fbpx

რით არიან სტარტაპიუნიქორნების დამფუძნებლები განსხვავებულნი? – Jessica Livingston

დამფუძნებლები

რით არიან სტარტაპიუნიქორნების დამფუძნებლები განსხვავებულნი? – Jessica Livingston

,,არ ვამბობ, რომ სტარტაპი უეჭველად უნდა წამოიწყოთ, მაგრამ თუ ამას მაინც გადაწყვეტთ, არც ისაა აუცილებელი, რომ Google შექმნათ. თუმცა, რა არის იმ შემთხვევაში საჭირო, თუ Google-ის შექმნას მოინდომებთ? რა განსხვავებაა უბრალოდ წარმატებულ სტარტაპსა და ძალიან წარმატებულ სტარტაპს შორის?’’, – ამბობს Y Combinator-ის თანადამფუძნებელი ჯესიკა ლივინგსტონი და აღნიშნავს, რომ სტარტაპიუნიქორნზე მუშაობის პროცესი შემდეგნაირად გამოიყურება – არაპერსპექტიული იდეა, რომელიც მასშტაბურ იდეად იქცევა და მიზანდასახული დამფუძნებლები, რომლებიც შესაძლებლობას ხედავენ და მიჰყვებიან მას.

 

საქმიანობიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ ორივე ტიპის [უბრალოდ და ძალიან წარმატებულ] სტარტაპების დამფუძნებლებთან ჰქონია ურთიერთობა და წლების განმავლობაში მათ შორის განმასხვავებელი ნიშნებიც აღმოაჩინა. სწორედ სტარტაპიუნიქორნების შემქმნელების განსაკუთრებულ 9 მახასიათებელზე გვესაუბრება ჯესიკა ლივინგსტონი.

იღბლიანობა

იმისათვის, რომ სტარტაპი მილიარდიან კომპანიად იქცეს, ცხადია, დამფუძნებლებმა მასში დიდი შრომა და ენერგია უნდა ჩადონ. თუმცა, ჯესიკა ლივინგსტონი აღნიშნავს, რომ ამასთან ერთად, სტარტაპიუნიქორნების დამფუძნებლები იღბლიანებიც არიან.

,,ყველაზე წარმატებულ დამფუძნებლებს შესაბამისი იდეა საჭირო დროს მოსდით. ამ საკითხზე კი იმაზე ნაკლები კონტროლი გაქვთ, ვიდრე გგონიათ, რადგანაც საუკეთესო იდეები დამფუძნებლების ცხოვრებიდან გამომდინარე, ორგანულად ჩნდება’’, – ამბობს იგი.

მოტივი

ძალიან წარმატებული და ზომიერად წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებს განსხვავებული მოტივები ამოძრავებთ.

,,ძალიან წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები ამ საქმიანობას მხოლოდ გამდიდრების მიზნით არასოდეს იწყებენ. მათ ყოველთვის ფანატიკურად აინტერესებთ ის, რასაც კომპანია აკეთებს.

სხვათა შორის, სრულიად ნორმალურია სტარტაპის მხოლოდ ფულის გამო შექმნა. თუმცა, თუ მუშაობის პროცესში თქვენი მოტივები არ შეიცვლება, ის მასშტაბური, ალბათ, ვერ გახდება’’, – აღნიშნავს ლივინგსტონი.

უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ აღწევენ უფრო მეტს ისეთი სტარტაპები, რომელთა დამფუძნებლების ძირითადი ინტერესი თავად იდეაა, ხოლო მოტივი – მისი განვითარება.

,,ისინი უფრო მონდომებით შრომობენ, რადგან უყვართ თავიანთი სამუშაო. მათი ენთუზიაზმი კი, გადამდებია. აღსანიშნია, რომ სხვა კომპანიისთვის გაცილებით რთულია ასეთი დამფუძნებლების სტარტაპის გაყიდვით დაინტერესება’’, – ამბობს იგი.

დიდი საჭიროების მიგნება

,,უზარმაზარ სტარტაპებს უზარმაზარი ბაზრები სჭირდებათ. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რისთვისაც ბევრი ადამიანი გადაიხდის, ან ხალხი ბევრს გადაიხდის’’, – აღნიშნავს ლივინგსტონი.

მისი თქმით, ეს სწორედ ის ნაწილია, რომელშიც სტარტაპის დამფუძნებლების იღბლიანობას ან უიღბლობას დიდი გავლენა აქვს, რადგანაც ზოგჯერ ბაზრის ზომის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

,,მაგალითად, Airbnb-ის დამფუძნებლებისთვის არ იყო ცნობილი, რამდენ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა სხვების სახლებში დარჩენის სურვილი. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანი დაინტერესდებოდა იმისთვის, რომ იდეაზე მუშაობა ღირებული ყოფილიყო. ყველაზე წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები თავიდან ვერასოდეს აცნობიერებენ, თუ რამდენად მასშტაბურები გახდებიან’’, – ამბობს იგი.

აქედან გამომდინარე, Y Combinator-ის ერთ-ერთი რჩევაა, რომ საწყის ეტაპზევე დიდ ბაზარზე მოხვედრა არ სცადოთ. ამის ნაცვლად, იმუშაოთ იმაზე, რაც მოგწონთ და შემდეგ იმედი იქონიოთ, რომ ბევრი თქვენნაირი ადამიანი გამოჩნდება.

რაიმე მარტივის გაკეთება

ყველაზე მასშტაბურ კომპანიებს რომ დავაკვირდეთ, მათი უმეტესობა ძალიან მარტივ პროდუქტს ქმნის. მაგალითად, Google არის ადგილი, სადაც ინფორმაციას ვპოულობთ; Facebook-ზე ჩვენი მეგობრები იყრიან თავს; Airbnb კი დასაძინებელ გარემოს გვთავაზობს.

,,ამ ყველაფერს 5 წლის ბავშვსაც რამდენიმე სიტყვით აუხსნით. თუმცა, სიმარტივეს ნუ გამოიყენებთ იმის დასადგენად, თუ რაზე იმუშაოთ, რადგან იდეები ხშირად ნაკლებად ზოგადია’’, – ამბობს ლივინგსტონი.

საეჭვო იდეაზე მუშაობისთვის მზაობა

,,ერთი კოლეჯის რამდენიმე ათასი სტუდენტისთვის განკუთვნილი ვებსაიტი [იგულისხმება Favebook] არ ჟღერს ძალიან პერსპექტიულ იდეად, არა?! ახლა მას პერსპექტიულად აღვიქვამთ, რადგან ვიცით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ თავის დროზე, ის ასეთი სულაც არ ჩანდა. თითქმის ყველა წარმატებული სტარტაპი თავიდან საეჭვო იდეად გამოიყურება’’, – აღნიშნავს ლივინგსტონი.

ლივინგსტონის თქმით, სტარტაპის ამგვარ იდეებს ადამიანების უმეტესობა ცუდ იდეებად აღიქვამს და დამფუძნებლებს ურჩევს, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ.

,,გარკვეული ტიპის ადამიანი უნდა იყოთ, რათა იმუშაოთ ცუდ იდეაზე, რომელიც ბოლოს კარგი აღმოჩნდება. დამოუკიდებლად მოაზროვნე უნდა იყოთ, არ უნდა გაინტერესებდეთ, რას ფიქრობენ სხვები’’, – ამბობს იგი.

უშიშრობა

,,თავდაპირველად არაპერსპექტიულად აღქმული იდეები ძალიან მასშტაბური ხდება. ქმნით საიტს მხოლოდ კოლეჯის სტუდენტებისთვის და მალე აღმოაჩენთ, რომ სურვილის შემთხვევაში, გაფართოება და მთელი მსოფლიოს გაწევრიანება შეგიძლიათ. ასეთ დროს, ადამიანების უმეტესობის საპასუხო რეაქცია შიშია. მთელი მსოფლიოს დარეგისტრირება საკმაოდ დიდ ძალისხმევად ჟღერს’’, – ამბობს ლივინგსტონი.

მისი თქმით, სწორედ მასშტაბური იდეების შიში უშლის ხელს ადამიანების უმეტესობას იმის გაცნობიერებაში, რომ მხოლოდ კოლეჯის სტუდენტებისთვის შექმნილი ვებსაიტის მთელ მსოფლიოში გავრცელება შეუძლიათ.

მიზანდასახულობა

ლივინგსტონის თქმით, ყველა დიდი და წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელს განსაკუთრებული შინაგანი იმპულსი აქვს. თუმცა, ყოველთვის მარტივი არაა იმის დადგენა, თუ რამდენად მიზანდასახულია ადამიანი.

,,იმპულსი შეიძლება შემცირდეს, როდესაც ვინმეს თქვენზე უფლებამოსილება აქვს, სამსახურების უმეტეს ნაწილში კი, სწორედ ამგვარადაა. ასეთ სიტუაციებში ადამიანები, რომლებიც რეალურად მოტივირებულნი არიან, შესაძლოა, იმ პირებზე ნაკლებად პერსპექტიულებად იყვნენ აღქმულნი, რომლებიც უბრალოდ მორჩილნი არიან.

საქმე ის კი არაა, რომ მე მიჭირს იმის დადგენა, თუ ვის აქვს შინაგანი იმპულსი, არამედ, ადამიანები ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, რომ ეს თვისება აქვთ. ამის გარკვევა მხოლოდ სტარტაპის წამოწყების შემდეგაა შესაძლებელი – ამ სიტუაციაში თქვენზე არავის აქვს ავტორიტეტი’’, – ამბობს იგი.

ცხოვრებისეული სამუშაო

,,ცალკე მდგომი მიზანდასახულობა საკმარისი არ არის. თქვენ კონკრეტულად მოცემულ კომპანიაში მუშაობის მოტივაცია უნდა გქონდნეთ. ყველა ფართომასშტაბიანი სტარტაპი მინიმუმ ერთი დამფუძნებლისთვის ცხოვრებისეული სამუშაოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კომპანიას ნებაყოფლობით არასდროს გაყიდიან. თუ ცხოვრებისეულ სამუშაოს გაყიდით, მერე რაღა უნდა გააკეთოთ?’’, – აღნიშნავს ლივინგსტონი.

მენეჯერად ჩამოყალიბება

სტარტაპის წამოწყებისას ძირითადი აქცენტი პროდუქტზე ან მომსახურებაზე კეთდება. თუმცა, კომპანიის ზრდასთან ერთად, ყველაფერი იცვლება –  დამფუძნებელი, რომელსაც კომპანიის მართვის გაგრძელება სურს, მენეჯერი უნდა გახდეს.

,,კარგი პროდუქტის შექმნა და ხალხის მართვა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ამასთანავე, იმ ადამიანების უმეტესობას, რომელთაც რაღაცების შექმნა მოსწონს, მენეჯერობის იდეა არ იზიდავს. ძალიან იშვიათია, რომ ვინმეს ორივე მათგანი კარგად გამოსდიოდეს. თუმცა, იმისათვის, რომ მასშტაბური სტარტაპი შექმნათ, თქვენს ასეთი უნდა გახდეთ’’, – ამბობს ლივინგსტონი.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post