fbpx

ქართული სტარტაპები: Identomat

Identomat

ქართული სტარტაპები: Identomat

Identomat-ის სიახლეების შესახებ უკვე არაერთხელ გიამბეთ – ეს სწორედ ის ქართული სტარტაპია, რომელმაც ცოტა ხნის წინ $3.2 მილიონი ფინანსები მოიზიდა. ახლა კი დადგა დრო, მისი საქმიანობის, წარსულისა და მომავლის შესახებ უფრო ვრცლად გიამბოთ.

სტარტაპი 2019 წელს ზურაბ კოტარიასა და რეზო იმნაძის მიერ დაარსდა, შემდეგ კი მათ დავით ლომიაშვილი შეუერთდათ. ტექნოლოგიური ბექგრაუნდი და დიდი გამოცდილება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარათ, შეექმნათ XXI საუკუნისთვის და განსაკუთრებით პანდეემის პირობებისთვის აქტუალური სერვისი, ანუ – KYC & პიროვნების ვერიფიკაციის პლატფორმა.

თუ რა გზა განვლო Identomat-მა ამ წლების განმავლობაში, ამის შესახებ ზურა კოტარია გაგვესაუბრა:

იდეა

იდენტომატზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ. იმ მომენტისთვის კომპანიის დამფუძნებლები ვიყავით მე (ზურაბ კოტარია) და რეზო იმნაძე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ტექნოლოგიური კუთხით და არის სისტემის არქიტექტორი – ასევე, პრობლემების საუკეთესო  მომგვარებელი. მალევე შემოგვიერთდა დავით ლომიაშვილი, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში, გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი თეორიული ასტროფიზიკის დარგში და აქვს ტექნოლოგიური კომპანიების განვითარების გამოცდილება, მან დიდი წვლილი შეიტანა პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გასატანად.

იმ დროისათვის რამდენიმე ფინანსური ორგანიზაცია უკვე სარგებლობდა ჩვენი საკრედიტო რისკების შეფასების სისტემით და მალევე შევამჩნიეთ, რომ ყველაზე დიდი კონფლიქტი მომხმარებლებისთვის იდენტობის ვერიფიკაცია და მონაცემების შეგროვებისას შესაბამისობა იყო. ამ პრობლემას იწვევდა ის, რომ აღნიშნულ პროცესებს დიდი დრო სჭირდებოდა მონაცემების ხელით (მანუალურად) დამუშავების გამო. სწორად ამ დროს მივხვდით, თუ რამდენად გაუმარტივებდა ბიზნესს – მის საქმიანობას სერვისი, რომელიც წამებში, დაუსწრებლად გახდიდა მათ მომსახურებას ხელმისაწვდომს მოხმარებლისთვის. ეს არამარტო გაზრდიდა მათ პრაქტიკულ მოგებას, არამედ უფრო კმაყოფილ მომხმარებელსაც შეიძენდნენ.

Identomat

იდენტომატი არის KYC & პიროვნების ვერიფიკაციის (და არამარტო) პლატფორმა, რომელიც ერგება ნებისმიერ ინდუსტრიას, სადაც საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაცია – ფინანსური სექტორი, ჯანდაცვა, სადაზღვევო, Online აზარტული თამაშები, ტელეკომუნიკაცია, ტურიზმი, ასაკობრივი შეზღუდვის მქონე მომსახურების გაყიდვა და ა.შ.

ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის ისეთი ფუნქციონალის შეთავაზებას, რომელიც გაზრდის ნდობას და გაამარტივებს ვერიფიცირების პროცედურებს. იდენტომატის მოდულური არქიტექტურის საფუძველზე, შესაძლებელია ვერიფიცირების პროცედურების გამარტივება და მომხმარებლის მხრიდან – ნდობის გაზრდა.

იდენტომატის მთავარი გამოყენების მიმართულებებია: სახელმწიფოს და სხვა უფლებამოსილი სტრუქტურების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ინფორმაციის ავტომატური წაკითხვა და მათი ვალიდურობის შემოწმება, საბუთის წარმომდგენისა და საბუთზე არსებული პირის შედარება, სიცოცხლიანობის (Liveness) შემოწმება, ასაკის ვერიფიცირება, დოკუმენტის ვადიანობის შემოწმება, მისამართის დადასტურება, ვინაობის გაყალბების მცდელობის აღკვეთა (anti-fraud), სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების სიების შემოწმება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციული ინსტრუმენტები (AML), სხვადასხვა რისკების შეფასება (scoring).

ჩვენი სისტემა თავსებადია ყველა ოპერაციულ სისტემასთან და აპლიკაციასთან, და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლებელია იდენტომატის დეცენტრალიზებული ჩაშვება და ინტეგრაციის გარეშე (no-code) გამოყენება.

პირველი ნაბიჯები

როგორც უკვე აღვნიშნე, იდენტომატამადე ჩვენ ვმუშაობდით სხვადასხვა სისტემაზე, ძირითადად ფიზიკური და საინფორმაციო პროცესების ავტომატიზების კუთხით, რაც არანაკლებ წარმატებული პროდუქტებია. შესაბამისად, გვქონდა იმის რესურსი და ინტერესი, რომ ახალი პროდუქტის შემუშავება დაგვეწყო..

პირველი კლიენტი, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, სადაზღვევო კომპანია ალდაგი იყო 2020 წლის დასაწყისში, რასაც პანდემია დაემთხვა. შედეგად კი, პროდუქტის საჭიროების ახსნის აუცილებლობაც აღარ იყო. ამჟამად, რამოდენიმე ათეული კლიენტი გვყავს თხუტმეტამდე ქვეყანაში და პარტნიორების მატება ისევ გრძელდება.

პრობლემის გადაწყვეტა

იდენტომატის საშუალებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება მომსახურე ფილიალში მისვლა, საბუთების დასტების წარდგენა და, ამგვარად, დამტკიცება, რომ ის სწერად ის ადამიანია, რომელიც პირადობაშია მითითებული. ბიზნესის მხრიდან, ეს ზრდის მათ bottom line-ს, ამცირებს ხარჯებს და მომხმარებელიც კმაყოფილია იმით, რომ მარტივად და სწრაფად გახადა ხელმისაწვდომი ესა თუ ის მომსახურება. პანდემიის პირობებში კი, როდესაც შეზღუდული იყო მიმოსვლა, მომსახურების მიღება და სხვ. დისტანციური გაწევრიანება და სერვისის მიღება როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთვის მოხერხებული იყო.

იდენტომატი დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემაზე. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლის გამოყენებისასაც აუცილებელია შემთხვევითობა – სისტემა მომხმარებელს აძლევს დავალებას, რომლისგანაც შემთხვევითი პასუხი უნდა მიიღოს. იდენტომატის შემთხვევაში, ეს არის ღიმილი, რადგან გაღიმება იწვევს სახის ყველა კუნთის მოძრაობას და არ აძლევს მომხმარებელს საშუალებას, გამოიყენოს ფიქტიური, სხვისთვის დამახასიათებელი ბიომეტრიული მონაცემები.

Identomat-ის Go to market სტრატეგია

სანამ პროდუქტზე მუშაობას დავიწყებდით, პოტენციური კლიენტებისგან პრაქტიკულად უკვე გვქონდა მოთხოვნა, რამაც მოგვცა საშუალება, გავნგვესაზღვრა ბაზრის პოტენციური სეგმენტები და შესაბამისი მოცულობები. კლიენტების კვლევის პარალელურად, სიღრმისეულად შევისწავლეთ არსებული გადაწყვეტილებები, ტექნოლოგიები და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყეთ, რაც დავრწმუნდით, რომ აშკარად უკეთესი პლატფორმის გაკეთება შეგვეძლო, ვიდრე არსებული გადაწყვეტილებები ან ცალკეული კომპონენტების ინტეგრაციაა. მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ საზომი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, როგორც კომერციული კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და დეველოპმენტის წარმადობის შეფასების კუთხით. აგრეთვე დიდი გამოწვევა იყო ტარიფიკაციის დადგენა, ვინაიდან მოცულობაზე გათვლილი SAAS პროდუქტია და ხარჯი-შემოსავლის რთული კორელაციაა, მიწოდებული სერვისის ხანგრძლივობის გათვალისწინება. მოგვიანებით კი უფრო ვკონცენტრირდით მარკეტინგულ აქტივობებზე და ცნობადობის გაზრდაზე.

სირთულეები

სირთულეები და გამოწვევები ჩვენს სფეროში ყოველთვის არის. მუდამ გვიწევს ტექნოლოგიურ განვითარებებთან კვალდაკვალ ზრდა, დახვეწა. ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ ქვეყნების სასაბუთე სტანდარტებზე (და არამარტო). ალბათ, სწორად ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა – სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა ტიპის (დაძველება, არა-სტანდარტულობა) პირადობის საბუთი გააჩნია. აქედან გამომდინარე, თითოეულს სჭირდებოდა განცალკევებული, დამატებითი ელემენტი სრული ანალიზისა და დამუშავებისთვის. თუმცა, როგორც კი გადავლახეთ აღნიშნული ტექნიკური პრობლემა, ჩვენთვის ეს გახდა კონკურენტული უპირატესობა.

მეტრიკები

ძირითადი კრიტერიუმი დღიური მოთხოვნების რაოდენობა და მასთან დაკავშირებული მონაცემებია. შეგებების მიხედვით ვახორციელებთ სისტემის ოპტიმიზირებას, რესურსების ზრდას, ვინაიდან ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნების რაოდენობა.

Identomat დღეს

მომხმარებლების რაოდენობა, შეიძლება ითქვას, სტაბილურად და დინამიურად იზრდება. მთავარ გამოწვევად მაინც ბაზრის გაფართოება და ფუნქციონალის გრძელი სიის სწრაფად რეალიზება-ათვისებაა. კომპანიის სტაბილური წინსვლა საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი უპირატესობა და შევმატოთ იდენტომატს უნიკალური უპირატესობა კონკურენტიუნარიანობის გასაზრდელად.

კონკურენტუნარიანობა

იდენტომატის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის კუთვნილი ტექნოლოგია (proprietary), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ მესამე პირის მიერ შემუშავებულ სისტემას იდენტომატის სამუშაოდ. ეს ფაქტორი საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ მოქნილები ჩვენს ბიზნეს პროცესებში და მაქსიმალურად მოვერგოთ როგორც პარტნიორის, ასევე ბაზრის მოთხოვნებსაც. ინვესტორის დაინტერესება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. ჩვენ უნდა წარგვედგინა ძლიერი არგუმენტი იმისა, რომ შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც მოიზიდავს კლიენტს, ექნება ზრდის და გავრცელების პოტენციალი და იქნება კონკურენტუნარიანი ბაზარზე.

მიღებული ინვესტიციები

ინვესტორის (ამერკული ვენჩორული ფონდი) ყურადღება მივიქციეთ მას შემდეგ, რაც ჩავერთეთ საერთაშორისო კონფერენციებში და გამოფენებში. კერძოდ, 2020 წელს მონაწილეობა მივიღეთ TechCrunch Pitches & Pitchers-ში, მომდევნო წელს კი იდენტომატი გავიტანეთ ამერიკის ყველაზე მსხვილ Fintech გამოფენაზე – Money 20/20 USA, შემდეგ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა EQUIFAX-თან და ჩავერთეთ NVIDIA-ს startup inception პროგრამაში.

ზევით ჩამოთვლილი აქტივობების შედეგად საკმაოდ ბევრ ადამიანთან გვქონდა კომუნიკაცია პარტნიორობასთან, ინვესტიციებთან დაკავშირებით; ზოგისთვის პატარები ვიყავით, ზოგისთვის დიდები, ჯამში დავპარტნიორდით შედარებით მცირე ზომის ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელსაც აქვს სხვა პროექტები მომიჯნავე სფეროებში და ადრეული ეტაპის კომპანიებით არის დაინტერესებული. შემდგომ რაუნდამდე შესაბამისი შედეგები გვაქვს დასადები საითაც დაგეგმილი ნაბიჯებით მივიწევთ, სავარაუდოდ, ერთი წლის განმავლობაში ვიქნებით მზად შემდეგ რაუნდზე სასაუბროდ.

მიღწევები

ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ შედარებით მოკლე დროში ბევრი, (ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი), მიმართულების ათვისება მოვახერხეთ. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ დაფუძნებიდან ორიოდე თვეში მოვიპოვეთ ქართულ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობა, ამას მოჰყვა საინფორმაციო უსაფრთხოების შესაბამისობის სერთიფიკატი, ISO-2700 და Liveness-ის შეღწევადობის აუდიტის, ISO-30107-ის შესაბამისობა. იდენტომატის სისტემა, ასევე, თავსებადია GDPR (General Data Protection Regulation) პირობებთან. პარალელურად, გვეზრდებოდა პარტნიორების ბაზა; ერთ-ერთი პირველი იყო ალდაგი და ლაზიკა კაპიტალი. შემდგომ, შეგვემატა ბილაინი, კროკობეთი, Space, საქართელოს ბანკი, TBC დაზღვევა, UpGaming; სულ მალე, კიდევ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან პარტნიორობის სიახლეს გავაჟღერებთ ჩვენს სოციალურ მედიაში. ვამაყობთ იმითაც, რომ გლობალურ პოდიუმზეც იდენტომატი ცნობილია; ეს, ბუნებრივად, საერთაშორისო კონფერენცებში, გამოფენებსა და ღონისძებებში მონაწილეობამ განაპირობა. ყველაზე საინტერესო, მაინც, Money 20/20 USA-ში ჩართვა იყო  – ჩვენ მივიღეთ არამხოლოდ დიდი გამოცდილება, არამედ შევიძინეთ ახალი ბიზნეს-კონტაქტები. EQUIFAX-თან სტრატეგიული პარტნიორაბაც განაპირობებს იდენტომატის ზრდას – ვიძენთ გამოცდილებას ამერიკული სტანდარტების, ბიზნეს-პროცესების შესახებ. ეს დაგვეხმარება იდენტომატის ფუნქციონალების დახვეწასა და განახლებაში.

მომავალი

გეგმა ბევრია და მრავალფეროვანი – დაწყებული Identomat-ის გუნდის გაზრდით, დასრულებული გეოგრაფიული გავრცელებით. რამდენიმე მიმართულებაზე ვართ ფოკუსირებული, მათ შორის, ახალი პარტნიორების მოძიებით საერთაშორისო მასშტაბით. აქტიურად ვმუშაობთ შუა აზიის, ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შესასვლელად. მოზიდული ინვესტიცია საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო დავხვეწოთ იდენტომატის ფუნქციონალები. მაგალითად, ახლა გუნდი მუშაობს უნიკალური ვერიფიკაციის პროცესზე, რომლის პატენტის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზნების მიუხედავად, მზადყოფნას ვაცხადებთ ნებისმიერ სტარტაპისა თუ ბიზნესისთვის ინდივიდუალიზირებული KYC და ვინაობის ვერიფიკაციის სერვისის მოწოდებაში. გვჯერა, რომ დისტანციური ვერიფიკაცია არის მომავალი და ჩვენი წვლილის შეტანა გვინდა ბიზნესებისთვის ოპერაციული ხარჯების შემცირებაში, თაღლითობის პრევენციასა და მომხმარებელთა გამცდილების გაუმჯობესებაში.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post