Google for Startups უკრაინულ სტარტაპებს დაეხმარება
Google for Startups -მა უკრაინული სტარტაპების მხარდამჭერი ფონდი შექმნა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის განმავლობაში მათ ჯამში $5 მილიონს გადასცემს. თანხა დაახლოებით 50 სტარტაპზე გადანაწილდება და თითოეული მათგანი $100,000-ამდე დაფინანსებას კომპანიის წილის გაცემის გარეშე მიიღებს. ამის გარდა, ტექნოლოგიური გიგანტი მათ პროდუქტთან დაკავშირებული მხარდაჭერითა და მენტორობით უზრუნველყოფს, ასევე Google Cloud Credit-ს გადასცემს.
,,უკრაინას ძლიერი სტარტაპსაზოგადოება ჰყავს. თუმცა, ომის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან. უკრაინაში უამრავი მეწარმეა, რომლებიც წარმოუდგენელ ვითარებაში მუშაობენ, რათა ბიზნესის ლიკვიდურობის შენარჩუნება, ოპერაციების გაგრძელება და შემდგომი ინვესტიციების წახალისება უზრუნველყონ…
ძალიან მძიმეა, იყო უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის მოწმე. დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, ჩვენი საპასუხო რეაქციაც განვითარებული მოვლენების მიხედვით იცვლებოდა. ლტოლვილთა მხარდაჭერასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლასთან ერთად, ჩვენ უკრაინულ ბიზნესში ვახორციელებთ ინვესტირებას…
ამ მხარდაჭერის მიზანია უკრაინელ მეწარმეებს ბიზნესის შენარჩუნებასა და გაზრდაში, თავიანთი თემის გაძლიერებასა და ომის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის საფუძვლის შექმნაში დაეხმაროს’’, – აცხადებს კომპანია.
Google-ის თქმით, თანხის მიღების მსურველი სტარტაპები 2022 წლის 24 თებერვლამდე უნდა იყოს დაარსებული უკრაინაში. ხოლო მათი განვითარების ეტაპი უნდა იყოს MVP-ის შემდგომი საფეხური – უნდა ჰქონდეთ პროდუქტი ბაზარზე, პილოტები ან ადრეული შემოსავალი.
შერჩევის პროცესში Google-ის პოლონეთში დაფუძნებული პარტნიორი Huge Thing მიიღებს მონაწილეობას. პრიორიტეტი მიენიჭებათ სტარტაპებს, რომელთა მისიაც სოციალური გავლენაა და რომლებიც მიღებულ თანხას ზრდის გასაგრძელებლად ან ომის გავლენით შეჩერებული ბიზნესოპერაციების გასაგრძელებლად გამოიყენებენ, ასევე, რომლებსაც ახალი გამოწვევებისა და მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად, პროდუქტის სტრატეგიის შეცვლა სურთ.
სტარტაპებს, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, განცხადების გაგზავნა სპეციალური ფორმის საშუალებით შეუძლიათ.
აღსანიშნია, რომ ფინანსური დახმარების გარდა, კომპანია უკრაინულ სტარტაპებს საშუალებას აძლევს, რომ Google for Startups Campus Warsaw-ის სივრცე დროებით სამუშაო ოფისად გამოიყენონ.