fbpx

ქართული სტარტაპები: Kroudi

kroudi

ქართული სტარტაპები: Kroudi

Kroudi ჯგუფური შესყიდვის აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებსა და ბიზნესებს შეუძლიათ, პროდუქტები ჯგუფურად შეიძინონ და თანაც, დაბალ ფასად.

Kroudi-ს დამფუძნებლები ჯოსუა რეხტსტეინერი და სებასტიან ჰარკე არიან, რომელთაც სტარტაპის იდეასა და საქმიანობაზე დეტალურად გავესაუბრეთ:

იდეა

გასულ წელს, მაისში, დროის დაზოგვის მიზნით, ელექტრონული სკუტერის ყიდვა გადავწყვიტე. მოდელი, რომლის შეძენაც მსურდა, დაახლოებით 800 ევრო ღირდა. როგორც გამოცდილმა იმპორტიორმა, სწრაფად შევძელი, იმავე ხარისხის და უკეთესი მახასიათებლების მქონე მოდელის მოძებნა – სულ რაღაც 200 ევროდ. თუმცა, ეს მოდელები საცალოდ არ იყიდებოდა, არამედ მინიმალური შეკვეთის ოდენობა (MOQ) 100 ერთეული იყო. შევეცადე, გამეგო, როგორ მომეძებნა დანარჩენი 99 ადამიანი, რომელიც იმავე სკუტერს შეიძენდა და თან კმაყოფილი დარჩებოდა. გამიკვირდა, რომ საამისოდ სპეციალური აპლიკაცია არ არსებობდა და ამ მოცემულობის გამოსწორება გადავწყვიტე.

პრობლემა

საცალო და საბითუმო ვაჭრობა პროდუქციის სწრაფ ხელმისაწვდომობაზე/მიწოდებაზეა ორიენტირებული. სწორედ ეს არის მთავარი ღირებულება, რომელსაც შუამავლები მიმწოდებელსა და საბოლოო მყიდველს შორის ქმნიან. მაგრამ მომხმარებლები, რომელსაც შეუძლიათ მოთმინებით დაელოდონ პროდუქტის მიწოდებას, რა დამატებით სარგებელს იღებნ? Kroudi-ს წყალობით, მომხმარებლებსა და ბიზნესებს შეუძლიათ, ჯგუფურად შეიძინონ პროდუქტები წარმოუდგენლად დაბალ ფასებში პირდაპირ მწარმოებლისგან. თუკი ისინი აქამდე შავ პარასკევს ელოდებოდნენ, ახლა უკვე წელიწადში 365 შავი პარასკევი შეიძლება, ჰქონდეთ მათ. მათი ერთადერთი ამოცანაა, დაელოდონ შემკვეთების მწარმოებლის მიერ დადგენილი მინიმალური შეკვეთის ოდენობის შევსებას, რათა პროდუქტის შეძენა შესაძლებელი გახდეს.

პროდუქტი

ეს არის ჯგუფური შესყიდვის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტის არჩევანზე სრულ კონტროლსა და გამჭირვალობას. მათგან საჭიროა, მხოლოდ პროდუქტების არჩევასა და ჯგუფურ შესყიდვებში გაწევრიანებაზე ფოკუსირდნენ, დანარჩენზე კი Kroudi იზრუნებს.

Kroudi საშუალებას აძლევს მომხმარებლებსა და ბიზნესს, თავი აარიდონ საცალო და საბითუმო ვაჭრობას, რათა თითქმის ყველაფერი პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძინონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით – საბითუმო ფასად. ეს არის ინსტრუმენტი მომხმარებლებისთვის, რომელიც მათ ეხმარება, მიიღონ უკეთესი პროდუქტები ნაკლები დანახარჯით.

ხოლო როდესაც სამიზნე შეკვეთის მოცულობა ივსება, მომხმარებლებს თანხებს ვაჭრით და შეკვეთას ვადასტურებთ; ასევე, ვამოწმებთ ხარისხს და ვზრუნავთ ლოჯისტიკაზე.

სტარტაპი Kroudi

ბიზნესმოდელი

ჩვენთან Kroudi-ის მომსახურების საკომისიო პროდუქციის ფასის 15%-ია. პლატფორმაზე პროდუქტის ფასი დაჯამებულად ჩნდება ხოლმე, რაც პროდუქტის ფასს, Kroudi-ის საკომისიოს, ტრანსპორტირების საფასურს, საბაჟო და დღგ გადასახადებს მოიცავს. საერთო ფასში Kroudi-ის მომსახურების საკომისიო დაახლოებით 10%-ის ფარგლებში არის ხოლმე.

Kroudi ბაზარზე

მარჟის თვალსაზრისით, D2C, B2C ელექტრონული კომერციის ვებსაიტებს, ფიზიკურ საცალო მაღაზიებსა და B2B საბითუმო მოვაჭრეებსაც კი არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ Kroudi-ს მათი ბიზნეს რისკებისა და ხარჯების სტრუქტურის გამო. ხოლო, Kroudi შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მოთხოვნის შემგროვებელი არხი და არა მიწოდების მონაწილე. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება. ამჟამად, Kroudi-ის მოდელი უნიკალურია, მაგრამ მისი ასლები აუცილებლად შეიქმნება. ეს კი სრულიად კარგია. ჩვენ ღია ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ კონკურენტებს, რომლებიც აკოპირებენ Kroudi-ს მოდელს, რადგან ეს, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ამ ბიზნესმოდელის პოპულარიზებას.

ამ ეტაპზე ჩვენ ვართ პროდუქტის ჩაშვების საწყის სტადიაზე. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ისთვის და პირველმა მომხმარებლებმა უკვე დაიწყეს პროდუქტების შეძენა სხვა მომხმარებლებთან ერთად.

გამოწვევა

მთავარი გამოწვევა არის და ყოველთვის იქნება მომხმარებელთა დიდი რაოდენობის დინამიკის მართვა.

სამომავლო გეგმები

ჩვენი სამომავლო გეგმაა, გავიტანოთ Kroudi გლობალურ მასშტაბზე. ამ წლის ბოლოს ვაპირებთ გერმანიასა და აშშ-ს ბაზრებზე გასვლას. ჩვენთვის ორივე ბაზარი ნაცნობია წინა პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე და აქ შესვლა Kroudi-ს მარტივად შეუძლია.

საბაზრო სტრატეგია

ჩვენ მიმართავთ მომხმარებლებსა და ბიზნესს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხითა და მედიით. ჯერჯერობით მხოლოდ დადებითი გამოხმაურება გვქონდა, ალბათ იმიტომ, რომ Kroudi მართლაც სასარგებლო და ეფექტური ინსტრუმენტია მომხმარებლებისთვის. მომხმარებლის რაოდენობის ზრდა ავტომატურად ზრდის მომსახურების ხარისხს და ამცირებს ფასს, რაც საცალო ვაჭრობაში არ ხდება. ამ შემთხვევაში, გამყიდველი ცდილობს, პროდუქცია რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს მაშინაც კი, როდესაც თავად პროდუქტი ძალიან იაფია. მომხმარებლებს უყვართ Kroudi, რადგან ის მათ მხარესაა. ჩვენ და მათ ერთი და იგივე მიზნები გვაქვს, რაც, სამწუხაროდ, იშვიათად ხდება საცალო ვაჭრობაში.

სირთულეები, რომელსაც წააწყდით

ამის თქმა ცოტა ნაადრევია, მაგრამ ადრეულ ეტაპზე, როდესაც კომპანია პროდუქტს უშვებს და მის მარკეტინგს იწყებს, ეს, ძირითადად, სიმართლისთვის თვალის გასწორების მომენტია. განხორციელებული კამპანიების შემდეგ კომპანია დაინახავს, ​​შეესაბამება თუ არა პროდუქტი მოთხოვნას და აქვს თუ არა საერთოდ აზრი მარკეტინგულ სტრატეგიას. შედეგად, შესაძლოა, დამფუძნებლები იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რადგან ხშირად, მათ ჰგონიათ რომ ყველაფერი იციან. Kroudi-ში ჩვენ ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. უდავოა, რომ სწავლის პროცესში ვართ და ეს პროცესი არასოდეს უნდა დასრულდეს. ჩვენ მიმღებლობის უნარი კარგად გვაქვს გამომუშავებული და მუდმივად ვამოწმებთ ჩვენს ყველა ვარაუდს. არავის უღირს, დაიცვას ის, რაც არ არის ბაზრისთვის თავსებადი და ვერ აგვარებს მომხმარებლის საჭიროებებს.

ინდუსტრია და გამოწვევები

ჩვენი მთავარი გამოწვევაა: ხალხს ზუსტად ავუხსნათ განსხვავებები Kroudi-ს მოდელსა და ტრადიციულ ელექტრონულ კომერციას შორის. Kroudi-ს მოდელი არა მხოლოდ ახალია საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც ინოვაციურია.

რჩევა სტარტაპებს

ჩემი ზოგადი რჩევა იქნება: მნიშვნელოვანია, თქვენი პროდუქტის მთავარი ღირებულება იკვლიოთ, რის შეთავაზებასაც მომხმარებლისთვის აპირებთ. რა არის იმ პრობლემის იდეალური გადაწყვეტა, რომელიც აღმოაჩინეთ? გამოიკვლიეთ ეს იმ ადამიანებთან საუბრით, რომლებსაც სწორედ ეს პრობლემა აქვთ. არ დაიწყოთ პროდუქტის იდეიდან, არამედ მოძებნეთ პრობლემა, რომელიც შეგაქმნევინებთ პროდუქტს. ამ მიდგომით თქვენ დაიცავთ თქვენს პროდუქტს თქვენი სამიზნე აუდიტორიის წინაშე. გახსოვდეთ, რომ ძიების გარეშე წარმატება იშვიათად მოდის.

რაც შეეხება ინვესტორებს, ჩემი რჩევა იქნება, აირჩიოთ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გჭირდებათ დაფინანსება. და თუ ასეა, ყურადღება გაამახვილეთ მათზე, ვისაც ნამდვილად შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანონ თქვენს საქმიანობაში და არა უბრალოდ ფულით დაგეხმარონ. ასევე, რაც მთავარია: ისაუბრეთ პოტენციურ კლიენტებთან რაც შეიძლება ადრე, მანამ, სანამ ინვესტორებს გაესაუბრებით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post