fbpx

ქართული სტარტაპები: OMOFOX

Omofox

ქართული სტარტაპები: OMOFOX

OMOFOX – ასე ეწოდება ქართულ სტარტაპს, რომელიც 2020 წლიდან ქართულ ბაზარზე აქტიურად ოპერირებს. OMOFOX ე.წ ტვირთის გადაზიდვის პროვაიდერია, რომელიც არსებულ პროცესში წარმოქმნილი ინფორმაციის გაციფრულებას ახდენს მისსავე პლატფორმაზე.

უფრო დეტალურად OMOFOX-ის შესახებ მის თანადამფუძნებელს, მახო ქიტუაშვილს გავესაუბრეთ.

იდეა

OMOFOX – ის იდეა 2020 წლის სექტემბერში, პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც სამმა თანადამფუძნებელმა სპონტანურად გადავწყვიტეთ, ავტოფარეხში დაგვეწყო ომოფოქსის იდეაზე მუშაობა. სამივეს კარგად გვქონდა გააზრებული კომერციული ტვირთების გადაზიდვის პროცესის დროს რამდენ პრობლემასა და ბარიერს ხვდება მომხმარებელი და მასში ჩართული სხვადასხვა მონაწილე მხარე. პროექტზე მუშაობა კაპიტალის გარეშე დავიწყეთ და გააზრებული გვქონდა, რომ პირველივე დღეებში უნდა შევსულიყავით ბაზარზე და ჩვენს მომხარებლებთან ერთად სამომავლო პროდუქტის დახვეწაზე გვემუშავა.

დამფუძნებლები

პროექტის თანადამფუძნებლები არიან: მახო ქიტუაშვილი, კახაბერ ყოჩიაშვილი და ვახო რომანოვი. თითოეულ მათგანს აღმოგვაჩნდა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, ესენია: ტექნოლოგიები, ლოგისტიკა, ტვირთის ექსპედიციასა და მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება. თითოეული ჩვენგანის არსებულ დარგში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი ხედვები და გამოცდილება OMOFOX – ში რეალობად გვექცია.

Omofox-ის საქმიანობა

OMOFOX არის ციფრული ტვირთის ექსპედიტორი, რომელიც უფრო მარტივ ენაზე რომ განვმარტოთ, ტვირთის გადაზიდვის სრული პროცესის პროვაიდერია და ამავდროულად, არსებულ პროცესში წარმოქმნილი ინფორმაციის გაციფრულებას ახდენს OMOFOX – ის პლატფორმაზე, რაც მომხმარებელს ტვირთის გადაზიდვის პროცესში სრულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. მაგალითად: ტვირთის ადგილმდებარეობა, გადაზიდვის სტატუსები, დოკუმენტები, მონაწილე მხარეები და სხვა.

პრობლემა

Omofox-ისთვის პრობლემების გადაჭრის მთავარი ინსტრუმენტი ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსის გამოყენებისას ოქროს შუალედის პოვნაა. მაგალითად: გამოცდილი კადრები დროს და ენერგიას რთულად დასაგეგმი პროექტებისკენ მიმართავენ, თანამედროვე თრექინგ სისტემა კი მომხმარებელს ლაივ რეჟიმში მიაწვდის მისი ტვირთის ადგილსამყოფელს. ამით ადამიანური რესურსიც დაიზოგება და სხვა უფრო კომპლექსური სამუშაოსთვის გამოთავისუფლდება და ასევე, თავად ინფორმაციის გაცვლის პროცესიც ნებისმიერ პროფესიონალზე გაცილებით სწრაფად მოხდება.

ტექნოლოგიების დახმარებით საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მყისიერი გაცვლა გადაზიდვაში მონაწილე მხარეებს შორის შესაძლო პრობლემების წარმოქმნის რისკსაც ამცირებს და ტვირთის მიწოდების დროსაც.

საკუთარი სამუშაო პლატფორმის გამოყენება შიდა მუშაობის პროცესში, რომლის ყველა დეტალიც სფეროში გამოცდილი პროფესიონალების ზედამხედველობით იქნა შემუშავებული, გუნდის თითოეული წევრის თითოეულ წუთს გაცილებით პროდუქტიულს და ეფექტურს ხდის, ვიდრე ნებისმიერი სხვა “უნივერსალური” პლატფორმა, რომლებიც განსხვავებული სფეროების გამოწვევებზე ერთი ზოგადი პასუხის გაცემას ცდილობენ.

სირთულეები

საწყის ეტაპზე, ძირითადად, ტრადიციული ფორვარდერებისთვის დამახასიათებელ სირთულეებს ვაწყდებოდით, თუმცა, ასეთმა პრობლემებმა მალევე იკლო მომხმარებლების და პარტნიორების მხრიდან OMOFOX-ის ხედვასთან გაცნობასთან ერთად და მთავარ სირთულედ მხოლოდ სამიზნე ბაზრის ნაწილის ძველმოდურ და პრობლემებით სავსე ტრადიციულ გადაზიდვებთან მიჯაჭვულობა დარჩა, თუმცა, ბაზრის ეს ნაწილი დღითი დღე მცირდება omofox-ის ზრდასთან ერთად.

Omofox დღევანდელ ბაზარზე

ამ დროისთვის OMOFOX-ში 25 გუნდის წევრი ვართ და წლის განმავლობაში კიდევ 20 სხვადასხვა პოზიციაზე ვგეგმავთ ახალი გუნდის წევრის დამატებას. ექსპედიციის პროცესში, ამ მომენტისთვის მინიმალურმა ცვლილებებმა, შესაძლებელი გახადა, რომ მეტი ახალი მომხარებელი აგვეთვისებინა მოკლე დროში. ამ დროისთვის 300 მუდმივი ბიზნეს დამკვეთი გყვავს და ეს რიცხვი ყოველდღე იზრდება. ახალი დამკვეთები, არსებული დამკვეთის რეკომენდაციით მოდიან უმეტესად.

ათწლეულების განმავლობაში სტაგნაციაში გადასულ სფეროში ტექნოლოგიური რევოლუციის მოსახდენად მრავალმხრივ განვითარებული უნარები და გამოცდილებაა საჭირო, ესენია: მიზანსწრაფულობა, კომპანიის ხედვისადმი უკომპრომისო ერთგულება, რამდენიმე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სფეროს პროფესიონალურად ცოდნის საჭიროება, როგორებიცაა, თანამედროვე ტექნოლოგიები, გადაზიდვები, გაყიდვები, ბიზნეს და პიროვნული მენეჯმენტი, ამ ყველა თვისების მქონე თვითმოტივირებული გუნდის მართვისათვის კი აუცილებელია ლიდერები. ეს ყველა და კიდევ მეტი თვისება გამოარჩევს OMOFOX-ს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონალურ და, შესაძლოა, გლობალურ ბაზარზეც კი.

მიღებული დაფინანსებები

ამ მომენტისთვის მხოლოდ 1 გრანტი გვაქვს მიღებული, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინვოაციების სააგენტოს 100 000 ლარი, მაგრამ ახლო მომავალში გვექნება სიახლეები, ახალი ინვესტიციის შესახებ..

 რჩევები სტარტაპებს

• ეცადეთ, ბევრი საინტერესო და გამოცდილი ადამიანი გყავდეთ შემოკრებილი და ხშირად დაუსვათ მათ კითხვები, რომ სტარტაპის ზრდის შემდეგი სვლები უკეთესად შეაფასოთ.

• თუ ნამდივლად სტარტაპერობა გსურთ, უნდა გაიაზროთ, რომ მომავალი წლების განმავლობაში თქვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილის დათმობა მოგიწევთ. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ 5 ტრადიციული ბიზნესის დაწყება/მართვა უფრო იოლად მიმაჩნია ვიდრე ერთი წარმატებული სტარტაპის შექმნა.

• თქვენი იდეები ძალიან ამაღელვებელია, როდესაც გონებაში ფიქრობთ მათზე. თუმცა, ამ იდეების რეალობად ქცევისას, სულ ვერ გექნებათ ამაღელვებელი დღეები, ხშირად მოგიწევთ ამერიკული გორკებივით, ზემოთ-ქვემოთ ფრენა, რომელსაც ხშირად მოყვება ბევრი ცუდი და კარგი დღეები, მაგრამ გამოსავალი მარტივია: Just do it 🙂

• ხშირად სტარტაპერები ბევრს საუბრობენ, ვიდრე საქმეს აკეთებენ, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ რაც დრო გადის, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება სტარტაპ გარემო – ამიტომ, შედეგების გარეშე, ლაპარაკი არ იქნება საკმარისი.

სამომავლო გეგმები

ვგეგმავთ, რომ 2022 წელს კიდევ 2 ახალ ქვეყანაში მოვახდინოთ ექსპანსია და გუნდი 40 ახალი წევრით გავზარდოთ. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე 700 მუდმივო ბიზნეს დამკვეთის მოპოვებაა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post