უკრაინაში მოქმედი სტარტაპაქსელერატორები
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკრაინაში სტარტაპეკოსისტემამ აქტიურად დაიწყო განვითარება – ქვეყანაში სტარტაპების რაოდენობა გაიზარდა, სხვადასხვა სახის აქსელერატორი შეიქმნა და არაერთი უცხოური აქსელერატორიც შევიდა ბაზარზე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ უკრაინაში მოქმედი რამდენიმე სტარტაპაქსელერატორი და მათი პროგრამა.
ISE Corporate Accelerator
ISE Corporate Accelerator არის წამყვანი უკრაინული სტარტაპაქსელერატორი და კორპორაციული ინოვაციების პროვაიდერი, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა. ის ორიენტირებულია კორპორაციებსა და სტარტაპებს შორის პარტნიორობის დამყარებაზე, B2B და B2C სტარტაპებისთვის ახალი კორპორაციული კლიენტების მოზიდვასა და სტარტაპების ინვესტირებისთვის მომზადებაზე.
სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია იდეის, preseed და seed ეტაპზე მყოფი მსურველებისთვის. მისი ხანგრძლივობა 3 თვიდან 1 წლამდე გრძელდება და მოიცავს რამდენიმე საფეხურს – ჯამში 24-საათიან ონლაინვებინარებს, 20-საათიან ჯგუფურ სწავლებას, 12-საათიან bootcamp-სა და Pitch Day-ს.
ISE Corporate Accelerator-ში ტრენინგებს ატარებენ წარმატებული დამფუძნებლები, აღმასრულებელი დირექტორები და კორპორაციების მენეჯერები. ასევე, შესაძლებელია ლექციების ჩატარება მოთხოვნით, სასურველ თემებზე (ციფრული მარკეტინგი, ინვესტიციების მოძიება, შეფასება, პროდუქტის მენეჯმენტი და ა.შ.). რაც შეეხება მენტორების ნაწილს, სტარტაპები უზრუნველყოფილი არიან 20-საათიანი ჯგუფური სწავლებით და 3-5-საათიანი ინდივიდუალური მენტორინგით. აღსანიშნია, რომ მენტორებს მონაწილეები თავად ირჩევენ.
ტექნიკურ მხარდაჭერასა და სწავლებას ISE Corporate Accelerator 8 მიმართულებით უზრუნველყოფს. მათ შორისაა MVP-ის შექმნა (5 კვირის განმავლობაში ბაზრის ანალიზი, იდეის განსაზღვრა, ფუნქციების ჩამონათვალი, შექმნა და გაშვება, უკუკავშირის ანალიზი); პილოტის გაშვება; საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად სამოქმედო გეგმის შედგენა; ბუღალტრული და იურიდიული მხარდაჭერა.
ideasLab
ideasLab არის აქსელერატორი, რომელიც შეიქმნა UCU Center for Entrepreneurship-ის (უკრაინული კათოლიკური უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრი) მიერ. მისი მისიაა შექმნას გარემო, რომელიც წაახალისებს სტუდენტებს, შეისწავლონ თანამედროვე პრობლემები და გამოწვევები; განავითარონ ანტრეპრენერული ხედვა და უნარები იდეების სიცოცხლისუნარიან გადაწყვეტილებებად გარდაქმნისთვის და შექმნან სტარტაპსაზოგადოება. შედეგად კი, უკრაინული წარმოშობის მქონე სტარტაპების ადრეულ ეტაპზე განვითარებას შეეწყოს ხელი.
IdeasLab არის 12-კვირიანი პროგრამა, რომელიც დემო დღით სრულდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია უკრაინის ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურ გუნდს, რომელსაც აქვს ინოვაციური იდეა, სურს მისი სიცოცხლისუნარიანობის ტესტირება და შემდგომ რეალურად სიცოცხლისუნარიან პროდუქტად გადაქცევა. გარდა ამისა, ეს არის უკრაინაში ერთადერთი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც სტუდენტურ გუნდებს აძლევს არა მხოლოდ ცოდნასა და სამუშაო სივრცეს, არამედ გრანტებს $6000-ამდე იდეის დადასტურების ეტაპზე. პროგრამა იყოფა 3 ეტაპად:
• საწყისი ბაზრის ვალიდაცია – ეს ეტაპი ფოკუსირებულია პრობლემის/საჭიროების ჰიპოთეზების, მათი მასშტაბის, ზრდისა და პოტენციური გადაწყვეტის განსაზღვრაზე.
• მომხმარებელი – ეს ეტაპი ფოკუსირებულია ჰიპოთეზების დადასტურებაზე, მომხმარებელთა კვლევაზე და ღირებულების წინადადების განსაზღვრაზე.
• პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა – ეს არის ღირებულების წინადადების ტესტირებისა და ბაზარზე შესვლის სტრატეგიის აგების ეტაპი.
• გაყიდვები და ზრდა – ეს არის პროგრამის დასრულების შემდგომი ეტაპის მუდმივი მხარდაჭერა გაყიდვებსა და ზრდაში.
Center for Entrepreneurship-ს 2017 წლიდან ასევე აქვს აქსელერაციის პროგრამა კვების ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებადი სტარტაპებისთვის. ამის გარდა, ის ფოკუსირებულია განათლებისა და ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიების სტარტაპებზე.
აქსელერატორში მონაწილეობისთვის სტარტაპის პროდუქტი ან მომსახურება უნდა მოიცავდეს ერთ-ერთს ჩამოთვლილთაგან:
• ლოჯისტიკა და მიწოდება;
• ავტომატიზაცია და რობოტიკა;
• ბიოლოგიური განვითარება;
• მობილური და AR ტექნოლოგიები;
• მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
პრიორიტეტი ენიჭებათ გუნდებს, რომლებსაც აქვთ პროდუქტის პირველი პროტოტიპი და უკვე ჰყავთ მომხმარებლები. ასევე მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნაა, რომ გუნდი 3 ან მეტი ადამიანისგან შედგებოდეს. აქსელერაციის ღირებულება შეადგენს $20 000-ს, ხოლო მისი უფასოდ გავლის სანაცვლოდ, მეწარმეობის ცენტრი სტარტაპიდან 5%-ს მიიღებს.
14 კვირის განმავლობაში სტარტაპები მიიღებენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას; სამუშაო სივრცეს; ყოველკვირეულ კონსულტაციებს და სხვა სახის მხარდაჭერას. აქსელერაციის ბოლო კვირა ეთმობა დემო დღის პრეზენტაციისთვის მომზადებას.
Blue lake
Blue lake არის 2019 წელს დაარსებული ბრიტანულ-უკრაინული სტარტაპაქსელერატორი და ვენჩურული კაპიტალის ფირმა. იგი აქტიურად ეძებს აღმოსავლეთ ევროპულ სტარტაპებს და მათ გაერთიანებული სამეფოს ბაზართან აკავშირებს. Blue lake ასევე £15,000-იდან £30,000-ამდე ღირებულების ინვესტიციას დებს სტარტაპებში დაახლოებით 3-7%-იანი წილის სანაცვლოდ.
Blue lake-ის აქსელერაციის პროგრამა 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და დემო დღით სრულდება. აქსელერაციის პროგრამაში განიხილებიან სტარტაპები ბაზრის უმეტესი სეგმენტებიდან იმ პირობით, თუ დადებითი პასუხის გაცემა შეუძლიათ შემდეგ კითხვებზე:
• არის თუ არა სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული?
• აქვს სტარტაპს MVP?
• არიან თუ არა დამფუძნებლები თავიანთი სტარტაპის ერთგულნი?
• ჰყავს თუ არა სტარტაპს განსაკუთრებული გუნდი?
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ მენტორინგს; წვდომას Blue Lake-ის ქსელზე, დახურულ ღონისძიებებზე, აკადემიურ მასალებსა და კვლევით რესურსებზე; საოფისე ფართს ლონდონში; დაფინანსებას; აქსელერაციის შემდგომ მხარდაჭერასა და დემო დღეს.
Sector X
Sector X არის უკრაინული ინოვაციების პარკის, Unit.City-ის ბაზაზე დაფუძნებული აქსელერაციის ჰაბი. მისი შექმნის მთავარი მიზეზი იყო არასაკმარისი დროის გამო, კლასიკური, სამთვიანი აქსელერაციის პროგრამების არაეფექტურობა უკრაინაში. აქედან გამომდინარე, Sector X მონაწილეებს სთავაზობს გრძელვადიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტარტაპები სხვადასხვა ინდუსტრიაში ფუნქციონირებად საერთაშორისო კომპანიებთან ითანამშრომლებენ, გამოცდიან ჰიპოთეზებს და საპილოტე პროექტებს განახორციელებენ. განაცხადის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპსა და გუნდს, თუნდაც მხოლოდ იდეის ეტაპზე მყოფს. Sector X სტარტაპებისგან არ იღებს წილს და მასში მონაწილეობა ფასიანია.
სტარტაპები თავად ირჩევენ ბიზნესსექტორს, რომელშიც მუშაობა სურთ პროგრამის ფარგლებში. შემდეგ, თითოეული სფეროსთვის რამდენიმე სტარტაპი შეირჩევა. ჰაბის გუნდი და მსხვილი კომპანია კი შეაფასებენ გუნდის პროგრესს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია უარს იტყვის სტარტაპთან თანამშრომლობაზე, მის ადგილს შემდგომი მონაწილე დაიკავებს. გუნდები, რომლებიც შეინარჩუნებენ პოზიციას, გააგრძელებენ პროდუქტის დახვეწას პილოტის შექმნამდე მისასვლელად.
Startup Constructor
Startup Constructor არის ინკუბატორი და აქსელერატორი. ის მონაწილეებს არა მხოლოდ ასწავლის, თუ როგორ შექმნან სტარტაპი, არამედ აქტიურად ერთვება ყველა დეტალის აწყობაში, რომლებიც წარმატებისა და მოგებიანობის მიღწევისთვისაა აუცილებელი.
მისი ძირითადი ფოკუსია ისეთი სფეროები, როგორიცაა ფინტექი, ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა, ჭკვიანი და ციფრული სახლი, თამაშები და პროგრამული უზრუნველყოფა, მარკეტინგი, უსაფრთხოება, VR/AR, დრონები/რობოტები და ა.შ.
პროგრამა მოიცავს კონსულტაციას, განათლებას, მარკეტინგულ და იურიდიულ მხარდაჭერას, წვდომას ბაზრის 40-ზე მეტ ექსპერტთან, ინდივიდუალურ მენტორებთან და სხვა წარმატებულ გუნდებთან მუშაობას ოფისში. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ Pre-Seed, Seed და A რაუნდის ეტაპზე მყოფ სტარტაპებს. ის სამთვიანია და თითოეულ გუნდს უზრუნველყოფს პირადი მენტორით.
Startup Constructor-ს ასევე აქვს პროგრამა სახელწოდებით ,,To the accelerator’’. კურსის გავლა შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ იდეა (ან მეტი გამოცდილება), მაგრამ ვერ აკმაყოფილებენ აქსელერაციის პროგრამის მოთხოვნებს.
Happy Farm
Happy Farm არის 2012 წელს დაარსებული ამერიკულ-უკრაინული აქსელერატორი. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ახალი ტექნოლოგიების მოძიება და კომერციალიზაცია, სტარტაპების განვითარების სერვისებით უზრუნველყოფა და მათი დახმარება ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღსანიშნია, რომ აქსელერატორს აქვს ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა აშშ-ში, სახელწოდებით American Breakthrough.