fbpx

კრიზისულ სიტუაციებში დასახმარებლად, Google ტექნოლოგია MUM-ს იყენებს

MUM-ს

კრიზისულ სიტუაციებში დასახმარებლად, Google ტექნოლოგია MUM-ს იყენებს

ცხოვრებაში კრიზისული სიტუაციის დადგომისას, ბევრი ადამიანი მხარდაჭერისა და ინფორმაციის მისაღებად უსულო წყაროს, Google-ს მიმართავს. ტექნოლოგიური გიგანტი ყოველდღიურად ამუშავებს საძიებო მოთხოვნებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა თვითმკვლელობა, სექსუალური თუ ოჯახური ძალადობა და სხვა. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას მომხმარებლების ამ მიმართულებით დასახმარებლად უფრო მეტის გაკეთება სურს და ამიერიდან, თავის უახლეს ტექნოლოგიას, MUM-ს (Multitask Unified Model) კრიზისული სიტუაციების შესახებ საძიებო მოთხოვნების უფრო ფართო სპექტრის აღმოსაჩენად იყენებს.

ცნობისთვის, Google-მა მოდელი გასული წლის მაისს, I/O კონფერენციაზე წარადგინა და ამ დრომდე მას საძიებო შედეგების გასაუმჯობესებლად იყენებდა ისეთ თემებზე, როგორიცაა კორონავირუსის ვაქცინა. კომპანია აცხადებდა, რომ კულტურული, საცხოვრებელი ადგილის თუ სხვა გავლენის გამო, ადამიანები ერთი და იმავე რაიმეს აღსანიშნად, სხვადასხვა სიტყვას იყენებენ.

,,[ამის] ერთი ძალიან აქტუალური მაგალითია COVID-19. ჩვენ უნდა გვესწავლა ყველა განსხვავებული ფრაზა, რომელსაც ადამიანები ახალი კორონავირუსის აღსანიშნად იყენებდნენ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მაღალი ხარისხისა და დროულ ინფორმაციას ვაწოდებდით ჯანდაცვის სანდო ორგანოებისგან, როგორებიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები. ერთი წლის შემდეგ [2021 წელს], ჩვენ კვლავ მსგავს გამოწვევას წავაწყდით ვაქცინების სახელებთან დაკავშირებით. თუმცა, ამჯერად, ახალი ინსტრუმენტი სახელწოდებით Multitask Unified Model (MUM) გვაქვს.    

AstraZeneca-ს, CoronaVac-ს [იგივე Sinovac], Moderna-ს, Pfizer-ს, Sputnik-სა და სხვა ფართოდ გავრცელებულ ვაქცინებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახელი აქვთ – ჩვენი ანალიზის საფუძველზე, ეს 800-ზე მეტია. ადამიანებმა, რომლებიც ვაქცინების შესახებ ეძებენ ინფორმაციას, საძიებო ველში შეიძლება ჩაწერონ ,,Coronavaccin Pfizer’’, ,,mRNA-1273’’, ,,CoVaccine’’ – სია ამით არ სრულდება.

MUM-ის დახმარებით, რამდენიმე წამში შევძელით ვაქცინის სახელების 800-ზე მეტი ვარიაციის იდენტიფიცირება 50-ზე მეტ ენაზე. MUM-ისგან მიღებული კვლევის მონაცემების დადასტურების შემდეგ, ისინი Google Search-ში გამოვიყენეთ, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებმა ადამიანებმა დროული და მაღალხარისხიანი ინფორმაციის მიღება შეძლონ ვაქცინების შესახებ’’, – აღნიშნავდა კომპანია.

MUM-ის მუშაობის პრინციპი უფრო მარტივად რომ ავხსნათ, მისი საშუალებით, Google-ის საძიებო სისტემას სალაპარაკო ენისთვის დამახასიათებელ, მეტად კომპლექსურ შეკითხვებზე შეუძლია რელევანტური შედეგების ჩვენება.

,,განვიხილოთ ასეთი სცენარი: თქვენ დალაშქრეთ მთა ადამსი, შემდეგ შემოდგომაზე კი ფუძიამას მთაზე ასვლა გსურთ და გაინტერესებთ, მომზადების პროცესში რა უნდა გააკეთოთ განსხვავებულად. დღეს Google-ს შეუძლია, რომ ამ საკითხში დაგეხმაროთ, თუმცა, ამას მრავალჯერადი ძიება დასჭირდება – უნდა მოძებნოთ თითოეული მთის სიმაღლე, საშუალო ტემპერატურა შემოდგომაზე, საფეხმავლო ბილიკების სირთულე, შესაბამისი აღჭურვილობა და სხვა. ბევრი ძიების შემდეგ კი, საბოლოოდ შეძლებთ სასურველი პასუხის მიღებას.

ლაშქრობის ექსპერტთან საუბრისას კი მხოლოდ ერთი კითხვის დასმა იქნებოდა საკმარისი – ,,რა უნდა გავაკეთო მომზადების პროცესში განსხვავებულად?’’ და გააზრებულ პასუხს მიიღებდით.

ჩვენი დაკვირვებით, ადამიანები საშუალოდ რვა შეკითხვას სვამენ [Google-ის საძიებო სისტემაში] ზემოთ აღნიშნულის მსგავსი კომპლექსური ამოცანების შემთხვევაში. დღევანდელი საძიებო სისტემები არ არის საკმარისად დახვეწილი, რომ [კითხვას] ისე უპასუხონ, როგორც ამას ექსპერტი გააკეთებდა’’, – განაცხადა კომპანიამ ტექნოლოგიის წარდგენისას და დასძინა, რომ MUM-ს საძიებო სისტემას კომპლექსურ მოთხოვნებთან გამკლავება შეეძლებოდა.

რაც შეეხება MUM-ის დამატებით დანიშნულებას, ენ მერიტი (Google-ის პროდუქტის მენეჯერი ჯანმრთელობისა და ინფორმაციის ხარისხის მიმართულებით) მედიასთან საუბარში ამბობს, რომ სისტემა შეძლებს, ამოიცნოს საძიებო მოთხოვნები, რომლებიც რთულ პირად სიტუაციებთან არის დაკავშირებული.

„MUM-ს შეუძლია, დაგვეხმაროს, გავაანალიზოთ უფრო გრძელი ან კომპლექსური კითხვები, როგორიცაა მაგალითად „რატომ დამესხა თავს, როდესაც ვუთხარი, რომ არ მიყვარდა’’. ადამიანებისთვის შესაძლოა ცხადი იყოს, რომ ეს შეკითხვა ოჯახურ ძალადობას ეხება, მაგრამ ამგვარად დასმული კითხვების დამუშავება, დახვეწილი AI-ის გარეშე, ჩვენი სისტემებისთვის რთულია’’, – აცხადებს მერიტი.

MUM-ის დახმარებით, Google შეძლებს უფრო რელევანტური ზომების მიღებას ისეთ საძიებო მოთხოვნებზე, როგორიცაა ,,თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული გზები’’. მერიტის თქმით, ეს ფრაზა ადრინდელ სისტემებს, შესაძლოა, მომხმარებლის მხრიდან უბრალოდ ინფორმაციის მიღების სურვილად აღექვა. კიდევ ერთი მსგავსი საძიებო მოთხოვნაა ,,თვითმკვლელობის პოპულარული ადგილები სიდნეიში’’ – ამ შემთხვევაში, სისტემა, სავარაუდოდ, უგულებელყოფდა სიტყვას ,,თვითმკვლელობა’’ და ფრაზის ,,პოპულარული ადგილები’’ დაფიქსირების ფონზე, სამოგზაურო ინფორმაციას მიაწოდებდა მომხმარებელს. ამჯერად, როდესაც Google კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებულ ამგვარ საძიებო მოთხოვნას გამოავლენს, შედეგების ეკრანზე საინფორმაციო ფანჯარა გამოჩნდება ტექსტით ,,დახმარება ხელმისაწვდომია’’ (,,Help is available’’). მასთან ერთად იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციის საკონტაქტო ნომერი ან ვებსაიტი .

აღსანიშნია, რომ ამგვარი AI სისტემები გაუმჭვირვალეა და ინჟინრებს შეზღუდული ცოდნა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ მიდიან ისინი გარკვეულ დასკვნებამდე. Google-იც არ პასუხობს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ამოწმებს კომპანია წინასწარ, რომელ საძიებო ტერმინებს დააკავშირებს MUM კრიზისულ სიტუაციებთან.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post