როგორ ვიყოთ მუდამ ფოკუსირებული – მაქს ლევჩინის რჩევები
მრავალი კომპანიის დაფუძნება, მართვა და, ამავდროულად, ოჯახის ყოლა მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა, პროცესების სწორად გადანაწილებით ყველაფერი შესაძლებელია.
რა თქმა უნდა, ამას უბრალოდ მოტივაციისთვის არ ვამბობთ და არაერთი წარმატებული ანტრეპრენერის მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ერთ-ერთი ასეთი, უკრაინელი მაქს ლევჩინია, რომელმაც ისეთი ცნობილი კომპანიები დააარსა, როგორებიცაა: HVF, Affirm, Slide, PayPal, Glow და სხვები.
ლევჩინის მთავარი მანტრაა – ,,იყავი ფოკუსირებული’’. თუმცა, საინტერესოა, როგორ ახერხებს ანტრეპრენერი ამის განხორციელებას. სწორედ ამიტომ, მის ერთ სამუშაო დღეს გაგაცნობთ.
გაღვიძება
მაქს ლევჩინი, ჩვეულებისამებრ, დილის 5:30 საათზე იღვიძებს. შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში ღამით მომხდარ მოვლენებს გადახედავს ხოლმე, რაც, ძირითადად, ჩინეთიდან მოსულ შეტყობინებებს მოიცავს.
ამის შემდეგ, ლევჩინი დღის განმავლობაში შესასრულებელი „ხუთი მთავარი საქმის“ სიას ადგენს. ამისთვის ის Evernote-ს იყენებს. როგორც თავად ამბობს, გეგმის ყოველდღიურად შედგენა ეხმარება იმის ზუსტად განსაზღვრასა და ცოდნაში, თუ რა უნდა გააკეთოს ამ დღეს.
დილის შემდეგი ეტაპი ველოსიპედით გასეირნებაა. ხოლო ცუდი ამინდის შემთხვევაში, ის 90 წუთის განმავლობაში ველოტრენაჟორით ვარჯიშობს. მაქს ლევჩინის თქმით, ველოსიპედით გარეთ სეირნობისას მისი მთავარი მიზანი ფიქრის შეწყვეტისა და უბრალოდ მოძრაობის მდგომარეობამდე მისვლაა.
,,ძალიან მომწონს დღის დასაწყისში ასეთი ინტენსიური გამოცდილების მიღება – სწორედ ეს მაძლევს ძალასა და ენერგიას. ამავდროულად, მსგავსი გამოცდილების მიღებისას მიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაცას მივაღწიე. სამსახურში ცუდი დღეც რომ მქონდეს, ის მაინც ვიცი, რომ მინიმუმ კარგად ვივარჯიშე’’, – აღნიშნავს ლევჩინი.
სამსახური და თანამშრომლებთან კომუნიკაცია
მაქს ლევჩინი დილის 8 საათისთვის უკვე ოფისში იმყოფება. როგორც ამბობს, სამსახურში ადრე მისვლა მოსწონს, რადგან სწორედ ამ დროსაა საქმიანობის ყველაზე მაღალი აქტივობა.
,,ბევრს ვმოგზაურობ, ამიტომ როცა აქ ვარ, მინდა, რომ მარტივად ხელმისაწვდომი ვიყო. ოფისის სხვადასხვა მხარეს ორი სამუშაო მაგიდა მაქვს, თუმცა, იშვიათად ვჯდები რომელიმე მათგანთან. ამის ნაცვლად, კაფეტერიის ტერიტორიაზე ან აბაზანის მოპირდაპირედ მდგარ სკამზე ვზივარ. თანამშრომლებმა იციან, რომ თუ ტელეფონს არ მოვიხმარ, შეუძლიათ მოვიდნენ და მესაუბრონ’’, – აღნიშნავს მაქს ლევჩინი.
დასაქმებულებთან ამგვარი ურთიერთობის ჩამოყალიბება მაქსმა მათთან ანონიმური გამოკითხვის ჩატარების შემდეგ გადაწყვიტა. როგორც მაშინ აღმოჩნდა, თანამშრომლების დიდი ნაწილი წერდა, რომ მათ იცოდნენ, თუ რა დაკავებული იყო ლევჩინის მუდმივად, თუმცა, კარგი იქნებოდა, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებაც ჰქონოდათ ხოლმე ინფორმაცია.
აღმასრულებელი დირექტორის ამოცანაა, მუდმივად იმ გზების ძიებაში იყოს, რომლებითაც ადამიანებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთებაში დაეხმარება, – მაქს ლევჩინი.
,,აბაზანის მოპირდაპირე მხარეს დაჯდომა სტრატეგიული არჩევანი იყო – აქ თითქმის ყველას მოუწევს მოსვლა. ამ ტერიტორიაზე ყოველთვის მხვდება ვინმე გამვლელი, რომელსაც შემდეგ ახსენდება, რომ ჩემთვის რაღაც უნდა ეკითხა. ეს მიდგომა ელექტრონული წერილების რაოდენობის შემცირებაშიც დამეხმარა. ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის ნაცვლად, ადამიანები გვერდით მისხდებიან და დისკუსიას ვმართავთ’’, – განმარტავს მაქს ლევჩინი.
ანტრეპრენერის თქმით, ის ინტროვერტია და სხვებთან მუდმივად საუბარი მისთვის დამღლელია. თუმცა, აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია მუდმივ გამოწვევებს მოიცავს. მისი ამოცანაა, მუდმივად მოძებნოს გზები, რომლებითაც საერთო მიზნის მიღწევის პროცესში ადამიანებს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩადებაში დაეხმარება.
შეხვედრები
მაქს ლევჩინი 30-40-წუთიან შეხვედრებს კვირაში სამჯერ მართავს. მათი მიმდინარეობისას კი, ყველა აღმასრულებელი იკრიბება იმ სირთულეების განსახილველად, რომელთაც მუშაობის პროცესში აწყდებიან. ასეთ შემთხვევებში, ლევჩინი დახურულ ოთახს პოულობს, ხოლო თუ სასაუბრო თემა საიდუმლო არაა, მაშინ ღია შეხვედრა ტარდება.
,,მაგალითად, Affirm-ის განვითარების გზაზე მთავარ ტექნიკურ ოფიცერთან (CTO) კაფეტერიაში ვსაუბრობდი. უწყვეტი გამჭვირვალობა ფინანსური ინსტიტუტის წარმატების გასაღებია. ასე, რომ საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტები უნდა დავნერგოთ და რომლები არა, ღიად მიმდინარეობს. შესაძლოა, ზოგჯერ დიალოგი შეიძლება გაცხარდეს, თუმცა, კარგია ადამიანებისთვის იმის დანახვება, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები’’, – ამბობს მაქს ლევჩინი.
თუ ანტრეპრენერს შემოქმედებითობაზე ფოკუსირება სჭირდება, ის კაფეში მიდის. აღსანიშნია, რომ ის ყოველდღიურად 2 საათის განმავლობაში ყველასგან იზოლირდება – არ ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას, რთავს საკომუნიკაციო აპლიკაციებს, არ პასუხობს ტელეფონს (თუ მეუღლე არ ურეკავს) და ისე მუშაობს. მისი თქმით, ამგვარი მიდგომა მის პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება.
პროდუქტიულობა
,,არაერთი საშუალება გამოვცადე ჩემი პროდუქტიულობის გასაზომად. მაგალითად, ვაკვირდები შეხვედრების ხანგრძლივობასა და იმას, თუ რამდენ თემაზე საუბარს მოვასწრებ თითოეულის მიმდინარეობისას. ასევე, თვალყურს ვადევნებ კითხვის სიჩქარეს. მიზნად მაქვს დასახული, რომ ელფოსტაზე შემოსული (წაუკითხავი) წერილების სექცია ნულამდე ჩამოყვანა. ყოველდღიურად 800 შეტყობინებას ვიღებ და თუ დღის ბოლოს მხოლოდ 100 მათგანია უპასუხოდ დარჩენილი, მაშინ ის დღე პროდუქტიული ყოფილა. თუ 200 წერილზე მეტი მრჩება პასუხის გარეშე, არ ვიძინებ, სანამ ამ საქმეს არ დავასრულებ’’, – აღნიშნავს მაქს ლევჩინი.
დღე შემიძლია ნაყოფიერად ჩავთვალო, როდესაც დაძინებამდე ვფიქრობ, რომ სამუშაო პროცესს მე ვაკონტროლებდი და არა – პირიქით, – მაქს ლევჩინი.
პროცესის გამარტივებისთვის, ლევჩინი მასთან მომუშავე ადამიანებს ერთთემიანი და ლაკონიური შეტყობინებების დაწერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ დიდ წერილს სწერთ ვინმეს, სათაურის ველში უნდა მიუთითოთ, რომ ის გრძელია და პასუხს არ ელოდებით.
,,ელექტრონული შეტყობინებები, რომლებიც დაუყოვნებლივ პასუხს საჭიროებენ, მხოლოდ ერთ თემას უნდა ეხებოდეს. ამის გარდა, თუ ჯგუფურ მიმოწერაში ვარ ჩართული და ვფიქრობ, რომ ჩემი მოსაზრების გამოხატვა არაა საჭირო, არ ვპასუხობ’’, – აღნიშნავს მაქს ლევჩინი.
პროდუქტიულობის მაქსიმუმის მისაღწევად, ლევჩინი ზემოთ ჩამოთვლილი ხერხების გარდა ორ მნიშვნელოვან მიდგომას მიმართავს.
პირველი დღის განმავლობაში პატარა მიზნების დასახვასა და მათ შესრულებას გულისხმობს. მაგალითად, ,,შესაძლოა ვთქვა, რომ მომდევნო საათში ელფოსტაზე შემოსულ 50 შეტყობინებას გავასუფთავებ’’. აღნიშნულის გარდა, შესასრულებელი საქმეების სია ყოველთვის გრძელია, თუმცა, პატარა და გამაღიზიანებელი დავალებების თავიდან მოშორება ძალიან სასიამოვნოა.
მეორე მიდგომა ერთი დავალებიდან მეორის შესრულებაზე გადახტომის თავიდან აცილებას მოიცავს. როგორც ლევჩინი აღნიშნავს, როგორი სხარტი და გონიერიც არ უნდა იყოთ, ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
,,ვცდილობ, ჩემი დღე ბლოკებად დავყო, მათ შორის, ბუნებრივი შესვენებებით. ასე რომ, თუ ჯერ Affirm-ზე და შემდეგ Glow-ზე ფიქრი მიწევს, ვეცდები განრიგი ისე მოვაწყო, რომ ახალ საქმეზე ლანჩის დროს გადავერთო’’, – აღნიშნავს მაქს ლევჩინი.
დაბოლოს, თუ კონკურენტების გამო, ინვესტიციის მოზიდვის ან სხვა რაიმეს შესახებ ღელავთ, თქვენი პროდუქტიულობა მცირდება. ასე რომ, ლევჩინის მთავარი მანტრა გაიხსენეთ და გაითვალისწინეთ კიდეც, ანუ ,,იყავით ფოკუსირებულნი’’.