fbpx

ქართული სტარტაპები: Elven Technologies

Elven Technologies

ქართული სტარტაპები: Elven Technologies

მარსზე წასვლა ბევრი ადამიანის ოცნებაა, თუმცა, მას ზოგი სერიოზულად, ზოგიც კი – არასერიოზულად უდგება. საქართველოში არსებობს ადამიანთა მცირე ქვეჯგუფი, რომელიც არამხოლოდ წასვლაზე ოცნებობს და მუშაობს, არამედ იქ წასასვლელი აღჭურვილობის გამოგონებაზეც ფიქრობს. არ მოგესმათ – ეს Elven Technologies-ია და მის მიღმა ვამეხ ხერხეულიძე, გიორგი გაბარაშვილი, სანდრო ჩუბინიძე და ბელა ბუცხრიკიძე დგანან.

საიდან გაჩნდა იდეა და სად არის ახლა Elven Technologies? ამ თემებზე ვამეხ ხერხეულიძე გვესაუბრა:

იდეა

თავდაპირველად გაჩნდა გაგრილების სისტემაზე მუშაობის იდეა – ვფიქრობდით, რატომ არ გვაქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც ტემპერატურას თავად დავარეგულირებთ?! ეს იდეა დაახლოებით 5 წლის წინ მოგვივიდა თავში და თამაშის დონეზე დავიწყეთ რაღაცების კეთება, თუმცა, თან ვხვდებოდით, რომ გამოგვდიოდა. როცა უკვე დავიწყეთ ინტერნეტში იმის ძიება, მართლა არსებობს თუ არა სამოსი, რომელიც გააგრილებს ადამიანს, აღმოვაჩინეთ, რომ კი, არსებობს, თუმცა, მხოლოდ კოსმოსური კოსტიუმებისთვის. ასეთი კოსტიუმი კი მსოფლიოში მხოლოდ 3 ცალი არსებობს. ისინი ძალიან ძველია და თანაც მათ გაუმჯობესებაზე არავინ ფიქრობს; მივხვდით, რომ თუკი ჩვენ გაგრილების სისტემას შევქმნით, კოსმოსურ კოსტიუმებს აუცილებლად გამოადგებათ ის. თანაც, ადამიანები, რომლებმაც ეს 3 ცალი კოსტიუმი შექმნეს, აღარ არიან ცოცხლები და საჭირო ტექნოლოგია მათ ასაწყობად დღეს არავინ იცის.

სწორედ აქედან გამომდინარე, ვთქვით, რომ სრულიად გიჟურად, ჩვენ ავაწყობთ ახალი ტიპის, რევოლუციურ კოსმოსურ კოსტიუმს.

გამოცდილება

გიორგი გაბარაშვილი არის ინჟინერი (რობოტიკის, საფრენი აპარატების, კომპიუტერული და ა.შ). გარდა ამ გამოცდილებისა, მას დიდ კომპანიებშიც უმუშავია და სტარტაპებშიც. ამავდროულად, მე ვიყავი ექიმი და ზუსტად ვიცოდი, ადამიანის სხეულში რა ხდება, როგორ ხდება და როგორ უნდა დაიცვა ის. ასევე, ძალიან მიყვარს სწავლა და ვისწავლე ქიმიაც, ფიზიკაც და ახლა უკვე ჩემს თავს ინჟინერს ვუწოდებ.

რეალურად, ამ სფეროში ბევრი მაინც არაფერი ვიცოდით, უბრალოდ ვიცოდით ის, რომ საჭირო პროდუქტი იყო და გვჯეროდა, რომ აუცილებლად გამოგვივიდოდა. სიგიჟეა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც ორი ტიპი საქართველოდან აწყობს იმ კოსტიუმს, რომელზე ნასა უკვე 15 წელია მუშაობს, ნახევარი მილიარდი დაახარჯა ამ ამბავს და მაინც ვერ ააწყო.

გზის დასახვა

ყველაფერი ეს მართლაც სიგიჟედ ჩანს, მაგრამ მიზანი დასახულია და 10 წელში განხორციელდება ეს თუ 20-ში, მაინც შევძლებთ მის შექმნას. თუმცა, მანამდე ამ მიზნამდე მისასვლელი გზის დასახვა იყო საჭირო. მივხვდით, რომ ყველა ის ტექნოლოგია უნდა გაგვეახლებინა, რომელიც კოსტიუმში ადამიანის სიცოცხლის დაცვას ემსახურება. საუბარია იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა კომპიუტერი არ არსებობდა, ამიტომაც, ძალიან სერიოზული განახლება სჭირდება მას.

მიზნად დავისახეთ, რომ იმ უამრავ ტექნოლოგიას შორის, რაც საჭიროა კოსმოსური სამოსის შესაქმნელად, ცალ-ცალკე ამოგვეღო თითო ტექნოლოგია, შეგვექმნა მისგან პროდუქტი და გაგვეყიდა. როცა უკვე ყველა ტექნოლოგიას ამოვწურავდით, შევქმნიდით კოსმოსურ კოსტიუმს. დღემდე ეგ არის ჩვენი გეგმა და მაგ გზას ვადგავართ.

ტემპერატურული დაცვის ტექნოლოგია

ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგია იყო ტემპერატურული დაცვა. კოსმოსში რომ გადიხარ, ერთ მხარეს, საიდანაც მზე არ განათებს, ძალიან ცივა, მეორე მხარეს კი, პირიქით – ძალიან ცხელა. ასეთ დროს, გჭირდება როგორც საოცარი დაცვა სიცივისგან, ისე – სიცხისგან. ამიტომაც, გვინდოდა, გვეპოვა ისეთი მასალები, რომლებიც ტემპერატურულ დაცვას აიყვანდა მაღალ დონეზე. ვიპოვეთ ეს მასალები და ჩვენივე ექსპერიმენტებით შევქმენით ისეთი მატერია, რომელიც არამხოლოდ ტემპერატურისგან, არამედ პირდაპირი ალისგან იცავს ადამიანს, ანუ – ცეცხლგაუმტარია.

და ვის შეიძლება გამოადგეს ცეცხლგაუმტარი სამოსი, თუ არა მეხანძრეებს? შესაბამისად, მივხვდით, რომ ის პირველი ტექნოლოგია, რომელიც შემოსავალს მოიტანს და შემდეგ პროდუქტზე გადაგვიყვანს, უკვე არის მეხანძრის უნიფორმა.

პრაქტიკა

2019 წელს უკვე ავიღეთ პირველი 100 000-იანი გრანტი ჯიტასგან, რომელმაც 1 წლის განმავლობაში გვამუშავა და თეორიიდან გადაგვიყვანა პირველად პროტოტიპამდე. ამ დროისთვის უკვე გვქონდა ერთი პატარა ჩასაცმელი მკლავი, რომელსაც 1200 გრადუსში ვატარებდით და არაფერი მოსდიოდა არც მას და არც – ჩვენ. როცა უკვე ვიპოვეთ ბელა, რომელიც კოსტუმების დიზაინერია, შევქმენით ნამდვილი უნიფორმა.

რომ შევადაროთ, ჩვენი ტექნოლოგია სხვა უნიფორმების ტექნოლოგიებს, ისინი ამ ტემპერატურას უძლებენ დაახლოებით 8 წამის განმავლობაში. ჩვენ კი ამ ცეცხლში მინიმუმ ერთი წუთი ვდგავართ – გამოდის, რომ მას 5-ჯერ ან 6-ჯერ უკეთესი დაცვა აქვს.

2020 წელს დაიწყო პანდემია, მატერიალური რესურსი გაგვითავდა და გავაგრძელეთ ძალიან პატარა გარაჟში მუშაობა და ნამდვილად ბევრი ვიწვალეთ იმ წლის განმავლობაში. თუმცა, 2020-ის ბოლოს, როცა უკვე ზემოხსენებული კოსტუმი შევქმენით, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა ყველასგან, რომ მხოლოდ ჩვენი ახლობლებისგან და მეგობრებისგან 50 000 დოლარი მოვიზიდეთ. ასევე, ამ კოსტუმმა მოიტანა სილიკონ ველის ერთ-ერთი ინვესტორისგან ამავე ოდენობის თანხა და ბოლოს უკვე ჯიტას 650 000 ლარიანი გრანტის მესამედიც ავიღეთ.

წამოვედით გარაჟიდან, გადავედით ნორმალურ სამუშაო სივრცეში, ვიყიდეთ საკერავი მანქანები და, ასე ვთქვათ, წელში ცოტათი გავიმართეთ. 2021 წლის განმავლობაში შევკერეთ ასევე რამდენიმე უნიფორმა, რომლებზეც ჩავატარეთ ისეთი დონის ექსპერიმენტი, როგორიც, ალბათ, საქართველოში კარგა ხანია, არ ჩატარებულა. ამ ექსპერიმენტისთვის ავაწყეთ მაღალტექნოლოგიური მანეკენი, რომელსაც უყენია სენსორები და ლაივში გამოაქვს ინფორმაცია, სხეულის რომელ წერტილზე რა ტემპერატურაა კონკრეტულ მომენტში. შესაბამისად, ამ მანეკენს ვაცმევდით უნიფორმას და ცეცხლში ვაქცევდით მას, ვუყურებდით, ცეცხლს სად, როდის შეაპარებდა. დავადგინეთ, რომ 40 წამი არსად არ ატარებს უნიფორმა და ამ პერიოდის მერე, ნელ-ნელა რაღაც ადგილებში შესვლას იწყებს, მაგრამ იმისთვის, რომ სიცოცხლისთვის საშიში რისკის წინაშე აღმოჩნდეს მეხანძრე, სადღაც 80 წამია საჭირო.

საბოლოო ჯამში, შესაძლებლობა მოგვეცა, გადავრთულიყავით გაგრილების სისტემაზე, ანუ – გაგრილების სისტემის ჩაცმად პროტოტიპზე, რომელსაც უნიფორმის ქვეშ ვიცვამთ და ამ შემთხვევაში ცეცხლში უკვე 15 წუთი ვძლებთ.

პატენტი

პატენტის აღებას ვაპირებთ ისე, როგორც წესია, თუმცა, ამის გაკეთებას საქართველოში არ ვგეგმავთ. ეს იმდენად სპეციფიკური სფეროა, რომ გვჭირდება ნამდვილად ისეთი პატენტ-რწმუნებული, რომელსაც დაახლოებით ასეთ საკითხებზე უმუშავია. პატენტის დოკუმენტის დაწერაც ძალიან სპეციფიკურია, რადგან მასში ყოველ სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საიმისოდ, რომ ოდესმე ვიღაც რაღაცაზე არ მოგედავოს. თანაც, ჩვენი მთელი ღირებულება სწორედ მაგ პატენტზე დგას და ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო ამ დოკუმენტის შედგენისას.

პატენტის საკითხი კიდევ ერთი მიზეზის გამო იწელება ხოლმე: განაცხადის შეტანიდან იწყება დროის ათვლა და ამ დროის განმავლობაში ხდება მოკვლევა და შეფასება. შემდეგ უკვე, თუკი გადაწყვეტენ, რომ კომპანიას ნამდვილად ეკუთვნის პატენტი, რატიფიცირებისას ძალიან დიდი თანხაა საჭირო. ეს ფული კი გჭირდება 12 თვეში და თუ არ გაქვს იმ მომენტში, გამოდის, რომ ეს პატენტი ღიაა და ყველას შეუძლია, მასზე წვდომა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, სწორ მომენტში უნდა შეიტანო და იცოდე, რომ 12 თვეში ნამდვილად გექნება რატიფიცირების თანხა.

სულ მალე მივფრინავ ამერიკაში და ვიწყებ მატერიალური რესურსის მოზიდვას, კლიენტებთან საუბარს, გაყიდვებზე მუშაობას, მათ შორის, კომპანიის დაფუძნებას და პატენტზე განაცხადის შეტანას.

Shark tank

როდესაც შარქ თენქზე გავდიოდით, 100%-ით დარწმუნებულები ვიყავით, რომ არ გამოგვყვებოდნენ. შეუძლებელია, 15 წუთში ადამიანს ფული ასეთ სიგიჟეში მისცე. ბევრ სხვა ბიზნესს ნათელი მიზანი გააჩნია, მაგრამ ჩვენთან ასე არ არის და ამიტომაც, ჩვენს მიზანს 15 წუთში სრულყოფილად ვერ ავხსნიდით. აქ გასვლის მიზანი, რეალურად, მათი მხრიდან სწორი კითხვების დასმა და გამოცდილების მიღება იყო. ამ სწორ კითხვებზე მომავალში ფიქრი მოგვიწევდა – მოკლედ რომ ვთქვათ, გამოცდაზე გავედით. ამ ყველაფრის პლუსი კიდევ ის იყო, რომ ბევრმა ადამიანმა გაგვიხსენა და ბევრმაც – გაგვიცნო.

უნიფორმის მატერიები

სამეცნიერო დონეზე რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი უნიფორმის შემადგენელი მატერიები ცალ-ცალკე ცეცხლთან მიმართებით არაფერში არ გამოიყენება. ჩვენი სამეცნიერო მიდგომა კი ძალიან ბაზისურია – ჩავდივართ ძალიან დიდ სიღრმეებში, ქიმიაში, ფიზიკაში და იქიდან ვცდილობთ, რომ გადავჭრათ კონკრეტული პრობლემა. სწორედ ამ სიღრმეებიდან ვფიქრობდით, რა ტიპის მატერიები შეიძლება, აჩერებდეს ტემპერატურულ თუ ენერგიულ გადაცემას. შემდეგ უკვე ვიპოვეთ ისეთი ადამიანები, ვინც საჭირო მატერიებზე მუშაობენ, რადგან ეს მატერიები ძალიან ახალია და ძალიან რთულად ხელმისაწვდომი. ამ მატერიებიდან შემდეგ კონკრეტული კომბინაცია ვიპოვეთ, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით.

მოტივაცია

პირველ რიგში, მეცნიერების და ინჟინერიის სიყვარული რელიგიურ დონეზე გვაქვს აყვანილი და სწორედ ეს გვამოძრავებს მთელ გუნდს. იმდენად კარგი შეგრძნებაა, გაიაზრო, როგორ მუშაობს სამყარო, გინდა, რომ ყველამ იგრძნოს ეგ. რეალურად, ყველა იმისკენ ვიღწვით, რომ ცოტა მეტად ჩავიხედოთ სამყაროს არსში, რომლის რაობაც, ალბათ, მაქსიმიმუმ 10%-ით გვაქვს გააზრებული. და როდესაც მარსიდან გამოვიხედებით და სამყაროს შევხედავთ, მაშინვე შეგვეცვლება წარმოდგენა, აინშტაინის თეორიაც ხომ ამას ამბობს, რომ ერთი წერტილიდან ყურებისას, შეუძლებელია, ჭეშმარიტებას ხედავდე. ჰოდა, სწორედ იმიტომ, რომ ეს წარმოდგენები შეიცვალოს და შემდეგი ნაბიჯი გადაიდგას მეცნიერებაში, ვმუშაობთ მარსზე წასასვლელად.

ყველაფერი ეს ძალიან ზოგადი ამბავია და ყოველდღიურობაში კიდევ სხვა დეტალები გაძლევს ძალას. ჩვენ შემთხვევაში, ეს არის პატარა წარმატებები. ნებისმიერი მცირე თუ დიდი პრობლემის გადაჭრა გვაძლევს იმედს და გვავსებს მოტივაციით, იმიტომ, რომ ხვდები – ისეთი რამ გამოიგონე, რაც ჯერ არავის გამოუგონებია და რომელიც მუშაობს.

რჩევა სტარტაპებს

რამდენიც არ უნდა იცოდე და რამდენად მაგარიც არ უნდა გეგონოს შენი თავი, უნდა გაიაზრო, რომ შენზე მაგრებიც არსებობენ.

გამოცდილებით მოდის ყველაფერი. 3 წლის წინ ბევრი ადამიანი მეუბნებოდა იმ ყველაფერს, რაც გავიარეთ და ვისწავლეთ. მაგრამ, მაშინ, ალბათ, არ გვჯეროდა და არ ვუსმენდით მათ. ზუსტად იმიტომ, რომ ეგ გამოცდილება დააგროვო და თვითონვე გაიაზრო ის დავალებები და ფაქტები, რომელთა ცოდნაც გჭირდება, აუცილებელია, არ მოეშვა და სიახლეები აღმოაჩინო.

ასევე, რა ძალიან საინტერესო სტარტაპზეც არ უნდა მუშაობდე, დროის 99% მაინც რუტინული, დამღლელი შრომაა და ამ პროცესში არ უნდა დაივიწყო მთავარი მიზანი.

ფოტოს ავტორი: GIZ / C4D, თამუნა კორახაშვილი
რუბრიკის წარმდგენია

Share this post