Google Photo-ში ფოტოს პოვნა მარტივდება
Google Photos-ში მნიშვნელოვანი ცვლილებებია: ეს ეხება ფოტოებისა და ალბომების განლაგებას, რაც ბიბლიოთეკაში და გაზიარების ჩანართებში მომხმარებლებს სასურველი ფოტოების პოვნას გაუმარტივებს.
სულ მალე Andoid-ის მოწყობილობების მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გაფილტრონ ფოტოები საქაღალდეების მიხედვით. ეს საქაღალდეები მოიცავს ალბომებს, გაზიარებულ ალბომებს, რჩეულ ფოტოებსა და მოწყობილობაზე არსებულ საქაღალდეებს. ასევე, ქვედა მენიუში იპოვით ახალ განყოფილებას „ფოტოების იმპორტი“, რომელიც დაგეხმარებათ ფოტოები სხვა აპლიკაციებიდან/სერვისებიდან გადმოიტანოთ (მაგ: Facebook და iCloud).
ახალი ფუნქცია ასევე გააადვილებს ფაილების კოპირებას კამერიდან, ასევე ძველი სურათებისა და ვიდეოების გაციფრულებას. გარდა ამისა, Google Photos-ს ექნება ფუნქცია, რომელიც ტელეფონით ფიზიკური სურათების სკანირებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები ჯერჯერობით მხოლოდ Android-ის მომხმარებლებს შეეხებათ, თუმცა, სულ მალე ისინი iOS-ისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
Google-ს კიდევ ერთი განახლება აქვს, რამაც შეიძლება თქვენი სურათების ორგანიზება ბევრად უფრო მარტივი გახადოს. თუ თქვენ გაქვთ Pixel ან სხვა Android მოწყობილობა, რომელიც ეკრანის სურათებს (იგივე Screenshot) ამ სხვა ფოტოებთან ერთად ინახავს, ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება. ფუნქცია, საერთო ალბომებში შემთხვევით ფოტოებს აღარ მოახვედრებს.