იდეების გენერირება – Sam Altman
,,ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც სტარტაპის პოტენციური დამფუძნებლები სვამენ, არის ის, თუ როგორ უნდა მოიფიქრონ იდეები სტარტაპებისთვის. მეორე ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა, თქვენ გაქვთ თუ არა რაიმე იდეა მათი სტარტაპისთვის. თუმცაღა, დამფუძნებლებისთვის იდეის ამგვარად მიწოდება თითქმის არასდროსაა ეფექტური. იდეების ქონა სტარტაპის დამფუძნებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან სტარტაპის მართვის დროს ბევრი ახალი იდეის გენერირებაა საჭირო’’, – წერს ალტმანი და იხსენებს Y Combinator-ის ექსპერიმენტს, რომელიც გულისხმობდა იდეების გარეშე მყოფი, თუმცა, ერთი შეხედვით, კარგი დამფუძნებლების დაფინანსებას – ,,ვფიქრობ, ყველა მათგანმა მარცხი განიცადა’’.
როგორც ჩანს, კარგ სტარტაპდამფუძნებლებს იდეების დიდი მარაგი აქვთ და თუ გინდათ, რომ თქვენც მათი მსგავსი იყოთ, მაგრამ იდეების მოფიქრება გიჭირთ, ჯერ მათი გენერირების უნარის გაძლიერებაზე უნდა იმუშაოთ. თუმცა, ეს როგორ უნდა გააკეთოთ?
,,[ამისათვის] მნიშვნელოვანია, იყოთ შესაბამის გარემოში და სწორ ადამიანებთან ახლოს. გარშემო უნდა გყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მომავლის მიმართ დადებითად არიან განწყობილები, არიან შემოქმედებითად ინტელექტუალები და რომელთაც აქვთ [შესასრულებლად] დაუჯერებელი გეგმები და ბევრი იდეა’’, – გვირჩევს ალტმანი. მისი თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები აზროვნებენ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და დიდად არ აღელვებთ, რას ფიქრობენ მათზე სხვები. ის ასევე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება ისეთი პირების სიახლოვეში ყოფნა, რომლებიც რაიმე ცუდი იდეის გაჟღერებისთვის თავს სულელად არ გაგრძნობინებენ და არც თავად იგრძნობენ თავს სულელებად, თუ თავად გააჟღერებენ ცუდ იდეას.
თუმცა, მხოლოდ სწორ ადამიანებთან ახლოს ყოფნა არაა საკმარისი და გარკვეული ტიპის პირებს უნდა ვერიდოთ – ,,თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცხოვრებით არიან დაღლილნი და თქვენს ამბიციებს აკნინებენ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დიდი ნაწილი სწორედ ასეთია. ისინი წარსულს ებღაუჭებიან, თქვენ კი მომავლით უნდა იცხოვროთ’’, – ამბობს ალტმანი და აღნიშნავს, რომ მომდევნო 20 წლის წარმოდგენა უნდა შეგეძლოთ, შემდეგ კი საკუთარი თავის ნდობა არ დაგავიწყდეთ, რადგან ეს საკმაოდ დიდი დროა და ნორმალურია, თუ თქვენი იდეები რადიკალურია დღევანდელი გადმოსახედიდან.
იდეების გენერირების უნარის დახვეწისთვის, ცხადია, მხოლოდ ადამიანურ ნაწილზე ყურადღების გამახვილება არაა საკმარისი. თქვენ უნდა ,,იფიქროთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რომელიც ახლა ხდება. როგორ იცვლება სამყარო? შეგიძლიათ, დაადგინოთ, რა შესაძლებლობას განბლოკავს ეს? ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე ისეთზე იფიქრებთ, რაც წელს შესაძლებელია, თუმცა გასულ წელს შეუძლებელი იყო, ყურადღებით უნდა იყოთ – შესაძლოა, სტარტაპის იდეა გქონდეთ. ეს [ვარაუდი] განსაკუთრებით მართებულია იმ შემთხვევაში, თუ ამის განხორციელება მომავალ წელს უკვე ძალიან გვიანი იქნება. [ამასთანავე] როდესაც შეგიძლიათ თქვათ – ,,დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც ამას განახორციელებს’’ – ეს უკვე კარგის ნიშანია’’, – აღნიშნავს ალტმანი.
სემ ალტმანი ასევე გვიზიარებს ერთ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც იდეაზე ფიქრის პროცესის დასაწყისში უნდა დავუსვათ საკუთარ თავს – ,,თუ გამოვიდოდა, მასშტაბური იქნებოდა?’’. იგი აღნიშნავს, რომ ძალიან ცოტა იდეას აქვს თანდაყოლილი უპირატესობა, რომელმაც შესაძლოა, სტარტაპის მასობრივი წარმატება განაპირობოს. ამის გარდა, კარგი იქნებოდა თუ იფიქრებდით იმაზე, თუ რა გამოგდით განსაკუთრებით კარგად, რადგან ,,დამფუძნებლისა და კომპანიის თავსებადობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა’’.