fbpx

Meta-მ და TikTok-მა რუსულ სახელმწიფო მედიებზე წვდომა შეაჩერეს

Meta TikTok

Meta-მ და TikTok-მა რუსულ სახელმწიფო მედიებზე წვდომა შეაჩერეს

Meta-მ და TikTok-მა რუსულ სახელმწიფო მედიებზე RT და Sputnik ევროკავშირის მასშტაბით წვდომა შეაჩერეს. ამის შესახებ განცხადება Meta-ის საერთაშორისო ურთიერთობების პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა გააკეთა, ხოლო TikTok-მა გადაწყვეტილება უცხოურ მედიასაშუალებებთან დაადასტურა.

რუსული სახელმწიფო მედიაარხების ბლოკირებით, კომპანიები ასრულებენ ევროკავშირის, ცალკეული მთავრობებისა და პოლიტიკოსების, ასევე თანამშრომლების მოთხოვნას, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებისთვის, რუსული მედიასაშუალებების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღონ.

,,ჩვენ მივიღეთ თხოვნა მთავრობებისა და ევროკავშირისგან, რომ რუსული მედიის წინააღმდეგ ზომები მიგვეღო. არსებული სიტუაციის განსაკუთრებული ბუნების გათვალისწინებით, ამ დროისთვის, RT-სა და Sputnik-ზე წვდომას ევროკავშირის მასშტაბით შევზღუდავთ’’, – აცხადებს ნიკ კლეგი.

არხებსა და ანგარიშებს, რომლებსაც სახელმწიფო მედიები RT და Sputnik აკონტროლებენ, მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონი გამომწერი ჰყავს. სწორედ ამ მედიასაშუალებებს ეყრდნობა ქვეყანა მთავრობის ინტერესების მატარებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ტექნოლოგიური გიგანტების მიერ გადადგმული ნაბიჯი კი, ექსპერტების ვარაუდით, რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს. აღსანიშნია, რომ რუსეთმა უკვე დააწესა სოციალურ მედიასთან წვდომაზე გარკვეული შეზღუდვები მას შემდეგ, რაც მისი სახელმწიფო მედიების მიერ Facebook-ზე გავრცელებული დეზინფორმაციები კომპანიამ გადაამოწმა და რეკლამების განთავსება აუკრძალა მათ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post