1000 კომპანია Y Combinator-ის ერთ სერიაში? – შეფასება
გარკვეული დროის განმავლობაში, Y Combinator-ში მოხვედრა და მისი ე.წ. მარკის მიღება კომპანიების დიდი ნაწილისთვის ბევრს ნიშნავდა. მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები მკაცრი იყო, ხოლო YC-ის დემო დღეზე მთელი სტარტაპეკოსისტემა მღელვარებით იყო სავსე.
ეს დღე მხოლოდ ანტრეპრენერებისთვის არ იყო მნიშვნელოვანი – ინვესტორები ყველაზე პერსპექტიული სტარტაპებისთვის საბრძოლველად, მედიები კი მათზე დასაწერად ემზადებოდნენ. ორივე მათგანი ამას ერთი მიზეზის გამო აკეთებდა – YC-ის შესარჩევი პროცესის გადალახვა და პროგრამის ბოლომდე გადარჩენა ნიშნავდა, რომ კომპანიებმა, როგორც მინიმუმ, კომპეტენციის საბაზისო დონეს მიაღწიეს.
როგორც ახლახან Y Combinator-ის პრეზიდენტმა ჯეფ რალსტონმა განაცხადა, აქსელერატორის მიერ ერთ სერიაში 1000 კომპანიის დაფინანსება სრულიად შესაძლებელია. თანაც, ის ამ მიდგომის წარმატებაში დარწმუნებულია.
შევძლებთ, თუ დავიქირავებთ 10 ან მეტ ისეთ ადამიანს, რომელთაც აპლიკაციების კითხვა, სტარტაპებთან მუშაობა და ტრანსფორმაციული გამოცდილების შექმნა სურთ. მაშინაც, როცა YC-ის ერთ სერიაში 1000 კომპანია ეყოლება, წარმატების ზუსტად იგივე მაჩვენებელი გვექნება – ამბობს ჯეფ რალსტონი.
ცნობისთვის, 2005 წლის ივნისში Y Combinator-მა თავისი პირველი, 11 სტარტაპისგან შემდგარი სერია გამოუშვა. 2021 წლის ზაფხულში კი სერია 400-ზე მეტ კომპანიას მოიცავდა.
შეფასება
აღნიშნული ნაბიჯი სრულიად ლოგიკური იქნებოდა, თუ (როგორც რალსტონი ამტკიცებს) აქსელერატორი ხარისხისა და შერჩევის კრიტერიუმების მაღალი დონის შენარჩუნებას შეძლებდა. ანუ, თუ 1‰ (ათასიდან ერთი) სტარტაპი ისეთ კომპანიად გადაიქცევა როგორიცაა Airbnb, DoorDash, Coinbase, GitLab, Dropbox, Amplitude, Matterport, PagerDuty, Stripe, Instacart, Cruise, Brex, Reddit, Zapier, Gusto, Flexport, Monzo, Mux ან Rippling, მაშინ ეს კარგი ბიზნესმოდელია. ცხადია, აღნიშნული ჩამონათვალი შემთხვევითი არაა – მათგან ყველა Y Combinator პორტფელში შედის.
აღსანიშნია, რომ აქ პრობლემა ინვესტორებს არ ექმნებათ. ეს სტარტაპებისთვისაა გამოწვევა. მართალია, შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქსელის გაფართოვებასთან ერთად, ახალი კავშირების დამყარების ეფექტიც იზრდება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო დამფუძნებლებს კონტაქტების დამყარების პროცესში ჩართვის დრო არ აქვთ. განსაკუთრებით კი ადრეულ პერიოდში, როდესაც თავჩარგულნი მუშაობენ სტარტაპზე და არც სხვების დასახმარებლად სცალიათ.
დამფუძნებლებს ალბათ კითხვა უნდა გაუჩნდეთ იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა 1000-კაციანი კონტინგენტის ნაწილად ყოფნა. დაეხმარებათ Y Combinator-ის ე.წ. სამკერდე ნიშანი ინვესტორთან შეხვედრაში? ან ჟურნალისტის ელფოსტაზე შესული მნიშვნელოვანი წერილების კატეგორიაში მოხვედრაში? თუ უბრალოდ მკვეთრად შეამცირებს Y Combinator-ის ალუმნობის ღირებულებას?
Y Combinator-ის გაფართოება მისთვის და თავისივე პარტნიორებისთვის (ვინც YC-ში ინვესტიციას დებს) შესანიშნავია. სტარტაპებისთვის კი, შემოსავლის შემცირების რისკი ჩნდება.
მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ვინმე მსგავსი სერვისის შეთავაზებას დაიწყებს. ამის უკვე რამდენიმე პრეტენდენტი გამოჩენილია და როდესაც რომელიმე მათგანი პორტფოლიოს შექმნას დაიწყებს, YC-ის მხოლოდ იქ ვერმოხვედრილთა სია დარჩება.
შესაძლოა, ეს სილიკონის ველის ინსტიტუტის დასასრულის დასაწყისიც კი იყოს.