უკრაინული სტარტაპიუნიქორნი – People.ai
People.ai არის უკრაინული სტარტაპი, რომელიც 2016 წელს, სან-ფრანცისკოში, ოლეგ როგინსკიმ დააარსა. იგი წარმოადგენს ROI პლატფორმას, რომელიც კომპანიებს ეხმარება გაყიდვების, მარკეტინგისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესების ოპტიმიზირებაში, რათა მათ შეძლონ მაქსიმალური შემოსავლის გენერირება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, People.ai შესაბამისი გუნდების წარმომადგენლებს უზრუნველყოფს ინფორმაციითა და მონაცემებით იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ მეტად პროდუქტიულნი და წარსულ წარმატებებზე დაყრდნობით, მიზანს (მეტ გაყიდვას) მიაღწიონ.
პრობლემა
გაყიდვების მიმართულებით მომუშავე ადამიანებს გარიგების მიმდინარეობის პროცესში განხორციელებული აქტივობების დაფიქსირება სპეციალურ ჟურნალებში, ხშირად, მანუალურად უხდებათ. ეს მონაცემები ზოგჯერ არასრულადაა შეყვანილი, თანაც, თანამშრომლებს მათზე მნიშვნელოვანი დრო ეხარჯებათ. აღსანიშნია ისიც, რომ გარიგების დასრულებამდე გადადგმული ცალკეული ნაბიჯები დათვლადია (იქნება ეს გაგზავნილი ელექტრონული წერილების რაოდენობა თუ განხორციელებული ზარების რიცხვი და პერიოდი), თუმცა ძნელად შესამჩნევია, რომელმა მათგანმა იმუშავა საუკეთესოდ და მათზე დაყრდნობით მიზეზ შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა.
სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით შეიქმნა People.ai. პროდუქტი თვალყურს ადევნებს პროცესს და აგროვებს ყველა მონაცემს, რომელიც მუშაობისას გენერირდება, აანალიზებს მათ და საქმის წარმართვის საუკეთესო გზას განსაზღვრავს. მისი დახმარებით ცნობილი ხდება, თუ გარიგების დადების რომელ საფეხურს უთმობენ თანამშრომლები ყველაზე მეტ დროს და წარმატებულ მეთოდოლოგიას რომელ ნაწილში უხვევენ.
როგორ მუშაობს People.ai
სტარტაპი მიზნის მისაღწევად მანქანურ სწავლებას იყენებს. პროდუქტი გაყიდვების წარმომადგენლების აქტივობას თვალყურს ადევნებს მომხმარებელთან კომუნიკაციის ყოველ ეტაპზე – ინახავს ელფოსტას, სატელეფონო ზარებს, კალენდარში ჩანიშნულ შეხვედრებსა და გამოყენებულ სხვა წყაროებს (მიღებული მონაცემების დეპერსონალიზება ხდება). შემდეგ იგი ქმნის საინფორმაციო დაფას, რომელზეც ნაჩვენებია, თუ რამდენი დრო დაიხარჯა გარიგების თითოეულ ეტაპზე, ვის დაუკავშირდნენ და რა შედეგით დასრულდა ინტერაქცია. მარტივად რომ ვთქვათ, People.ai აკვირდება ქცევას, აიდენტიფიცირებს (არა)პროდუქტიულ მოქმედებებს და გარიგების დასასრულებლად საუკეთესო გზას სთავაზობს.
ინვესტიციები
People.ai-ის 2017 წელს ჰქონდა დაფინანსების A სერია, რომელშიც $7 მილიონი მოიზიდა. ამ რაუნდს ხელმძღვანელობდა Lightspeed Venture Partners და მასში ასევე მონაწილეობდნენ Index Ventures, Shasta Ventures, Y Combinator და SV Angel.
2018 წელს სტარტაპმა Andreessen Horowitz-ის ყურადღებაც მიიპყრო. დაფინანსების შემდეგ რაუნდს, რომელშიც People.ai-მ $30 მილიონი მოიზიდა, სწორედ აღნიშნული ფირმა ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ Lightspeed Venture Partners, GGV Capital და Y Combinator.
1 წლის შემდეგ სტარტაპმა $60 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. ამ რაუნდს Iconiq ხელმძღვანელობდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ უკვე არსებული ინვესტორები Lightspeed Venture Partners, GGV Capital და Y Combinator. 2019 წელს People.ai არ ასაჯაროებდა ღირებულებას, თუმცა, ის დაახლოებით $500 მილიონი იყო.
დაფინანსების ბოლო რაუნდიდან სულ რაღაც 2 წლის შემდეგ (2021 წელს), სტარტაპის ღირებულებამ $1.1 მილიარდი შეადგინა და მან იუნიქორნის სტატუსი მოიპოვა. სერია D-ს, რომელშიც People.ai-მ $100 მილიონი მოიზიდა, ხელმძღვანელობდნენ Akkadian Ventures და Mubadala Capital Ventures. მასში ასევე მონაწილეობდნენ ICONIQ Capital და Lightspeed Venture Partners.
მომხმარებლები, გუნდი, წარმატება
People.ai-ის იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Zoom, PTC, Okta, Splunk, Zendesk, Zscaler, Pluralsight, Tibco, AppDynamics, ThoughtSpot და სხვები.
2016 წელს კომპანიას დაახლოებით 10 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი ჰყავდა, ხოლო ამჟამად 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
აღსანიშნია, რომ პროდუქტის ჩაშვებიდან 30 დღეში People.ai მოხვდა Y Combinator-ში, ხოლო 2019 წელს აქსელერატორის საუკეთესო 100 კომპანიის რეიტინგში 51-ე ადგილი აიღო (2018 წელს 89-ე ადგილს იკავებდა).