fbpx

Bolt Financial-ი Wyre-ს ყიდულობს

wyre

Bolt Financial-ი Wyre-ს ყიდულობს

ონლაინგადახდების კომპანია Bolt Financial კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერ სტარტაპს Wyre ყიდულობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება $1,5 მილიარდის ღირებულებისაა და, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მესამე ან მეოთხე კვარტალში დასრულდება. შესყიდვის შემდეგ, კომპანიების ტექნოლოგიები გაერთიანდება და Bolt Financial-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტით გადახდა იქნება შესაძლებელი.

„აღნიშნული შესყიდვა დიდი ხნის ამბიციის განხორციელებაა. Bolt-ის ბიზნესგეგმის პროექტის წერისას, კრიპტოვალუტა მის ცენტრში წარმომედგინა. ეს შენაძენი დააჩქარებს კომერციის დემოკრატიზაციას და იგი კრიპტოვალუტისა და კომერციის გაერთიანების მაგალითი იქნება’’, – ამბობს Bolt-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე რაიან ბრესლოუ.

აღსანიშნავია, რომ Wyre-ის ტექნოლოგიის ინტეგრაცია მომხმარებლებს Bolt-ის პლატფორმაზე NFT-ების შეძენის საშუალებასაც მისცემს. არსებული ინფორმაციით, გარიგების დასრულების შემდგომ, Wyre აღარ გააგრძელებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას.

ცნობისთვის, Bolt Financial შეიმუშავებს და ავითარებს ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს გადახდების, ავთენტიფიკაციისა და თაღლითობისგან დაცვის მომსახურებით უზრუნველყოფს. კომპანიას ჯამურად $1 მილიარდის ინვესტიცია აქვს მოზიდული კერძო ინვესტორებისგან, ხოლო არსებული ინფორმაციით, მისი ღირებულება $11 მილიარდია. აღსანიშნია, რომ გასული წლის ნოემბერში Bolt Financial-მა $200 მილიონად შეიძინა სტოკჰოლმში დაფუძნებული პლატფორმა Tipser, რომელიც მომხმარებლებს ელკომერციის საშუალებით კონტენტის მონეტიზაციის საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება Wyre-ს, ის 2013 წელს დაარსდა და არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადახდის პლატფორმა. დაფინანსების 8 რაუნდის განმავლობაში, სტარტაპმა $29,1 მილიონი მოიზიდა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post