Youtube TV აპლიკაციაში სატელევიზიო შოუები დაემატა
ამიერიდან Youtube TV აპლიკაციაში სატელევიზიო შოუების უფასო კატალოგი იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, მომხმარებლებს სარეკლამო ჭრების ხილვაც მოუწევთ. ახალი პროდუქტი პირდაპირ კონკურენციას გაუწევს ბაზარზე უკვე არსებულ სტრიმინგის უფასო სერვისებს, რომელთა შორისაცაა Tubi, Pluto TV, The Roku Channel, IMDb TV, Xumo, Plex, და NBCU’s Peacock.
Youtube-ის განცხადებით სატელევიზიო შოუების 4 ათასზე მეტი უფასო ეპიზოდი უკვე განთავსებულია და კოლექციას ყოველკვირეულად 100-ამდე სერია და ფილმი დაემატება. ამჟამად კატალოგში, რამდენიმე შედარებით ახალი შოუს გარდა, ხელმისაწვდომია ძირითადად ძველი გადაცემები – ,,Hell’s Kitchen’’, ,,Andromeda’’, ,,Heartland’’, ,,Father Knows Best’’, ,,Unsolved Mysteries’’, ,,21 Jump Street’’, ,,The Carol Burnett Show’’, ,,That Girl’’, ,,Car 54, Where Are You?’’, ,,The Lone Ranger’’, ,,Hopalong Cassidy’’, ,,Laugh-In’’, ,,The Dick Van Dyke Show’’ და სხვები. კომპანიის თქმით, მათგან გარკვეული ნაწილი 1080p გარჩევადობითაა ხელმისაწვდომი.
უფასო სატელევიზიო შოუები ჯერ-ჯერობით მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები პირებისთვისაა ხელმისაწვდომი. მათ გადაცემების მოძებნა ვებბრაუზერის, მობილური მოწყობილობებისა და სერვისზე დაკავშირებული ტელევიზორის საშუალებით Movies & Shows განყოფილებაში შეეძლებათ.
აღსანიშნია, რომ YouTube ჯერ კიდევ 2018 წლიდან ახორციელებს ლიცენზირებული ფილმების უფასო სტრიმინგს (ასევე, სარეკლამო ჭრებით), ამიტომ სატელევიზიო შოუების კატალოგის დამატება კომპანიისთვის არა დიდი სიახლე, არამედ სერვისის გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამჟამად YouTube TV-ზე ხელმისაწვდომია 1 500-ზე მეტი ფილმი ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Disney Media & Entertainment Distribution, Warner Bros., Paramount Pictures, Lionsgate, FilmRise და სხვები. ხოლო მიმდინარე თვეში ფილმების კოლექციას დაემატა Gone in Sixty Seconds, Runaway Bride და Legally Blonde.