მაიკროსოფტმა თამაშის დეველოპერების კონფერენციაზე სიახლეები წარადგინა
მაიკროსოფტმა თამაშის დეველოპერების ამ კვირაში მიმდინარე კონფერენციაზე რამდენიმე სიახლე წარადგინა. მათ შორის ერთ-ერთი იყო Azure Game Development Virtual Machine – ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული თამაშის დეველოპმენტის სამუშაო სივრცე.
,,მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თამაშის სტუდიები (მათ შორის, ჩვენიც) ცდილობენ, ადაპტირდნენ დისტანციურად განაწილებული გუნდების კომპლექსურ საჭიროებებთან. მაიკროსოფტი აცნობიერებს თამაშების შემქმნელი საზოგადოებისთვის არსებულ ამ გამოწვევებს. მოხარული ვართ, წარვადგინოთ Azure Game Development Virtual Machine – შეთავაზება, რომელიც დეველოპერებს შესაძლებლობას აძლევს, თამაშის ღრუბლოვან სისტემაში შექმნის უპირატესობით ისარგებლონ.’’, – აცხადებს კომპანია.
მაიკროსოფტის თქმით, ეს არა მხოლოდ გამორიცხავს ლოკალურად გამოყოფილი ტექნიკის საჭიროებას, არამედ საშუალებას მისცემს გუნდებს, ცენტრალიზებული სერვერიდან იმუშაონ.
Azure Game Development Virtual Machine-ში ხელმისაწვდომი იქნება წინასწარ ინსტალირებული თამაშის დეველოპმენტის ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა:
• Visual Studio Community Edition 2019
• Unreal Engine
• Quixel Bridge
• Perforce’s P4V Client
• Parsec
• Incredibuild
• Blender
• Teradici
• DirectX/GDK/PlayFab SDKs
კომპანიის თქმით, Azure Game Development Virtual Machine ხელმისაწვდომი იქნება Public Preview-ში.
ამის გარდა, მაიკროსოფტმა Azure PlayFab სერვისის ახალი ფუნქციების ჩაშვების შესახებ განაცხადა. სიახლეებს შორის არის real-time შეტყობინებები, ასევე PlayFab Lobby (ასევე ხელმისაწვდომი Public Preview-ში) მულტიფლეიერი სესიების მართვისთვის,
კომპანიამ ასევე წარადგინა ID@Azure-ის საჯარო ვერსია – პროგრამა, რომელიც დამოუკიდებელ დეველოპერებს წაახალისებს ღრუბლოვანი სისტემის გამოყენებაში.
,,ID@Azure-ის მიზანი დამოუკიდებელი დეველოპერების გაძლიერებაა. ჩვენ გვინდა, რომ მათ ისარგებლონ იმავე სერვისებითა და შესაძლებლობებით, რომლებსაც იყენებენ დიდი გუნდები. ეს პროგრამა გთავაზობთ უფასო ინსტრუმენტებს, რესურსებსა და მხარდაჭერას, რათა ღრუბლოვანი გეიმინგ სერვისების გამოყენება დაიწყოთ. დეკემბერში მისი დახურული ბეტა ვერსია ჩავუშვით. მას შემდეგ, მუდმივად ვუსმენთ დეველოპერების გამოხმაურებას პირისპირ შეხვედრების, იმეილისა და გამოკითხვების უკუკავშირის მეშვეობით. მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ პროგრამა დღეს უკვე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი’’, – განაცხადა კომპანიამ.