fbpx

Spotify პოდკასტის ორ ტექპლატფორმას შეიძენს

spotify-podcasts-mvp.ge

Spotify პოდკასტის ორ ტექპლატფორმას შეიძენს

Spotify პოდკასტების ბაზარზე კიდევ ორ შესყიდვას ახორციელებს. კომპანიის განცხადებით, ის სარეკლამო კამპანიების შედეგების გაზომვის სერვისს Podsights და ანალიტიკური ხელსაწყოების პლატფორმას Chartable შეიძენს. გარიგების ღირებულება Spotify-ს არ დაუსახელებია.

ორივე (Podsights და Chartable) პლატფორმა პოდკასტერებსა და მიმწოდებელს საშუალებას აძლევს, შოუებს დაურთონ თეგები, რომლებითაც თვალყურს ადევნებენ, თუ ვინ მოისმინა შოუ, მოისმინეს თუ არა რეკლამა და მიიღეს თუ არა რაიმე ზომები მისი მოსმენის შემდეგ.

Spotify-ის განცხადებით, კომპანია Podsights ტექნოლოგიას პოდკასტინგის მიღმა, მთელი პლატფორმის მასშტაბით გამოიყენებს. მათ შორის, მუსიკის აუდიორეკლამებში, ვიდეორეკლამებსა და ვიზუალურ რეკლამებში. რაც შეეხება Chartable-ის შესყიდვას, ის უფრო მეტად პოდკასტერების გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებით ისეთი ტექნოლოგიის გამო, როგორიცაა SmartLinks. კომპანიის თქმით, ეს ხელსაწყოები მათ აუდიტორიის შესახებ მოგროვილი ინფორმაციის დამსახურებით შესაბამისი ზომების მიღებაში, აუდიტორიის ზრდასა და, შესაბამისად, ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარებათ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გარიგება როგორც კონტენტის შემქმნელებისთვის, ასევე პლატფორმაზე რეკლამის განმთავსებლებისთვისაც მოგებიანი იქნება.

ბოლო წლებში Spotify-მ არაერთი შესყიდვა განახორციელა. გასულ წელს, უფრო მეტი ხმოვანი აუდიო კონტენტის შეთავაზებისა და პოპულარიზაციისთვის, კომპანიამ Whooshkaa, Podz, Findaway და Locker Room იყიდა. ხოლო 2020 წელს მან ერთ-ერთი უდიდესი პოდკასტების სარეკლამო პლატფორმა Megaphone შეიძინა.

გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, Spotify მედიისთვის განსაკუთრებით დიდი ინტერესის საგანი იყო. აღნიშნული ეხებოდა კომპანიის ექსკლუზიური და ყველაზე წარმატებული პოდკასტის (The Joe Rogan Experience) წამყვანის, ჯო როგანის გამო სკანდალში გახვევას. თუმცა, როგორც ჩანს კომპანიისკენ მიმართული კრიტიკა, ასევე მისი აქციების ფასის დავარდნა მის ფართო გეგმებზე გავლენას არ ახდენს და Spotify პოდკასტების მიმართულებით ინვესტირებას განაგრძობს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post