Identomat უკრაინული საგადახდო პროვაიდერის Platon პარტნიორი ხდება
ცოტა ხნის წინ ქართულ სტარტაპზე Identomat-ზე გიამბეთ, რომელმაც $3.2 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა. სულ ახლახან კი, ცნობილი გახდა, რომ სტარტაპმა ერთ-ერთ უკრაინულ საგადასახადო პროვაიდერთან Platon გააფორმა თანამშრომლობა.
“Platon არის ერთ-ერთი დიდი უკრაინული საგადახდო პროვაიდერი (psp payment service provider), რომელთანაც თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. ვინაიდან და რადგანაც, მათ სისტემაში ჩართულ კლიენტებს შეუძლიათ, დისტანციური სერვისებით ისარგებლონ, ჩვენი სისტემა მათ სისტემაში ჩართულ ორგანიზაციებს ამ მომსახურებას გაუმარტივებს,” – ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი, ზურა კოტარია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, სტარტაპი მომავალი თვეების განმავლობაში კიდევ სხვა, მრავალ თანამშრომლობას დააანონსებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ Identomat ილინოისში მდებარე ქართული სტარტაპია, რომელიც ბიზნესებისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ის მუშაობს ინდივიდების ვერიფიკაციასა და სანდოობის შემოწმებაზე, რაც ბიზნესებს მნიშვნელოვნად უმარტივებს საქმეს. Identomat ეხმარება კომპანიებს, უზრუნველყონ მომხმარებლის უწყვეტი დისტანციური ჩართვა, ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია, ასაკის გადამოწმება და თაღლითობის თავიდან აცილება ხარჯების მცირე ნაწილით.