ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Meta-ს Giphy-ის გაყიდვა უბრძანა
დიდი ბრიტანეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც Meta-მ (ყოფილმა Facebook-მა) Giphy უნდა გაყიდოს. აღნიშნული gif-სურათების პლატფორმა კომპანიამ 2020 წლის მაისში $400 მილიონად შეიძინა.
Facebook-ის მიერ Giphy-ის შეძენა სოციალურ მედიაპლატფორმებს შორის კონკურენციას ამცირებს. გარიგებამ Giphy-ს უკვე დაუკარგა პოტენციური კონკურენტის ფუნქცია სარეკლამო ბაზარზე, – წერია დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების სამმართველოს დასკვნაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული შერწყმის შემდეგ Meta-ს შეუძლია შეუზღუდოს ან სრულად დაუბლოკოს Giphy-ზე წვდომა სხვა სოციალური მედიის პლატფორმებს. ასევე არაა გამორიცხული, რომ Giphy-ზე წვდომის სანაცვლოდ მან კონკურენტ პლატფორმებს (მათ შორის, TikTok-ს, Twitter-სა და Snapchat-ს) მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა მოსთხოვოს.
შერწყმის შემდგომ ფეისბუქმა Giphy-ის პოტენციური კონკურენციის მნიშვნელოვანი წყარო გააუქმა – სარეკლამო სერვისები შეუწყვიტა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებლია იმის გათვალისწინებით, რომ გიგანტი დიდ ბრიტანეთში 7 მილიარდი ფუნტის ღირებულების ციფრული სარეკლამო ბაზრის თითქმის ნახევარს აკონტროლებს, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
Meta მარეგულირებლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. კომპანიის სპიკერის თქმით, ისინი განიხილავენ გადაწყვეტილებას და გარიგების დასაცავად ყველა ღონეს მიმართავენ, მათ შორის, გასაჩივრებას. ჩვენი ინფრასტრუქტურის, ნიჭისა და რესურსების გათვალისწინებით, შერწყმა სიკეთის მომტანია მომხმარებლებისა და GIPHY-ისთვის, – განაცხადა Meta-ის სპიკერმა.
გასაჯაროებულ დასკვნაზე ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის ეკონომიკის ასოცირებულმა პროფესორმა გრეგ ტეილორმა გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, თუ რამდენად მკაცრად ამოწმებს მარეგულირებელი დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს.
ტექნოლოგიური კომპანიების შერწყმების პროცესების მიმართ კონკურენციის ორგანოები აქამდე ლმობიერებით გამოირჩეოდნენ. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული პროცესის გაკონტროლების უფრო მკაცრი სამართლებრივი წესები იქმნება. უახლესი გადაწყვეტილება მკაფიო ნიშანია Meta-ისა და სხვა მსხვილი ტექნიკური კომპანიებისთვის, რომ მომავალი გარიგებების უფრო მკაცრი შემოწმებისთვის მოემზადონ, – თქვა ტეილორმა.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში Meta მარეგულირებლის მხრიდან გაძლიერებული ანტიმონოპოლიური კონტროლის ქვეშ მოექცა. განსაკუთრებით, მის მიერ სხვა ტექნოლოგიური კომპანიების შესყიდვები. 2020 წლის ივლისში აშშ-ის პალატის ანტიმონოპოლიური ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ სიკილინმა ისიც კი განაცხადა, რომ კომპანია უნდა დაიშალოს.