fbpx

10 მიზეზი, თუ რატომაა ელექტრონული კომერცია მცირე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი

მცირე

10 მიზეზი, თუ რატომაა ელექტრონული კომერცია მცირე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი

ელექტრონული კომერცია, ასევე ცნობილი როგორც ელკომერცია, გულისხმობს ინტერნეტის საშუალებით პროდუქციის ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვას, რაც ელექტრონული მოწყობილობების (კომპიუტერით, მობილურით, ტაბლეტითა და ა.შ.) არის შესაძლებელი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ელკომერციის ვებსაიტების რაოდენობა და დღეს ბევრი მცირე ბიზნესი სწორედ ამ გზით ოპერირებს.

ელექტრონული კომერციის ამგვარმა მასობრივმა ინტეგრაციამ მრავალი ექსპერტს დაანახა საჭიროება, ის გამოეცხადებინა ყველაზე დომინანტურ ძალად, რომელმაც მცირე ბიზნესების ფუნქციონირებაში რევოლუცია მოახდინა. რატომ? ათწლეულების განმავლობაში, დამყარებული იყო ფიზიკურ მაღაზიებში სიარულის და შესყიდვების ამ გზით განხორციელების პრაქტიკა. თუმცა, ინტერნეტის გამოჩენამ სრულიად შეცვალა მომხმარებლის ბიზნესთან ურთიერთობა და სავაჭრო ჩვევა. პროდუქტისა და მომსახურების ონლაინ შესყიდვა ყველაზე მოთხოვნადი გახდა, რადგან ის სწრაფი და მოსახერხებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს Covid-19-ის პანდემიის ეფექტი და უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის გავრცელების პირობებში, ელექტრონული კომერციის პოპულარობა უფრო მეტად გაიზარდა.

და მაინც, რატომ არის ელექტრონული კომერცია მნიშვნელოვანი და რა სარგებელს მივიღებთ, როგორც მცირე ბიზნესი, მისი გამოყენებით?

დაბალი საოპერაციო ხარჯები

ონლაინმაღაზიის გამართვა უფრო ნაკლებ ხარჯს საჭიროებს, ვიდრე ფიზიკური მაღაზია, რადგან უკანასკნელის შემთხვევაში, კომერციული ფართის შეძენაში ან ქირაობაში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია. აღსანიშნია ისიც, რომ მაღაზიის ადგილმდებარეობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, ხოლო სამიზნე აუდიტორიასთან ახლოს, მოთხოვნად ტერიტორიებზე ფართი – საკმაოდ ძვირადღირებული. ამის საპირისპიროდ, ონლაინმაღაზიის შექმნა შედარებით ეკონომიურია – ჩვენი, როგორც მცირე ბიზნესის მფლობელის, ხარჯი ძირითადად ნაწილდება ვებსაიტის გამართვაზე, მომსახურე პერსონალის ანაზღაურებაზე და მარკეტინგისთვისა თუ რეკლამირებისთვის საჭირო ფინანსებზე. არ უნდა დავივიწყოთ ონლაინმაღაზიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაც – ჩვენ აღარ გვჭირდება ფიზიკური მაღაზიების მოწყობა ყველა იმ ადგილას, სადაც პროდუქციის ან მომსახურების მიწოდება გვსურს, რადგან ამ ფუნქციას ერთი ონლაინმაღაზიაც ასრულებს.

ფართო აუდიტორიაზე წვდომა

ფიზიკური მაღაზიები გეოგრაფიული საზღვრებითაა შეზღუდული, ხოლო ონლაინმაღაზიით, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ხდება ჩვენი სამიზნე აუდიტორია. ელექტრონული კომერციის საშუალებით, პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათი მიწოდება ისეთ ადგილმდებარეობებზე შეგვიძლია, სადაც ფიზიკურად, შესაძლოა, ვერ მოვხვედრილიყავით. ანუ ერთი ონლაინმაღაზიითა და ერთი ლოკაციიდან პროდუქტის/მომსახურების გაყიდვა მთელი ქვეყნის ან მსოფლიოს მასშტაბით შეგვიძლია. ამასთანავე აღსანიშნია, რომ რაც უფრო ფართო აუდიტორიაზე გვექნება წვდომა, ჩვენი მომხმარებელთა ბაზა მეტად გაიზრდება, ეს კი გაყიდვების რაოდენობის მატებასაც გამოიწვევს.

ხელმისაწვდომობა

ონლაინმაღაზია, ფიზიკურისგან განსხვავებით, არ იკეტება და 24/7-ზეა ხელმისაწვდომი. პროდუქციის/მომსახურებების დათვალიერება და ახალი შეკვეთის განთავსება მომხმარებელს კვირის ყველა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოტენციური შესყიდვის არცერთ შესაძლებლობას არ გავუშვებთ ხელიდან, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

იმპულსური შესყიდვები

გსმენიათ Window Shopping-ის შესახებ? ეს ტერმინი გულისხმობს პროცესს, როდესაც ადამიანები მაღაზიების ვიტრინებში განთავსებულ პროდუქციას ათვალიერებენ, თუმცა რაიმეს შეძენის განზრახვა არ აქვთ. აღნიშნული აქტივობა კი, შესაძლოა, იმპულსური შესყიდვით დასრულდეს. წარმოვიდგინოთ, რომ მაღაზია სავაჭრო ცენტრში გვაქვს. ამ ადგილას ადამიანები პროდუქციის შესყიდვის გარდა, სხვა მრავალი მიზნით მოდიან, თუნდაც, მეგობრებთან ერთად გასართობად. სოციალური მედიის სიახლეების ლენტიც სავაჭრო ცენტრს ჰგავს – მომხმარებლები მას სასაცილო ვიდეოებისა თუ ფოტოების ან ახალი ამბების გასაცნობად ათვალიერებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენი სარეკლამო კამპანია ან სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი მათ თვალში მოხვდათ და მოეწონათ, შესაძლოა იმპულსური შესყიდვა განახორციელონ.

მეტი შემოსავალი

დაბალი საოპერაციო ხარჯების, ფართო აუდიტორიაზე წვდომის, 24/7-ზე ხელმისაწვდომობისა და იმპულსური შესყიდვების ერთობლიობა საბოლოო ჯამში მეტი შემოსავლის გამომუშავების საშუალებას იძლევა. თითოეული მათგანი კონვერტაციებსა და გაყიდვებს ასტიმულირებს, ჩვენ კი, როგორც მცირე ბიზნესი,  ამ ყველაფერთან ერთად ვიზრდებით და ვფართოვდებით.

საძიებო სისტემის ტრაფიკი

საძიებო სისტემის დახმარებითა და ჩვენი ონლაინმაღაზიის SEO ოპტიმიზაციით, მომხმარებლებს უფრო მარტივად მოვიპოვებთ – საძიებო სისტემა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს ჩვენს პროდუქტთან ან ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციასთან დააკავშირებს. თუ მოვახერხებთ, რომ ისეთ საძიებო სისტემაში როგორიცაა Google, კარგი რეიტინგი შევინარჩუნოთ, მივიღებთ განმეორებად ყოველთვიურ ტრაფიკს, რაც, შესაძლოა, შემომავალი გაყიდვების სტაბილურ ნაკადად იქცეს.

მიმოხილვები

ადამიანებს შორის პროდუქტისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის ზეპირსიტყვიერად გავრცელება მარკეტინგის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის საშუალებითაც, ჩვენი მცირე ბიზნესის ცნობადობა, შესაძლოა, ვირუსულად გავრცელდეს. თუმცა, ფიზიკურ გარემოში რთულია მომხმარებელთა კმაყოფილების გამოყენება პოტენციურ მომხმარებლებზე ზემოქმედების მიზნით. ონლაინსივრცეში კი ეს ბევრად მოსახერხებელია – სოციალურ ქსელებსა თუ ჩვენს ვებსაიტზე განთავსებული მიმოხილვები ყველასათვის ხელმისაწვდომია, რაც საზოგადოებაში ნდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

მომხმარებელთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია

როდესაც მომხმარებელი ფიზიკურ მაღაზიაში შემოდის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელსაყრელი მომენტი მოვძებნოთ და ის პირადი ელფოსტის თქვენთვის გაზიარებაში დავარწმუნოთ. თუმცა, ონლაინსივრცეში ეს ბევრად მარტივია. შეკვეთის დამადასტურებელი ან შესყიდვის შესახებ საინფორმაციო მეილის მისაღებად, მომხმარებელმა ელფოსტის მისამართი უნდა მოგვაწოდოს. ამ შემთხვევაში, უნდა გვქონდეს სპეციალური თანხმობის ველი, რომლითაც მომხმარებელი დაადასტურებს თავის სურვილს, მიიღოს სამომავლო შეთავაზებები და სარეკლამო შეტყობინებები ელფოსტაზე.

ვიზიტორთა ქცევის მონიტორინგი და სტატისტიკა

ფიზიკურ მაღაზიაში მომხმარებლების სავაჭრო ჩვევებისა და ქცევების შესწავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, უნდა შევქმნათ მომხმარებლის პერსონა, რაც, ცხადია, ბუნდოვან ვარაუდებსა თუ აღქმებზე და არა რეალურ მონაცემებზე იქნება დაფუძნებული. ხოლო ონლაინმაღაზია და ანალიტიკის ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს, ყოველთვის თვალი ვადევნოთ მომხმარებელთა ჩვევებსა და ინტერესებს. შესაბამისად, ზუსტი პასუხები ვიცით კითხვებზე:

• რომელი პროდუქტებია ყველაზე პოპულარული?
• როდის ყიდულობენ მომხმარებლები ყველაზე მეტ პროდუქტს?
რა ფასდაკლებები და შეთავაზებები უბიძგებს მომხმარებელს შესყიდვისკენ?

ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის საფუძველზე კი, ჩამოვაყალიბებთ ისეთ შეთავაზებებს, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნილებებზე იქნება დაფუძნებული. შესაბამისად, დავაკმაყოფილებთ მომხმარებლის საჭიროებებს, მათთან გრძელვადიან ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ და უფრო მეტი გაყიდვაც გვექნება. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა Google Analytics, რომელიც დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ვიზიტორთა მონიტორინგის და სტატისტიკის შესახებ. მისი გამოყენება კი გვაპოვნინებს პასუხს შემდეგ კითხვებზე:

• საიდან იგებენ მომხმარებლები ჩვენ შესახებ?
• რომელ გეოგრაფიულ რეგიონებს მიეკუთვნებიან ვიზიტორები?
• საიტის რომელ განყოფილებებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად?
• რა პატერნები იკვეთება პროდუქტის თვალიერების პროცესში?

რეკლამის მონიტორინგი

ონლაინ სარეკლამო კამპანიის წარმოებისას, მისი შედეგების მონიტორინგი მრავალი ხელსაწყოთია შესაძლებელი. ჩვენ, როგორც მცირე ბიზნესს, შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, თუ რამდენი ნახვა და დაწკაპება აქვს კონკრეტულ კამპანიას, ან რამდენმა ადამიანმა განახორციელა რაიმე ქმედება. ფიზიკურ სივრცეში აღნიშნულის გაკონტროლება ბევრად რთულია – ბანერის ქირაობის ან ფლაერების დარიგების შემთხვევაში, იმის გასარკვევად, თუ საიდან მოხვდა მომხმარებელი ჩვენს მაღაზიაში, თითოეულ მათგანთან მცირე ინტერვიუ უნდა ჩავატაროთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post