რა ბიზნესგავლენა ექნება რუსეთში ტექკომპანიების მიერ გაყიდვების შეჩერებას
ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს მრავალი ტექნიკური კომპანია შეუერთდა და რუსეთში გაყიდვები შეაჩერა. რუსული ბაზარი დატოვეს ისეთმა დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორებიცაა Accenture, Apple, Adobe, AWS, Bumble, Cisco, Dell, Fujitsu, Google, HP, HPE, IBM, Intel, Microsoft, Oracle, Samsung, SAP, TSMC. ცხადია, ისინი ქვეყანასთან ბიზნესურთიერთობებს ჩვეულ რეჟიმში აღარ გააგრძელებენ. თუმცა, რა ეკონომიკური გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ნაბიჯებმა კომპანიებსა და რუსულ ბაზარზე?
International Data Corporation-ის გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაზე თავდასხმა და რუსეთისთვის სანქციების დაწესება გარკვეულ გავლენას მოახდენს მსოფლიოს ამ ნაწილში მოქმედ ტექნოლოგიურ კომპანიებზე.
,,კონფლიქტმა უკრაინაში ბიზნესოპერაციების შეჩერება გამოიწვია, რუსეთის ეკონომიკა კი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ადრეულ გავლენას განიცდის. ამას დიდი ზემოქმედება ექნება ტექნოლოგიურ ხარჯებზე ორივე ქვეყანაში, რადგან 2022 წელს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის ორნიშნა შემცირებაა მოსალოდნელი’’, – წერია ანგარიშში.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფირმა ორივე ქვეყანაში საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიებზე დანახარჯების მკვეთრ შემცირებას და ნელ აღდგენას მოელის, ამ კლების გავლენა, გლობალური თვალსაზრისით, შეზღუდული იქნება. IDC იტყობინება, რომ რუსეთი და უკრაინა ერთად ევროპის მთლიანი საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიური დანახარჯების 5.5%-ს, ხოლო გლობალური მასშტაბით, 1%-ს შეადგენენ.
სმარტფონებისა და კომპიუტერების ბაზარი
Canalys-ის მონაცემებით, რუსეთს სმარტფონების ევროპული ბაზრის 20% და კომპიუტერების ბაზრის 8% უკავია. კვლევითი ფირმის 2021 წლის მონაცემებით, Apple-სა და Lenovo-ს კომპიუტერების რუსული ბაზრის 17-17% უკავიათ, HP-ს – 15%, Asus-სა და Acer-ს – 9-9%, ხოლო დარჩენილ 34%-ს სხვა კომპანიები იზიარებენ. Canalys-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებლები ამ კომპანიების მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 2%-ს შეადგენს. აქვე აღსანიშნია, რომ ბაზრის სამივე ლიდერმა (Apple, Asus, Acer) რუსეთში გაყიდვები შეაჩერა.
რაც შეეხება სმარტფონებს, Canalys-ის ამავე წლის მონაცემებით, რუსულ ბაზარზე 31%-ით ლიდერობს ჩინური მწარმოებელი Xiaomi, შემდეგ მოდის Samsung 27%-ით და მესამე ადგილზეა Apple 11%-ით. ფირმის თანახმად, ეს მაჩვენებელი Apple-ის მთლიანი გაყიდვების 2%-ს, ხოლო Samsung-ის 4%-ს შეადგენდა. ცნობისთვის, Apple-მაც და Samsung-მაც შეაჩერეს გაყიდვები რუსეთში.
თვის დასაწყისში, Canalys-ში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი ჩინურ კომპანიებს მიმართავდა ტექნოლოგიურ სექტორში არსებული პრობლემის გადასაჭრელად – ,,დასავლეთის მიერ დაწესებული ტექნოლოგიური იმპორტის სანქციების გამო, რუსეთი მიმართავს ჩინეთს (რომელიც არ უერთდება სანქციებს)’’. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა კომპანიებმა Oppo, Xiaomi და Huawei რუსეთში სმარტფონების მიწოდება შეამცირეს (მაგრამ სრულად არ შეუჩერებიათ).
ღრუბლოვანი სერვისები
რაც შეეხება ღრუბლოვანი სერვისის სამ დიდ პროვაიდერს (Amazon, Microsoft და Google), კვლევითი ფირმის, Synergy Research-ის მთავარი ანალიტიკოსი ჯონ დინსდეილი ამბობს, რომ რუსეთი ამ კომპანიების მთლიანი ბიზნესის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
,,AWS-ის, Microsoft Azure-ისა და Google Cloud-ის სერვისებიდან რუსი მომხმარებლების გათიშვა მცირე ეფექტის მქონე იქნება,” – ამბობს იგი.
თუმცა, კომპანიების გადადგმული ეს ნაბიჯები მომხმარებლებზე მაინც იქონიებს ზემოქმედებას – ,,მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაითიშებიან სერვისიდან, გავლენა შეიძლება იყოს ძალიან დიდი. რუსეთში არ არის განსაკუთრებით განვითარებული ბაზარი, მაგრამ კომპანიებს, რომლებმაც ღრუბლოვან სერვისზე გადაინაცვლეს, გაუჭირდებათ კურსის შეცვლა“.
Canalys-ის ანალიტიკოსი ბლეიკ მიურეიც ეთანხმება არსებულ ვარაუდს და ამავდროულად აღნიშნავს, რომ მომხმარებლებმა ამ შემთხვევაშიც შეიძლება ჩინურ ღრუბლოვანი სერვისების მიმწოდებლებს მიმართონ – „ზოგადად, მოსალოდნელია, რომ რუსული კომპანიები გადავლენ რუსულ ტელეკომის ოპერატორებზე, როგორიცაა მაგალითად Yandex და ჩინურ პროვაიდერებზე, რომლებსაც აქვთ მონაცემთა ცენტრები ქვეყანაში. ისინი ასევე შეეცდებიან, ჩაანაცვლონ პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა მაგალითად Office, რუსეთში რეგისტრირებული ეკვივალენტებით“.
SaaS სექტორი
Synergy Research-ის მთავარი ანალიტიკოსი ჯონ დინსდეილის თქმით, SaaS ბაზარი რუსეთში ფრაგმენტირებულია, ქვეყნის შიგნით არსებული მეტი ვარიანტით. თუმცა, „რუსეთი კვლავ მცირე ბაზარია, რომელიც გლობალური SaaS შემოსავლის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. Microsoft-ისა და ასევე Salesforce-ისთვის, რუსეთი მათი SaaS ბიზნესის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს’’.