fbpx

რა უნდა გავითვალისწინოთ ციფრული პროდუქტის შექმნისას

digital-product-mvp.ge

რა უნდა გავითვალისწინოთ ციფრული პროდუქტის შექმნისას

სწრაფი და მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელი ციფრული მომსახურებისა თუ პროდუქტის შესაქმნელად და მისაწოდებლად არაერთი საკითხის გათვალისწინებაა საჭირო. იმისათვის, რომ თქვენი პროდუქტი მაქსიმალური სარგებლის მომტანი და, შესაბამისად, წარმატებული იყოს, გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოთ.

გესმოდეთ მომხმარებელთა საჭიროებების

წარმატებული და შესაფერისი პროდუქტის/მომსახურების შესაქმნელად აუცილებელია, რომ გესმოდეთ იმ ადამიანების, რომლებიც თქვენს პროდუქტს/მომსახურებას იყენებენ (მომხმარებლები) და გააზრებული გქონდეთ ის, თუ რისი გაკეთება სურთ მათ (საჭიროებები).

როგორ უნდა დააკმაყოფილოთ კრიტერიუმი

Discovery და Alpha ეტაპებზე

Discovery ეტაპი არის აღმოჩენების, კვლევებისა (ბაზრის, მომხმარებლის) და პროექტის საზღვრების დადგენის პერიოდი. ეს სტადია მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა საბოლოო მომხმარებლის შესწავლა, ხედვის განსაზღვრა, მიზნების დასახვა და ა.შ.

Alpha ექსპერიმენტული ეტაპია და მისი მიმდინარეობისას შეამოწმებთ იმ ჰიპოთეზებს (მომხმარებლის პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს), რომლებიც Discovery სტადიის შედეგად მიიღეთ. Alpha ტესტირებას ატარებენ ორგანიზაციის ის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ პროდუქტზე. ახალი ინფორმაციების მიღების საფუძველზე, ამ ფაზაზე შესაძლოა ახალი, განსხვავებული ჰიპოთეზებიც ჩამოაყალიბოთ. Alpha-ის ბოლოს განსაზღვრული უნდა გქონდეთ მინიმალურ სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP).

ორივე ეტაპზე გუნდმა დიდი დრო უნდა დაუთმოს საბოლოო მომხმარებელთან კომუნიკაციას და სამიზნე აუდიტორიის საჭიროებები სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს. მათ უნდა შეეძლოთ პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

• ვინ არიან მომხმარებლები?
• რა ამოცანის შესრულებას ცდილობენ ისინი პროდუქტით?
• როგორ ასრულებენ ისინი ამჟამად ამ ამოცანებს? მოხმარების პროცესში რაიმე ხარვეზს ხომ არ აწყდებიან?
• რა საჭიროებები აქვთ მომხმარებლებს? რა გზით შეიძლება მათი უკეთ დაკმაყოფილება?
• სწორ პროდუქტს ქმნის გუნდი? რა ღირებულებას უზრუნველყოფს იგი?

Beta ეტაპზე

Beta ეტაპზე Alpha ფაზის ბოლოს განსაზღვრული MVP-ის რეალურად შექმნას იწყებთ. ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს მანამ, სანამ ის ჯერ დახურული და შემდეგ ღია Beta ჩაშვებისთვის იქნება მზად. Beta ფაზის ბოლოს თქვენ გექნებათ უფრო სიღრმისეული ცოდნა ამ ეტაპამდე დასმულ საკითხებზე.

აქვე აღსანიშნია, რომ პროდუქტის Beta ვერსია არ არის მინიმალურ სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP). მართალია, ორივე კონცეფცია მომხმარებელთა უკუკავშირის გარშემო ტრიალებს, Beta შედარებით მსუბუქად გამოცდილი პროდუქტია. ის ტესტერებს შეცდომების, მომხმარებლის გამოცდილებასთან თუ სტაბილურობასთან ან საიმედოობასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის მიეწოდება. ანუ, Beta ტექნიკური გამჭრიახობის მქონე ადამიანებისთვისაა. MVP-ში კი ,,სიცოცხლისუნარიანი’’ მიუთითებს, რომ პროდუქტი საიმედოდ და რაც შეიძლება მტკიცედ უნდა ფუნქციონირებდეს, რათა ,,ნორმალურ’’ მომხმარებლებს მოემსახუროს. ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ ისეთი პროდუქტი, რომელიც მინიმუმ მათ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტს, რათა მის ღირებულებას ჩასწვდნენ.

გყავდეთ მულტიდისციპლინური გუნდი

გუნდი უნდა შედგებოდეს სხვადასხვა სპეციალობის მქონე წევრებისგან, რომლებიც ერთად იმუშავებენ და ხარისხიან პროდუქტს სწრაფად შექმნიან.

როგორ უნდა დააკმაყოფილოთ კრიტერიუმი

ეს კრიტერიუმი პროდუქტის ჩამოყალიბების, განვითარებისა და მიწოდების ყველა ეტაპს ეხება. გუნდის შემადგენლობა კი შეიცვლება სტადიისა და საჭიროებების მიხედვით. აქ შესაძლოა იგულისხმებოდეს შემდეგი პროფესიის ადამიანები:

• სერვისის მენეჯერი
• პროდუქტის მენეჯერი
• მიწოდების მენეჯერი
• კონტენტის დიზაინერი
• მომხმარებელთა მკვლევარი
• დეველოპერი
• ოპერაციების ინჟინერი

ეჯაილ და მომხმარებელზე ორიენტირებული პროცესი დანერგეთ

პროდუქტი/მომსახურება ეჯაილ და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებით უნდა შეიმუშაოთ. მომხმარებელზე ორიენტირებულობა ნიშნავს, რომ მიწოდებული პროდუქტი იქნება მარტივად გამოყენებადი და სარგებლიანი. ხოლო ეჯაილში იგულისხმება პროაქტიულობა, ცვლილებების სწრაფად განხორციელება და მათზე მორგებადობა. აღსანიშნია, რომ ეს მიდგომა საკმაოდ ეფექტიანია, განსაკუთრებით კი, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის განვითარების პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტიპის პროდუქტის განვითარების უმეტესი ნაწილი მცირე ცვლილებებზეა აგებული, ცვლილების სწრაფად შემუშავება, დატესტვა და მომხმარებლის უკუკავშირის მიღება სრულად შესაძლებელია.

როგორ უნდა დააკმაყოფილოთ კრიტერიუმი

ეს კრიტერიუმიც ეხება დიზაინის შექმნისა და მომსახურების მიწოდების პროცესის ყველა ეტაპს. მეთოდების საუკეთესოდ დასანერგად კი საჭიროა, რომ გადახედოთ და მუდმივად ცვალოთ პროცესები იმგვარად, რომ ცვლილება მიღებულ უკუკავშირს პასუხობდეს. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირების უნარი გამოიმუშაოთ.

შეისწავლეთ ინსტრუმენტები და სისტემები

ტექნოლოგია (რომელსაც მომსახურების/პროდუქტის შესაქმნელად შეარჩევთ) უნდა დაგეხმაროთ, რომ მომხმარებლის საჭიროებასა თუ მოლოდინზე სწრაფი რეაგირება გქონდეთ და უპასუხოთ მათ. მის შერჩევამდე:

• გაითვალისწინეთ ყველა რისკი და შეზღუდვა, რომელიც რომელიმე კონკრეტულ ტექნოლოგიას შეიძლება უკავშირდებოდეს
• დაადგინეთ, თუ რა ინფრასტრუქტურაა საჭირო მომსახურების უწყვეტად მიწოდებისთვის
• განიხილეთ უკვე არსებული ინსტრუმენტები და სისტემები, რათა თავიდან აიცილოს არასაჭირო ხარჯები

როგორ უნდა დააკმაყოფილოთ კრიტერიუმი

Alpha ეტაპზე

ამ ეტაპზე თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა გჭირდებათ სერვისის შესაქმნელად. ამ ფაზაში თქვენ უნდა:

• გადახედოთ უკვე ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებისა და სისტემების ტიპებს
• დაადგინოთ პოტენციური ხელსაწყოები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პროდუქტის შესაქმნელად გჭირდებათ
• დაადგინოთ შესაბამისი ენები, სტრუქტურები და სხვა ტექნიკური ალტერნატივა, რომლებიც სერვისის შესაქმნელად არის საჭირო
• გაიაზროთ რა მონაცემები გჭირდებათ
• დაადგინოთ Beta-ისთვის საჭირო ხელსაწყოები
• გაარკვიოთ ხელსაწყოებისა და სისტემებისთვის საჭირო ხარჯები

Beta ეტაპზე

ბეტა ეტაპზე თქვენ ქმნით სერვისს და პროტოტიპებს მომხმარებლებთან ერთად ტესტავთ. ამ ფაზაში თქვენ უნდა:

• გადაჭრათ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც არჩეულმა განვითარების ინსტრუმენტებმა და პროგრამულმა უზრუნველყოფამ შეუქმნა სერვისს
• გქონდეთ ძლიერი დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ შეარჩიეთ კონკრეტული ენები, სტრუქტურები და განვითარების ინსტრუმენტები
• შეიძინოთ შესაბამისი ხელსაწყოები, სისტემები და დარწმუნდით, რომ ისინი ღირებულების მომტანია თქვენთვის

ჩაშვების ეტაპზე

ჩაშვების ეტაპზე მზად უნდა გქონდეთ:

• მიმდინარე ოპერაციების პროცედურები
• პროდუქტის გრძელვადიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო დაფინანსება
• მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ პროდუქტი მზად იყო ამ ეტაპზე გადასასვლელად

პროდუქტი გახადეთ უსაფრთხო

დაადგინეთ რა მონაცემებსა და ინფორმაციას გამოიყენებს ან შექმნის თქვენი პროდუქტი. შემდეგ კი, დანერგეთ შესაბამისი სამართლებრივი, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ზომები. ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ თქვენი პროდუქტით, დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ:

• მათ მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადოდ ინახება
• სისტემა, რომელსაც ისინი იყენებენ, არის უსაფრთხო
• იციან, როგორ და რაში გამოიყენებთ მათ მონაცემებს
• შეუძლიათ, მარტივად მოიძიონ და უკან დაიბრუნონ მათზე შეგროვებული ინფორმაცია

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის გარანტიას, ადამიანები მას არ გამოიყენებენ.

როგორ უნდა დააკმაყოფილოთ კრიტერიუმი

Alpha ეტაპზე

Alpha ეტაპის მიმდინარეობისას თქვენ იცნობთ მომხმარებლებს და გაქვთ ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რომელთაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს თქვენს პროდუქტზე. ამ ფაზაში შესაბამისი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ზომები უნდა გქონდეთ შემუშავებული. თქვენ უნდა დაადგინოთ:

• მონაცემთა გენერირებისა და დამუშავების უსაფრთხო მეთოდები
• იდენტიფიკაციის შესაბამისი მეთოდები
• პოტენციური საფრთხეები (მათ შორის, შიდა) და მათი შემცირების გზები

Beta ეტაპზე

ამ ეტაპზე თქვენ შეიმუშავებთ უსაფრთხო სისტემას. მას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების შესაბამისი კონტროლი ყველა გამოვლენილი საფრთხის შესამცირებლად. თქვენ ასევე უნდა:

• შეიმუშაოთ შესაბამისი ქუქი (Cookie) და კონფიდენციალურობის პოლიტიკა და განაახლოთ
• აჩვენოთ, რომ უსაფრთხოების ეფექტური კონტროლი არსებობს თქვენ მიერ გამოყენებული ან ხელმისაწვდომი მონაცემების დასაცავად
• შეამოწმეთ პროდუქტის უსაფრთხოება და დააფიქსირეთ მასთან დაკავშირებული ხარვეზები

ჩაშვების ეტაპზე

ამ სტადიაზე თქვენ უნდა შეგეძლოთ იმის ჩვენება, რომ პროდუქტი უსაფრთხოების ყველა საკანონმდებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს. თქვენ უნდა:

• უზრუნველყოთ უსაფრთხოების ხშირი განახლებები
• შეგეძლოთ მავნე ან თაღლითური აქტივობების იდენტიფიცირება
• გქონდეთ შესაბამისი პოლიტიკა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე სწრაფი რეაგირებისთვის
• საშუალება მისცეთ მომხმარებელს, რომ უსაფრთხო ინტერაქცია ჰქონდეს (მომხმარებლის გამოცდილებაზე მინიმალური გავლენით)

შექმენით მოქნილი და ერთგვაროვანი დიზაინი

მოქნილი დიზაინის გამოყენება, ციფრული კონტენტის დიზაინის სტილის სახელმძღვანელო წესების დაცვა და სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ პროდუქტის მოხმარება უფრო სწრაფად და მარტივად იქნება შესაძლებელი.

სხვადასხვა მოწყობილობაზე ადაპტირებადი ერთგვაროვანი დიზაინი დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ფული უკვე არსებულის ხელახალი გამოყენებით. მოქნილი დიზაინი კი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს ნებისმიერი ზომისა და ტიპის მოწყობილობისა თუ ბრაუზერის გამოყენება შეეძლებათ. პროდუქტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნელი ინტერნეტკავშირის მქონე მომხმარებლებისთვის და კარგად უნდა მუშაობდეს როგორც მაუსიან, ასევე სენსორიან მოწყობილობებზე.

პროდუქტი გახადეთ ხელმისაწვდომი

დარწმუნდით, რომ სერვისი ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის, განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა და გარემოსი. თქვენი პროდუქტის მოხმარება ყველას უნდა შეეძლოს (ვისაც ის სჭირდება), მათ შორის მოხუცებს, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს და ადამიანებს, რომლებსაც ციფრული სერვისების გამოყენება უჭირთ.

გაზომეთ შედეგები

პროდუქტის წარმოებისას მის მუდმივ გაუმჯობესებაზე უნდა იყოთ ფოკუსირებული. მეტრიკები მნიშვნელოვანი საზომებია, რომლებიც ნათელ წარმოდგენას გაძლევთ თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. შედეგების გაზომვით, შეძლებთ პასუხის გაცემას შემდეგ კითხვებზე:

• რა არის შედეგიანი და რა – უშედეგო?
• რა ღირებულებას ან სარგებელს უზრუნველყოფს პროდუქტი მომხმარებლისთვის?
• რა არის გასაუმჯობესებელი? (ღირებულება, გამოყენების სიმარტივე)
• მივაღწიეთ თუ არა იმას, რისი მიღწევაც გვინდოდა?

რუბრიკის წარმდგენია

Share this post