნამხვარი გაზარდოთ“. როდესაც საუბარია ერთი ოჯახის საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხაზე ან სახელმწიფოს ერთი წლის ბიუჯეტზე, ეს მიდგომა სწორია. იმისათვის რომ ერთმა ადამიანმა მეტი მიიღოს, მეორემ ნაკლები უნდა მიიღოს.

თავად პოლიც იხსენებს ბავშვობაში როგორ სჯეროდა, რომ თუ რამდენიმე მდიდარ ადამიანს ქონდა მთელი ფული, დანარჩენებისთვის ცოტა რჩებოდა. ბევრ ადამიანს ასეთი წარმოდგენები უკვე ზრდასრულ ასაკშიც აქვს. ეს მცდარი აზრი, როგორც წესი, ფონს ქმნის, როდესაც განიხილება რომ საზოგადოების x პროცენტს აქვს y პროცენტი სიმდიდრე. თუ გეგმავთ სტარტაპის წამოწყებას, თქვენ აუცილებლად დაანგრევთ ამ მცდარ წარმოდგენებს. (მიუხედავად იმისა ახლა გჯერათ თუ არა მათი)

ფულის აბსტრაქტულობაა ხშირ შემთხვევაში ადამიანებში ასეთი მცდარი აზრების ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი. ფული ხომ სიმდიდრე არ არის. ის უბრალოდ სიმდიდრის გადაადგილების საშუალებაა. მიუხედავად იმისა რომ გარკვეულ მომენტებში (მაგალითად თქვენი ოჯახი ამ თვეში) ფიქსირებული თანხაა ხელმისაწვდომი თქვენთვის სასურველი რაღაცების ყიდვისთვის, სამყაროში სიმდიდრის ფიქსირებული მოცულობა არ არსებობს. ყოველთვის შესაძლებელია მეტი სიმდიდრის შექმნა. სიმდიდრე მუდმივად იქმნება და ნადგურდება (ბალანსირებულად) კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში.

დავუშვათ, გყავთ ძველი მანქანა. არაფრის კეთების ნაცვლად, შეგიძლიათ ზაფხულში მისი რესტავრაცია პირვანდელ მდგომარეობამდე. ასე მოქმედებით თქვენ ქმნით სიმდიდრეს. სამყარო და განსაკუთრებით თქვენ, ერთი შესანიშნავი მანქანით უფრო მდიდარი ხდებით. არა მხოლოდ მეტაფორულად, რადგან თუ ამ მანქანას შემდეგ გაყიდით კიდევ უფრო მეტ მოგებას მიიღებთ.

ძველი მანქანის რესტავრაციით თქვენ საკუთარი თავი გაამდიდრეთ. არავინ არ გაგიღატაკებიათ ამის პარალელურად. რაც იმას ნიშნავს რომ ფიქსირებული „ნამცხვარი“ არ არსებობს. როდესაც ამ კუთხით შეხედავთ საკითხს, მიხვდებით რომ საერთოდ უსაფუძვლო იყო ასეთი ფიქრები თავიდანვე.

ბავშვებმაც დიდი გაცნობიერების გარეშე, უკვე იციან რომ შეუძლიათ სიმდიდრის შექმნა. თუ გინდათ რომ ვინმეს საჩუქარი აჩუქოთ მაგრამ ამისთვის ფული არ გაქვთ, თავად ქმნით საჩუქარს.  რა თმა უნდა, ის პატარა ხელნაკეთი საჩუქრები რაც მშობლებისთვის გვიჩუქნია ბავშვობაში, არ ფლობდნენ გაყიდვის პოტენციალს, თუმცა ეს იყო ჩვენს მიერ სიმდიდრის შექმნის პირველი მცდელობები.

ხელოსნები

ყველაზე უკეთ სიმდიდრის შექმნის პრინციპს ის ადამიანები იაზრებენ, რომლებსაც ამა თუ იმ ნივთის შექმნა შეუძლიათ, მაგალითად, ხელოსნებს. მათი ხელნაკეთი პროდუქცია მაღაზიებში გაყიდვადი ხდება. ინდუსტრიალიზაციის მზარდი ტემპების პარალელურად ასეთი ადამიანების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს უძლებს, არის დეველოპერების ჯგუფი.

დეველოპერს შეუძლია მიუჯდეს კომპიუტერს და დაიწყოს სიმდიდრის შექმნა. კარგი პროგრამა თავისთავად ღირბეული პროდუქტია. მას არ ჭირდება წარმოების ეტაპების გავლა, დეველოპერის მიერ აკრეფილი სიმბოლოები უკვე დასრულებულ პროდუქტს ქმნის. ვინმემ რომ ახალი მუშა ვებ ბრაუზერი შექმნას, მსოფლიო ამდენადვე გამდიდრდება.

კომპანიებში დასაქმებულები ერთად მუშაობენ სიმდიდრის შესაქმნელად, ანუ ისეთი რამის გასაკეთებლად რაც ადამიანებს უნდათ, უფრო დიდი რაოდენობით. რა თქმა უნდა აქ ისეთი თანამშრომლებიც არიან, რომლებიც პირდაპირ არ მონაწილეობენ პროდუქტის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად სიმდიდრის შექმნის პროცესი დეველოპერებს უკეთ ესმით. სიმდიდრე არის ის რასაც ვქმნით და არა ის რასაც ვანაწილებთ, როგორც მშობელი პიცის ნაჭრებს.

რა თქმა უნდა, დეველოპერებს შორის არსებობს დიდი განსხვავება მათ მიერ შექმნილი სიმდიდრის ღირებულებასა და სიჩქარეში. პოლი იხსენებს Viaweb-ის ერთ-ერთ დეველოპერს, რომელიც გასაოცრად პროდუქტიული იყო. მისი ერთდღიანი მუშაობა კომპანიის ღირებულებას რამდენიმე ათასი დოლარით ზრდიდა ბაზარზე. შესანიშნავ დეველოპერს იგივე მაჩვენებლის მილიონობით დოლარით გაუმჯობესება შეუძლია სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში. საშუალო კვალიფიკაციის თანამშრომელმა შესაძლოა მაჩვენებელი არამხოლოდ ვერ შეცვალოს არამედ ნეგატიური ცვლილებებიც კი წარმოქმნას. ( მაგალითად, პროგრამული ხარვეზების ე.წ. ბაგების გამოწვევით)

ამიტომაც, დეველოპერების უმრავლესობა ლიბერტარიანელები არიან. ჩვენს სამყაროში ან გაცურავ ან ჩაიძირები, თავის გამართლებას  არანაირი აზრი არ აქვს. როდესაც მათ, ვინც არ მონაწილეობს სიმდიდრის შექმნაში, (მაგალითად, რეპორტიორები, პოლიტიკოსები და სხვა) ესმით, რომ სამყაროს ყველაზე მდიდარ ადამიანთა 5%-ს მთელი მსოფლიოს სიმდიდრის ნახევარი აქვს, ისინი ამას უსამართლობად აღიქვამენ. გამოცდილი დეველოპერები კი დიდი ალბათობით იფიქრებენ: ნუთუ სულ ეს არის? რადგან საუკეთესო დეველოპერების 5% ქმნის კარგი პროგრამების 99%-ს.

სიმდიდრის შექმნა ისეც შეიძლება, რომ ის არ გაიყიდოს. მეცნიერების უმრავლესობა უახლეს პერიოდამდე საკუთარ შექმნილ სიმდიდრეს კაცობრიობას ფაქტობრივად უსასყიდლოდ გადასცემდა. თითოეული ჩვენგანი გაამდიდრა პენიცილინის აღმოჩენამ, რადგან ახლა ნაკლებ სავარაუდოა ინფექციის მიზეზით გარდაცვალება. სიმდიდრე არის ნებისმიერი რამ რაც ადამიანებს უნდათ, სიკვდილის თავიდან აცილებაც მათ შორის. დეველოპერები ხშირად ქმნიან ღია პროგრამებს (open source), რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. პოლისთვის ამის ნათელი მაგალითია ოპერატიული სისტემა FreeBSD რომელსაც თავად იყენებს. იგივე სისტემას იყენებს Yahoo-ც ყველა თავის სერვერზე.

რას ნიშნავს სამსახური

ინდუსტრიულ ქვეყნებში ადამიანები მიეკუთვნებიან ამა თუ იმ დაწესებულებას, მინიმუმ 20-30 წლამდე მაინც. წლების განმავლობაში ვეჩვევით იდეას, რომ უნდა მივეკუთვნებოდეთ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ყოველ დილას მიდის ერთ შენობაში და აკეთებს იმას, რაც ჩვეულებრივ არ მოსწონს. ასეთი ჯგუფისადმი მიკუთვნება ჩვენი იდენტობის ნაწილიც კი ხდება, ისევე როგორც ჩვენი სახელი, ასაკი და როლი. როდესაც წარვადგენთ თავს ან სხვა ადამიანი გვახასიათებს, ძირითადად ტექსტი იწყება სახელით გვარით, ასაკით, როლითა და დაწესებულებით, რომელშიც ამ როლს ვასრულებთ.

ეს სკოლიდან იწყება, რომლის დასრულების შემდეგაც არსებობს მოლოდინი, რომ სამსახურს იპოვით. სამსხურის დაწყებაც ნიშნავს ახალი დაწესებულების ჯგუფში გაერთიანებას. ეს პროცესი ზედაპირულად უნიერსიტეტსაც ჰგავს. აქ საგნების ნაცვლად კომპანიებს არჩევთ, რომელსაც მოეწონებით იმას უერთდებით. იწყებთ დილით ადრე ადგომას, ერთ კონკრეტულ შენობაში მისვლას და საქმის კეთებას, რომელიც ჩვეულებრივ არ მოგწონთ. განსხვავება ისაა რომ ცხოვრება ისეთივე სახალისო აღარაა როგორც უნივერსიტეტში იყო, ასევე აქ თქვენ გიხდიან თანხას და არა პირიქით. თუმცა, მსგავსებები განსხვავებებზე ბევრად მეტია.

სკოლის მოსწავლიდან ხდებით რომელიღაც კომპანიის თანამშრომელი. იმისათვის რომ კომპანიამ იარსებოს, მან ფული უნდა გამოიმუშავოს. კომპანიების უმეტესობა ამ მიზანს სიმდიდრის შექმნით აღწევს. ამ კატეგორიას მხოლოდ საწარმოები არ მიეკუთვნება, რადგან სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი არის მის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. სიმდიდრე თუ ისაა რაც ადამიანებს სურთ, კომპანიები, რომლებიც გადაზიდვებით არიან დაკავებული ასევე ქმნიან მას. თუმცა, მხოლოდ ფიზიკური ობიექტების შექმნა არ არის სიმდიდრის კულტივირების საფუძველი. თითქმის ყველა ორგანიზაცია იმისთვის არსებობს რომ აწარმოოს ის რაც ადამიანებს უნდათ.

იგივეს აკეთებთ თქვენც, როდესაც რომელიმე კომპანიისთვის მუშაობას იწყებთ. თუმცა ამ პროცესში არის ერთი ფარული შრე, რომელიც რეალობის სწორად აღქმას ხელს უშლის. ორგანიზაციაში თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო განიხილება დანარჩენი თანამშრომლების შრომასთან ერთად, რის გამოც შეიძლება უშუალოდ ვერ აღიქვამდეთ, რომ ქმნით რაღაცას რაც ადამიანებს სურთ. თქვენი მონაწილეობა ან წვლილი შესაძლოა იყოს არაპირდაპირი. თუმცა კომპანია, როგორც მთლიანობა, ვალდებულია მომხმარებლებისთვის შექმნას ის რაც მათ სურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ გამოიმუშავებს ფულს. თუ ორგანიზაცია წლის განმავლობაში საშუალოდ x თანხას გიხდით,  თქვენც ვალდებული ხართ ამავე პერიოდში საშუალოდ x თანხის ღირებულების საქმე შეასრულოთ. თუ ასე არ მოიქცევით, კომპანია იმაზე მეტს დახარჯავს ვიდრე გამოიმუშავებს და მალევე მოუწევს ფუნქციონირების შეწყვეტა.

სწავლის დასრულების შემდეგ ადამიანები ფიქრობენ, ან მათ ეუბნებიან, რომ აუცილებელია სამსახურის პოვნა. თითქოს მთავარი მიზანი ახალი ინსტიტუციის წევრობა იყოს. რეალურად კი ეს ნიშნავს, რომ დროა დაიწყოთ ისეთი რამის შექმნა რაც ადამიანებს სურთ. ამ მიზნის მისაღწევად კი სულაც არ არის აუცილებელი კომპანიის თანამშრომელი გახდეთ. ორგანიზაცია ხომ უბრალოდ ადამიანების გაერთიანებაა, რომლებიც მუშაობენ მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის თუ მომსახურების შექმნაზე. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – აწარმოოთ ის რაც სხვა ადამიანებს უნდათ.

უმრავლესობისთვის, საუკეთესო გეგმა, უკვე არსებულ კომპანიაში დასაქმებაა. თუმცა აუცილებელია გააცნობიეროთ რომ ამ შემთხვევაში, სამუშაო ნიშნავს აკეთოთ ის რაც ადამიანებს სურთ საშუალოდ, ორგანიზაციის ყველა სხვა თანამშრომლის მსგავსად.

მეტი შრომა

გასაშუალოება ხშირად სერიოზული პრობლემაა. პოლის აზრით დიდი კომპანიების ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი არის თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების შეფასების სირთულე. ასეთ ორგანიზაციაში მუშაობისას თქვენ იღებთ საკმაოდ პროგნოზირებად ხელფასს, საშუალო დატვირთვის საქმეში. თქვენგან არავინ ელის არაკომპეტენტურობას ან სიზარმაცეს, თუმცა არც მთელი ცხოვრების სამუშაოსთვის მიძღვნას გაიძულებენ.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს შესაძლებლობა იმის შესაფასებლად თუ ცხოვრების რა ნაწილი უნდა დაუთმოთ საქმეს. სწორად შერჩეულ ბიზნესში, ის ვინც მართლაც მთელს თავს მიუძღვნის სამუშაოს, შეძლებს გამოიმუშავოს მინიმუმ 10ჯერ და შესაძლოა 100ჯერ მეტი სიმდიდრე ვიდრე ეს რიგით თანამშრომელს შეუძლია ნებისმიერი საშუალო რანგის კომპანიაში. მაგალითად დეველოპერს, რომელიც აქამდე არსებული პროგრამის განახლებებსა და მხარდაჭერაზე მუშაობდა, შეუძლია შექმნას სრულიად ახალი სისტემა, რაც თავის მხრივ შემოსავლის ახალი წყარო გახდება.

როგორც წესი ორგანიზაციებში ადამიანების დაჯილდოების სქემა ასე არ არის აწყობილი. თქვენ ვერ მიხვალთ თქვენს ხელმძღვანელთან და ვერ სთხოვთ, რომ 10ჯერ მეტი შრომისთვის 10ჯერ მეტი გადაგიხადონ. გამორიცხული არაა ის რომ შეიძლება უკვე საკუთარი ლიმიტების მაქსიმუმს აკეთებდეთ. მეორე და უფრო სერიოზული პრობლემა კი ისაა, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია ინსტრუმენტი, თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესაფასებლად.

ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ გაყიდვების მენეჯერებს. მათი შესრულებული საქმის შეფასება საკმაოდ მარტივია, იმის მიხედვით თუ რა შემოსავალი მოაქვთ მათ კომპანიისთვის. როგორც წესი, სწორედ ამ პარამეტრიდან იღებენ ისინი გარკვეულ პროცენტს ჰონორარის სახით. თუ გაყიდვების მენეჯერს მოუნდება უფრო მეტი იმუშავოს, მას პირდაპირ შეუძლია საქმეს შეუდგეს და პროპორციულ ანაზღაურებასაც მიიღებს.

გაყიდვების მენეჯერების გარდა ანალოგიური სიტუაცია დიდი კომპანიების ტოპ მენეჯმენტშიც გვხვდება, რადგან აქაც მარტივია შესრულებული სამუშაოს შეფასება. ტოპ მენეჯერებს აკისრიათ პასუხისმგებლობა მთელი კომპანიის ეფექტურობაზე. რადგან რიგითი მოხელის შესრულებული საქმის შეფასება ვერ ხდება, არც არსებობს მოლოდინი რომ ის საკმარისზე მეტად დაიხარჯება. მაშინ, როდესაც, ტოპ მენეჯერებმა, ისევე როგორც გაყიდვების წარმომადგენლებმა, თავად უნდა მართონ საკუთარი შედეგები. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, წარუმატებლობის დროს თავს ვერ გაიმართლებს რომ საკმარისად იშრომა. თუ ორგანიზაცია შედეგს ვერ აჩვენებს, ეს ნიშნავს რომ დირექტორიც არაეფექტურია.

ორგანიზაციებს ანაზღაურების ასეთი პირდაპირი სისტემა რომ ჰქონდეთ, ისინი ბევრად უფრო წარმატებულები იქნებოდნენ. ბევრი თანამშრომელი იმუშავებდა გაცილებით მეტს, თუ ეცოდინებოდა რომ მისი შრომა პროპორციულად გაზრდიდა მისივე შემოსავალს. რაც მთავარია, ასეთი კომპანია მოიზიდავდა სწორედ ისეთ ადამიანებს, ვისაც საშუალო შედეგზე ბევრად მეტის მიღწევა შეუძლია. ასეთი ორგანიზაცია ნამდვილად უპრობლემოდ დაამარცხებდა კონკურენტებს.

სამწუხაროდ კომპანიების უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა, ყველა თანამშრომელს იმავე სქემით აუნაზღაუროს შრომა, როგორც გაყიდვების წარმომადგენლებს. გაყიდვების მენეჯერები მუშაობენ დამოუკიდებლად. დანარჩენ თანამშრომელთა უმრავლესობა კი გუნდურ შრომას არის მიჩვეული. წარმოიდგინეთ რომ კომპანიამ შექმნა ახალი მოწყობილობა მომხმარებლებისთვის. დეველოპერებმა სანდო და მრავალფუნქციური სისტემა დაწერეს, დიზაინერებმა მშვენივრად შეფუთეს პროდუქტი, მარკეტინგმა დაარწმუნა ხალხი რომ ეს მოწყობილობა მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. როგორ გავიგოთ ამ მოწყობილობის გაყიდვების რა პროცენტი განაპირობა პროდუქტზე მომუშავე თითოეულმა გუნდმა? ან როგორ შევაფასოთ იმ ინოვატორების შრომა, წარსული პროდუქტები რომ შემქნეს და კომპანიის რეპუტაცია ააშენეს ხარისხის იდეალებზე? შეუძლებელია თითოეული ამ თანამშრომლის წვლილის შეფასება. მომხმარებლების აზრების წაკითხვაც რომ შეგეძლოთ, ყველა ეს ფაქტორი მათ გონებაში ბუნდოვანი და აზელილი იქნება.

თუ სწრაფი განვითარება გსურთ, რა თქმა უნდა შემაფერხებელი ფაქტორია თქვენი და უამრავი სხვა ადამიანის შრომის გასაშუალოება. დიდ გუნდში თქვენი ეფექტურობის დამოუკიდებლად განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია და მთელი ეს გაერთიანება ანელებს თქვენს პროგრესს.

შეფასება და უპირატესობა

თუ გსურთ რომ მატერიალურ წარმატებას მიაღწიოთ, უნდა აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში სადაც ნათლად იქნება წარმოდგენილი შეფასება და უპირატესობა. თქვენ უნდა იყოთ იმ პოზიციაზე, სადაც თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო იქნება გაზომვადი, სხვა შემთხვევაში არ გექნებათ შანსი რომ მეტი მუშაობის შემთხვევაში მეტი ანაზღაურება მიიღოთ. ასევე, აუცილებლად უნდა ფლობდეთ უპირატესობას, იმ გაგებით რომ თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეძლოთ დიდი გავლენის მოხდენა.

მხოლოდ გაზომვადობა საკმარისი არ არის. ამ დროს თქვენი ეფექტურობა შეფასდება და შესაბამისად ანაზღაურდება, თუმცა არ გექნებათ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ერთადერთი რის შეცვლასაც მოახერხებთ, ეს საკუთარი შრომის სისწრაფეა, რაც თქვენს შემოსავალს 1, 2 ან 3 პუნქტით გააუმჯობესებს.

ისეთი სამსახურის მაგალითი, სადაც შეფასებაც და უპირატესობაც ფიქგურირებს, არის მთავარი როლის შემსურლებელი მსახიობი ფილმში. ამ პოზიციაზე ეფექტურობის შეფასება ფილმის შემოსავლიანობით ხდება, უპირატესობა კი თავად მსახიობს აქვს, რადგან მისი გამოსვლა განაპირობებს მისივე წარმატებას.

აღმასრულებელ დირექტორებსაც აქვთ წვდომა ორივე მოცემულ ფაქტორზე. კომპანიის ეფექტურობა პირდაპირპროპორციულია მათი ეფექტურობის. უპირატესობა კი ისაა რომ ისინი წყვეტენ კომპანიის განვითარების მიმართულებას.

პოლ გრეემის აზრით, ყველა ვინც საკუთარი შრომით მდიდრდება აუცილებლად იმ პოზიციაშია, სადაც შეფასებაცაა და უპირატესობაც. ყველა ვინც მას აგონდება ნამდვილად ერგება მოცემულ მოსაზრებას, თუნდაც დირექტორები, ფილმების ვარსკვლავები, ჰეჯ-ფონდების მენეჯერები (hedge fund managers), პროფესიონალი სპორტსმენები. უპირატესობის არსებობის ყველაზე კარგი მინიშნება არის წარუმატებლობის შანსი. აღმავლობა დაღმასვლით უნდა იყოს დაბალანსებული, შესაბამისად თუ არსებობს დიდი მოგების პოტენციალი იქვე უნდა ფიგურირებდეს წაგების დიდი რისკიც. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროფესიის ადამიანი მუდმივად კისერთან მიბჯენილი დანის ფონზე ცხოვრობს. როგორც კი რაღაც აღარ გამოსდით, ინდუსტრია მაშინვე თავიდან იშორებს მათ. ამიტომაც, თუ ისეთ სამსახურში ხართ, რომელიც უსაფრთხოების განცდას გიქმნით, იცოდეთ რომ იქ ვერ გამდიდრდებით, რადგან თუ არ არსებობს რისკი იქ არც უპირატესობაა.

თუმცა, აუცილებელი არ არის მაინც და მაინც დირექტორი ან ფილმის ვარკვლავი გახდეთ, რომ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ სადაც გაზომვადობაცაა და უპირატესობაც. ყველაფერი რაც გჭირდებათ არის პატარა გუნდი, რომელიც დიდ პრობლემაზე მუშაობს.

სიმცირე=გაზომვადობა

იმ შემთხვევაში თუ თითეული თანამშრომლის ჭრილში ვერ ახერხებთ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, შეგიძლიათ ამ მიზანს მიუახლოვდეთ მცირე ჯგუფების ანალოგიური მაჩვენებლის შეფასების გზით.

ერთი დონე, რომლის ფარგლებშიც ზუსტად შეგიძლიათ განსაზღვროთ რა შემოსავალს ქმნიან თანამშრომლები, არის მთელი კომპანიის დონე. თუ კი ორგანიზაცია არც ისე დიდი ზომისაა, ამ მიდგომით ფაქტობრივად თითოეული თანამშრომლის წვლილის შეფასებაზე გასვლაც კი მიღწევადი ხდება. სიცოცხლისუნარიან სტარტაპში შესაძლებელია სულ რაღაც 10 ადამიანი იყოს დასაქმებული, რაც თითოეული მათგანის ძალისხმევის  შეფასების 10 ფაქტორში აერთიანებს.

სტარტაპის წამოწყება ან არსებულის წევრობა ისევე შესაძლებელია, როგორც ის რომ თქვენს უფროსს უთხრათ ათმაგი საქმის შესრულებისთვის ათმაგად გაგიზარდოთ ანაზღაურება. თუმცა ორი სხვაობაა ამ სუტუაციებს შორის: თქვენ ამას საკუთარ მენეჯერს კი არა კომპანიის მომხმარებლებს ეუბნებით პირდაპირ (რომლებისთვისაც თქვენი უფროსი მხოლოდ და მხოლოდ სანდო პირის ფიგურას წარმოადგენს) ან ამ განაცხადს აკეთებთ, არა დამოუკიდებლად, არამედ ამბიციურ მცირე გუნდთან ერთად.

ჩვეულებრივ მეორე ვარიანტი უფრო ხშირია. რამდენიმე უჩვეულო საქმიანობის სფეროს თუ არ გავითვალისწინებთ, როგორებიც არის სამსახიობო საქმე და მწერლობა, რადგან ერთკაციანი კომპანია ვერ იქნებით. ამიტომაც არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმ ადამიანების კომპეტენცია, ვისთან ერთადაც მუშაობთ, რადგან სწორედ მათ შედეგებთან დაჯამდება და საშუალოდ შეფასდება თქვენი შრომა.

დიდი კომპანია, უშველებელ ხომალდს ჰგავს, რომელსაც ათასკაციანი ეკიპაჟი ჰყავს. ამ ხომალდის სისწრაფეს ორი რამ უშლის ხელს: ეკიპაჟის თითოეული წევრი ვერ ხედავს მეტი მონდომების შედეგს და ათასკაციან ჯგუფში საშუალო კომპეტენციის ადამიანის კვალიფიკაცია შედარებით დაბალია.

ამ 1000 ადამიანიდან შემთხვევითად 10 რომ აარჩიოთ მთელი ხომალდის სამართავად, ის სავარაუდოდ ბევრად უფრო სწრაფი გახდება, რადგან მოტივაციის ორივე ფაქტორი ხელთ ექნებათ. ენთუზიასტი ეკიპაჟის წევრი საკუთარი მონდომების შედეგს მარტივად დაინახავს, ხოლო თუ ვინმე იზარმაცებს, პატარა ჯგუფში ამას უფრო მარტივად შეამჩნევენ და დაიწუწუნებენ.

მაგრამ 10 კაციანი ხომალდის ნამდვილი მაგალითი ის არის, როდესაც ამ რაოდენობაში ეკიპაჟის 10 საუკეთესო წვერი შედის. მათ მცირე ჯგუფებისთვის დამახასიათებელი დამატებითი მოტივაცია ერთად ექნებათ. რაც მთავარია, ტალანტებისგან შემდგარ მცირე ჯგუფში ყველა ლიდერთა 1%-ში შედის. უდაოდ უკეთესია თანაბარი შესაძლებლობების კოლეგებთან ერთად მიღებული შეფასება ვიდრე საკუთარი შრომის გასაშუალოება ყველასთან ერთად.

სტარტაპების მიზანიც სწორედ ეს არის. იდეალურ შემთხვევაში, თქვენ შეკრებთ იმ ადამიანების მცირე ჯგუფს ვისაც სურს ბევრად მეტი შრომა ბევრად მეტი ანაზღაურებისთვის, ვიდრე ეს დიდ კომპანიებშია შესაძლებელი. რადგანაც სტარტაპების დამფუძნებლები, როგორც წესი, ამბიციური ნაცნობების (პირადად თუ არა რეპუტაციულად მაინც) ჯგუფს წარმოადგენენ, შეფასებები კიდევ უფრო ზუსტია ვიდრე ამის საშუალებას უბრალოდ კომპანიის სიმცირე იძლევა. სტარტაპი არ არის უბრალოდ 10 ადამიანი, ეს არის იმ 10 ადამიანის გაერთიანება ვინც ერთმანეთს ჰგავს.

სტივ ჯობსმა (Steve Jobs) ერთხელ თქვა, რომ სტარტაპის წარმატებას ან კრახს განსაზღვრავს პირველი 10 თანამშრომელი.  მას პოლ გრეემიც ეთანხმება. ალბათ უფრო ზუსტი იქნება თუ პირველ ხუთზე გავამახვილებთ ყურადღებას. ჯგუფის სიმცირე თავისთავად არ წარმოადგენს სტარტაპის წარმატების მიზეზს, მთავარი პატარა ჯგუფში არის შერჩევა(პუპულაციის შერჩეული ნაწილი). თქვენ არ გჭირდებათ სიმცირე მაგალითად სოფლის გაგებით, თქვენ ეძებთ სიმცირეს ვარსკვლავური გუნდის (All star team) გაგებით.

რაც უფრო დიდია ჯგუფი, მით უფრო ახლოს არის მისი საშუალო წევრი, მთელი პოპულაციის საშუალო მაჩვენებელთან. ამიტომაც, ყველა სხვა დეტალიც თანაბრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან პერსპექტიული ადამიანი დიდ კომპანიაში შესაძლოა იღებდეს შეუსაბამო პირობებს, რადგან სხვების დაბალი პროდუქტიულობა  საშუალო მაჩვენებელს ამცირებს. ხშირად ისეც ხდება, რომ ყველა ასპექტი არ თანაბრდება კომპანიაში და მაღალპროდუქტიურლი ადამიანი შესაძლოა არ იყოს ფულით დაინტერესებული, არამედ დიდი ორგანიზაციის სტაბილურობა ხიბლავდეს. თუმცა, ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ფული აინტერესებს, ბევრად უფრო ეფექტური იქნება მისი მსგავსი ადამიანებისგან შემდგარ მცირე ჯგუფში.

ტექნოლოგია = უპირატესობა

სტარტაპები ყველას სთავაზობენ შანსს, აღმოჩნდენ სიტუაციაში სადაც შეფასებაც არის და უპირატესობაც. პირველი უზრუნველყოფილია გუნდის სიმცირით, მეორე კი იმ ფაქტით რომ სტარტაპები გამოიმუშავებენ ფულს ახალი ტექნოლოგიების შექმნით.

რა არის ტექნოლოგია? ეს ტექნიკაა. ეს არის გზა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვუმკლავდებით ამა თუ იმ გამოწვევას და როდესაც აღმოაჩენთ, რაიმესთან გამკლავების ახალ გზას, მისი ღირებულება იზრდება იმდენჯერ, რამდენი ადამიანიც მას იყენებს. ეს არის ანკესი და არა თევზი. სწორედ ესაა გასხვავება სტარტაპსა და რესტორანს ან ბარბერ შოპს შორის, სადაც ყოველ მოცემულ მომენტში მხოლოდ ერთ ადამიანს ემსახურებიან. როდესაც თქვენ აგვარებთ ტექნიკურ პრობლემას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი, თქვენ ეხმარებით ყველას ვინც ამ გამოსავალს იყენებს. ეს არის თქვენი უპირატესობა.

თუ გადავხედავთ ისტორიას, იმ ადამიანების უმრავლესობამ ვინც მატერიალურ წარმატებას სიმდიდრის შექმნით მიაღწია, შექმნა ახალი ტექნოლოგია. თქვენ უბრალოდ ვერ მოამზადებთ საკვებს ან დაასრულებთ ვარცხნილობას ასე სწრაფად. ის, რამაც ფლორენციელები გაამდიდრა 1200 წელს, იყო ახალი ტექნიკა, იმ პერიოდისთვის მაღალტექნოლოგიური პროდუქტის, ნაქსოვი ქსოვილის შესაქმნელად. ხოლო გერმანელები 1600 წელს გაამდიდრა გემთმშენებლობის და ნავიგაციის აღმოჩენებმა, რომელთა წყალობითაც ისინი დომინირებდნენ შორეული აღმოსავლეთის ზღვებზე.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი კავშირი გუნდის სიმცირესა და რთული პრობლემების მოგვარებას შორის. წამყვანი ტექნოლოგიის საზღვრები მუდმივად და სწრაფად ცვალებადია. ის რაც ღირებულია დღეს, შეიძლება გაუფასურდეს რამდენიმე წელიწადში. მცირე კომპანიები ასეთ სამყაროში თავს ისე გრძნობენ როგორც საკუთარ სახლში, რადგან მათ ტემპს არ ანელებს ბიუროკრატია. თანაც, ტექნიკური მიღწევები, როგორც წესი არაორდინალური მიდგომებიდან იღებს სათავეს, მცირე კომპანიები კი შეზღუდულები არ არიან ნორმებით.

დიდ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ტექნოლოგიის შემუშავება. უბრალოდ ისინი ამას სწრაფად ვერ ახერხებენ. ზომა აფერხებს მატ ტემპს და ხელს უშლის იმ თანამშრომლების დაჯილდოებას ვინც განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა. პრაქტიკაში, დიდი კომპანიები მხოლოდ იმ სფეროებში ქმნიან ტექნოლოგიას, რომლებიც დიდ კაპიტალს საჭროებს, ამიტომაც სტარტაპები მათ ვერ უწევენ კონკურენციას. ასეთებია მაგალითად მიკროპროცესორების წარმოება, ელექტროსადგურების ან სამგზავრო თვითმფრინავების ინდუსტრია. თუმცა, ამ მიმართულებებშიც კი პროგრესი დიდწილად სტარტაპებზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ მათგან ხდება კომპონენტების და იდეების აღება.

ნათელია, რომ ბიოტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუველყოფის სფეროების სტარტაპები იმისთვის არსებობენ რომ რთული ტექნიკური პრობლემები მოაგვარონ, თუმცა პოლ გრეემის აზრით მიზანი იგივეა ისეთი ბიზნესისთვისაც, რომელიც ერთი შეხედვით ტექნოლოგიასთან სულაც არ არის დაკავშირებული. მაგალითად, მაკდონალდსი (McDonald’s) ასე იმიტომ გაფართოვდა, რომ ფრანჩაიზის სისტემა შექმნა, რომლის ამუშავებაც დედამიწინს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. მაკდონალდსის ფრანჩაიზი იმდენად ზუსტი წესებით იმართება, რომ ის პრაქტიკულად კომპიუტერული პროგრამაა. დაწერეთ ერთხელ, გამოიყენეთ ნებისმიერ ადგილას. იგივეა Ditto-ც Wal-Mart-ისთვის. სემ ვალტონი (Sam Walton) საცალო ვაჭრობით არ გამდიდრებულა, ამას მან ახალი ტიპის მაღაზიის დიზაინის შექმნით მიაღწია.

გამოიყენეთ სირთულეები არამხოლოდ სტარტაპის ძირითადი მიზნების განსაზღვრისთვის, არამედ გზადაგზა გადაწყვეტილებების მისაღებადაც. პოლი იხსენებს მთავარ წესს, რომელიც ჰქონდათ Viaweb-ში – „ყოველთვის გაიქეცი მაღლა“. წარმოიდგინეთ რომ ხართ პატარა მოხერხებული ბიჭი, რომელსაც მიდევს დიდი მძიმეწონიანი მჩაგვრელი. აღებთ კარს და ხვდებით კიბეზე. საით წახვალთ, მაღლა თუ დაბლა? პოლ გრეემი გვეუბნება, რომ მაღლა ასვლა უკეთესი გამოსავალია. მჩაგვრელი სავარაუდოდ იგივე სისწრაფით შეძლებს კიბეების ჩარბენას როგორც თქვენ, მაგრამ მაღლა ასარბენად მისი წონა მინუსი უფრო იქნება ვიდრე უპირატესობა. კიბეებზე მაღლა სირბილი რთული იქნება თქვენთვის, თუმცა მისთვის კიდევ უფრო მეტად.

რეალობაში ეს იმას ნიშვნავს, რომ პოლის გუნდი რთულ პრობლემებს შეგნებულად ეძებდა. როდესაც პროგრამაში ორ ახალ ფუნქციონალს შორის არჩევანი იყო გასაკეთებელი და ორივე მათგანი სირთულის პროპორციულად ღირებული იყო, პოლის გუნდი ყოველთვის უფრო რთულ ვარიანტს ირჩევდა. არამხოლოდ იმიტომ, რომ ის უფრო ღირებული იყო, არამედ იმიტომ რომ ის უფრო რთული იყო. მათ მოსწონდათ სირთულეებთან შეჭიდება და ის რომ ნელი კონკურენტები ვერ მიჰყვებოდნენ მათ ამ გზაზე.   როგორც პარტიზანები, სტარტაპებიც ამჯობინებენ მთების რთულ რელიეფს, სადაც ცენტრალური ხელისუფლების ჯარები ვერ გაჰყვებიან. პოლი იხსენებს დღეებს, როდესაც რთულ პრობლემასთან ჭიდილში დაღლილს, სიამოვნებდა იმაზე ფიქრი რომ რაც მათთვის რთული იყო, კონკურენტებისთვის შეუძლებელი იყო.

ეს არ არის სტარტაპის მართვის უბრალოდ კარგი მეთოდი. ეს არის სტარტაპის ფუნდამენტი ზოგადად. ვენტურული კაპიტალის კომპანიებმა იციან ეს და შესაბამისი შეფასებაც აქვთ: შესვლის ბარიერები. თუ VC-ს მიაკითხავთ ახალი იდეით და სთხოვთ ინვესტირებას, პირველი რასაც იქ გკითხავენ იქნება, რამდენად რთულია ამის შექმნა სხვისთვის? ანუ რამდენად რთულია ბარიერი თქვენსა და პოტენციურ მიმდევრებს შორის. ამიტომაც, უმჯობესია კარგი განმარტება გქონდეთ მომზადებული, თუ რატომ არის თქვენი ტექნოლოგიის დუბლირება რთული. სხვა შემთხვევაში, დიდი კომპანია როგორც კი გაიგებს თქვენს შესახებ, ის მარტივად შექმნის პროდუქტის საკუთარ ვარიანტს, ბრენდის სახელით, კაპიტალით და დისტრიბუციის ჯაჭვით, შემდეგ კი ერთ ღამეში აითვისებს თქვენს სამომხმარებლო სექტორს. თქვენ კი იმ პარტიზანებს დაემსგავსებით, რომლებიც ღია ველზე ალყაში მოაქცია რეგურალურმა არმიამ.

შესასვლელი ბარიერების დაყენების ერთ-ერთი გზა არის პატენტი. თუმცა, ამან შესაძლოა დაცვის მაღალი ხარისხი ვერ უზრუნველყოს. კონკურენტები ხშირად პოულობენ პატენტის გვერდის ავლის გზებს. თუ ასე არ მოხდა, უბრალოდ შეიძლება დაარღვიონ კანონი და სასამართლო დავა გამოიწვიონ. დიდ კომპანიებს არ ეშინიათ ამის, მათთვის სასამართლო გარჩევები ყოველდღიური რუტინაა. ისინი აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს რომ სასამრთლო დავა ძალიან ძვირი და ხანგრძლივი პროცესი იყოს. გაგიგიათ რამე ფილო ფერნსუორთის (Philo Farnsworth) შესახებ? მან ტელევიზია გამოიგონა. იმის მიზეზი, რატომაც მისი სახელი არ გაგიგიათ, არის ის რომ ამ გამოგონებისგან შემოსავლის მიმღები კომპანია მას სულაც არ ეკუთვნოდა. ეს იყო ორგანიზაცია RCA, რომელმაც გამომგონებელი ათწლიანი საპატენტო სამართალწარმოებით დააჯილდოვა.

აქაც, როგორც ხშირად, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. თუ შეგიძლიათ შექმნათ ტექნოლოგია, რომელიც უბრალოდ ძალიან რთულად კოპირებადია კონკურენტებისთვის, არ მოგიწევთ სხვა დაცვის მექანიმებზე დაყრდნობა. დაიწყეთ რთული პრობლემით და ყოველ მომენტში როცა გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, აირჩიეთ უფრო რთული ვარიანტი.

ფარული სირთულეები

სტარტაპის წამოწყებისთვის საკმარისი რომ ყოფილიყო უბრალოდ ჩვეულებრივ თანამშრომლებზე მეტი მუშაობა და პროპორციული ანაზღაურების მიღება, ეს არამხოლოდ კარგი შემოთავაზება, არამედ სახალისო გამოცდილებაც კი იქნებოდა. პოლის აზრით, ადამიანების უმრავლესობას არ მოსწონს დიდი კორპორაციების ნელი ტემპი, დაუსრულებელი შეხვედრები, ცივი საუბრები, არაკვალიფიციური საშუალო რგოლის მენეჯერები და კიდევ ბევრი სხვა რამ.

სამწუხაროდ, პროცესს თან სდევს რამდენიმე ფარული სირთულე. პირველი არის ის, რომ თქვენ ვერ შეარჩევთ დატვირთვის განაწილების მრუდზე რა ადგილის დაკავება გსურთ. მაგალითად, ვერ გადაწყვეტთ, რომ იმუშავოთ სტანდარტულზე 2-3ჯერ მეტი, შესაბამისი ანაზღაურებისთვის, რადგან სტარტაპის მართვა გულისხმობს იმასაც, რომ თქვენი კონკურენტები განაპირობებენ თქვენი დატვირთვის სიმძლავრეს. ისინი კი ძირითადად ერთი და იმავეს ცდილობენ, რომ თქვენ იმუშავოთ საკუთარი შესაძლებლობების ლიმიტზე.

მეორე მნიშვნელოვანი სირთულე არის ის რომ თქვენი შემოსავალი პროდუქტიულობის პროპორციული მხოლოდ საშუალოდ არის. სტარტაპის წარმატების ზრდა შემთხვევით ფაქტორებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, რის გამოც, პრაქტიკაში თუ 30ჯერ მეტს მუშაობთ, თქვენი ანაზღაურება 30ჯერ მეტი არ იქნება. ანაზღაურება გაიზრდება 0x-1000x დიაპაზონში. თუ საშუალო მნიშვნელობა არის 30x მედიანა სავარაუდოდ ნულს უდრის. სტარტაპების უმრავლესობისთვის კრახის მიზეზი არ არის „ცუდი პროდუქტი“. შეიძლება მუშაობდეთ რეალურად ღირებული რამის შექმნაზე, თუმცა ოდნავ მეტი დრო დაგჭირდეთ, სახსრები ამოგეწუროთ და ბიზნესის დახურვა მოგიწიოთ.

სტარტაპი გარკვეულწილად კოღოს ჰგავს. დათვს შეუძლია დარტყმის მოგერიება, კიბორჩხალას ჯავშანი აქვს თავდაცვისთვის, კოღო კი მხოლოდ ერთი რამისთვის არის შექმნილი: შეტევისთვის. ის ენერგიას საერთოდ არ ხარჯავს თავდაცვაზე. მთელი სახეობისთვის დაცვის ერთადერთი მექანიზმი ინდივიდების დიდი რაოდენობაა, თუმცა ეს კონკრეტული კოღოსთვის ნამდვილად არასახარბიელო რეალობაა.

სტარტაპები კოღოების მსგავსად მიდრეკილნი არიან „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპისკენ. რა თქმა უნდა, ბოლო წუთამდე არცერთმა მათგანმა არ იცის ამ ორიდან რომელ შედეგს მიიღებს. პოლ გრეემი იხსენებს, რომ Viaweb რამდენჯერმე იყოს კრხის ზღვარზე. მათი ტრაექტორია სინუსის მრუდს ჰგავდა. საბედნიეროდ, Viaweb ციკლის დასაწყისშივე გაიყიდა, თუმცა ჩაძირვასთან ძალიან ახლოს იყო. კალიფორნიაში Yahoo-სთან კომპანიის გაყიდვაზე სასაუბროდ ვიზიტის დროს, Viaweb-ის გუნდს მოუწია ცალკე საკონფერენციო ოთახის დაჯავშნა იმ ინვესტორის დასარწმუნებლად, რომელიც ინვესტირების ახალ რაუნდზე უარის თქმას აპირებდა. ეს რაუნდი კი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

Viaweb-ს სულაც არ უნდოდა „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპით მოქმედება. მათი გუნდის ყველა წამყვანი სპეციალისტი  ეწინააღმდეგებოდა რისკიანობას. რომ ყოფილიყო გზა, რომელიც მათ საშუალებას მისცემთა ბევრი ეშრომათ შესაბამისი კომპენსაციის პირობით, ისე რომ ამ ყველაფერში იღბალი არ ყოფილიყო გარეული, მათ ეს ნამდვილად გააბედნიერებდათ. ისინი აარჩევდნენ ერთი მილიონი დოლარის მიღების 100%-იან შანსს და არა ათი მილიონი დოლარის მიღების 20%-იან შესაძლებლობას, მიუხედავას იმისა რომ მეორე ვარიანტი თითმის ორჯერ უფრო ღირებულია. სამწუხაროდ ბიზნესის სამყაროში, პირველი ვარიანტის მიღების არანაირი შანსი არ არსებობს.

ყველაზე ახლოს ამ ვერსიასთან მიდიხართ სტარტაპის ადრეულ ეტაპზე გაყიდვის გადაწყვეტილებით, როდესაც თმობთ პოტენციურ წარმატებასაც და რისკსაც, მცირე მაგრამ გარანტირებული შემოსავლისთვის. პოლი იხსენებს რომ Viaweb-საც ჰქონდა ასეთი შესაძლებლობა, თუმცა იმ დროისთვის სისულელედ მიიჩნია გუნდმა ეს ნაბიჯი და ხელიდან გაუშვა. ამის შემდეგ კი კომიკურად მონდომებულები გახდნენ სტარტაპის გასაყიდად. მთელი მომდევნო წელი, თუ კი ვინმე სულ მცირე ინტერესს მაინც გამოთქვამდა Viaweb-ის შესახებ, გუნდი ავტომატურად კომპანიის მისთის მიყიდვას ცდილობდა. რეალური მყიდველები კი არ ჩანდნენ და საჭირო იყო მუშაობის გაგრძელება.

Viaweb-ის ადრეულ ეტაპზე ყიდვა იაფი გარიგება იქნებოდა, ხოლო ის კომპანიები რომლებიც სტარტეპების შესყიდვას გეგმავენ, ასეთ შეთავაზებებს არ ეძებენ. თუ ორგანიზაცია საკმარისად დიდია იმისათვის რომ შეიძინოს სტარტაპი, ის საკმარისად კონსერვატიულიც იქნება, შესყიდვაზე პასუხისმგებელი ადამიანებიც, რომლებიც სავარაუდოდ ბიზნეს სკოლებიდან შემოურთდნენ ორგანიზაციას, ასევე კონსერვატიულები იქნებიან. ისინი ამჯობინებენ მეტის გადახდას უფრო უსაფრთხო ვარიანტში. ამიტომაც, უფრო ადვილია ჩამოყალიბებული სტარტაპის გაყიდვა თუნდაც დიდ ფასად, ვიდრე ადრეული ეტაპის სტარტაპის.

მოიპოვეთ მომხმარებლები

პოლის აზრით, სტარტაპის გაყიდვა კარგი იდეაა, თუ რა თქმა უნდა ეს შეგიძლიათ. ბიზნესის მართვა ძალიან განსხვავდება მისი გაფართოებისგან. კარგი არჩევანია, რომ დიდ კომპანიას მიჰყიდოთ სტარტაპი მაშინ, როდესაც იგი საკმარის სიმაღლეს მიაღწევს. ეს ფინანსურადაც უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებად მიიჩნევა, რადგან გაყიდვა დივერსიფიკაციის საშუალებას გაძლევთ. რას იფიქრებდით ისეთ ფინანსურ მრჩეველზე, რომელიც თავისი კლიენტის ყველა აქტივს ერთ არასტაბილურ ფონდში აბანდებს?

როგორ უნდა გაყიდოთ სტარტაპი? ძირითადად იგივე მოქმედებები უნდა გააკეთოთ, რასაც იმ შემთხვევაში იზამდით, გაყიდვაზე საერთოდაც რომ არ გეფიქრათ. მაგალითად, შემოსავლის ზრდაზე ზრუნვა. თუმცა გაყიდვა, სხვა ყველაფრისგან დამოუკიდებლადაც ერთგვარი ხელოვნებაა და მის დაუფლებას საკმაო დრო და ენერგია სჭირდება.

პოტენციური მყიდველები, შეძენის პროცესს ყოველთვის გადადებენ თუ ეს შეეძლებათ. ამიტომაც გაყიდვის ყველაზე რთული ნაწილი, მათი მოქმედებისთვის მობილიზებაა. ადამიანების უმრავლესობისთვის მთავარი მოტივატორი სარგებლის მიღება კი არა შესაძლებლობის დაკარგვის შიშია. თქვენი სტარტაპის პოტენციური მყიდველებისთვისაც მთავარი ძრავი არის მათი კონკურენტების მიერ თქვენი შეყიდვის პერსპექტივა. სწორედ ეს უბიძგებს დირექტორებს მოქმედებისკენ. რიგით მეორე ყველაზე ძლიერი მოტივატორი არის იმაზე დარდი რომ თქვენი სტარტაპი მალე გაიზრდება და შესაბამისად შეიცვლება მისი ფასიც, ან სულაც თავად გახდებით პოტენციური მყიდველის კონკურენტი.

ორივე შემთხვევა დაიყვანება მომხმარებელთა რაოდენობაზე. შესაძლოა გაქვთ მოლოდინი, რომ კომპანია, რომელიც თქვენი სტარტაპის შეძენას დააპირებს, ძირფესვიანად მოიკვლევს თქვენს ტენოლოგიას და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ღირებულების შესახებ. თუმცა რეალობაში ასე არ ხდება. მათთვის ყველაზე სარწმუნო ინფორმაცია თქვენი ტენქოლოგიის მომხმარებელთა რაოდენობაა.

ფაქტობრივად, პოტენციური მყიდველები, მიიჩნევენ რომ მომხმარებლებმა უკეთ იციან ვის აქვს საუკეთესო ტექნოლოგია. ეს მოსაზრება არც ისეთი სულელურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მომხმარებლები არიან ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ შექმენით სიმდიდრე. სიმდიდრე ხომ ისაა რაც ადამიანებს სურთ, ამიტომაც თუ ისინი თქვენს ტექნოლოგიას არ იყენებენ, შეიძლება ამის მიზეზი მხოლოდ არაეფექტური მარკეტინგი არ იყოს. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ თქვენ უბრალოდ არ შეგიქმნიათ ის რაც მათ სურთ.

ვენტურულ კაპიტალისტებს აქვთ იმ ფაქტორების სია (საშიშროების მომასწავებელი ნიშნების), რომლებსაც თავი უნდა აარიდონ. სიის სათავეში არიან ის სტარტაპები, რომლებსაც მართავენ ტექნიკური პრობლემების გადაჭრით შეპყრობილი დამფუძნებლები (techno-weenies) და არ კონცენტრირდებიან საკუთარი მომხმარებლების ბედნიერებაზე. სტარტაპში თქვენ უბრალოდ კი არ ცდილობთ პრობლემების გადაჭრას, თქვენ ცდილობთ იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც თქვენს მომხმარებლებს განსაკუთრებულად აღელვებთ.

ამიტომაც, პოლ გრეემი გირჩევთ რომ პირველ რიგში მომხმარებლების რაოდენობაზე ჩაატაროთ კვლევები, როგორც ამას პოტენციური მყიდველები აკეთებენ. მიუდექით ამ პროცესს ისევე, როგორც სისტემის ოპტიმიზაციის პროლემას, რომელშიც შესრულებული სამუშაოს შეფასება მომხმარებელთა რაოდენობით ხდება. ყველამ, ვისაც უცდია პროგრამის ოპტიმიზაცია, იცის რომ მთავარი გასაღები შეფასებაა. როდესაც ცდილობთ გამოიცნოთ პროგრამის რომელი ნაწილია ნელი და რომლის აჩქარებაა საჭირო, თქვენი ვერსიები დიდი ალბათობით არასწორია.

მომხმარებელთა რაოდენობა შეიძლება არ იყოს იდეალური ინდიკატორი, თუმცა ის ამ მიზანთან ძალიან ახლოსაა. ეს ის ფაქტორია, რომელიც ადარდებს ნებისმიერ მყიდველს, რაზეც დამოკიდებულია სტარტაპის შემოსავალი და რაც აუბედურებს კონკურენტებს. სწორედ ეს ციფრი ახდენს შთაბეჭდილებას ჟურნალისტებზე და პოტენციურ მომხმარებლებზე. ეს მაჩვენებელი ნამდვილად უკეთესია ვიდრე თქვენი თავდაპირველი წარმოდგენები იმაზე, თუ რომელი საკითხების მოგვარებაა მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა რამდენად ტექნიკურად კომპეტენტური ხართ.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც ოპტიმიზაციის პრობლემის ტიპის მიდგომა დაგეხმარებათ არის პროდუქტის შექმნისთვის დიდი დროის დახარჯვის რისკი. ეს ვენტურული კაპიტალის კომპანიებს ძალიან აღელვებთ და მათი დარდი გამართლებულიც არის. მაღალკომპეტენტურმა კადრებმა იციან რას უნდა აარიდონ თავი ამ დროს: ადრეულ იპტიმიზაციას. ჯერ პროდუქტის პირველი ვერსია უნდა გამოუშათ სწრაფად. სანამ არ არსებობენ პირველი მომხმარებლები ვიზეც დამოკიდებულია შეფასება, თქვენი ოპტიმიზაციის პროცესი მხოლოდ ვარაუდებზეა აგებული.

პრინციპი, რომელიც უნდა იყოს ნებისმიერი სტარტაპის ფუნდამნეტი – სიმდიდრე არის ის რაც ადამიანებს სურთ. თუ გინდათ მატერიალურ წარმატებას სიმდიდრის შექმნით მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ რა სურთ ადამიანებს. ბიზნესების მხოლოდ მცირე რაოდენობა უთმობს რეალურ ყურადღებას საკუთარი მომხმარებლების გაბედნიერებაზე მუშაობას. რამდენჯერ შესულხართ მაღაზიაში ან დაგირეკავთ კომპანიაში აღელვების ან შიშის ფონზე? როდესაც გესმით „თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დარჩით ხაზზე“ ნამდვილად ფიქრობთ რომ ეს კარგია და ახლა ყველაფერი მოგვარდება?

რესტორანი გაუძლებს ათასში ერთხელ დამწვარი საკვების მირთმევას კლიენტისთვის, თუმცა კომპიუტერული პროგრამა ყველასთვის ერთია, ამიტომაც ნებისმიერი სხვაობა იმას შორის რაც ადამიანებს სურთ და რასაც მათ თქვენ აწვდით მრავლდება მოხმარებლების რაოდენობაზე. თქვენ ან აკაყოფილებთ ან აღიზიანებთ ყველა თქვენს მომხმარებელს. რაც უფრო ახლოს ხართ იმასთან რაც მათ სურთ, მით უფრო მეტ სიმდიდრეს ქმნით.

სიმდიდრე და ძალაუფლება

სიმდიდრის შექმნა, მატერიალური წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა არ არის. კაცობრიობის ისტორიაში ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდიც კი არ ყოფილა. რამდენიმე საუკუნის წინ, სიმდიდრის მთავარი წყაროები იყო მაღაროები, მონები და ყმები, მიწა და პირუტყვი. მათი მოპოვების ყველაზე სწრაფ გზებში კი შედიოდა მემკვიდრეობით, ქორწინებით, დაპყრობით გადაცემა ან ჩამორთმევა. ბუნებრივია, რომ სიმდიდრეს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა.

ორი რამ შეიცვალა. პირველი იყო კანონის უზენაესობა. მსოფლიო ისტორიის უმეტეს ნაწილში, თუ ვინმე რაიმე გზით სიმდიდრეს დააგროვებდა, მმართველი ან მისი ხალხი იპოვიდნენ მოპარვის გზას. მაგრამ შუა საუკუნეების ევროპაში რაღაც ახალი მოხდა. ვაჭრებისა და მწარმოებლების ახალმა კლასმა ქალაქებში დაიწყო თავმოყრა. ერთად მათ შეძლეს ადგილობრივ ფეოდალთან გამკლავება. ამის შემდეგ, ისტორიაში პირველად, მჩაგვრელებმა შეწყვიტეს სუსტების დაყაჩაღება. ეს დიდი სტიმული იყო, რომელმაც შესაძლებელი გახადა მეორე დიდი ცვლილება, ინდუსტრიალიზაცია.

ბევრი რამ დაიწერა იდუსტრიული რევოლუციის მიზეზების შესახებ. თუმცა, აუცილებელი თუ არა საკმარისი პირობა იყო ისიც რომ ხალხს, ვინც აგროვებდა ქონებას, შეეძლო ამით სიამოვნების მშვიდად მიღება. ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებმაც ძველი მოდელის დაბრუნება სცადეს, ცნობილია როგორც განვითარდა მოვლენები. ამის ნათელი მაგალითი იყო საბჭოთა კავშირი და უფრო მცირე მასშტაბით ბრიტანეთიც  1960-70 წლების შრომითი მთავრობების დროს. გამოაცალეთ სიმდიდრეს სტიმული და ტექნოლოგიური ინოვაცია შეჩერდება.

გაიხსეეთ რას ნიშნავს სტარტაპი ეკონომუკურად: ეს არის გზა თქვათ რომ მუშაობა გინდათ სწრაფად. ფულის გამომუშავების ნელი ტემპის ნაცვლად რომელიც 50 წლის მანძლზე საშუალო ანაზღაურებისთვის შრომას გულისხმობს, თქვენ ირჩევთ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოთ იგივე ან უკეთესი შედეგი. მთავრობები, რომლებიც გიკრძალავენ სიმდიდრის აკუმულირებას, ფაქტობრივად გაიძულებენ იმუშავოთ ნელა. მათ სურთ რომ თქვენ სამი მილიონი დოლარი 50 წლის ჯამში გამოიმუშავოთ, მაგრამ ისინი არ გაძლევენ საშუალებას ისე იშრომოთ რომ ამ შედეგს 2 წელიწადში მიაღწიოთ. ისინი ჰგვანან დიდი კორპორაციის მენეჯერს, რომელთანაც ვერ მიდიხართ იმის სათქმელად რომ 10ჯერ მეტი მუშაობისთვის 10ჯერ მეტი ანაზღაურება მოგცეთ. სამწუხაროდ ეს ისეთი უფროსი არაა, რომელსაც საკუთარი სტარტაპის წამოწყებით გაექცევით.

ნელა მუშაობის პრობლემა ის კი არ არის რომ ტექნოლოგიური ინოვაცია ამგვარად უფრო ნელა მოხდება, არამედ ის რომ ეს შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს. როდესაც საკუთარი ნებით ეძებთ რთულ პრობლემებს და სისწრაფეს იყენებთ როგორც უდიდეს უპირატესობას, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ინოვაციური პროექტების წამოწყება. ახალი ტექნოლოგიის შექმნა ძალიან რთული და სტრესული პროცესია. როგორც ედისონმა (Edison) თქვა, ეს არის 1% შთაგონება და 99% ოფლი. სიმდიდრის სტიმულის გარეშე ამის გაკეთება არავის უნდა.  დეველოპერები ჩვეულებრივი ხელფასის პირობით სიამოვნებით იმუშავებენ საბრძოლო თვითმფრინავებზე ან მთვარის რაკეტებზე, მაგრამ უფრო ჩვეულებრივი ტექნოლოგიების განვითარებაზე, როგორებიცაა ნათურები და ნახევარგამტარები, უნდა იმუშავონ ანტრეპრენერებმა.

სტარტაპები არ არის მხოლოდ მოვლენა რომელიც სილიკონის ველზე მოხდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. რადგან შესაძლებელი გახდა მატერიალური წარმატების მიღწევა სიმდიდრის შექმნის გზით, ყველა ვისაც ამისთვის მიუღწევია, იყენებდა ერთი და იგივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეცეპტს: შეფასება და უპირატესობა, სადაც პირველი მცირე ჯგუფში მუშაობით მიიღწევა მეორე კი ახალი ტქნოლოგიის შექმნით. რეცეპტი იგივე იყო 1200 წელს ფლორენციაში და ახლაც დღევანდელ სანტა კლარაში.

ამის გათვიცნობიერება შესაძლოა დაგეხმაროთ მომდევნო მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემაში: რატომ გახდა ევროპა ასეთი ძლიერი? ჰქონდა ამას რაიმე საერთო მის გეოგრაფიასთან? იქნებ საქმე ევროპელების რასობრივ უპირატეოსბაშია? ან იქნებ რელიგიაა მიზეზი? პასუხი (ან სულ მცირე სავარაუდო მიზეზი) შეიძლება იყოს ის რომ ევროპელებმა მძლავრი ახალი იდეა დანერგეს: უფლება მისცეს ფულის გამომმუშავებლებს დაეტოვებინათ საკუთარი შრომის ნაყოფი.

როგორც კი ასეთი შესაძლებლობა იქმნება, ადამიანები ვისაც მატერიალური წარმატების მიღწევა სურთ, ამას სიმდიდრის შექმნის გზით იღებენ და არა მოპარვის. შედეგად მიღებული ტექნოლოგიური განვითარება ითარგმნება არამხოლოდ სიმდიდრეში არამედ სამხედრო ძალაუფლებაშიც. თეორია, რომელმაც სტელსის თვითმფრინავამდე მიგვიყვანა საბჭოთა კავშირის მათემატიკოსს ეკუთვნის. თუმცა, რადგან საბჭოთა კავშრს არ ჰქონდა კომპიუტერული ინდუსტრია, მათთვის ეს თეორიად დარჩა. მათ არ გააჩნდათ შესაბამისი აპარატურა, რომელიც სწრაფი გამოთვლების ფონზე რეალური თვითმფრინავის დიზაინის შექმნას რეალურს გახდიდა.

ამ მხრივ, ცივი ომიც გვასწავლის იგივე გაკვეთილს რაც მეორე მსოფლიო ომმა და ფაქტობრივად თითქმის ყველა უახლესი ისტორიის ომმა გვასწავლა. არ მისცეთ საშუალება მმართველი კლასის მეომრებს და პოლიტიკოსებს, გაანადგურონ ანტრეპრენერები. ის რეცეპტი, რომელიც განაპირობების ინდივიდების მატერიალურ წარმატებას, საფუძვლად ედება ქვეყნების ძალაუფლებასაც. მიეცით უფლება ანტრეპრენერებს შეინარჩუნონ საკუთარი შრომის ნაყოფი, თქვენ კი მართეთ მსოფლიო.

Powered by Stepan Parunashvili 🦾

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post