fbpx

პიროვნული თვისებები – ანტრეპრენერული წარმატების საფუძველი

პიროვნული თვისებები

პიროვნული თვისებები – ანტრეპრენერული წარმატების საფუძველი

ანტრეპრენერები ნებისმიერი თაობისთვის სიამაყის საფუძველს წარმოადგენენ. ასეთ ადამიანებს ჩვენ ხშირად გაოცებულები ვუყურებთ და გვიჩნდება უამრავი შეკითხვა – საიდან აქვთ მათ ამხელა გამბედაობა, ინოვაციური გონება, რისკზე წასვლის უნარი, ინტუიცია ან ნებისმიერი სხვა წარმატებასთან დაკავშირებული პიროვნული თვისებები?

ალბათ, ხშირად გვინატრია კიდეც, რომ ანალოგიურ მონაცემებს ვფლობდეთ, იდეა გაგვიჩნდეს, მასში მცირე ფინანსები ჩავდოთ და შემდეგ გარკვეული დონის რისკიც გავწიოთ. ასეთ შემთხვევაში საკუთარ ოცნებაში ვიცხოვრებდით, წარვმართავდით ჩვენსავე ბედისწერასა და სწორედ ისეთ კარიერას შევიქმნიდით, როგორიც ყოველთვის გვსურდა.

ჩვენ ანტრეპრენერების სახელებს ვარქმევთ გამოცემებს, მათზე მიმებს ვათვალიერებთ, ვკითხულობთ სტატიებს, რომლებშიც მოგვითხრობენ, თუ რას ნიშნავს მათსავით ცხოვრება. ფაქტობრივად, შეპყრობილები ვართ წარმატების იდეით. თუმცა, როგორც კი mvp.ge-ს ვტოვებთ, ჩვენს საოფისე სამსახურსა და ყოველდღიურობას ვუბრუნდებით. ოცნება კი ისევ მხოლოდ გონებაში აგრძელებს არსებობას და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

საინტერესოა რა ასპექტში იკვეთებიან ერთმანეთთან სტარტაპი და პიროვნული უნარჩვევები. არსებობს გზა იმის გასაგებად, თუ რამდენად შესაძლებელია, წარმატებული ანტრეპრენერი გახდეთ?

წარმატებული ანტრეპრენერის პიროვნული თვუსებები

გასაკვირი არ არის, რომ ანტრეპრენერის წარმატების საიდუმლოს პირველ რიგში მის პიროვნულ მახასიათებლებში ეძებენ, რადგან მიღწევებსა და აშკარად გამოხატულ თვისებებს შორის კორელაცია ეკრანებიდანაც ადვილი შესამჩნევია.  ასეთი პიროვნული ნიშნებია მაგალითად:

– გულახდილობა

– ენერგიულობა

– მიზანმიმართულობა

ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ჩამოწეროს მთელი ნუსხა იმ თვისებებისა, რომლებსაც ანტრეპრენერის წარმატებას დაუკავშირებს. თუმცა, ეს მიდგომა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში მეცნიერებამ უარყო. დასამუშავებელი მონაცემები ერთმანეთთან კავშირის არმქონე კონცეფციების მორევს ჰგავდა. აქედან გამომდინარე, მკვლევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ანტრეპრენერის წარმატებასა და პიროვნულ მახასიათებლებს შორის კორელაცია 0-ის ტოლია.

ამგვარმა შედეგებმა, ბუნებრივია, უამრავი შეკითხვა გააჩინა. 21-ე საუკუნეში კი, წარმატების იდეით მასობრივად შეპყრობის ფონზე, ამ თემამ კიდევ ერთხელ დაიბრუნა აქტუალობა.  თუმცა, ამჯერად საკვლევმა კითხვებმა მცირედი ტრანსფორმაცია განიცადა – რა უბიძგებს ადამიანებს კარიერაში დამოუკიდებელი გზის არჩევისკენ და რა თვისებები ზრდის მათი წარმატების ალბათობას?

პიროვნული თვისებების ,,დიდი ხუთეული’’

აკადემიკოსების ნაშრომების მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი პიროვნული თვისებები პირდაპირ უკავშირდება კარიერულ არჩევანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ის, თუ ვინ ხართ, გავლენას ახდენს იმაზე, რას აირჩევთ ცხოვრების მიზნად.

პიროვნული თვისებების დიდი ხუთეულის მოდელი შემდეგ ნიშნებს აერთიანებს:

– ექსტრავერსია (კომუნიკაბელურობა/ენერგიულობა vs მარტოობა/თავშეკავებულობა)

– თანხმობისადმი მზაობა (მეგობრულობა/თანაგრძნობა vs კრიტიკულობა/რაციონალურობა)

– გამოცდილებისადმი ღიაობა (კრეატიულობა/ცნობისმოყვარეობა vs თანამიმდევრულობა/სიფრთხილე)

– პატიოსნება (პროდუქტიულობა/ორგანიზებულობა vs დაუდევრობა/უდარდელობა)

– ნეიროტიზმი (ემოციურობა/ნერვულობა vs გამძლეობა/თავდაჯერებულობა)

ამ მოდელის გამოჩენის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ პიროვნული ნიშნების წყვილებსა და ბიზსნესის დამფუძნებლების წარმატებას შორის კავშირის კვლევას დაიწყებდნენ. ერთერთი ასეთი მეცნიერი შელი ფარინგტონი იყო, რომელსაც სურდა გამოერკვია, თუ როგორი პიროვნებები იყვნენ მოწინავე სტარტაპების მფლობელები. მან კითხვარი სხვადასხვა წარმატების დონის მქონე ასობით სტარტაპერებს გაუგზავნა, შევსებული კი 383 მიიღო.

მონაცემების ანალიზის შემდეგ, მან თავდაჯერებით გასცა პასუხი კითხვას:

კონკრეტული პიროვნული თვისებები ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ანტრეპრენერის მიღწევებზე?

დიახ.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ექსტრავერსიის, პატიოსნებისა და გამოცდილებისადმი ღიაობის მაღალი დონე აქვთ, მეტად სავარაუდოა, წარმატებული სტარტაპი ჰქონდეთ – შელი ფარინგტონი

რა თქმა უნდა, სტარტაპებისა და ფსიქოლოგიის კავშირი ამით არ ამოიწურება. ახლა უკვე ყველამ ვიცით, თუ რა სირთულეებს აწყდება ანტრეპრენერი. სწორედ ამიტომ ვერ ბედავს ადამიანების უმრავლესობა ამ გზის არჩევას. მისი ერთერთი მთავარი წინაპირობა ხომ წარუმატებლობასთან გამკლავების უნარია. თუ არ შეგიძლია შეეგუო გარდაუვალ მოვლენებს, კრახის მიუხედავად არ დანებდე და ნებისმიერი გამოცდილებიდან სიამოვნების მიღება ისწავლო, მაშინ კარიერის ეს მიმართულება შენი ნამდვილად არ არის.

იუმორისტული სათაურის მქონე სამეცნიერო ნაშრომში ,,I’m Loving It!’ What Makes the Successful Entrepreneur Affectively Committed to Entrepreneurial Performance’’ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გარკვეული სახის ქცევები ანტრეპრენერის წარმატების ალბათობას ზრდის.

კვლევაში მონაწილეობა ექვსმა ძალიან წარმატებულმა ანტრეპრენერმა მიიღო. შედეგი კი ასე გამოიყურება:

ჩვენ დავადგინეთ, რომ აფექტური მიჯაჭვულობა არის მიჯაჭვულობის ის მთავარი კომპონენტი, რომელიც სამეწარმეო საქმის შესრულების ხარისხზე ახდენს გავლენას. გარდა ამისა, მიზნების მიღწევისკენ ლტოლვის, თანდაყოლილი თუ დასწავლილი პოზიტიური ღირებულებებისა და გამორჩეული პიროვნული მახასიათებლების კომბინაცია დადებით გავლენას ახდენს წარმატებული ანტრეპრენერების სურვილზე, გაუმკლავდნენ გამოწვევებს და მოულოდნელ წარუმატებლობას

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც ზოგადად პოზიტიურები არიან და მიზნის მიღწევის ჟინი ამოძრავებთ, შუძლიათ გადალახონ ის დაბრკოლებები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის ცხოვრების სტილს მუდმივად თან ახლავს.

თუმცა, ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის. ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, ფსიქოლოგიაშიც რჩება ჯერ კიდევ შეუსწავლელი მოსაზრებები და გამოუკვლეველი გზები. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ახალბედა მეცნიერების მიერ ძველი პრობლემის ახლებურ ხედვას.


გადავიდეთ სოციალური ანტრეპრენერების კვლევაზე.

ვინ არის სოციალური მეწარმე? ეს ნებისმიერი ადამიანია, რომელიც ბიზნესის წამოწყებას სოციალური, კულტურული ან გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად ცდილობს.

სოციალური ანტრეპრენერები თავდაყირა აყენებენ სტატიაში აქამდე განხილულ მეცნიერულ დასკვნებს, რადგან განსხვავებული მიზნები და თვისებები აქვთ. სწორედ ამიტომ, კვლევა ხელახლა სვამს იმავე შეკითხვას – პიროვნული ნიშნების ,,დიდი ხუთეულის’’ მოდელიდან რომელი თვისებებია მნიშვნელოვანი სოციალური მეწარმის წარმატებისთვის?

შედეგები ცხადჰყოფს, რომ თანხმობისადმი მზაობა სოციალური მეწარმეობის ყველა მიმართულებაზე დადებითად მოქმედებს, მაშინ, როდესაც სიახლეებისადმი ღიაობა პოზიტიურ გავლენას ახდენს სოციალურ ხედვაზე, ინოვაციასა და ფინანსურ შემოსავლებზე

თანხმობისადმი მზაობა შეიძლება არ იყოს ის პიროვნული თვისება, რომელსაც თქვენ პირველ რიგში დაუკავშირებდით სამეწარმეო წარმატებას. მას შეიძლება ყველაზე ბოლო პოზიცია დაეკავებინა თქვენს სიაში. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც რასაც ტელევიზორში ვხედავთ, ყოველთვის არ ასახავს რეალურ ცხოვრებას.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post