Mixpanel -მა 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
ბოლო ვენჩურული ინვესტიციიდან შვიდი წლის შემდეგ, მონაცემების ანალიტიკის ლიდერმა სტარტაპმა Mixpanel -მა 200 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების C რაუნდს Bain Capital Tech Opportunities უძღვებოდა.
სტარტაპმა 2014 წელს, დაფინანსების B სერიაში $65 მილიონი მოიპოვა. მაშინ კომპანიის ღირებულება $865 მილიონი იყო, ახლა კი უკვე $1.05 მილიარდია.
Mixpanel-ის განცხადებით, ამდენწლიანი ინტერვალის უამრავი მიზეზი არსებობს. ხოლო 2018 წელს მთავარი საოპერაციო დირექტორის, ამირ მოვაფაგის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაწინაურება სტარტაპის განვითარების მიმართულების გამოსწორებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
სწორედ მოვაფაგმა დაიწყო მუშაობა მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოსაფხვრელად. მათ შორის იყო მომხმარებელთა კმაყოფილების მეტრიკა, ნომინალური რეკომენდატორების ქულა (NPS), რომლის მაჩვენებელიც მის დაწინაურებამდე 15-ს შეადგენდა, წელს კი 85-ამდეა. ამის გარდა, სტარტაპის შემოსავალიც გაზრდილია.
წინა პერიოდთან შედარებით, სტარტაპის მეტრიკები გაუმჯობესდა. მოგეხსენებათ, ჩვენი განვითარების პროცესი სწორხაზოვანი არ ყოფილა. 12-წლიან პერიოდში გვქონდა როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი მომენტებიც, – ამბობს ამირ მოვაფაგი.
მისი თქმით, Mixpanel ბაზარზე იმაზე ადრე გამოჩნდა, ვიდრე საჭირო იყო. თუმცა, პანდემიის დროს ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებისას, სხვადასხვა ტიპის სტარტაპს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტი.
სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ
სტარტაპი 2009 წელს სუჰაილ დოშიმ და ტიმ ტრეფრენმა დააარსეს. სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დოში 2018 წლამდე იკავებდა. შემდეგ კი, ის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადავიდა.
რაც შეეხება პროდუქტს, Mixpanel არის მომხმარებლის ანალიტიკის ინსტრუმენტი. ის ორგანიზაციებს თავიანთი კლიენტების ქცევის უკეთ შესწავლაში ეხმარება. მათ საშუალება აქვთ მომხმარებლების პროდუქტთან ურთიერთქმედებას გაუწიონ მონიტორინგი და რეალურ დროში გააანალიზონ ტენდენციები.