H&M მეტავერსში პირველ მაღაზიას ხსნის
საერთაშორისოდ ცნობილმა შვედურმა ტანსაცმლის ბრენდმა, H&M-მა ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ სულ მალე ის მეტავერსში პირველ ვირტუალურ მაღაზიას გახსნის. შედეგად კი, ის მომხმარებლებისთვის სრულიად ახალ გამოცდილებას – სამგანზომილებიან სავაჭრო გარემოს უზრუნველყოფს. ამ ნაბიჯით კი ის ხდება პირველი ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც მეტავერსის სავაჭრო სივრცეში გამოჩნდება.
ვირტუალური მაღაზიის მეშვეობით მომხმარებლებს შეეძლებათ, დაათვალიერონ პროდუქცია და შეიძინონ მათთვის სასურველი სამოსი, რომელთა ტარებაც მხოლოდ ვირტუალურ სამყაროშია შესაძლებელი. თუმცა, მოგვიანებით, ამ პროდუქციის შეკვეთა მათ რეალური მაღაზიებიდანაც შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ეს მაღაზია მეტავერსის ერთ-ერთ პირველ ციფრულ სივრცეში, CEEK City-ში იქნება განთავსებული, რომელიც ძალიან გავს რეალურ სამყაროს. გამომდინარე აქედან, შეძენა ვირტუალურ მაღაზიაში მხოლოდ CEEK მონეტებით იქნება შესაძლებელი – CEEK მეტავერსის მონეტის პროექტია, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინის ბაზას ეფუძნება. დღესდღეობით ამ ციფრულ ქალაქში 700 მილიონამდე CEEK მონეტაა ხელმისაწვდომი.
CEEK City
უფრო ნათელი წარმოდგენა რომ გქონდეთ, თუ სად იქნება განთავსებული H&M-ის პირველი ვირტუალური მაღაზია, CEEK City-ს ვრცლად გაგაცნობთ. ესაა მეტავერსის პროექტი, რომელიც აკავშირებს ხელოვანებს, სპორტსმენებს და სხვა ციფრული კონტენტის შემქმნელებს უშუალოდ მათ ფანებთან ვირტუალურ სამყაროებში. CEEK ამჟამად მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან VR გამოცდილებას CEEK City-ში – აქ ვხვდებით როგორც თეატრს, ისე საკონცერტო დარბაზს, სპორტულ კომპლექსს, გასართობ ლაუნჯებს და ა.შ