WhatsApp-ის ხმოვან შეტყობინებებს ახალი ფუნქციები დაემატება
WhatsApp-ის ხმოვან შეტყობინებებს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატება. კომპანიის თქმით, ისინი უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი.
,,ჩვენი მომხმარებლები ყოველდღიურად საშუალოდ 7 მილიარდ ხმოვან შეტყობინებას აგზავნიან. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ფუნქციები, რომლებიც ხმოვანი შეტყობინებების [გაგზავნა-მიღების] გამოცდილებას აუმჯობესებს’’, – აცხადებს კომპანია.
ამიერიდან, მომხმარებლებს როგორც რეგულარული, ასევე გადამისამართებული შეტყობინებების მოსმენა 1.5x ან 2x სიჩქარით შეეძლებათ. ამის გარდა, ხელმისაწვდომი იქნება ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა ჩატის მიღმა, თუნდაც სხვა შეტყობინებებზე პასუხის გაცემის პროცესში. ახალი ფუნქციები დამატებით მოიცავს ხმოვანი შეტყობინების დაპაუზებისა და, შესაბამის ჩატში დაბრუნების შემდეგ, მოსმენის იმ მომენტიდან გაგრძელების საშუალებას.
WhatsApp-ის თქმით, იხვეწება ხმოვანი შეტყობინებების ჩაწერის გამოცდილებაც. აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ, ხმოვანის ჩაწერა დროებით შეაჩეროთ და კვლავ განაახლოთ, რათა თავიდან აიცილოთ ჩუმი პაუზები და მარტივად მოუყაროთ თავი აზრებს. ასევე, შეგეძლებათ, შეტყობინებას ადრესატთან გაგზავნამდე მოუსმინოთ.
კომპანია მცირე ვიზუალურ განახლებასაც გვთავაზობს – ამიერიდან ხმოვანი შეტყობინებები ტალღოვანი ფორმით იქნება წარმოდგენილი.