fbpx

რა არის Backlink?

Backlink

რა არის Backlink?

Backlink (ასევე ცნობილი, როგორც inbound link, incoming link და one way link) არის ბმული, რომელსაც ერთი საიტიდან სხვა ვებსაიტის რომელიმე კონკრეტულ გვერდზე გადავყავართ.

რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

Backlink, ფაქტობრივად, არის კონკრეტული გვერდისთვის სხვა ვებსაიტების მიერ მიცემული ერთგვარი ხმა. ეს ხმები კი საძიებო სისტემებს არწმუნებს იმაში, რომ გვერდზე (რომელზეც გადავყავართ ბმულს) მოცემული კონტენტი არის ღირებული, სანდო და სასარგებლო. მაგალითად, ძიების შედეგებში ვებგვერდების რანჟირებისთვის Google იყენებს ალგორითმს სახელწოდებით PageRank (PR). იმის დასადგენად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვებსაიტი, PageRank ადგენს ხარისხსა და რაოდენობას იმ ბმულებისა, რომლებსაც კონკრეტულ გვერდზე გადავყავართ. შემდეგ კი ვარაუდობს, რომ საინტერესო ვებსაიტებს სხვა ვებგვერდებისგან მეტი ბმული ექნებათ. ასე რომ, რაც უფრო დიდი რაოდენობით Backlink გააჩნია რომელიმე გვერდს, მით უფრო მაღალია Google-ისა და სხვა სისტემების ორგანულ საძიებო შედეგებში მისი რეიტინგი.

რა ტიპის Backlink-ები გვჭირდება?

როგორც უკვე ვახსენეთ, PageRank ადგენს ბმულების როგორც რაოდენობას, ასევე ხარისხს. შესაბამისად, თუ გსურთ, რომ საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე უფრო მაღალი რეიტინგი მოიპოვოთ, ხარისხიან backlink-ზე უნდა ფოკუსირდეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი, მაღალხარისხიანი backlink შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე 1000 დაბალი ხარისხის backlink. 

ხარისხიან backlink-ებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ:

• მათ იღებთ სანდო, მაღალი რეპუტაციის მქონე ვებსაიტებისგან – TechCrunch-ისგან მიღებული backlink  გირჩევნიათ, თუ ვინმე უცნობი ადამიანის ვებსაიტისგან? ცხადია, პირველი მათგანისგან და Google-იც სწორედ ასე ფიქრობს – ავტორიტეტულ საიტზე მოთავსებულ ბმულს საძიებო სისტემა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს კონცეფცია კი ცნობილია როგორც ,,დომენის ავტორიტეტი’’ და რაც უფრო მაღალი ავტორიტეტი აქვს საიტს, მით მეტი ავტორიტეტი შეუძლია ,,გადმოიტანოს’’ თქვენს ვებსაიტზე (ბმულის საშუალებით).

• ისინი შეიცავენ თქვენს სამიზნე საკვანძო სიტყვას ბმულის ტექსტში – ბმულის ტექსტში იგულისხმება ის ხილული სიტყვები ან ფრაზა, რომელთაც ვაწკაპებთ და სხვა გვერდზე გადავყავართ. საკვანძო სიტყვების გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, რადგანაც Google-ს აქვს ფილტრი სახელწოდებით Google Penguin. იგი ამცირებს იმ ვებსაიტების რეიტინგს, რომლებიც იყენებენ ე.წ. Grey Hat SEM ტექნიკებს და ხელოვნურად ზრდიან გვერდისკენ მიმავალი ბმულების რაოდენობას. 

• საიტი (და გვერდი), რომელზეც მოთავსებულია backlink, თემატურად თქვენი მსგავსია – მაგალითად, თუ სტარტაპების შესახებ წერთ, Google უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს backlink-ებს იმ საიტებიდან, რომლებიც სტარტაპეკოსისტემის, აქსელერატორების, ინკუბატორებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ შეიცავენ ინფორმაციას. 

• ბმული არის Dofollow ტიპის – Google და სხვა საძიებო სისტემები აიგნორებენ ბმულებს rel=”nofollow” HTML თეგით და, შესაბამისად, მათ არანაირი მნიშვნელობა ენიჭებათ ვებგვერდის საძიებო სისტემის შედეგებში რეიტინგის განსაზღვრაში. 

• ბმული არის ისეთი დომენიდან, რომელსაც მანამდე არ განუთავსებია თქვენი backlink –  ვთქვათ, A ვებსაიტიდან მიიღეთ backlink – ეს ძალიან კარგია. შემდეგ, ეს ვებგვერდი კვლავ და კვლავ განათავსებს თქვენს ბმულს თავის კონტენტში – არის ეს ბმულები ისეთივე ძლიერი, როგორიც პირველი იყო? არა. ამიტომ, როგორც წესი, უმჯობესია მიიღოთ 100 backlink 100 სხვადასხვა ვებსაიტიდან, ვიდრე 1000 ბმული ერთი და იგივე ვებგვერდიდან.

როგორ მივიღოთ backlink-ები?

შექმენით ღირებული მასალა

თუ გსურთ, რომ ხალხმა გამოიყენოს თქვენი ბმული, უნდა შექმნათ ღირებული კონტენტი. ეს შეიძლება იყოს ბლოგპოსტი, ვიდეო, ქვიზი, გამოკითხვა და ა.შ. 

Moving Man მეთოდი

ამისთვის 3-საფეხურიანი პროცესი უნდა გაიაროთ:

• იპოვეთ ვებგვერდები, რესურსები ან ბიზნესები, რომლებიც მოძველებულია, რებრენდირებულია ან რომლებმაც ახლახან შეიცვალეს სახელები.
• შემდეგ, მოძებნეთ საიტები, რომლებიც ჯერ კიდევ უთითებენ ამ მოძველებული რესურსების ბმულებს.
• და ბოლოს, ელფოსტით დაუკავშირდით ადამიანებს, რათა აცნობოთ, რომ ძველ რესურსებს იყენებენ და უთხრათ, რომ სამაგიეროდ შეუძლიათ, იმავე თემაზე თქვენი ბმული გამოიყენონ. 

არამოქმედი ბმულების იდენტიფიცირება

ეს სტრატეგიაც წინა მეთოდის მსგავსია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეძებთ ისეთ გვერდებს, რომლებსაც  404 Not Found სტატუსი აქვთ. საყურადღებოა, რომ მათი მოძიების პროცესში, თქვენს ნიშაში არსებულ ვებსაიტებზე უნდა ფოკუსირდეთ. მათ გვერდებზე არამოქმედი ბმულის პოვნის შემდეგ [ამისთვის შეგიძლიათ Chrome-ის გაფართოება Check My Links გამოიყენოთ] კი მფლობელს მეილი მისწერეთ, აცნობეთ და შესთავაზეთ, რომ თქვენი ბმული გამოიყენოს. 

ბლოგერების მიმოხილვები

თუ ქმნით პროგრამულ უზრუნველყოფას, ფიზიკურ პროდუქტს, საკონსულტაციო სერვისს ან ნებისმიერ სხვა რაიმეს, შეგიძლიათ ის თქვენს ნიშაში არსებულ ბლოგერებს შესთავაზოთ და თხოვნის გარეშეც კი, მიიღოთ backlink-ები. 

კომპანიის ხსენება ბმულის გარეშე

Backlink-ების მოსაპოვებლად კიდევ ერთი გზაა ისეთი კონტენტის მოძიება, რომელშიც ახსენეს თქვენი კომპანია, თუმცა, ბმული არ გამოიყენეს. შემდეგ, მათთან დაკავშირება და შეხსენება, რომ დაამატონ თქვენი ვებსაიტის ბმული.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post