PayPal უკრაინელთა მხარდასაჭერად სერვისებს აფართოებს
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ PayPal საკუთარ სერვისებს აფართოებს, რათა მისმა მომხმარებლებმა უკრაინელებისთვის ფულის გადარიცხვა შეძლონ. აქამდე უკრაინის მომხმარებლებს მისი მეშვეობით მხოლოდ ქვეყნიდან ფულის გაგზავნა შეეძლოთ. სერვისების გაფართოება კი უკრაინულ PayPal ანგარიშების მფლობელებს საშუალებას მისცემს, გაგზავნონ და მიიღონ თანხები მეგობრებისა და ოჯახისგან მთელ მსოფლიოში. უკრაინელი მომხმარებლები, რომლებიც ფეიფალის საფულეში იღებენ ფულს, შეძლებენ თანხის გადარიცხვას საბანკო ანგარიშზე შესაბამისი Mastercard-ისა ან Visa-ს სადებეტო ან საკრედიტო ბარათის დაკავშირებით.
კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ დროებით უარს იტყვის საკომისიოს მიღებაზე იმ პირებისგან, რომლებიც თანხებს უკრაინულ ანგარიშებზე აგზავნიან.
კომპანიის განცხადება უკრაინის მთავრობის თხოვნას მოჰყვა, რომელიც მას სთხოვდა, გამოეყენებინა ახალი სერვისები, რომლებიც ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ტრანზაქციებზე წვდომის საშუალებას მისცემდა.
მიხაილო ფედოროვი, უკრაინის ვიცე-პრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიესალმა Paypal-ის ნაბიჯს Twitter-ზე და გააზიარა წერილი, რომელიც მან მიიღო.
Welcome to Ukraine! @PayPal, @Dan_Schulman, thank you for supporting Ukraine and peace! pic.twitter.com/RS632fessN
— Mykhailo Fedorov (@FedorovMykhailo) March 17, 2022
„ჩვენი გუნდები ინტენსიურად მუშაობდნენ იმის დასადგენად, თუ როგორ შეეძლო PayPal-ს სწრაფად მიეწოდებინა დამატებითი სერვისები უკრაინელებისთვის“, – ნათქვამია წერილში. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს სერვისი დაეხმარება უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, მიიღონ ფული თავიანთი მეგობრებისა და ნათესავებისგან მთელ მსოფლიოში.“
უკრაინელი მომხმარებლები შეძლებენ გაგზავნონ და მიიღონ თანხები უკრაინული PayPal საფულედან აშშ დოლარში, CAD, GBP და ევროში. მას შემდეგ, რაც კლიენტი გადარიცხავს თავის თანხებს ფეიფალის საფულედან შესაბამის სადებეტო ან საკრედიტო ბარათზე, თანხა ხელმისაწვდომი იქნება ამ ბარათთან დაკავშირებულ ვალუტაში.
შეგახსენებთ, რომ PayPal-მა ამ თვის დასაწყისში რუსეთში სერვისები გააუქმა. ამასთანავე, ის არ არის ერთადერთი გადახდის კომპანია, რომელიც ქვეყნიდან გავიდა – Mastercard-მა და Visa-მ ასევე შეაჩერეს ქსელის სერვისები რუსეთში.