Google კომპანიაში Airtel $1 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს
Google ინდურ ტელეკომუნიკაციის კომპანიაში Airtel $1 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს. ეს იმ $10 მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც ტექნოლოგიური გიგანტი ინდოეთში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებს.
Google $700 მილიონიან ინვესტიციას კომპანიის 1,28%-იანი წილის შესაძენად განახორციელებს. დანარჩენ $300 მილიონს კი ოპერატორთან მრავალწლიანი კომერციული ხელშეკრულების შესწავლაში ჩადებს. ცნობისთვის, ის არის ინდოეთის სიდიდით მეორე სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელსაც 300 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს.
Airtel ინდოეთის ციფრულ მომავალს აყალიბებს. ჩვენ ვამაყობთ, რომ კავშირის გაფართოებისა და მეტი ინდოელისთვის ინტერნეტზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად ვთანამშრომლობთ, – განაცხადა Google-ისა და Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ.
კომპანიების განცხადებით, ისინი Airtel-ის შეთავაზებების გაფართოებაზე იმუშავებენ, რათა მან ანდროიდის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების ფართო სპექტრი დაფაროს. ამის გარდა, Google და Airtel შეისწავლიან პარტნიორობების შესაძლებლობებს სმარტფონების მწარმოებლებთან, რათა უფრო ხელმისაწვდომი მობილურები შექმნან.
კომპანიები ასევე გეგმავენ, რომ ითანამშრომლონ ინდოეთში ღრუბლოვანი ეკოსისტემის ფორმირებისა და ზრდის მიმართულებით. აღსანიშნია, რომ ტელეკომუნიკაციის ოპერატორი უკვე ემსახურება 1 მილიონზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს თავისი საწარმოების დაკავშირების შეთავაზებით.
ჩვენ ინოვაციური პროდუქტების მეშვეობით ინდოეთის ციფრული მიმართულების ზრდის ხედვას ვიზიარებთ. მოუთმენლად ველით Google-თან მჭიდრო თანამშრომლობას ინდოეთის ციფრული ეკოსისტემის გასაზრდელად, – განაცხადა Bharti Airtel-ის თავმჯდომარემ, სუნილ ბჰარტი მიტალმა.
ინტერნეტის 600 მილიონზე მეტი მომხმარებლით ინდოეთი არის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბაზარი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. აღსანიშნია, რომ Google-მა და Facebook-მა გასულ ათწლეულში არაერთი პროგრამა აწარმოეს ათობით მილიონი ინდოელისთვის ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად.