fbpx

ბიზნესის წესები – Stewart Butterfield

Stewart Butterfield

ბიზნესის წესები – Stewart Butterfield

ყველასათვის ცნობილი საკომუნიკაციო პლატფორმის, Slack-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტიუარტ ბატერფილდი გვიზიარებს ბიზნესის მართვისთვის ხუთ რჩევას. 

იცოდეთ, თუ რატომ ქმნით ბიზნესს

თუ მხოლოდ ფულის შოვნა გინდათ, იმედი მაქვს, ცოტა ფულს მაინც გამოიმუშავეთ. თუ უბრალოდ ჯილდოებისა და აღიარების მოპოვება, ან სხვებისგან კარგი შეფასებების მიღება გსურთ, ასევე ვიმედოვნებ, რომ ამასაც მიღებთ. თუმცა, არა მგონია ვინმესთვის ჭეშმარიტად დამაკმაყოფილებელი იყოს დიდება ან სიმდიდრე. მაგალითად, ჩემთვის წარმოუდგენლად სასიამოვნოა, როდესაც მონდომებით და მაქსიმალური დატვირთვით ვასრულებ რაიმე სამუშაოს. მივიჩნევ, რომ სხვებისთვისაც ასეა. ბიზნესსივრცეში ყოფნა ნიშნავს იყოთ მოხერხებული და ივარჯიშოთ შენი ოსტატობის დახვეწაში. 

ისე მოიქეცით, თითქოს ,,ნორმალური’’ ადამიანი ხართ

დიზაინერებს ნებისმიერი რაიმეს გასამართლებელი გზის პოვნა შეგვიძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ [როგორც დიზაინერმა] რა შედეგიც არ უნდა მიიღოთ, ყოველთვის შეძლებთ მოიფიქროთ მიზეზი, თუ რატომ არის ეს კარგი დიზაინი. საუკეთესო რჩევა, რისი მიცემაც ამ პროფესიის ადამიანებისთვის შემიძლია, არის ის, რომ ივარჯიშონ, თუ როგორ არ იყვნენ დიზაინერები – გაჩერდით, დახუჭეთ თვალები, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და შემდეგ კვლავ შეხედეთ პროდუქტს/მომხმარებლის ინტერფეისს/გვერდს/პოსტერს ისე, თითქოს ნორმალური ადამიანი ხართ და მას პირველად ხედავთ. 

გჯეროდეთ გარდაუვალობის

ჰენრი ფორდის აფორიზმში – „თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ან თუ გგონიათ, რომ არ შეგიძლიათ – ნებისმიერ შემთხვევაში მართალი ხართ’’ – გარკვეული სიმართლე იმალება. თუ რაიმეს მოხდენის არ გჯერა, ეს ალბათ ასეც იქნება. ხოლო რაც უფრო მეტი მტკიცებულება გაქვთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მით უფრო სავარაუდოა, რომ ასეც იქნება.

ყველა სამუშაოზე, რომელსაც ასრულებთ, ხელმოწერას ტოვებთ

როდესაც 10 ან 11 წლის ვიყავი, მამაჩემმა შეშის შეკვრის გზის სავალი ნაწილიდან ავტოფარეხამდე მიტანაში და იქ ლამაზად დალაგებაში 10 დოლარი შემომთავაზა (მაშინ ეს დიდი ფული იყო). შეშა შევიტანე შენობაში, თუმცა მისი კედელთან დალაგების ნაცვლად, მეტ-ნაკლებად თანაბრად, იატაკზე გავანაწილე. დაპირებულ ანაზღაურებას ველოდი, თუმცა, ამის მაგივრად რჩევა მივიღე – ,,ყველა სამუშაოს, რომელსაც ასრულებ, შენს ხელმოწერას ტოვებ – ნამდვილად გინდა, რომ ამას ხელი მოაწერო?’’. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო დამჭირდა, შეშა დავალაგე და ანაზღაურებაც მივიღე. ახლა კი, როცა რაიმეს გაკეთებას ვაპირებ, ყოველთვის ეს ფრაზა მახსენდება და ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ ყველაფერი სწორად შევასრულო. 

ყველა, ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ სხვებს საქმე გაუადვილოს 

სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა ბევრად უფრო ეფექტური და მოგებიანია, ვიდრე ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება. მე ადრე ბენდში ვუკრავდი; სხვები, შესაძლოა, გუნდურ სპორტს თამაშობდნენ, ან თუნდაც რესტორანში მუშაობდნენ. ასეთ შემთხვევებში რიტმში მცირე ცვლილებებს უნდა ამჩნევდეთ, პასებისთვის გახსნილი უნდა იყოთ, უნდა შეამჩინოთ, როცა რომელიმე მაგიდა ყურადღებას საჭიროებს. თანაც, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რას აკეთებენ სხვები და მუდმივად ცვალონ თავიანთი ქცევა, რათა გუნდს უკეთ ემსახურონ. 

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post