როგორ გავხდეთ ანგელოზი ინვესტორი – Paul Graham
1998 წელს სტარტაპი Viaweb-ის გაყიდვის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ანგელოზი ინვესტორი გავხდებოდი. თუმცა, ამ საქმიანობის დაწყება 7 წლით გადავდე, რადგან ბუნდოვანი და რთული მეგონა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ის იმაზე უფრო საინტერესო და ადვილი იყო, ვიდრე ველოდი. რა გჭირდებათ იმისთვის, რომ წარმატებული ანგელოზი ინვესტორი გახდეთ? მთავარია შესაბამის სტარტაპებში ჩადოთ ფული. თუმცა, არის კიდევ გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ამ სექტორში შესვლამდე.
მუშაობის მექანიზმი
ანგელოზი ინვესტორები ხშირად სინდიკატის სახით აფორმებენ გარიგებებს – ანუ სტარტაპში ინვესტიციას გაერთიანებული ძალებით დებენ. როგორც წესი, სინდიკატს ჰყავს წამყვანი ინვესტორი, რომელიც სტარტაპთან აწარმოებს მოლაპარაკებას. თუმცა, ეს ყოველთვის ამგვარად არ ხდება. ზოგჯერ კომპანია თავად ქმნის სინდიკატს იმ ბიზნესანგელოზებისგან, რომლებმაც მას დამოუკიდებლად შესთავაზეს თანამშრომლობა.
როგორ დავიწყოთ საქმიანობა
ინვესტირების დასაწყებად ყველაზე მარტივი გზა ამ საქმეში აქტიური მეგობრის პოვნა და მის სინდიკატებში ჩართვაა. ამის შემდეგ, ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, ჩეკების გამოწერა იქნება.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ სინდიკატში მონაწილეობის მიღება აუცილებელია. ინვესტიციების დამოუკიდებლად ჩადება არც ისე რთულია. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სტანდარტული series AA დოკუმენტები, რომლებიც იურიდიულმა ფირმამ Wilson Sonsini Goodrich & Rosati და სტარტაპა ქსელერატორმა Y Combinator გამოაქვეყნეს. ცხადია, ამ ყველაფერს ადვოკატმა უნდა გადახედოს. იურისტი უნდა გყავდეთ თქვენც და სტარტაპსაც.
სტარტაპთან გარიგების პირობებზე მოლაპარაკების წარმოებისას, ორი რიცხვი, რომელიც უნდა გაინტერესებდეთ არის – რამდენ ფულს დებთ და კომპანიის ღირებულება. უკანასკნელი განსაზღვრავს იმას, თუ რა რაოდენობის აქციებს მიიღებთ. მაგალითად, თუ $50,000-ს ჩადებთ კომპანიაში, რომლის pre-money ღირებულება $1 მილიონია, მაშინ მისი post-money ღირებულება იქნება $1.05 მილიონი და თქვენ მიიღებთ (0,05/1,05)X100%-ს, ანუ მისი აქციების 4,76%-ს.
თუ კომპანია მოგვიანებით მეტ ინვესტიციას მოიპოვებს, ახალი ინვესტორი ყველა არსებულ აქციონერს კომპანიის ნაწილს ,,წაართმევს’’ (ისევე როგორც თქვენ გააკეთეთ მანამდე). მაგალითად, თუ შემდეგ რაუნდში დამფუძნებლები ახალ ინვესტორს კომპანიის 10%-ს მიჰყიდიან, თქვენი 4,76% შემცირდება 4,28%-ამდე. ანუ, თეორიულად, ინვესტირების ყოველი ახალი რაუნდის შემდეგ უფრო მაღალი ღირებულების მქონე სტარტაპის უფრო და უფრო მცირე წილი გრჩებათ. საბოლოოდ, ის შეიძლება 0,5%-ამდე ჩამოვიდეს, მაგრამ ამასობაში კომპანია IPO-ზე გავა და თქვენი $50,000 იქცევა $5 მილიონად.
მართალია, განზავება ნორმალურია, თუმცა ეს თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ინვესტიციის ჩადებისას დადებული შეთანხმება უნდა მოიცავდეს იმ დებულებებს, რომლებიც წილის შენარჩუნების მიზნით, მომავალ რაუნდებში მონაწილეობის საშუალებას მოგცემთ.
რა რაოდენობის უნდა იყოს ინვესტიცია?
ინვესტიციის რაოდენობა ათიდან ასობით ათასამდე, იშვიათ შემთხვევებში კი, მილიონობით დოლარამდეც ადის. ზედა ზღვარი კი ის მთლიანი თანხაა, რომლის მოზიდვაც სურთ სტარტაპის დამფუძნებლებს.
თუ არ იცით, რა რაოდენობის თანხა ჩადოთ სტარტაპში, გადაწყვეტილების მარტივად მისაღებად კარგი ხერხი ინვესტიციის რაოდენობის უბრალოდ შემცირებაა. დაიყვანეთ ის იმ თანხამდე, რომლის დაკარგვაც თქვენთვის დამანგრეველი არ იქნება. მაგალითად, თუ $5 მილიონის ინვესტირებადი აქტივები გაქვთ, ალბათ, $15 000-ის (ანუ 0,3%-ის) დაკარგვაზე დიდად არ იდარდებთ. ასე რომ, საქმიანობა სამი ან ოთხი $15 000-იანი ინვესტიციით დაიწყეთ და ისე აღიქვით, როგორც სასწავლო ხარჯი.
როგორ შევარჩიოთ კომპანია?
ბიზნესანგელოზების შემოსავლებზე ყველაზე მეტად ის მოქმედებს, თუ რამდენად შესაფერისი კომპანია შეარჩიეს ინვესტირებისთვის. აღსანიშნია, რომ საქმიანობაში ეს ნაწილი ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე რთულია.
ალბათ, გსმენიათ სტარტაპ ინდუსტრიაში გავრცელებული ფრაზის – ,,გააკეთე ის, რაც ხალხს სურს’’ – შესახებ. ამგვარი ციტატა ანგელოზი ინვესტორებისთვისაც არსებობს – ,,აირჩიე სწორი სტარტაპები’’. ორივე რომ შევაერთოთ კი გამოვა – ,,აირჩიე სტარტაპები, რომლებიც გააკეთებენ იმას, რაც ხალხს სურს’’. სათქმელად მარტივია, თუმცა ამის პრაქტიკულად განხორციელება – ნამდვილად რთული.
ბიზნესანგელოზმა კარგი სტარტაპების შერჩევა მანამ უნდა მოახერხოს, სანამ ისინი წარმატებას მიაღწევენ. არჩევის ეტაპზე წარუმატებლობის მიზეზი კი შეიძლება იყოს ის, რომ პროდუქტის დადებით თვისებებს მომხმარებლები ჯერ ვერ ამჩნევენ; ან ის, რომ კომპანია ერთი ან ორი ცვლილებითაა წარმატებისგან შორს. ანუ, ანგელოზი ინვესტორი შესაბამის დროს მოვლენების სწორად გამჭვრეტელის როლში უნდა გვევლინებოდეს.
ადამიანები თუ იდეა?
ინვესტორები ერთ მნიშვნელოვან საკითხზე კამათობენ: რომელი უფრო მნიშვნელოვანია სტარტაპში – ადამიანები თუ იდეა (უფრო კონკრეტულად, ბაზარი). ზოგიერთი მათგანი, მათ შორის, რონ კონვეი ამბობს, რომ იდეა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ადამიანები კომპანიის საფუძველი არიან. ამის საწინააღმდეგოდ, მარკ ანდრისენი აღნიშნავს, რომ მოთხოვნად ბაზარზე ნორმალურ დამფუძნებლებს უფრო დაუჭერდა მხარს, ვიდრე ცუდ ბაზარზე კარგ დამფუძნებლებს.
ბევრი მიფიქრია ამ უთანხმოებაზე და არ მიკვირს, რომ ის არსებობს. თუმცა, ერთ ფაქტზე მინდა ყურადღების გამახვილება – ამ საკითხში მარკ ანდრისენი, ჯოუდ კარიმი და ჯო კრაუსი ბაზრის მიმართულებას უჭერენ მხარს. აღსანიშნია, რომ ეს სამივე ადამიანი საკუთარი სტარტაპით იმდენად სწრაფად მზარდ ბაზარზე მოხვდა, რომ ერთადერთი რისი გაკეთებაც შეეძლოთ, ზრდისთვის ფეხის აწყობა იყო. ამგვარი გამოცდილების უგულებელყოფა შეუძლებელია. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარ თავს არასათანადოდ აფასებენ – ჰგონიათ, რომ ნებისმიერი შეძლებდა ამის გაკეთებას. თუმცა, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან. აქედან გამომდინარე, როგორც ანგელოზ ინვესტორს მიმაჩნია, რომ კომპანიის შემქმნელ პირებზე უნდა გაამახვილო ყურადღება.
როგორ ვიპოვოთ სტარტაპები?
ზედა ნაწილში განხილული შეკითხვა – როგორ შევარჩიოთ კომპანია – თავისთავად გულისხმობს, რომ სტარტაპებს შორის არჩევანის გაკეთება გიწევთ. თუმცა, როგორ უნდა იპოვოთ ისინი? იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილი მეგობრის სინდიკატში ჩაერთვებით, აღნიშნული საკითხი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ სხვა დროს რა ხდება?
რეალურად, სირთულე არა სტარტაპის პოვნა, არამედ ხარისხიანი სტარტაპების ნაკადის მოძიებაა. ამის გაკეთება, ტრადიციულად, კონტაქტების მეშვეობით ხდება. მაგალითად, სილიკონ ველი ძირითადად რეფერალებზე მუშაობს. ამიტომ, თუ ინვესტორებთან და დამფუძნებლებთან მეგობრობთ, ისინი საინტერესო გარიგებებს თქვენკენ გადმოამისამართებენ. ამისათვის კი უბრალოდ სანდო და სასარგებლო ინვესტორის სახელის მოპოვებაა საჭირო. ცნობადობის მოსახვეჭად საუკეთესო გზა კი სტარტაპებში ინვესტიციების ჩადებაა. როგორი ჭკვიანი და კეთილიც არ უნდა ჩანდეთ, რეფერალებს ვერ მიიღებთ მანამ საკუთარ თავს რამდენიმე ინვესტიციით არ დაამტკიცებთ.
ასე რომ, თუ ამ საქმიანობას სერიოზულად უყურებთ, გაააქტიურეთ თქვენი არსებული კავშირები; ეცადეთ იყოთ კარგი ინვესტორი იმ სტარტაპებისთვის, რომელთაც ამგვარად შეხვდებით და ჯაჭვური რეაქციაც წარმოიქმნება.
როგორ ვიყოთ კარგი ანგელოზი ინვესტორი?
დამფუძნებლები კარგ ინვესტორს შემდეგნაირად აღწერენ – ,,ის ჩეკებს წერს’’. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესანგელოზმა ყველას დადებითი პასუხი უნდა გასცეს. ეს გულისხმობს იმას, რომ ინვესტორი გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს და შემდეგ მიჰყვება მას.
კარგი ანგელოზი ინვესტორის მეორე თვისება უბრალოდ კარგი ადამიანობაა. აქ არ გჭირდებათ ადამიანების განადგურება იმისთვის, რომ ფული გამოიმუშაოთ. მეტიც, თუ დამფუძნებლებს არასათანადოდ მოეპყრობით, ისინი დემორალიზდებიან, კომპანია წარმატებას ვერ მიაღწევს, თქვენი რეფერალები კი შემცირდება.
კარგი ბიზნესანგელოზები ინვესტირების შემდეგ მუდამ ცდილობენ კომპანიის მაქსიმალურად დახმარებას. ისინი იმ კომპანიებსაც კი ეხმარებიან, რომლებშიც ინვესტიცია არ ჩაუდიათ.