Meta რეკლამის განმთავსებლებისთვის კონტროლის ახალ ხელსაწყოებს დატესტავს
Meta (ძველად Facebook) დატესტავს ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც რეკლამის განმთავსებლებს მისცემს საშუალებას, გააკონტროლონ, თუ სად გამოჩნდება მათი რეკლამები. ეს ხელსაწყოები საშუალებას მისცემს კომპანიებს, თავიდან აიცილონ საკუთარი რეკლამების მოხვედრა მათთვის არასასურველი და შეუსაბამო კონტენტის გვერდით.
აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება Meta-ის მიმართ რეკლამის განმთავსებლების მხრიდან მეტი კონტროლის მინიჭების შესახებ მოთხოვნებს. ისინი ჯერ კიდევ 2017 წლიდან გამოთქვამენ სურვილს, რომ არახელსაყრელი კონტენტის (თუნდაც, ექსტრემისტული გვერდებისა და ყალბი ამბების) გვერდით მათი რეკლამების მოხვედრის თავიდან აცილება შეძლონ.
კონტროლის ინსტრუმენტი ძირითადად ინგლისურენოვან ბაზრებზეა ფოკუსირებული და მისი ტესტირება წლის მეორე ნახევარში იგეგმება. Meta-ის განცხადებით, 2023 წლის დასაწყისში ხელსაწყო ფართო მასშტაბზე გამოვა. ამის გარდა, მომავალი წლის განმავლობაში, კომპანია მის დაფარვას გააფართოებს სთორების, რილსების, Instagram Explore გვერდისა და Facebook-ისა და Instagram-ის სხვა ნაწილებში, ასევე კონტროლს სხვა ენებიც დაემატება.
შესაბამისობის შიდა კონტროლთან ერთად, Meta-მ კომპანია Zefr-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. აღნიშნული პლატფორმა იმუშავებს, რათა დაადასტუროს, რომ რეკლამები მხოლოდ შესაფერისი კონტენტის გვერდით გამოჩნდება.
,,შემოწმების ვრცელი პროცესის შემდეგ, თავდაპირველ პარტნიორად ავირჩიეთ Zefr, რომელიც აწარმოებს დამოუკიდებელ ანგარიშებს იმის შესახებ, თუ რა კონტექსტში ჩანს რეკლამები Facebook ფიდზე. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ გადაწყვეტილების შესამუშავებლად, რათა გავზომოთ და დავადასტუროთ ფიდზე არსებული კონტენტის შესაბამისობა რეკლამებთან. მათთან ერთად მცირე მასშტაბის ტესტირებას ამ წლის მესამე კვარტალში დავიწყებთ.’’, – აცხადებს კომპანია.
აღსანიშნია, რომ რეკლამის განმთავსებლების ამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანია ადრეც მუშაობდა. გასული წლის ნოემბერში Meta-მ განაცხადა, რომ ინგლისურენოვანი რეკლამის განმთავსებლებისთვის ნიუსფიდის კონტროლს გააფართოებდა და წვდომას მისცემდა „თემათა გამორიცხვის კონტროლზე“ (,,Topic Exclusion Controls’’). აღნიშნული თემები იყო:
• ახალი ამბები და პოლიტიკა;
• სოციალური პრობლემები;
• დანაშაულები და ტრაგედიები.
ხოლო როდესაც რეკლამის განმთავსებელი აირჩევდა რომელიმე მათგანს, მისი რეკლამა აღარ გამოჩნდებოდა იმ მომხმარებლებთან, რომელთა მხრიდანაც ჩართულობა ფიქსირდებოდა ამ თემებთან დაკავშირებულ პოსტებზე. სწორედ მაშინ განაცხადა კომპანიამ, რომ მომავალში კონტენტზე დაფუძნებულ კონტროლს შეიმუშავებდა.